„ჟორჟოლიანმა პოტენციურ ინვესტორებს მესიჯი გაუგზავნა, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს“

„ჟორჟოლიანმა პოტენციურ ინვესტორებს მესიჯი გაუგზავნა, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს“

„სოციალ-დემოკრატები“ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადასახადების გაზრდის და ამ მიზნით კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვის საკითხს სვამენ, რაშიც ოპოზიციური სპექტრი მოსალოდნელ ეკონომიკურ საფრთხეებს ხედავს, უმრავლესობა კი, წინადადების გაცნობას გეგმავს.

დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში ორი წინადადება წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთმა პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებაზე, რომელიც გადასახადების გაზრდის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი სახელმწიფოს რადიკალურად ასუსტებს და პარლამენტს შესაძლებლობას არ აძლევს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქცია შეასრულოს. მისი თქმით, ევროპული ქვეყნების კონსტიტუციებში თითქმის არსად წერია, რომ ამას რეფერენდუმი ახორციელებს.

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებისკენ და პასუხისმგებლობის მოხსნისკენ, ანუ, სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, პოლიტიკებს არ განსაზღვრავს და ზოგად ვითარებას ბაზრის უხილავ ხელს მიანდობს, რისი მოწმეც 25 წელია ვართ. ქვეყანამ ეს ვითარება რადიკალურად თუ არ შეცვალა, მუდმივად ორიენტირებული იქნება არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე. ჩვენ რადიკალური ცვლილებები, გარღვევა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გჭირდება. ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, სახელმწიფოს შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს. ანუ, უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსკენ უნდა წავიდეთ“, - აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის ინიციატივასაც ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი ჟორჟოლიანის წინადადების უარყოფით მხარეებზე აპელირებს და for.ge-სთან საუბარში იმ მიზეზებს იხსენებს, რის გამოც, თავის დროზე, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღება მოხდა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

მელიქიშვილის განცხადებით, თავის დროზე ცვლილებების მიღება გზავნილი იყო ბიზნესისთვის და ინვესტორებსთვის, რომ საქართველოში გადასახადებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან სტაბილური დამოკიდებულება იქნებოდა. ანუ, ბიზნესმენს წინასწარ ეცოდინებოდა, თავისი ბიზნესი რა პერიოდში რა გადასახადით უნდა დაეგეგმა.

„ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არაპროგნოზირებადია და რა ნაბიჯს გადადგამს, რა ქმედებას განახორციელებს, თვითონაც არ იცის. ეს კონსტიტუციაში რატომ ჩაიწერა? - ისეთ რეგიონში, როგორიც საქართველოა, გარკვეული მიზიდულობა რომ განგვეხორციელებინა, კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გავაკეთეთ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მსგავსი კურსი გაეგრძელებინა, ისინი საპირისპიროდ მიდიან და ეს მხოლოდ საზიანო იქნება“, - აცხადებს მელიქიშვილი.

მელიქიშვილი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში იმ ჩანაწერსაც ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, გადასახადების დროებით გაზრდა მოითხოვოს − არა უმეტეს სამი წლის ვადით და ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

„ეს ჩანაწერი იმას ეხება, რომ ნებისმიერი ფინანსური კრიზისის და არაორდინარული სიტუაციის დროს მობილურობა არ დაიკარგოს. საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადასახადები იგივე ნიშნულს უნდა დაბრუნდებოდა“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობას შესაძლოა, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებიდან საშემოსავლოს ან დღგ-ს გაზრდა სურდეს. როგორც for.ge-ს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, იქედან გამომდინარე, ინვესტორები გადასახადების ზრდის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ჟორჟოლიანის განცხადებამ ინვესტიციებს უკვე დაარტყა.

მისი თქმით, ბიძინა ივანაშვილის მმართველობის მეხუთე წელს, ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მოვიდა, როცა მთავრობის უყაირათო ხარჯვის გამო, ის ყველაფერი თვალსა და ხელს შუა გაქრა, რასაც საზოგადოება აგროვებდა.

„2017 წლის დაგეგმვისას, მთავრობას აქციზის გადასახადის გაზრდა მოუწია, რომ ბიუჯეტი შეევსო. მთავრობა ხედავს, რომ ფულს უყაირათოდ ხარჯავს, ბიუჯეტს ფლანგავს, მაგრამ ხელისფლებაში დარჩა და მას მადა გაეზარდა. იმას მიადგნენ, რომ სავარაუდოდ ან საშემოსავლოს გაზრდა უნდათ, ან დღგ-ს, რასაც წინ კონსტიტუციური ჩანაწერი და თავისუფლების აქტი ეღობება. ენერგეტიკაში ინვესტიციები რატომ შემცირდა? - როგორც კი ინვესტორმა ნახა, რომ ეს მთავრობის რეგულირებადი სფეროა, სადაც ფასს ადგენს არა კანონები, არამედ მთავრობა, ის ამ სფეროში ფულს არ დებს, რადგან „ქართული ოცნების“ მსგავსი პოპულისტური მთავრობა ფასს შეცვლის და ინვესტორს ფულის ამოღებას გაუძნელებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 ჟორჟოლიანის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძეც. როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, კონსტიტუციიდან მსგავსი ჩანაწერის ამოღების თაობაზე წინადადება სრული სისულელე და ძალიან მავნებლობაა და ამ ჩანაწერის გაუქმების რეალური მიზანი ეკონომიკური პარამეტრები და მთავრობის სურვილია, მეტი ფული ამოიღოს და თვითონ დახარჯოს.

ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობამ წელს ყველა გადასახადი გაზარდა, რომელსაც რეფერენდუმი არ სჭირდებოდა, ახლა კიდევ უფრო წინ წასვლა უნდა და სხვა გადასახადების გაზრდა სურს.

„არ ვიცი, თავში რომელი გადასახადის ზრდა აქვთ. ამის შედეგი არა მხოლოდ მაშინ დადგება, ასეთ რამეს თუ გააკეთებენ და გადასახადებს აწევენ, არამედ ამან ეკონომიკას სერიოზულად უკვე დაარტყა. ჟორჟოლიანმა მესიჯი გააგზავნა, რომელიც არა მხოლოდ ქართულმა ბიზნესმა მიიღო, არამედ პოტენციურმა ინვესტორებმა, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება შეიცვალოს და თან უარესობისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს დაარტყამს და ეკონომიკურ ზრდას მიწასთან გაასწორებს. ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ ვითარებაშია და ის, რაც ჟორჟოლიანმა გააკეთა, ქვეყნის ეკონომიკას უტყამს. სანამ მთავრობა ვერ მიხვდება, რომ ასეთი განცხადებები სუსტ ეკონომიკას ურტყამს, მანამდე ქართულ ეკონომიკას არაფერი ეშველება. ეს განცხადებები პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეებს ურტყამს“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ჟორჟოლიანის ინიციატივა მთავრობასთან შეთანხმებული იყოს.

„კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერის ამოღების თაობაზე ხელისუფლების განწყობა იქედანაც ჩანდა, რაც 2017 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში მიიღეს. მათი მიზანია, ეკონომიკიდან მეტი ფული ამოიღონ და თავისი ხუშტურების შესაბამისად დახარჯონ. მათი ხუშტურია, ეს თანხა ინფრასტრუქტურაში დახარჯონ. შესაძლოა, ჟორჟოლიანის ინიციატივა მთავრობასთან შეთანხმებული მოქმედება იყოს, ან ინიციატივა, რომელსაც ის ლობირებას კომისიაში დაუწყებს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციიდან ამოიღებენ ჩანაწერს, რომელიც გადასახადების ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროებას ითვალისწინებს, ეს ბიზნესზე საგადასახადო წნეხს გაზრდის. ამის შემდეგ მთავრობა გაზრდის გადასახადებს და ის გავრცელდება უკვე საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებზე, რაც დღევანდელი კონსტიტუციით შეზღუდულია.

„მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ იფიქროს ხარჯების შემცირებაზე, მეტ აქცენტს გააკეთებს შემოსავლების გაზრდაზე, რაც ძალიან არასწორი მიდგომაა. ეს სტაბილურობის განცდას შეარყევს და ინვესტორებს შესაძლოა, კიდევ ერთი კითხვა გაუჩინოს - ჩადოს თუ არა ფული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება პირდაპირი ხელის შეშლა იქნება, როგორც ბიზნესისათვის, ასევე ეკონომიკური აქტიურობისთვის.

„საფრთეხე პირდაპირ გადასახადის გადამხდელს და ბიზნესს შეეხება. ეს მუხლი ინვესტორისთვის გარანტია და დაცვაა. თუ გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროება გაუქმდება, საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე ბევრი ინვესტორი უარს იტყვის“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ზაქარია ქუცნაშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მას პრინციპი მოსწონს, რომ სახელმწიფო გადასახადების არგაზრდის პოლიტიკას ირჩევს.

დეპუტატის განცხადებით, ის იმ აზრზეა, რომ დაბალი გადასახადების სისტემა კარგია, მაგრამ თუკი დასაბუთებულ მოსაზრებას მოისმენს, მზადაა, ინიციატივას გაეცნოს.

„ამ საკითხს მეტ-ნაკლებად საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს. ის ამბობს, რომ სხვანაირი შინაარსით, მაგრამ შესაძლებელია, გადასახადები შემოღებული იყოს. ძალიან წონადი არგუმენტები უნდა იყოს მოყვანილი, რომ ჩემი მოწონება დასაბუთებულად უარვყო. ყოველთვის ვცდილობ, რომ ინიციატივის მიღმა მიზეზები გამოვიკითხო. თუკი ეს მიზეზები წონადია, გავიზიარებ, მაგრამ პრინციპი მომწონს, რომ სახელმწიფო გადასახადების არგაზრდის პოლიტიკას ირჩევს“, - ამბობს ქუცნაშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ნებისმიერი ისეთი ცვლილების გატარება შეიძლება კონსტიტუციაში, რომელიც საზოგადოების ერთ წევრს მაინც არ აზარალებს.

„თუკი საზოგადოების მომსახურებაში საჭირო იქნება, რომ გადასახადების გაზრდაზე ვისაუბროთ, მაშინ ჟორჟოლიანმა უნდა დაგვისაბუთოს, ამის აუცილებლობა რატომ არსებობს და ხედვა წარმოადგინოს, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი“, - დასძენს ვოლსკი.