საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში

საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში

2 თებერვალი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს უყრის. ქვეყნისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯომარე, ირაკლი კობახიძე დაესწრება.

პარლამენტმა სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას, იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლებსაც სავიზო ვალდებულება მოკლევადიანი ვიზიტებისთვის მოხსნილი აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2015 წლის დეკემბრიდან ელოდება პროცესის დასრულებას და ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ბრიუსელში შეხვედრებს მართვას პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ 2 თებერვალი საქართველოსთვის დიდი დღეა, ვინაიდან ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს ოფიციალურად დაუჭერს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი, მხარდაჭერა ჯგუფის თავმჯდომარემ საიედ კამალმა ირაკლი კობახიძეს პირადად დაუდასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პირველ რიგში შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ისტორიულია ჩვენთვის. დღეს კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო. დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ევროპარლამენტი კენჭს უყრის ამ საკითხს და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, მოლოდინები პოზიტიურია და ამ მოლოდინს ქმნის ის განწყობები, რომლებიც არის ევროპარლამენტში.

„როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას აქვს მოლოდინი, რომ 2 თებერვალს გვექნება საზეიმო დღე და ფიქრობს, რომ კენჭისყრა პოზიტიური იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

„ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია ამას იმსახურებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან იწყება იმ ბარიერების მოხსნა ევროკავშირთან, რაც აუცილებელია. ვფიქრობ, ხვალ საზეიმო დღე გვექნება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თუმცა, რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ევროპარლამენტარები არ ადასტურებენ. ამის მიუხედავად ატლანტიკური საბჭოს მკვლევალი ზურაბ აგლაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მხარდაჭერა იქნება მკაფიო.

„ისედაც გაჭიანურდა ეს პროცესი. ევროპაში კარგად ხვდებიან, რომ საქართველომ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც საქართველოზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ამ პროცესის გაჭიანურება, ნიჰილიზმს და გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს ჩვენ მოსახლოებაში, რაც საკმაოდ ცუდი სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღწვიან ევროკავშირისკენ.

მეორე მხრივ, ეს სიგნალი მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპას რაღაცა სისუსტეები აქვს და შეიძლება მან გაცილებით მნიშვნელოვანი პოლიტიკა გაატაროს საქართველოს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა იქნება, ევროპაში კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც რუსეთის ქმედებინდან გამომდინარე არსებობს. ამიტომ, ევროპელები მაქსიმალურს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.