ვიცე–პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს, პატიმრობიდან ხუთშაბათს გაათავისუფლებენ. ინფორმაცია უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს, გივი თარგამაძეს დაუდასტურა. უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ცერცვაძის დაკავება, ხმაურისა და ბრალდების საფუძველი გახდა საქართველოში.
for.ge–სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებდა, რომ ცერცვაძის საკითხი არის ჭიქაში ატეხილი ხელოვნური ქარიშხალი, პოლიტიკური მიზნისთვის.
პროცესი, რომ პოლიტიზირებული იყო, ამასვე ადასტურებს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადება, რომ უკრაინა არ აპირებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ ვიცე-პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას. პარალელურად, საქართველოს მთავრობას ჰქონდა მტკიცე პოზიცია, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის - საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩენილიყო რუსეთის ხელში. ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქართველი ჯარისკაცი გაყიდა, რომ საქართველომ ოკუპანტს ქვეყანას გადასცა ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პოლკოვნიკის მეუღლე, ტატიანა მესხი მეუღლის დაკავებაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მადლობას უხდის იმისათვის, რომ უზრუნველყო მისი უკრაინაში გამგზავრება.
„კიევში მივემგზავრები, ჩემს მეუღლეს სასამართლოზე შევხვდები და უშუალოდ მისი ადვოკატისგან შევიტყობ ყველა ინფორმაციას. გუშინ ვერც მოვასწარი მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა გადამეხადა, რომელმაც თვითმფრინავის ბილეთი ამიღო და ჩემი გამგზავრება უზრუნველყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება“, – აცხადებს ტატიანა მესხი.
ცერცვაძის საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი, ამაზე საზოადოების წარმოამდგენლებიც საუბრობენ. ყოფილი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული ოდესაში ზურაბ მარშანია აცხადებს, რომ უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომელიც მიზნად აქვს დასახული მიხეილ საააკაშვილს და მის გუნდს, მიუღებელია. მისი თქმით, ამ ვითარებაში განსაკუთრებით საგანგაშო ის არის, რომ ცერცვაძის ეპიზოდიც ზუსტად ამ კონტექსტში ჯდება, რაც დაუშვებელია.
„ამ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვა და პოლიტიზირება, უფრო მეტად დაუშვებელია. ზოგიერთებისთვის თავისი სამშობლოს ინტერესი მეასე ხარისხოვანია, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ პოლიტიკაში. გაქანებულ კონდოტიერობას ეწევა სააკაშვილი უკრაინაში. გეკითხებით, რა უნდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში?
კარგია ქართველები სხვის ჯარში მსახურობდნენ და კვდებოდნენ? ქართველი ადამიანი საქართველოს უნდა ემსახურებოდეს ყველგან და არა თავის პოლიტიკურ მიზნებს. როგორც ყოფილ დიპლომატს, ეს დაუშვებლად და სამარცხვინოდ მიმაჩნია. ასე არ შეიძლება, ქვეყანას გაფრთხილება უნდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ მარშანია.
მისივე განცხადებით, საგარეო პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც არ შეიძლება იყოს ოპოზიცია და პოზიცია, საგარეო პოლიტიკა ყველასთვის ერთია.
„ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ვეთანხმები ბესიკ ალადაშვილის შეფასებას. როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მინდა შეფასება გავაკეთო საქართველოსა და უკრაინას შორის შექმნილ ვითარებაზე. ეს ვითარება არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. არანორმალური სიტუაციაა, როდესაც ორ მეგობარ სტრატეგიულ ქვეყნებს შორის ისეთი მოძრაობები ხდება, რომელსაც სათავეში უდგას მიხელ სააკაშვილი და რომლის მიზანია პოლიტიკური სპეკულაციების გზით, საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების დაკმაყოფილება საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის ხარჯზე“, – აცხადებს ზურაბ მარშანია.
საკითხის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს ექსპერტი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწეული პოლიტიკური თემაა.
„შორიდან მართლაც გავს დადგმულ სპექტაკლს. ნაციონალების მორიგი პროპაგანდისტული ტრუკია, მეტი რა უნდა იყოს? აქ რამდენიმე თემა არის ერთად თავმოყრილი, პირველ რიგში, ეს ადამიანი არის ჯარისკაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და ბუნებრივია, რომ საქართველომ უნდა დაიცვას, სამართლებრივი დახმარება უნდა აღმოუჩინოს. რუსეთი ამ ადამიანს 2003 წელს ჩადენილ მკვლელობას ედავება, რამდენჯერმე განაცხადა საქართველოს მთავრობამ, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ თავისი მოქალაქე დაიცვას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, უკრაინაში დაკავებული ცერცვაძის საკითხი საქართველოს იურისდიქციაში არ არის, მის ექსტრადიციაზე უკრაინის სასამართლო მსჯელობს. გარდა ამისა, ზარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია ცერცვაძის შესახებ რუსული მხარისთვის ძალოვან უწყებებში ჩანერგილი ნაციონალების მიერ გამხდარიყო ხელმისაწვდომი.
