ქართული ოპოზიციური სპექტრი მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმებას ითხოვს, ხელისუფლება კი შესაძლოა, სამხარეო პროპორციული სისტემის შემოღებას დათანხმდეს, რომელიც რეგიონებში პარტიული სიებისთვის ხმის მიცემას გულისხმობს, სადაც რეგიონისთვის განსაზღვრული მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად ნაწილდება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობა უკვე დაიწყო, თუმცა საკითხზე გამოკვეთილი პოზიციები მას შემდეგ იქნება, რაც როგორც პოლიტიკოსები, ასევე კონსტიტუციონალისტები საკუთარ ხედვებს ფურცელზე დაწერილს წარადგენენ.
სანამ კომისიის ფარგლებში კონკრეტული ინიციატივები იქნება წარდგენილი, მანამდე კომისიის მონაწილე ყველა მხარე თანხმდება, რომ არსებული სისტემა შესაცვლელია, თუმცა ისეთი მექანიზმით, რომელიც ქვეყნის რეალობას მოერგება და არჩევნებსაც სამართლიანს გახდის.
კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი, რომელიც არსებული, შერეული სისტემის მომხრეა, ფიქრობს, რომ როცა პროპორციულ სისტემაზე გადადიხარ, პარტიული სტრუქტურები მყარად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და არა პიროვნებები და მათ უკან ლაშქარი, როგორც ეს დღესაა.
როგორ for.ge-ს ხეცურიანმა განუცხადა, არსებული სისტემის შემოღება 1990 წელს მოხდა, რომელიც ის პერიოდია, როცა პარტიები ახალი გაჩენილი იყვნენ. შერეული სისტემა იმიტომ გაკეთდა, რომ პროპორციულ სისტემას განვითარებული პარტიული ინფრასტრუქტურა სჭირდება.
„ეს პარტიების პოლიტიკური ბრძოლაა და პარტიამ რომ გაიმარჯვოს, მთავრობა მან უნდა დააკომპლექტოს. შერეული სისტემის შემოღებისას, პარტიები გაჯანსაღების პროცესში იყვნენ. ამ პერიოდში პარტიების რაოდენობა გაიზარდა. იუსტიციის მინისტრი რომ ვიყავი, რეგისტრაციაში 225 პარტია გავატარე. რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ პარტიული სტრუქტურები ისე ვერ დაიხვეწა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო მიზანშეწონილი და პოლიტიკური სისტემისთვის უფრო უკეთესი პროპორციული სისტემაა“, - აცხადებს ხეცურიანი.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს კოლეგებისგან განსხვავებული ხედვა აქვს და ის იდეით გამოდის, რომ ის სისტემა იქნეს შემოღებული, რომლის მიხედვითაც, არჩევნები 1992 წელს ჩატარდა.
for.ge-სთან საუბარში ძაბირაძე აცხადებს, რომ ქვეყანას სიკეთეს მხოლოდ სისტემა არ მოუტანს და ერთდროულად განხილული უნდა იქნას სისტემის და ხმის მიცემის წესი.
„150 მაჟორიტარული ოლქი უნდა იყოს და ამომრჩეველი ვალდებული უნდა იყოს, რომ მან წარდგენილი კანდიდატებიდან ხმა სამს მისცეს, უბრალოდ, უნდა დანომროს. პირველი ათი ქულით ფასდება, მეორე ცხრა ქულით, მესამე - რვა ქულით. ანალოგიური სისტემა 1992 წელს იყო. საქართველოში ერთადერთი გამონაკლისია, როცა არჩევნები სხვა სისტემით ჩატარდა, სხვა მანამდე ერთსა და იმავე სისტემით ტარდებოდა. 92 წელს, სამოქალაქო ომი იყო. ამ სისტემამ ომის პირობებში არჩვენების მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყო მაშინ, როცა არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ, ან მის ზღვარზე ვართ, ან რევოლუციამდე. თავად შეადარეთ, რომელი სჯობს. ის სისტემა პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელია და მხარს არ უჭერს, მაგრამ მე უნდა ვთქვა ის, რაც სწორად მიმაჩნია“, - აღნიშნავს ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტებისგან განსხვავებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ისევ წინააღმდეგია უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი.
