სოსო ზაალიშვილი: „ვაშინგტონი დღეს ისეთივეა, როგორც რომის იმპერიის დროინდელი რომი“

სოსო ზაალიშვილი: „ვაშინგტონი დღეს ისეთივეა, როგორც რომის იმპერიის დროინდელი რომი“

შეიცვალა თუ არა დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე ამ მოკლე პერიოდში და რას უპირებს ლობისტების მძევალ ამერიკელ პოლიტიკოსებს?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.

- პირველ რიგში, მინდა ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს მივულოცო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ჯონ ტრამპის არჩევა. წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ფიცის დადებისას ტრამპს არ შეშლია ტექსტი და საჭირო არ გახდა, თავიდან დაედო ფიცი უკვე თეთრ სახლში. ობამამ ხელმეორედ დადო ფიცი თეთრ სახლშიც, რადგან შეეშალა პირვანდელი სიტყვა. მნიშვნელოვანი იყო, რომ როდესაც ტრამპს ინაუგურაციის ცერემონიალის  რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, მან ტრადიციულად აირჩია არლინგტონის სასაფლაოზე მისვლა, მოინახულა ყველა ის ადგილი, რომელიც თავის დროზე მოინახულეს რეიგანმა და სხვა კონსერვატორმა პრეზიდენტებმა. მთლიანად ტრადიციულ ფორმებში ჩაატარა ინაუგურაციის ცერემონიალი. ეს უკვე აჩვენებს, თუ რა მეთოდით აპირებს ტრამპი თავისი ოთხწლიანი მმართველობის წარმართვას. ოთხწლიანს ვამბობ, თორემ ვფიქრობ, საერთოდ, რვაწლიანი მმართველობა ექნება ტრამპს. სხვათა შორის, ამაზეც გაამახვილა ყურადღება და ცერემონიალის დაწყებისას თქვა, ჩვენ ხალხი იმიტომ მოგვცემს ხმას შემდეგ არჩევნებში, რომ დაინახავს, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამერიკისთვის და ყველა დაპირება შეასრულაო. ანუ ტრამპს შემდეგ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა გადაწყვეტილი აქვს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია, იგი 70 წლის არის. რეიგანი მას მხოლოდ ერთი წლით ჩამორჩებოდა და გაპრეზიდენტებისას 69 წლის იყო. ამერიკას ახსოვს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტებიც-რუზველტი 42 წლის გახლდათ, ხოლო ობამა-47 წლის. ხომ არ შეუშლის დონალდ ტრამპს ასაკი მეორე ვადისას?

- არჩევნების წინ, როდესაც კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა უნდა წარედგინათ, ჰილარი კლინტონს პრობლემები ჰქონდა, დიარეა დაემართა და გონება დაკარგა. მას მეხსიერების პრობლემები აღენიშნებოდა. ტრამპის ცნობა როცა წარადგინეს, ცხენივით ჯანმრთელიაო. არანაირი პრობლემა მას არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 70 წლისაა და 10 წლის შვილი ჰყავს. მართალია, თავად ინაუგურაციის ტექსტი მოკლე იყო, მაგრამ დონალდ ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი „ქეივორდები“, მესიჯები გამოხატა.

უკვე დაიწყეს მის ულტრანაციონალიზმზე ლაპარაკი. მან თქვა, რომ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა იყოს და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ამერიკის ინტერესებით იხელმძღვანელებს. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც განაცხადა, აგრესიული ისლამი ჩვენი მტერია და ის უნდა გავანადგუროთო. ანუ, პრაქტიკულად, ტრამპმა წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება არ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ და მსოფლიო ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ეს ადამიანი, ცუდი გაგებით, დაბალანსდებოდა და კონიუნქტურაში ჩაჯდებოდა, ის არ შეიცვლება. იგი თავიდან ბოლომდე გააგრძელებს იმ ხაზს, რასაც არჩევნებამდე მისდევდა- სამუშაო ადგილების დაბრუნება ამერიკაში, აგრესიულ ისლამთან ბრძოლა და მისი საბოლოო განადგურება. საუბარია არა მარტო ისლამურ სახელმწიფოზე, არამედ შიიტურ ისლამზეც, ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ტრამპის საგარეო კურსი შემდეგნაირადაა აგებული, მტერი არის ისლამური სახელმწიფო და ირანი, მეგობარია ისრაელი და პრობლემას წარმოადგენს ჩინეთი. ყველა დანარჩენ ქვეყანასთან კი მოვილაპარაკებთ, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები და მტრები როგორ გავანადგუროთ.

სხვათა შორის, ოცნებებზეც ისაუბრა და რაღაცით ეს ოცნებები ივანიშვილის დაპირებების ანალოგიური იყო.

