„უსუფაშვილის გამოსვლა ასპარეზზე ნიშნავს, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შანსები მინიმუმზე დავა“

„უსუფაშვილის გამოსვლა ასპარეზზე ნიშნავს, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შანსები მინიმუმზე დავა“

დავით უსუფაშვილი მხარს უჭერს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის შეცვლას, თუმცა თვლის, რომ ცვლილება ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან, ანუ მას შემდეგ უნდა შევიდეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე იქნება დებატები, მაგრამ ისურვებდა, რომ დებატებში საღმა აზრმა გაიმარჯვოს და არა კონიუნეტურულმა მოსაზრებებმა.

„კლასიკური საპარლამენტო მოდელის მომხრე ვარ, იმ მოდელის, სადაც პრეზიდენტი არ არის პირდაპირ არჩეული, ამასთანავე საკონსტიუციო საკითხების გადაწყვეტა ხელის გადაგრეხვით არ არის სწორი. როცა უფრო აქტიურად ამუშავდება საკონსტიტუციო კომისია, მეც ჩავერთვები ამ პროცესში. ჩემი წინადადება იქნება, ორივე საარჩევნო სისტემის - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის შეცვლა - საპარლამენტო არჩევნების პროპორციულით, ხოლო პრეზიდენტის - არაპირდაპირით, ოღონდ ამ ყველაფრის ძალაში შეყვანა 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილს ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს მმართველი გუნდი. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ უსუფაშვილის გზავნილი ემსახურება იმას, რომ იმ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის ძალაუფლებაზე ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს.

„მთლიანად უნდა გავიაზროთ მოქმედი საკონსტიტუციო სისტემა. მე მგონია, რომ ინიციატივების დონეზე, მაინც, არასაკმარისი არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, პრეზიდენტის არჩევის წესის სისტემის საპირწონედ. პარლამენტის საარჩევნო სისტემას ვგულისხმობ, ვინაიდან ეს უმრავლესობა მისცემს შესაძლებლობას საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, არამედ ის თანამდებობების პირებიც, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს, ან რომლის დანიშვნაშიც პრეზიდენტი სხვა ფორმით მონაწილეობს. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ როლის ცვლილებაზე, ეს იმდენად ფუნდამენტური საკითხია, რომ მთლიანად ცვლის არსებულ ძალთა ბალანსს“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე.

„უსუფაშვილის იდეა, რომ 2019 წელს შევიდეს ცვლილებები ძალაში, მგონია, რომ უკვე მოძველებულია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხდებით, თუ ჩვენ გვინდა რეალურად მივიღოთ კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია კონსტიტუციაზე ძალიან დინჯი და ფრთხილი მუშაობა.

„რაც მთავარია, თუ წინასწარ იქნება დათქმა, რომ ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს კი არა, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდეს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით იმავე სიტუაციაში, როგორშიც ვიყავით. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, მაგრამ ეს იქნება ნაწილობრივი ცვლილებები და არა სრული და მთლიანი.

ამიტომ, ვერ დავეთანხმები უსუფაშვილს, რომ 2019-მდე გადავწიოთ ამოქმედება. პრინციპში, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და კონსტიტუცია ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დავით უსუფაშვილი, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რა პოლიტიკური სიტუაცია და ვითარება იქნება ქვეყანაში.

ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, თუკი ხელისუფლებამ გაიზიარა უსუფაშვილის ვერსია და 2018-შიც პირდაპირი საყოველთაო არჩევნებით მოგვცა პრეზიდენტის არჩევის უფლება, ასეთ შემთხვევაში, საინტერესო იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში უსუფაშვილისა და მარგველაშვილის შერკინება.

„უსუფაშვილის ინიციატივა სახის გადარჩენის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას. თანაც იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საშუალებას, რომელიც ხელისუფლებას სურს. კერძოდ, ცვლილება შევა კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ, მაგრამ მეორე მხრივ 2019 წელს მას ექნება საშუალება, რომ ასპარეზზე გამოიყვანოს ისეთი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში დაამარცხებს მარგველაშვილს.

