ჯოზეფ დაული პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში”. თუმცა, „ევროპის სახალხო პარტიის“პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა პოლიტპატიმრებში.
თუ გავითვალისწინებთ დაულისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯოზეფ დაული საუბრობდა ვანო მერაბიშვილზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი დატოვა.
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნი არ არის. რაც შეეხება პარტიიდან გასვლის საკითხს, ამ საკითხზე ბრალდებული მერაბიშვილი პოლიტიკურ განცხადებას თავად გააკეთებს. ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, გენერალური მდივანის თანამდებობა გაუქმდება.
მერაბიშვილის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე სასამართლო პროცესებით ხსნიან. როგორც ნიკა მელია აცხადებს, მერაბიშვილი ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება.
„ვანო მერაბიშვილს აქვს სურვილი, რომ ძალიან ვრცლად ისაუბროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ არა ახლა. ის ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც აპირებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეუერთდება თუ არა მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ პოლიტიკურ ჯგუფს, ამ თემაზე „ევროპულ საქართველოში“ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, მერაბიშვილის გადაწყვეტილება, გენერალური მდივნის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, მოულოდნელი არ ყოფილა „ევროპული საქართველოს“ წევრის და ამავე დროს მერაბიშვილის ადვოკატისთვის. როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, მერაბიშვილი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არ აპირებს, ვიდრე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მისი საქმის განხილვა არ დასრულდება.
ის, რომ ვანო მერაბიშვილმა დატოვა სააკაშვილის ნაცმოძრაობა, მოულოდნელი არ ყოფილა ანალიტიკოსებოსთვის, რომელთა შეფასებით, ეს მისი ადვოკატის, რომელიც ბოკერია-უგულავას ფრთას წარმოადგენს, დიდი დამსახურებაა. მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მეტ-ნაკლებად მისთვის სასარგებლო პირველადი დასკვნა გამოიტანა და დღეს ეს საქმე დიდ პალატაში იხილება.
როგორც ცნობილია, ევროპული სასამართლოს კოლეგიამ განხილვისთვის დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება. საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. კონკრეტულად, აქცენტი კეთდება ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ შვიდი მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტებს, რომ მერაბიშვილის გადაწყვეტილება მისსავე სასამართლო პროცესებთან არის კავშირში, არადამაჯერებლად მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, მერაბიშვილი აქამდეც აქტიურად იყო ჩართული სასამართლო პროცესებში, მაგრამ პატრიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება არ ქონდა მიღებული. როგორც საყვარელიძე აცხადებს, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ორი წელია, სააკაშვილის განცხადებებში არ ფიგურირებს მერაბიშვილი, როგორც პატიმარი.
„ოდესმე რამე თუ დაიწერება ნაციონალურ მოძრაობაზე, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დრამატული ფიგურა იქნება ვანო მერაბიშვილი, რომელიც ფაქტიურად ბრმა თავდადებით ემსახურა ამ მოძრაობას და ამიტომ მიაჩნდათ, რომ არასოდეს დატოვებდა ნაციონალურ მოძრაობას.
ნაცმოძრაობის იდეოლოგიის უამრავი ცოდვა ნაწილობრივ შექმნა კიდეც, მაგრამ ნაწილობრივ თავის თავზე აიღო. აი ამ ნაცმოძრაობისთვის განწირულ ადამიანს, მხოლოდ მაშინ ახსენებდნენ, როდესაც უცხოელებთან ჭირდებოდათ „პოლიტპატიმრების“ თემის ამოწევა.
მერაბიშვილის ციხეში ყოფნა პოლიტიკური თამაშის საგანი გახდა სააკაშვილისთვის. ფაქტია, რომ მერაბიშვილზე ზრუნვის ნიშნები მას არ ეტყობოდა. ამაზე საყვედურიც კი იყო გამოთქმული მერაბიშვილის მომხრეთა მხრიდან. გასაკვირი ნამდვილად არ არის მერაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ დატოვოს სააკაშვილი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრების სურვილს მერაბიშვილის მხარდაჭერის მიღების შესახებ, ექსპერტი ამბობს, რომ ეს მისწრაფება გასაგებია, რადგანაც ტრადიციული ნაციონალების დიდი ნაწილი მათ მოღალატეებად იხსენიებს და მერაბიშვილი, როგორც რეალური ნაციონალი, იმის არგუმენტი იქნებოდა მათთვის, რომ ნაციონალურ იდეალებს სწორედ ეს გუნდი განასახიერებს.
„რახან გაჩნდა მეორე ალტერნატივა, შესაძლოა ამ ალტერნატივისაკენ გადაიტანოს მერაბიშვილმა ყურადღება. მერაბიშვილი სწორად იქცევა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში მათ მხარესაც არ დგება. თუ აღმოჩნდა, რომ ეს პარტია არ არის ის გზა, რომელიც მას სამშვიდობოს გაიყვანს, მაშინ ურჩევნია პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურად დარჩეს.
სანამ ჰქონდა იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი გადარჩენისთვის იბრძოლებდა, მათ გვერდით იყო, მაგრამ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ან არ სურს, ან არ შეუძლია უშველოს მერაბიშვილს. ეს უკანასკნელი ხვდება, რომ ამ მოძრაობაში მისი ყოფნა არაფრის მომცემია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
საზოგადობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ უგულავას და მერაბიშვილის გადაწყვეტილებაში წმინდა პიროვნულმა ფაქტორმა იმოქმედა, რადგანაც ეს ადამიანები პრაქტიკულად სააკაშვილს შეეწირნენ.
„ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილის გულისთვის ყველა ყველაფერს გააკეთებდა - ვანოც ჩაჯდებოდა ციხეში და გიგი უგულავაც. არავის არ ექნებოდა სხვა მიზნები, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ემუშავათ. რაღაც მომენტში ეს ფაქტორი ალბათ მოქმედებს.
მაგრამ პირველ რიგში ეს ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ. დღევანდელი გადასახედიდან სააკაშვილი სრულიად სხვა პოზიციაზე იმყოფება, ხოლო უგულავამ და მერაბიშვილმა სხვა წლები გამოიარეს. მერაბიშვილი ამ დრომდე პატიმრობაშია. ამ ფაქტორმაც იმოქმედა“, - ამბობს არჩილ გამზარდია.
თუმცა, შეიძლება სხვა ფაქტორებიც ვივარუდოთ, მათ შორის ის, რომ პოლიტიკური პრესპექტივები შეიძლება სააკაშვილის გარეშეც დაინახონ. რაც შეეხება მერაბიშვილის არჩევანს, გამზარდია ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს სპეკულირების საგანი გახდეს.
„შეიძლება ხელისუფლებასთან ვაჭრობის თემა გახდა, სულაც - უსაფრთხოების მიზნით, თუკი სასწორზე დაიდო ვანო მერაბიშვილის თავისუფლება მისი პოლიტიკიდან წასვლის საპირმწონედ, ან იგივე ბოკერია-უგულავას ფლანგზე მუშაობის კუთხით. თუმცა, ვფიქრობ, ამ ფაქტორებს მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მთელს ამ პროცესებს ადევს ფასი.
ვთვლი, რომ ფასი არ ადევს ამ პროცესებს. ჩვეულებრივი შიდაპარტიული ინტრიგების თემაა, სადაც ადამიანები ნაწილდებიან. საქმე გვაქვს ან განვრცობადობასთან, რომ ნაცმოძრაობამ მოიცვას ყველა სივრცე ოპოზიციაში, ან გაყოფასთან, რაზეც ახლა ფრომალურად მიდის საუბარი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.