ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილს რეზიდენციად შესთავაზონ

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილს რეზიდენციად შესთავაზონ

პარლამენტის ადგილსამყოფელის პოლიტიკური ბედი განსაზღვრულია, ქუთაისში მდებარე გამჭვირვალე შენობის მომავალი კი, ბუნდოვანი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების თაობაზე თანხმდებიან, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული თარიღი უცნობია.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის თბილისში გადატანა არ იგეგმება, თუმცა საქართველოს კონსტიტუციიდან შესაძლოა ის მუხლი ამოიღონ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს.

ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევის წინააღმდეგები ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ და საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომელთა შორისაა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი.

for.ge-სთან საუბარში მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხს მხარს არ დაუჭერს და სანამ საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მანამდე აზრი ქუთაისელებს უნდა ჰკითხონ.

„პრემიერ-მინისტრის განწყობას ვიზიარებ, რომ ქუთაისი თბილისის საპირწონე უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით, არამედ ჯანდაცვის, განათლების, სპორტის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. თანახმა ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს“, - აცხადებს მარგველაშვილი.

თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნების წინააღმდეგია ქუთისის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. როგორც for.ge-ს ნარჩემაშვილმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, ის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატის მოსაზრებით, სანამ ხელისუფლება ქალაქს ახალს და განსაკუთრებულს ვერ სთავაზობს, რომელიც მის კულტურულ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ფუნქციას გაზრდის, მანამდე პარლამენტი ქუთაისში უნდა არსებობდეს.

„ის განწყობები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ქუთაისის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ვახმოვანებდი, როგორც ჩემი, ასევე ხელისუფლების განწყობა იყო და თანხვედრაში პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოდიოდა. საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეას მხარს ქუთაისის დეპუტაცია არ დაუჭერს. ჩემი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების, ასევე სხვების პოზიციაა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს“, - დასძენს ნარჩემაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის მიუხედავად, პარლამენტთან მიმართებაში პოზიციას არ იცვლის საპარლამენტო უმცირესობა. როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას მხოლოდ პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს და მას ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სჭირდება, ეკონომიკა უნდა გაცოცხლდეს და პარლამენტის მიმართ დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს.

„თავის დროზე, ქუთაისი განისაზღვრა არა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მხოლოდ პარლამენტი შეძლებდა რეგიონში განვითარებას, არამედ აქ კომპლექსური ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული. ქუთაისის აეროპორტი დაცინვის ობიექტი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი რეალისტურია. ასევე მნიშვნელოვანია, თბილისის განტვირთვა, რისთვისაც შემოვლითი რკინიგზის გაყვანა ხდებოდა და ეს დაცინვის ობიექტი იყო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მკვეთრ პოზიციას მმართველი გუნდი არ აფიქსირებს. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობამ პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს მხარი დაუჭირა.

კანონმდებელის მტკიცებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტის გადმოტანა არ იგეგმება, თუმცა კომისიის წევრების აზრიც გასათვალისწინებელია.

„ჩვენ იმაზე პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, რომ პარლამენტის მაინც და მაინც თბილისში გადმოტანა უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით, მსგავსი გადაწყვეტილება არ არის. აღნიშნულ საკითხზე ცხარე კამათი და მსჯელობა იქნება. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული არ იყოს და კონსტიტუციიდან შესაბამისი მუხლის ამოღება უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს მდინარაძე.

კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე არსებული ჩანაწერის ამოღებაზე საუბრობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იყოს პარლამენტის ადგილსამყოფელის პირდაპირი ჩანაწერი, ან პირდაპირ გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის თბილისში.

„ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. მეორე მოსაზრებაა ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქვეყნის დედაქალაქი“, - ამბობს კახიანი.

რაც შეეხება კონსტიტუციონალისტების პოზიციას, მათი ნაწილი პარლამენტის ქუთაისში არსებობის წინააღმდეგია, ისევე როგორც ამ ეტაპზე, ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების.

როგორც ჯონი ხეცურიანი მიიჩნევს, პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. მისი შეფასებით, მიზანშეწონილი და გამართლებულია, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში იყვნენ, რადგან მათ ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ და აქეთ-იქეთ სიარული არ შეიძლება.

„ორპალატიანი პარლამენტის არსებობა კონსტიტუციითაა მოცემული, მაგრამ ის დაკავშირებულია გარკვეულ გარემოებებთან. მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, სახელმწიფო ტერიტორიების მოწყობის გადაწყვეტასთან და იურისდიქციის საკითხებთან. ორპალატიანი პარლამენტი ახლა რომ შემოიღო, რა პრობლემას წყვეტს გარდა იმისა, რომ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გაჩნდება ხელისუფლების სისტემაში, რომელსაც შენახვაც უნდა და თავისი უფლებამოსილება გააჩნია?! ორპალატიანი პარლამენტი ან უნდა წყვეტდეს ტერიტორიულ საკითხს, ან შედეგი უნდა იყოს რაღაც დიდი პოლიტიკური პროცესების დამთავრების. ანუ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინე და გინდა, ტერიტორიული მთლიანობა ზედა პალატაში უზრუნველყო. არც ერთია და არც მეორე და რისთვის უნდა შემოიღო?!“, - ინტერესდება ხეცურიანი.

საკითხზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განსაკუთრებულ ყურადღებას კონსტიტუციურ ჩანაწერზე აკეთებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს.

„ეს ჩანაწერი როგორ გაკეთდება, ეს ტექნიკური საკითხია და შემდეგ გადაწყდება“, - დასძენს ხმალაძე.

უკვე მეოთხე წელია, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში საქმიანობს, თუმცა პარლამენტის ექს სპიკერის, დავით უსუფაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისში მდებარე გამჭვირვალე შენობაში პლენარული სხდომები ტარდება, თბილისში კი, საკომიტეტი მოსმენები. იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტი დედაქალაქში სრულად დაბრუნდება, კითხვის ნიშნის ქვეშ ქუთაისში მდებარე შენობის მომავალი დადგება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა და მას ფუნქცია ახალმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოუძებნა. არაერთხელ ითქვა, რომ შენობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციების კავკასიის ბიურო განთავსდებოდა, ან იმერეთის ადმინისტრაციული სტრუქტურები. იდეები იდეებად რჩება და კონკრეტული პასუხი არ არსებობს კითხვაზე - თუკი პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდება, შენობას რა ბედი ეწევა?! იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობაში პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, for.ge-ს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების მოწინააღმდეგეთა ნაწილში იდეა გაჩნდა, რომ გამჭვირვალე შენობა რეზიდენციად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზონ. აღნიშნულ საკითხზე ხმამაღლა ჯერჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, იდეა ქუთაისის დეპუტაციამ გაახმოვანოს.