„გამორიცხული არ არის, რომ რუსებს თავად მისცეს ინფორმაცია, იმათმა, ვინც ნაციონალების დროსაც და დღესაც მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში. პოლიტიკური აჟიოტაჟის შესაქმნელად ახერხებენ ამას ნაციონალები ძალოვანებში ჩანერგილი თავისი ხალხის მეშვეობით.
ცერცვაძლის მეუღლის განცხადება, რომ მიშამ ბილეთი მიყიდა – უკვე გასაგებია, რომ თავიდან ბოლომდე ნაციონალების მიერ დადგმული სპექტაკლია. ამ შემთხვევაში მთავრობა თავის მოვალოებას ასრულებს, იცავს თავის მოქალაქეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მით უმეტეს კონსტიტუციით გვაქს გარანტირებული, რომ საქართველო თავის მოქალაქეებს არავის გადასცემს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
აფხაზეთისა და ცხინვალი ომის ვეტერანი, მალხაზ ჩემია აცხადებს, რომ პროცესები ძალიან გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას, ოცნების ხელისუფლების მორალური დისკრედიციისთვის. როგორც ჩემია აცხადებს, საქართველოს და უკარინის ქმედება აწყობილი იყო ინტერპოლის მოთხოვნაზე და ამ შემთხვევაში ფორმალობა უნდა დაეცვათ.
„ჩვენი ხელისუფლების მინუსი გახლავთ ის გარემოება, რომ საზღვარზე არ მოხდა ცერცვაძის დაკავება, თუკი ინტერპოლის ცირკულარში იყო. შეიძლება ქართულ მხარეს ინტერპოლის ცირკულარი ჰქონოდა, მაგრამ მოლაპარაკება იყო უკრაინისა და ჩვენს სპეცსამსახურებს შორის, რომ უკრაინა მიხედავდა მას. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოფიციალურად არ აქვს უფლება, სხვის სამხედრო ნაწილში იბრძოდეს, ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა დააყენოს ქართულმა მხარემ ცერცვაძე, შეიძლება ამ ნიუანსის გამო მისცეს უკრაინაში წასვლის საშუალება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მალხაზ ჩემია.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში კარგი და არაოფიციალური ჟესტი ნაციონალებმა ბინძურად გამოიყენეს და ამბობენ, რომ საქართველომ გაყიდა თავისი ჯარისკაცი.
„რა გაყიდა, ბორკილები დაადო და რუსეთში გაუშვა? ჯერ ერთი რუსეთისთვის არ ჩაუბარებია, გაუშვა უკრაინაში, სადაც იბრძოდა და სადაც საუკეთესო თავშესაფარი ექნებოდა. ნაციონალებმა, რომლებიც ყველა ბინძურ საქმეს ჰკიდებენ ხელს, ეს თემაც გამოიყენეს. აწყობდათ ამ თემის პოლიტიზირება, თითქოს „ოცნებამ“ გაყიდა და ნაციონალებმა გადაარჩინეს.
თვით ბილეთსაც კი ყიდულობენ, ყველა ბინძურ სპეკულაციაზე მიდიან ნაციონალები. ამიტომ, ყველაფერს უნდა დაექვას თავისი სახელი, იგივე ხელისუფლების მხრიდანაც. რამდენდაც ვიცი, ნაციონალების დროს გამოაცხდა რუსეთმა ძებნა. ვინ მისცა ეს ინფორმაცია, იქნებ ნაციონალებმა მისცეს? ანუ, ინფორმაცია გასულია სწორედ ნაციონალების დროს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მალხაზ ჩემიამ.
„საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანას, რომელსაც ჩვენთან სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული - აქ კითხვები საერთოდ არ უნდა იყოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურორი ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და იმედი აქვს, რომ ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის.
„მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ათწლეულობის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში, მათ ქვეყანა წამოაგეს უმძიმეს პროვოკაციას - რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთეს.
უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან. უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს. კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადება, რომ ხელისუფლებამ მოღალატეობრივ ნაბიჯი გადადგა, მუღებელია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ვინც სიტყვა „მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს.
„უმცირესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი - ასე უცხოვრიათ, მათი დაშლის პროცესიც, ალბათ, ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა „მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს.
სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადასცემოდა. მაშინ, როდესაც სახელმწიფომ სამართლებრივად აბსოლუტურად ყველა პროცედურა გაიარა, ჩვენ გვესმის არა თუ უსაფუძვლო, არამედ მარაზმის დონემდე აყვანილი ბრალდებები“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.