პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას ვეტო დაადო, რითაც საპარლამენტო უმრავლესობა გააკვირვა, უმცირესობა კი - გაახარა. საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პირველი პირის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნებზე რიგგარეშე ფორმატში იმსჯელებს, რისთვისაც თავად გიორგი მარგველაშვილს თებერვლის დასაწყისში, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოუწევს.
გაიზიარებს თუ არა "ქართული ოცნება" "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის მსგავსად, სასამართლოს რეფორმის თაობაზე პრეზიდენტის მოსაზრებებს, ამის წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებულ და არც მის მიერ განხილულ კანონპროექტებს არ წყალობს, ვეტოს ადებს და არაკონსტიტუციურად ცნობს.
სანამ სტრასბურგში მყოფი ბესელია პრეზიდენტის შენიშვნებს გაეცნობა, მანამდე მარგველაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. პრეზიდენტის განცხადებით, პროექტში რამდენიმე დადებითი ცვლილებაა, მათ შორის, საქმეთა ელექტრონული განაწილება, თუმცა კანონთა პაკეტი რამდენიმე ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთ ნორმას მოიცავს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეებს გაუმართლებელ უფლებას ანიჭებს და მათ ძალაუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს უტოვებს. "ამ ცვლილებების უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვას და რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
ჩვენი მიზანია, დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე - მოსამართლეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. ჩვენი ამოცანაა სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაცია, სასამართლოს თვითმმართველობის განმტკიცება და მოსამართლეთა კონტროლის ბერკეტების მაქსიმალურად შემცირება. ჩვენი შენიშვნები სრულად იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მოსამართლეთა მეტი თავისუფლება, გამოვრიცხოთ სასამართლოს სისტემის შიგნით გაუმართლებელი მაკონტროლებელი სტრუქტურებისა და თანამდებობების შექმნა, უფრო დემოკრატიული გავხადოთ სისტემის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების მექნიზმი", - აცხადებს პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტს ექვს წინადადებას სთავაზობს.
კერძოდ, პრეზიდენტი თვლის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა უნდა მოხდესმოსამართლეების და არა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთსა და იმავე პირს აღარ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და, ამავე დროს - პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შემდგომ დანიშვნებზე აღარ უნდა მოხდეს და კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
"ასევე, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს ექნებათ საშუალება, წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები. ასევე, დაზუსტდება კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც იმედოვნებს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც მის მოტივირებულ შენიშვნებს, ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს.
გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის მოსაზრებებს, ამას ამ ეტაპზე, მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ და საკითხის ფართო განხილვაზე მიუთითებენ.
როგორც for.ge-ს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, სასამართლოს რეფორმის გასაჯანსაღებლად პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ერთ-ერთი კარგი ინიციატივა იყო. მისი თქმით, როგორც მინიმუმ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაკვირვებას იწვევს, თუმცა უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით უნდა გაეცნობა, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ვეტო დაძლეული უნდა იყოს, თუ გათვალისწინებული.
"ეს ის საკითხებია, რომლებიც დეტალურად გავიარეთ და გადაწყვეტილებები არგუმენტების შემდეგ იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის შენიშნები დეტალურად განვიხილოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ", - აცხადებს მდინარაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საკითხს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების ჭრილში ხედავს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვეტოს მივიწყებული თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე, რაც მანიშნებელია კონფლიქტური დამოკიდებულებისა ხელისუფლების ორ შტოს შორის. ვოლსკის თქმით, ვეტოს თემაზე არაერთი ვნებათაღელვა იყო. "არც მერვე მოწვევის პარლამენტში და არც ახლა, როცა ვეტოს დაძლევა გაცილებით უფრო ადვილია, ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის. თუკი მოტივირებულ შენიშვნებში საინტერესო წინადადებები იქნება და მისი გათვალისწინება კანონს უფრო უკეთესს გახდის, რა თქმა უნდა, ის გათვალისწინებული იქნება. მთავარია, რომ საკითხს სჭირდება განხილვა. პოზიტიური შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოზე იყო, როცა მოტივირებული შენიშვნები გავითვალისწინეთ, თუმცა ვერ დავეთანხმები იმას, რომ მიღებული კანონი რაიმე ნაწილში საერთაშორისო სტანდარტებს სცდება", - აღნიშნავს ვოლსკი.
რაც შეეხება უმცირესობის განწყობას, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, სერგო რატიანი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი ფრაქცია პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს იზიარებს. მისი მტკიცებით, შენიშვნები ზუსტად იმ საკითხებს გულისხმობს, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ჰქონდა.
"კანონი პრობლემას მოსამართლის დამოუკიდებლობას უქმნის. როცა საგამოცდო დრო არის მოცემული, მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. ამ კანონპროექტზე პრეზიდენტს ვეტო უნდა დაედო და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ კანონში კონკრეტდება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს.
ასევე ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
ამას გარდა, პროექტით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ ვარიანტში ასახული აღარ არის ის რამდენიმე სიახლე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში მთავრობამ მოამზადა. კერძოდ, აღარ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი.