ვიცე-პოლკოვნიკი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა გია ცერცვაძეზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ძიების დასრულებამდე, რაც 40-დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს. საპარლამენტო უმცირესობა დღის წესრიგიდან არ ხსნის შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე.
ვიცე-პოლკოვნიკის საქმეზე დამდგარი რეალობიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე არ ფიქრობს, რომ საუბარი შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, რელევანტური იყოს. მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა ფორმალური და არაფორმალური კონტაქტებით, რითაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება. გამოძიების დაწყებისა და იმ პირის გამოვლენის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ცერცვაძის შესახებ ინფორმაციების რუსეთის ხელში აღმოჩენა.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
როგორც ყოველთვის, ახლაც ყოფილი პრეზიდენტი გრუ-ს მიერ დაფინანსებულს უწოდებს ყველა იმ გამოცემას და ტელევიზიას, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში მისი მოღვაწეობას აფასებს. ძალიან აქტიურად იყო სააკაშვილი და „რუსთავი 2“ ჩართული ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის საქმეში. როგორ ფიქრობთ, ცერცვაძის საქმე იყო პოლიტიკური სცენარის ნაწილი სააკაშვილის თანამონაწილეობით?
სოსო ცისკარიშვილი: პოლიტიკურია ყველაფერი, მაგრამ დუმილი და მიჩქმალვა არის ანტისახელმწიფოებრივი, ეს არის განსხვავება. საქმის პოლიტიკური ნაწილი როგორ უნდა გამოირიცხოს, როცა სწორედ „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთელი ძალით იყო ეს საქმე პოლიტიკური ნიშნით გამოყენებული?! მაგრამ, ეს იყო ნიჭიერი ნაბიჯი, ვიღაცისთვის ეს იყო მზაკვრული, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის სხვა ჭირუსფალი ბატონ ცერცვაძეს არ გამოუჩნდა. ამიტომ, ბევრით ნოლი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
ნამდვილად, ვერაფერი სიამაყეა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ნებისმიერი აქტუალური თემის წარმოჩინებით კიდევ ერთხელ ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ურთიერთმიუღებლობა. რატომღაც ვერ და ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ თავად იყოს წინმსწრები რაიმე აქტუალური საკითხის. როგორც ჩანს, უფრო კომფორტულად გრძობენ თავს, მშვიდ გარემოს ირჩევენ საკუთარი არსებობისთვის და ამავე დროს, გუნდური პათოსით მზად არიან თავს დაესხან „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ორკესტრანტებს.
დიახ, როცა ერთი ძალა უარს ამბობს ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტზე და დუმილით ხვდება ყველა სიახლეს, მაშინ მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები სიამოვნებით შეძლებენ იმ თემის ორკესტრირებას, რომელიც მუდმივად თავის მართლების ფორმატში ამყოფებს „ქართულ ოცნებას“. ვინმეს თუ გაუგია მმართველი ძალის რომელიმე წარმომადგენელს რა კომუნიკაცია ჰქონდა ქართველი სამხედრო პირის ოჯახთან, მაშინ, როდესაც დიახ, რბილად რომ ვთქვათ, შსს-ს ან კიდევ სხვა სახელმწიფო სტრუქტურის შეცდომის შედეგად, ადამიანი აღმოჩნდა პატიმრობაში.
საქმის ამ ნაწილზე, ალბათ, უნდა დაიწყოს გამოძიება, როგორ შეძლო საზღვრის გადაკვეთა ინტერპოლის მიერ ძებნილმა პირმა?
- რასაკვირველია, მაგრამ რატომ არ დაიწყო აქამდე გამოძიება? ახლა თავად „ნაციონალური მოძრაობა“ მოიკრებს შესაძლებლობებს ამ საკითხის დეტალებში გასარკვევად, მერე „ქართული ოცნება“ დაიწყებს გაბუტული გამომეტყველებით თავდასხმას ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ საკუთარი პასიურობის შესახებ კრინტს არ დაძრავს. რატომ არ მიიღო საყვედური მაინც პრემიერ-მინისტრისგან შს მინისტრმა? ამით რომ დაწყებულიყო საკითხის განხილვა, ხანგრძლივი თავის მართლების ფორმატი არ დასჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“.
კი ბატონო, გულის გასახეთქი იყო „რუსთავი 2“-ზე გასული რამდენიმე სატელევიზიო შოუ, მაგრამ ამ გადაცემის ავტორებმა საკუთარ მიზანს მიაღწეს. დიახ, თავიდანვე რომ ეღიარებინათ შედომა და შეეცადათ მისი გამოსწორება, ეს იქნებოდა სწორი და არა მხოლოდ ბოღმის დაგროვება, კვლავ წინმსწრებად, მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ეს პოლიტიკური ელემენტი სამართლებრივად უნდა მივაჩუმოთ. არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს სამართლებლივი პროცესების დაჩქარების შესაძლებობა, მაგრამ ვისაც ეს ხელეწიფება და ვისი ვალდბულებაც არის, ჯერჯერობით თავს იხალისებს უფრო აქტიური პოლიტიკური ძალის მიჭირხვნის მცდელობით.
რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს და სააკაშილის როლს?
- ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ამ საკითხში პასიური ყოფილიყო ბატონი სააკაშვილი. ეს არის მისთვის გადაცემული თასი, რომელსაც იგი იღებდა ხოლმე საკუთარი პრეზეიდენტობის დროს, როგორც ლიდერი ყველა პროცესში. დიახ, მან მოახერხა საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის სიმპათიის დაბრუნება, რადგან სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი საუბრობდა მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის დაკნინების სურვილით.
სააკაშვილმა განსხვავებით ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან, მოახერხა კომუნიკაცია პატიმრის ოჯახთან. კი ბატონო, რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური პიარაქტიურობის მიმანიშნებელი, მაგრამ ხომ უფრო ბევრი კითხვა გაჩნდებოდა სააკაშვილის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას არ ამოიღებდა, ისევე როგორც ზოგიერთი ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირი?! მაშინ დაიწყებოდა ლაპარაკი, რომ აი, სააკაშვილსაც უნდა რუსეთს გადასცეს ეს გმირად შერაცხული სამხედრო პირიო.
რასაკვირველია, პოლიტიკოსები პოლიტიკური კუთხით უყურებდნენ ყველა იმ ფაქტს, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ნდობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევთ. მე კმაყოფილი ვარ „რუსთავის 2“-ის აქტიურობით. რასაკვირველია, ჩემთვის დამაჯერებლობის 100%-იანი განცდა არ ჰქონდა იმას, რასაც ვუყურებდით, რადგან სახეზე იყო გადამეტებული ემოციების გავრცელების სურვილი.
ეს თემა დიდხანს გაგრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება თითს არ დაადებს იმ დამნაშავეს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ცერცვაძის შესახებ ინფორმაციების რუსეთის ხელში აღმოჩენა, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს.
იქნებ მიზაზნმიმართულად მოხდა ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციის გაცემა? მით უმეტეს, მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ძალოვან სტრუქტურაში ისევ მუშაობენ ნაციონალების ჩანერგილი კადრები...
- კი ბატონი, მაგრამ ვისი ბრალია? მე და თქვენ არ ჩაგვინერგია. თუ არსებულ ხელისუფლებას იმის შნო არ აქვს, რომ გამოავლინოს მავნებელი ჩანერგილი პირები, რომლებიც მხოლოდ მათი დისკრედიტაციით არიან დაკავებული, მაშინ „ქართული ოცნება“ მოვიხსენიოთ ერთი სახელით - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
გადის დღეები და ხელისუფლება არ აკეთებს არანაირ განცხადებას, ვინ, როდის და რატომ გადასცა ინფორმაცია, რა არის აქ საძიებელი? რატომ უნდა უკარნახოს რიგითმა მოქალაქემ ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს? როგორც ჩანს, ხელისუფლების არც ერთი წევრი არ არის იმდენად თავისუფალი, რომ საკუთარ თავზე აიღოს ის ვალდებულებები, რომელიც მის სამსახურეობრივ თანამდებობას მიეკუთვნება.