მოქმედი კონსტიტუციით ელჩის დანიშვნა პარლამენტის პრეროგატივა აღარ არის. ელჩის კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს, კანდიდატურას მთავრობა იხილავს. მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი წარდგენილ კანდიდატურას მოიწონებს, მას დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნის.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარდგინებით სამი ელჩი დანიშნა, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში დასანიშნად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ქავთარაძე გახდა, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, 1990 წლიდან საქმიანობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2004 წელს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2006-2011 წლებში - საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2011-2015 წლებში - საქართველოს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. 2015 წლის ივნისიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი გახდა, რომელსაც ასევე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის 2011-2016 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM) საქართველოს წარმომადგენელი.
რაც შეეხება ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ აბაშიძეს,1996 წლიდან არის სახელმწიფო სამსახურში. 2012-2016 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის ელჩად დანიშვნას ოპონენტები ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხსნიან.
2016 წლის არჩევნების შემდეგ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ლიდერებმა დატოვეს. ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი პოლიტიკიდან წავიდნენ, ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ხოლო პარტიაში დარჩენილი წევრები მოღვაწეობას ოპოზიციური ფლანგიდან აგრძელებენ.
თავად ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს ურჩევს მისი ბიოგრაფია ნახონ და იქ იპოვიან პასუხს, რის საფასურად გახდა ელჩი. აბაშიძე აცხადებს, რომ შეთავაზება პრემიერ–მინისტრისგან მიიღო, ამის შემდეგ კი, კონსულტაციები გაიმართა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პრემიერთან.
„მას შემდეგ რაც „თავისუფალი დემოკრატები“ დამარცხდა არჩევნებში და საზოგადოებამ არ გამოუცხადა ნდობა, პარტიის ლიდერებმა დავტოვეთ პარტია. ამის შემდეგ მივიღე ასეთი წინადადება, რომ ჩემი შესაძლებლობა გამოყენებული ყოფილიყო ისევ სახელმწიფო სამსახურში და ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანაში, ყაზახეთში. დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. მინდა, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ აბაშიძემ, ისევე როგორც დოლიძემ მაღალი თანამდებობა პარტიის ღალატის საფასურად მიიღეს, არ იზიარებს და აბაშიძე აცხადებს, რომ ტალახის სროლა და ადამიანის შეურაცხყოფა ძალიან მარტივი გახდა ამ ქვეყანაში. ამბობს, რომ ცხოვრების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გაატარა და როდესაც დაინახა უმსგავსობა, დაუპირისპირდა სააკაშვილის ხელისუფლებას და მიზნად დაისახა რეჟიმის ცვლილება.
„ვიყავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, მაგრამ შემდეგ შეუთანხმებლობის გამო ისევ ოპოზიციაში ავღმოჩნდით, რაც ძალიან ნორმალური და ადეკვატური იყო, მაგრამ არასოდეს არ მითქვას, რომ ხელისუფლებასთან რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია, არ ვითანამშრომლებ. ასე რომ, ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ, დამოკიდებულებები იყო ძალიან გულწრფელი და ღია.
რაც შეეხება გაყიდულ პროცესს, იმ საზოგადოებასთან, რომელთან ერთად ვიბრძოდი, ძალიან დიდი სიახლოვე მაკავშირებს, ჩვენ ერთმანეთი არასოდეს არ დაგვიკარგავს. პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ამ პარტიის ბირთვი თავმჯდომარიდან დაწყებული და გენერალური მდივნით დამთავრებული, წავიდა პარტიიდან. ალასანია წავიდა პარტიიდან, რა ვქნა, „ევროპულ საქართველოში“ გავწევრიანდე, თუ გამოყოფილ „ნაცმოძრაობაში“? ეს გამორიცხულია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
არც ერთი დიპლომატის მუშაობა არ მოსწონს, ექსპერტს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძეს. მიაჩნია, რომ საქართველოს ჰყავდა ორი პროფესიონალი დიპლომატი – ალექსანდრე ჩიკვაიძე და ირაკლი მენაღარიშვილი, რომლებმაც მაშინ შეძლეს საფუძველი ჩაეყარათ ქართული დიპლომატიისთვის, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფული არ ჰქონდა.
