მარგველაშვილმა პარლამენტარებთან შეხვედრა გადადო

მარგველაშვილმა პარლამენტარებთან შეხვედრა გადადო

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე თებერვლის ნაცვლად, მარტში წარსდგება. გასულ წლებში, ქვეყნის პირველ პირს, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საშუალებას უმრავლესობა არ აძლევდა და ამის მიზეზად დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებდა, ამჟამად კი, ვითარება შეიცვალა და პრეზიდენტი პარლამენტში გამოცხადებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, ანუ, 8 თებერვალს არ აპირებს.

რეგლამენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს. იმის გათვალისწინებით, რომ „როგორც წესი“ მანიპულირების საშუალებას იძლევა, ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება რეგლამენტის დარღვევად არ ჩაითვლება, თუმცა გასულ წლებში დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, მნიშვნელობა არ აქვს, რეგლამენტში არსებულ ჩანაწერებს სათანადო პატივს უმრავლესობა არ სცემს თუ ქვეყნის მთავარსარდალი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილის გადაწყვეტილების მოტივად დღის წესრიგს ასახელებს, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრაფიკი პრიორიტეტულობის შესაბამისად არ დაგეგმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირი პარლამენტში წარსადგომად მოემზადებოდა და არა ვინმეს მისაღებად.

for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის სტუმრობასთან დაკავშირებით, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი მარტში გადავა, რისი ძირითადი მიზეზიც პრეზიდენტის გრაფიკის გათვალისწინებაა.

„თარიღზე ერთად შევთანხმდებით. სხვადასხვა შეხვედრებია, ჩვენთან ვიზიტებით ჩამოდიან და ჩვენც მივემგზავრებით. ალბათ, ერთობლივად ისეთ თარიღამდე მივალთ, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელია“, - დასძენს დოლიძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი for.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

კახიანის განმარტებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას წარსდგება, მაგრამ რეგლამენტი შესაძლებლობად მიიჩნევს იმას, რომ ეს მოსმენა სხვა დროს ჩატარდეს.

„პრაქტიკაშიც ასე ხდებოდა, ანგარიშის მოსმენა ან თებერვლის ბოლოს ან მარტში იმართებოდა. თუ პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე გამოცხადება თუ როდის უნდა, ეს კონსულტაციების შედეგად წყდება. ეს კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. პარლამენტი მზად არის, მას პირველივე კვირას მოუსმინოს, მაგრამ თუ მას სხვა მოსაზრებები ექნება, შემდეგ მოვუსმენთ“, - აცხადებს კახიანი.

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ზუსტი თარიღი არ იცის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ. for.ge-სთან საუბარში მდინარაძე ყურადღებას პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსზე ამახვილებს, თუმცა მარგველაშვილისთვის რჩევის მიცემას არ გეგმავს.

„როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ყურადღებას ქვეყნისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაამახვილებს. პრეზიდენტი ხშირად კრიტიკულია და მმართველი გუნდი ამას ხან ვეთანხმებით, ხან - არა. ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს და ვალდებული ვართ, თითოეულ წინადადებას პატივისცემით მოვეპყროთ. წინა გამოსვლის დროს ძალიან ბევრი თეზისი იყო, რომელსაც არ დავეთანხმეთ და ეს განვაცხადეთ კიდეც“, - ამბობს მდინარაძე.

უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტს იმ თემებს უსახელებს, რომლის თაობაზეც მან სასურველია აქცენტი გააკეთოს.

როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, პრეზიდენტმა სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხზე უნდა ისაუბროს, რომელიც პრობლემურია. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ენერგო უსაფრთხოების - „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხი.

„სერიოზული პრობლემაა ასევე პოლიტდევნილების საქმეზე და პრეზიდენტმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. რუსეთთან კაპიტულანტური პოლიტიკის გამოვლენაა უკვე ცერცვაძის საქმე, რომელიც შემადგენელია იმ პოლიტიკის, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო, როცა ჯაშუშები გაშვებული იქნა, ხოლო ის ადამიანები დაპატიმრებული, რომელთაც საქართველოს უსაფრთხოების მშენებლობაში წვლილი მიუძღვით“, - აღნიშნა რატიანმა.

პრეზიდენტმა რეგლამენტში არსებული ჩანაწერი გასულ წელს დაიცვა და ის პარლამენტში 3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს წარსდგა, რომელსაც გასული წლებისგან განსხვავებით, სხდომათა დარბაზში მთავრობისთვის განკუთვნილი წითელი სავარძლები ცარიელი არ დახვდა და მას პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. გამჭვირვალე შენობაში, გიორგი მარგველაშვილს ისევ დახვდებიან თუ არა მთავრობის ხელმძღვანელი და მინისტრები, ამის წინასწარ თქმა რთულია, თუმცა ქვეყნის პირველ პირს მასპინძლობას პარლამენტის გადახალისებული შემადგენლობა გაუწევს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.