როგორც for.ge-ს ოქრიაშვილმა განუცხადა, მთელ მსოფლიოში ტენდენციები მაჟორიტარული სისტემის მიმართულებით მიდის, რომელიც ზომიერი კონცენტრაციის ხელისუფლებას უზრუნველყოფს, ანუ - სტაბილურობას.
კანონმდებელის მოსაზრებით, პროპორციული არჩევნები ხშირად სუსტი ხელისუფლების არსებობას იწვევს, რაც შემდეგ კოალიციების დაშლაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში და პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისებში გამოიხატება.
„საბერძნეთს ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ მოუვიდა, რომ სრულად პროპორციული სისტემა აქვს“, - დასძენს ოქრიაშვილი, რომლისგან განსხვავებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი.
for.ge-სთან საუბარში ახვლედიანი აცხადებს, რომ ყველა თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს და, 48 პროცენტით მხარდაჭერილი პარტია ხელისუფლებაში მაჟორიტარების წყალობით, 115 დეპუტატით არ უნდა მოდიოდეს.
„ეს უსამართლო და მანკიერი სისტემაა. საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა. თუკი საკითხს ისე მივუდგებით, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყნის ფუნდამეტია, მაშინ მოსახლეობას იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლების პირველწყარო თვითონ არის, როცა ხმას მისცემს და ხელისუფლებას ირჩევს, ან პირიქით. როცა მოსახლეობა უყურებს, რომ 52 პროცენტმა ხმა სხვას მისცა და ხელისუფლებამ მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მას განცდა უჩნდება, რომ ის ხელისუფლების წყარო არ არის. ამიტომ, ერთსა და იმავე წრეზე - რევოლუციური პროცესების განვითარების გზაზე დავდივართ. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ეს სისტემაა“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე თანახმა არ იქნება და ხისტ პოზიციას დაიჭერს, ან ისეთს როგორიც მაჟორიტარებს აქვთ, რომელთაც მაჟორიტარად ყოფნა მუდმივად უნდათ, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასაწყისის დასასრული, რადგან ოპოზიცია იმის წინაშე დადგება, კომისიაში ყოფნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელოს.
„თუკი ასეთი საკითხები არ წყდება, კომისიაში ყოფნას რა აზრი აქვს? ანტურაჟი ვართ?“, - ინტერესდება ახვლედიანი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა ისინი უპირატესობას სამხარეო პროპორციულ სისტემას ანიჭებენ და არა მთლიანად პროპროციულს.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, მაჟორიტარული სისტემა ყველა ვარიანტში უნდა გაუქმდეს, რადგან მმართველი პარტია იმაზე მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მას ხალხმა ხმა მისცა. ორი ალტერნატივა არსებობს - არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და პროპორციული სია პარტიებმა წარადგინონ, ან სამხარეო პროპორციული სისტემა იყოს, როცა ყველა მხარეს ამომრჩევლის რაოდენობის შესაბამისი მანდატების რაოდენობა აქვს.
„ასეთ შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება სამხარეო პრინციპით მოხდება, როცა პარტიები რეგიონებში სხვადასხვა პროპორციულ სიას წარადგენენ. მომხრე ვართ, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს“, - დასძენს ჭიაბერაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების განწყობას, for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ მხარეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმებიან, ქმედითი მექანიზმი უნდა მოიფიქრონ, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები შანსი იყოს სახელისუფლებო კრიზისების შექმნის.
კანონმდებელის მტკიცებით, ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არსებითად არ ეწინააღმდეგება, რადგან საარჩევნო სისტემის შეცვლა „ქართული ოცნების“ გეგმებში შედიოდა.
„ამას დაპირებაც შეიძლება დავარქვათ, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა როგორც მმართველ გუნდში, ასევე საზოგადოებრივ წრეებში. საკითხზე მსჯელობა უნდა იყოს“, -აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.