„იქნებ ვინმემ მითხრას, რომელ დროს არ იყო საკონსტიტუციო სასამართლო ასე დაკომპლექტებული?“

„იქნებ ვინმემ მითხრას, რომელ დროს არ იყო საკონსტიტუციო სასამართლო ასე დაკომპლექტებული?“

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გუნდის წევრი მანანა კობახიძე დაასახელა. როგორც „ქართული ოცნების“თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის არჩევა რამდენიმე კანდიდატიდან მოხდა. თუმცა, მდინარაძე გარკვეული უხერხულობებისშექმნის მოტივით, ამ კანდიდატებს არ ასახელებს.

„ფრაქციაში მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფრაქციის წევრთა უმრავლესობა ამ საკითხზე შეჯერდა. უპრიანი იქნება თუ არ დავასახელებთ სხვა კანდიდატურებს, რადგან გარკვეული უხერხულობები არ შეიქმნას. მანანა კობახიძის არჩევით კანონით გათვალისწინებული არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, შესაბამისად, მისი არჩევა მოხდება კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. კობახიძემ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური მიუკერძოებლობა, მაქსიმალური ობიექტურობა, რომეს არ გახდეს მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება, აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებას. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროსკობახიძის კანდიდატურას.

„გარდა პოლიტიკური მიკერძოებისა, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება, თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითეული მოსამართლისთვის.

მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერეთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მანანა კობახიძის კანდიდატურა მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის. როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, კობახიძე ანგაჟირებული პოლიტიკური პირია, რომელიც არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მისი თქმით, კობახიძე ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტია იმ იერიშში, რომელიც  გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართმიიტანა.

„მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება იქიდან მოყოლებული, როდესაც მანანა კობახიძემ თავის კოლეგებთან ერთად მიიტანა იერიში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ და მოახდინა სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილის და ეს დაკვეთა შეასრულა მანანა კობახიძემ. მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე. არ შეიძლება მოსამართლე იყოს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში. გახსოვთ, შარშან კანონპროექტი რომ მიიღეს სპეციალურად იმისთვის, რომ ჩიხში შეეყვანათ სასამართლოს მუშაობა, რომ ვერ განეხილა „რუსთავი 2“–ის, უგულავას, ე.წ. კაბელების საქმეები და ამ იერიშის ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იყო სწორედ მანანა კობახიძე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

თავად მანანა კობახიძის განცხადებით, გუნდმა მას ნდობა გამოუცხადა არა როგორც პარტიის და ფრაქციის წევრს, არამედ როგორც იურისტს. როგორც კობახიძე აცხადებს, იმაზე დიდი პატივი არაფერია, რომ იურისტს მოგეცეს შესაძლებლობა ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას ქვეყანაში და იყო კონსტიტუციის მცველი და მოდარაჯე.

„გუნდში იყო მსჯელობა გარკვეულ საკითხებზე, იყო მოსაზრებები სხვადასხვა კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდმა გადაწყვიტა ასე. ეს არის გამოწვევა. პირველ რიგში ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სამართლის სფეროში. თუ გავხდები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და არავის წინაშე.

შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ ნებისმიერ საქმეში მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების მოსმენით და მტკიცებულებების შესწავლით. ვფიქრობ, ვინც არ უნდა დაეყენებინა საპრალმენტო უმრავლესობას, ყველას მიმართ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები, ამიტომ არ შევალ დისკუსიაში. დანარჩენს საზოგადოება ნახავს, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე იქნება, მისი როგორც მოსამართლის ხელმოწერა“, – აცხადებს მანანაკობახიძე.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ კობახიძე შეძლებს იყოს კარგი მოსამართლე.

„ვიცნობ, როგორც ძალიან მაღალი რეიტინგის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკმაოდ კომპეტენტურ დეპუტატს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მანანა კობახიძე კარგი მოსამართლე იქნება“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

თუმცა, კონსტიტუციონალისტი ვატხანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ კარგი იურისტობა არ ნიშნავს, იყო კარგი მოსამართლე, მაგრამ სხვა კრიტერიუმებით შეიძლება ვარჩიოთ, ვინ როგორია, საკმაოდ სუბიექტური შეფასებაა. მისი თქმით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირების შერჩევაზეა საუბარი, უნდა ჩამოყალობდეს სეგმენტი და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს ასეთი ადამიანის დანიშვნა.

„უნდა იყოს განსაზღვრული და სწორად ფორმილირებული იმ პირთა კატეგორია, რომელსაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველთვის 90%  მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი, ან მისი მხარდამჭერიიყო, ეს სიახლეა საქართველოში? ამიტომ, ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ ტრაგედიას. ამბობენ, რომ ვერ იქნება ობიექტური იმიტომ, რომ არის მმართველი გუნდის წევრი, კი ბატონო ასეა,მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, რომელ დროს არ იყო საკონსტიტუციო სასამართლო ასე დაკომპლექტებული“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ჯონი ხეცურიანის განცხადებით, კობახიძეს ისეთი მონაცემები აქვს, რომ ობიექტური მოსამართლე იქნება. თუმცა, იქნება თუ არა მიკერძოებული, ამას მისი თქმით, გამოაჩენს თავად კობახიძის მუშაობა.

„კარგი იურისტია, თანამშრომლობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როცა არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა - სარჩელები შემოუტანია ჩვენთან, საკონსტიტუციო სასამართლოში და რამდენიმე დაკმაყოფილდა კიდეც. იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის გათვალისწინებით, ამ სფეროში აქვს გარკვეული გამოცდილება. დანაჩენს დრო გვაჩვენებს.

ვფიქრობ, კობახიძის დანიშვნა კარგი შევსება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსი. როგორ იმუშავებს, ამას გამოაჩენს პრაქტიკა, მაგრამ მონაცემები ისეთი აქვს, მგონია, რომ ობიექტური მოსამართლე იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს. სასამართლოში ორი კოლეგიაა და გადაწყვეტილებები კოლეგიალურად მიიღება“, – აღნიშნა ჯონი ხეცურიანმა.