ანუ, თუ მარგველაშვილის ფაქტორი უხერხულობას ქმნის ხელისუფლებისთვის, ეს პრობლემაც გვარდება 2018 წლის პირდპირი არჩევნების წესით. იმიტომ, რომ მარგველაშვილი და უსუფაშვილი თითქმის თანაბარი კალიბრის მოთამაშეები არიან, ოღონდ იმ დათქმით, რომ უსუფაშვილს ექნება რეალური შანსი, მარგველაშვილი დაამარცხოს არჩევნებში. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ სხვა კანდიდატებიც შეიძლება გამოჩნდნენ და ხმები გაიყოს“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ აღარ გვენება ისეთი სურათი, როგორიც ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე გვქონდა, როცა გვყავდა უალტერნატივო კანდიდატი და მისი დამარცხების არანაირი შანსი არ არსებობდა. როგორც ლაგაზიძე აცხადებს, მარგველაშვილის შემთხვევაში რეალურად ბიძინა ივანიშვილი იყო კანდიდატი და მას აძლევდა ხალხი ხმას და ამიტომაც არ არსებობდა, მისი დამარცხების შანსი.

„2018 წელს თუკი ხელისუფლება წავა უსუფაშვილის შეთავაზებაზე, ასეთ შემთხვევაში, დიდი განსხვავება რეიტინგებში არც ერთ კანდიდატსა და მათ შორის არც სახელისუფლებო კანდიდატს შორის არ იქნება. თუმცა, მარტო უსუფაშვილის გამოსვლა ასპარეზზე ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შანსები მინიმუმზე დავა. უსუფაშვილი–მარგველაშვილი შერკინებაში უსუფაშვილს ექნება რეალური შანსები.

ამიტომაც, ხელისუფლებას ბევრი დისკომფორტი ეხსნება. ერთი ის, რომ რეალურად დემოკრატიულ ცვლილებებს განახორციელებს, კი შეიტანს ცვლილებას არაპირდაპირი წესით არჩევაზე, მაგრამ 2019 წლიდან განახორციელებს ამ ცვლილებას. 2018 წელს ჩაატარებს ისევ პირდაპირი არჩევის წესით. თუკი მაინცდამიანც მარგველაშვილის ფიგურა არის დისკომფორტის შემომტანი, უზარმაზარი შანსია იმისა, რომ მარგველაშვილი 2018 წლის არჩევნებში დამარცხდეს.

ასე რომ, უსუფაშვილის შეთავაზება მივიღე როგორც შეთავაზება, საზოგადოებასა და ხელისუფლების მიმართ, რაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის სახის გადარჩენისა და მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელების საშუალებაა ერთდროულად“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, უსუფაშვილს სჩვევია მაინტრიგებელი პოლიტიკური თემების შემოგდება. ერთი მხრივ, საკუთარი პერსონისადმი იქცევს მედიისა და საექსპერტო წრეების ყურადღებას, მეორე მხრივ, ხელისუფლებას და პოლიტიკურ წრეებს უჩენს ერთგვარ თავსატეხს.

„ეს განცხადებაც დაახლობით ჰგავს იმ განცხადებას, რომ პრეზიდენტს შეუძლია ვადაზე ადრე გადადგეს. ანუ, როგორც ჩანს, მან მოქმედების ასეთი სტილი აირჩია, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, დათანხმდება თუ არა ხელიუსფლება და საპარლამენტო უმრავლესობა უსუფაშვილის წინადადებას, რთულია ახლა ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით საპარლამენტო უმრავლესობის რეაქცია ამ განცხადებაზე. ალბათობა 50–50–ზეა, შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობაში რაღაცა ნაწილი დათანხმდეს, ნაწილი არა. ჩემს ხელთ არსებული ინფრომაციით, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც არ მალავენ, საპარლამენტო უმრავლესობაში და „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს ადრეც იყო ცნობილი. ამ შემთხვევაში ვისი პოზიცია გადასწონის, უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ვნახავთ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.