საქართველოში ფარულ მოსმენა-მიყურადებას ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს, რომელიც ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება.
იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლები მაინც უკმაყოფილო არიან, ქვეყანაში უკანონო მოსმენების განხორციელების საფრთხეებს ისევ ხედავენ და სამართლებრივი დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.
უმრავლესობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტის ინიცირება ჯერჯერობით არ განუხორციელებია, თუმცა უკვე ირწმუნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში შექმნილი ახალი სტრუქტურა საკუთარი საქმიანობის წარმართვისას დამოუკიდებელი იქნება და ის დაიცავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას.
სამოქალაქო სექტორს მმართველი გუნდის განცხადებების არ სჯერა და პროგნოზიებს, რომ ახალი სააგენტოს სახით იქმნება არა სერვისის მიმწოდებელი ორგანო, არამედ დიდი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახური, რომელიც ამავდროულად რიგი უფლებამოსილებებით ექსკლუზიურად სარგებლობს და მას კვლავ დარჩება პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე, რაც ცალსახად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების მსგავსად, მომზადებული ცვლილებებით კმაყოფილი არ ჩანს საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გამართული კანონმდებლობა ამჯერად მაინც უნდა მიიღონ, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.
„ასეთი სტრუქტურის შექმნისას ამოსავალი პირინციპი ამ უწყების ანგარიშვალდებულება უნდა იყოს“, - აცხადებს პრეზიდენტი. მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ კი, მმართველი გუნდი მომზადებული ცვლილებების არსს განმარტავს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ მაღალი ხარისხის დოკუმენტი დადო, რომლითაც ყველა მოთხოვნა, რაც დღის წესრიგში იდგა, შესრულებულია. კანონმდებელის განმარტებით, სამი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გათვალისწინებული, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას ეხება.
„ასევე არის ადამიანის პირადი თავისუფლების უზრუნველყოფა და მის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვა და პრევენცია. თანაბრად მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების უსაფრთხოება და მისი იმ საფრთხეებიდან დაცვა, რომელიც შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს. ეს უწყება ძალიან მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით იქმნება, რომელიც აღმასრულებელი ფუნქციების მატარებელია. ის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში იქმნება, თუმცა მას იმდენად მაღალი თავისუფლების ხარისხი გააჩნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მასზე კონტროლს რამდენიმე უწყება ახორციელებს. კერძოდ, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი იმ სამი ადამიანისგან ნიშნავს, რომელსაც კომისია შეარჩევს, რომელიც წარმოდგენილი იქნება სახალხო დამცველით, პარლამენტით და სასამართლოს სახით“, - აცხადებს დეპუტატი.
მათიკაშვილის ცნობით, ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მიერ შერჩეული მოსამართლის როლი ჩნდება, რომელიც ერთ-ერთ მაკონტროლებლად იქნება წარმოდგენილი.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საკუთარ უფლებამოსილებას განახორციელებს. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი ნდობის ჯგუფის სახით შემოდის, რომელსაც სრული უფლება ექნება, უწყებაში არსებული ყველა მონაცემი შეამოწმოს, რომლის თაობაზეც შესაძლოა, კითხვის ნიშანი გაჩნდეს. ასევე, მკაცრად არის გაწერილი როგორც პერსონალური მონაცემების დაცვა და სახელმწიფოს ინსტიტუციური სისტემა. ასევე დიდი ყურადღება მიექცა მოპოვებული, ფარული ჩანაწერების გაუმჟღავნებლების საკითხებს და მთელი რიგი დაცულობაა ჩადებული, რაც პრევენციას უზრუნველყოფს, რომ რაღაც ინფორმაცია უკანონოდ არ იქნას გადინებული. ყველა მოცემულობით, კითხვები რაც არსებობდა, მას კანონპროექტმა პასუხი გასცა. მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, ძალიან ეფექტურია და დამოუკიდებელია“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.
დეპუტატის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებდა და ცვლილებების მომზადებისას მსოფლიო პრაქტიკა იქნა გათვალისწინებული.
„შვედეთში, ეს უწყება თავდაცვის სამინისტროს ფარგლებშია შექმნილი და იქ არანაირი დამოუკიდებლობით არ სარგებლობს. ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერიმენტები ვატაროთ, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და ყველამ ის მოცემულობა უნდა გაითვალისწინოს, რაშიც საქართველოს ცხოვრება უწევს. ტემპერატურა მაღალია და თუკი ძალოვან უწყებებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ, შესაძლოა, ყველა უფლება დაირღვეს. ნაბიჯი წინ გადაიდგა და უკეთესი კანონპროექტი მომზადდა“, - დასძენს მათიკაშვილი.