„მაშინ ჩვენს ელჩებს არა თუ მანქანა, არამედ ტელეფონის ფულიც არ ჰქონდათ, მაგრამ მუშაობდნენ. იმის მერე ელჩებს თითი თითზე არ დაუკარებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური ხელფასიც აქვთ და კარგი ცხოვრება. რაც შეეხება ზურაბ აბაშიძეს, როგორც ჩანს, ჩვენთვის უცნობი ინფორმაცია არსებობს. არ მინდა ვთქვა, რაღაცა შეთანხმება და გარიგებაა, მაგრამ ჩემი აზრით, კითხვის ნიშანი იბადება“, – ამბობს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, ნაციონალების შემდეგ, ხელისუფლების ყველაზე მთავარი ოპონენტი ირაკლი ალასანიას პარტია იყო, რომელიც უცებ, ამერიკაში წავიდა, ხოლო მისი პარტიის წევრებიდან ნაწილი მინისტრი გახდა, ნაწილი კიდევ ელჩი.
„ცხადია, რომ მათი ოპოზიციონრობა ფასეულობებზე და ღირებულებებზე არ იყო დაფუძნებული. ეტყობა, რომ ამ ხალხს ცხოვრების სხვა საშუალება არ აქვთ, გარდა პოლიტიკისა. როგორც კი რაღაცა აკლდებათ, იძულებული ხდებიან წავიდნენ იქ, სადაც მათი ადგილი კანონით არ უნდა იყოს.
ადამიანურად მესმის მაგათი, მაგრამ ამ ხალხს დიდი ზიანი მოაქვთ ქართული საზოგადოებისთვის, ალასანიათი დაწყებული, დოლიძით და აბაშიძით დამთავრებული.
ჩემთვის ძალიან დამთრგუნავია, მიუხედავად იმისა, ადამიანურად ვერ მოვთხოვთ, რომ გენერალი დე გოლი იყვნენ. არიან დიდი ადამიანები და არიან პატარა ადამიანები. სამწუხაროდ, ესენი პატარა ადამიანები აღმოჩნდნენ. ალბათ, ესენი არც პირველი არიან და არც უკანასკნელი ჩვენს ისტორიაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ მოულოდნელი არ იყო ალასანიას პარტიიდან წასული პოლიტიკოსების სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება. მისივე თქმით, როდესაც მიატოვეს პოლიტიკური ასპარეზი, მკაფიოდ თქვეს, რომ არ გამორიცხავენ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობას.
„რაც გულისხმობს, რომ ისინი გააგრძელებდნენ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან. ლაპარაკი იმაზე, რომ იყო ასეთი მოლაპარაკება და ხელისუფლებამ მათ პარტიის დატოვება მოსთხოვა, ისევ და ისევ შეთქმულების თეორიის ნაწილია, რადგანაც პირველი, ვინც უნდა დაკმაყოფილებულიყო ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაში, ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ღალატს, გარდა კაბელების საქმისა, სხვა პრობლემა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში თითქმის არ ჰქონიათ და განსაკუთრებით ამ ნაწილს. მეორე მხრივ, ხელისუფლება იძახდა, რომ ეს იყო მაღალი რანგის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი. სამწუხაროდ, ყველაფერს ძალიან ადვილად ვარქმევთ ღალატს. როდესაც ნაციონალები გაიყო, ითქვა, რომ ღალატია, ალასანიას გუნდის ნაწილი ხელისუფლებაში აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ითქვა, რომ ღალატია. კი, ბატონო იყოს ამდენი ღალატი, თუკი გვიხარია ამ სიტყვის გამოყენება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.