თანაგუნდელის მსგავსად, პარლამნეტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მომზადებულ პროექტს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს ბოროტი ნება არ გააჩნია, რომ ის პრინციპი დაარღვიოს, რომლითაც ხელისუფლება ამაყობს და რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. ვოლსკის განმარტებით, ახალი უწყება ანგარიშვალდებული იქნება არა სუს-ის ხელმძღვანელთან, არამედ პრემიერთან და პარლამენტთან.
„ფაქტიურად, ისეთი სისტემა იქნება, რომელიც ამ ორგანიზაციის ისეთ აგებულებას გვთავაზობს, რომელიც ადვილად გასაკონტროლებელი იქნება, თუკი მთავარი პრინციპიდან გადახვევის რაიმე ნიშანი გაჩნდება. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მას ვეთანხმები, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ხაზი გაესვა იმაზე, რომ სისტემა სრული განუკითხაობიდან - ბოროტების ჭაობიდან ამოვიღეთ და სტრუქტურა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ანგარიშვალდებულია როგორც ეროვნული მიმართულებით, ასევე ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით“, - დასძენს ვოლსკი.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ახალი უწყების შექმნას სპეკტიკურად უყურებს ოპოზიცია. ახალი სტრუქტურის მიმართ პოლიტიკური ეჭვები აქვთ ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
როგორც for.ge-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ილუზია არავის აღარ აქვს, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ეს ინიციატივები რაიმე ახალს გააჩენს. მისი თქმით, ახალი უწყება მაინც სუს-ის ფარგლებში იფუნქციებს მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელის დანიშვნის შედარებით მაღალი ლეგიტიმაცია პრემიერს ეძლევა.
„მთავარი საფრთხეები პასუხგაუცემელია და ძალაში რჩება. ყველამ ვიცით, რომ მთავრობას მოსმენის საშუალება ბევრად უფრო მეტი აქვს და დაუცველია როგორც მობილური კავშირი, ასევე სისტემები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ახალი რეგულაციები ბევრ კითხვას აჩენს. მხარს ისეთ მექანიზმს დავუჭერდი, რომელიც ე.წ. მარეგულირებელი კომისიის სტრუქტურის შექმნას გულისხმობდა, სადაც კონტროლის საშუალება არასამთავროებს ექნებოდათ. თუ გვინდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ საკითხის დარეგულირება მოხდეს, „ქარულმა ოცნებამ“ ისე უნდა იმოქმედოს, თითქოს, ის ოპოზიციაშია ან ხვალ იქნება. სანამ ეს ხედვა ხელისუფლებას არ ექნება, ეს პრობლემა მუდმივად იქნება. ეს პრობლემა ჩვენს დროსაც იყო და დღესაც გრძელდება. ეს კანონპროექტი ადამიანს ვერ იცავს, რომ უკანონო მოსმენები არ განხორციელდეს“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.
ახალი უწყების სტრუქტურას იმედის თვალით არ უყურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია. დეპუტატი ფიქრობს, რომ სისტემით, რომელსაც ხელისუფლება ოპონენტებს სთავაზობს, ფარული მოსმენები გაგრძელდება. ხოშტარიას შეფასებით, სუს-ს 18 მილიონი ემატება, რითაც მთავრობის პრიორიტეტი ნათლად ჩანს.
„საზოგადოებაში მასიური განცდაა, რომ მოსმენები გრძელდება და ამაზე არასამთავრობოების არაერთი აქცია მეტყველებს. ბოლომდე არც ერთი ფარული ჩანაწერის გამოძიება არ მიყვანილა. ნება იმისა, რომ ფარული ჩანაწერების ეპოქა დასრულებულიყო, მთავრობას არ გამოუვლენია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობა უწყების ხელმძღვანელს ნიშნავს, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დანიშვნა იქნება. სამწუხაროდ, არანაირ პრობლემის გადაჭრაზე საუბარი არ არის. პირიქით, ფარული ჩანაწერების და მიყურადების ეპოქაში ცხოვრებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება, დეპუტატებს კი ცვლილებების მიღება მარტის ბოლომდე მოუწევთ.