- ტრამპის საარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავდა ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიას. ანალოგიური იყო დაპირებებიც. უბრალოდ, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ეკონომიკაშია. ამერიკის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 25 %-ია. ამერიკის პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, შეასრულოს დაპირებები. ტრამპის ფულებზე არ არის დამოკიდებული დაპირებების შესრულება, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ივანიშვილმა უნდა დახარჯოს ფული, რომ რაიმე შესრულდეს.

ერთი სპიჩრაიტერი” ან მრჩეველი ხომ არ ჰყავდათ ტრამპსა და ივანიშვილს? რას ნიშნავს ფრაზა, დავაბრუნებთ ამერიკულ ოცნებებს, რომელიც ხალხს მოჰპარეს?

- ერთი მრჩეველი არა მგონია, მაგრამ ტრამპის გუნდში ცნობილი პოლიტტექნოლოგები არიან. თავიდან სკანდალი იყო ამ გუნდის ერთ-ერთი წევრის შესახებ, რომელიც თავის დროზე იანუკოვიჩის პოლიტტექნოლოგიც იყო. შემდეგ ის შეიცვალა და ულტრაკონსერვატორული ბლოგის -„ბრეიტბარტის“ რედაქტორი სტივენ ბენონი დანიშნეს პოლიტტექნოლოგად. საქართველოში ნაკლებად ცნობილია ეს გამოცემა, რადგან ჩვენში მარტო „სი-ენ-ენ“-ს უყურებენ.

ენდრიუ ბრეიტბარტი ებრაელი ულტრაკონსერვატორი,  ჟურნალისტი იყო, რომელსაც მრავალი გამოძიება ჰქონდა ჩატარებული ობამას, კლინტონებისა და მემარცხენე ლიბერალური კლანების წინააღმდეგ. იგი დაიღუპა. როგორც ამბობენ, შესაძლოა, მოკლეს კიდეც. „ბრეიტბარტის“ დღევანდელი რედაქტორი -ბენონი საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტია ამერიკაში. ის ახლა ტრამპის მთავარი მრჩეველია სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში. მოგეხსენებათ, მთელი ამერიკული მედია ტრამპის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია კი უფრო აგებული იყო სოციალურ მედიაზე, ტვიტერზე.

ტრამპის გუნდის წარმომადგენლები და კონსერვატორი ბლოგერები ფეისბუკს ნაკლებად იყენებდნენ, უფრო ტვიტერით მუშაობდნენ. ამით გადაქაჩეს მთელი მედია. ჯერ კიდევ 2008 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როცა „რესპუბლიკელებმა“ ყველაფერი წააგეს (მათ შორის, წააგეს კონგრესი, სენატი), ისინი წუხდნენ, დავიღუპეთ, რადგან მედია ჩვენსკენ არ არისო. შუალედური არჩევნების დროს „რესპუბლიკელებმა“ კონგრესი დაიბრუნეს და სწორედ მაშინ თქვეს, ჩვენი ერთადერთი გადარჩენა კონსერვატორული ბლოგებიაო. მართლაც, ტრამპის მომხრეებმა კონსერვატორული ბლოგებით, ტვიტერით შეძლეს გამარჯვება. დღესაც ნიუტ გინგრიჩი, კონგრესის ყოფილი თავმჯდომარე, ამერიკის სინდისად წოდებული ასაკოვანი კაცი, ფეისბუკით ყოველდღიურად ახორციელებს პირდაპირ ჩართვებს, უშუალო ურთიერთობაშია გადასული ხალხთან. სწორედ ამ უშუალო ურთიერთობამ განაპირობა, რომ ტრამპის მომხრეებმა მედიის გვერდის ავლით შეძლეს თავიანთი მესიჯების მიტანა ამერიკელებთან. უშუალო ურთიერთობის გამო მოიგო ტრამპმა და არა იმის გამო, რომ სადღაც დიდი ფული ჩადო. ასე, ჰილარიმ ორჯერ მეტი ფული დახარჯა არჩევნებზე.

საქართველოში ნორმად მიაჩნდათ, რომ ხალხს ჰპარავდნენ ძალაუფლებას, მაგრამ ამერიკაში, ამ დემოკრატიის შუქურაშიც, ასეთივე პრობლემებია? ალბათ, ტრამპს შემთხვევით არ უთქვამს, რომ ვაშინგტონიდან ძალაუფლებას ხალხს გადასცემს.

- ეს პრობლემები ამერიკაში ნამდვილად არის. წარმოიდგინეთ, ვაშინგტონი დღეს ისეთივეა, როგორც რომის იმპერიის დროინდელი რომი. ვაშინგტონში წყდება ძალიან ბევრი საკითხი და მუშაობს უამრავი ლობისტი. ლობისტებთან დაკავშირებით კარგად ვარ ინფორმირებული, რადგან ვაშინგტონში ამ კუთხით მომუშავე პარტნიორები მყავს, რომლებთანაც მეც ვმუშაობ. იცით, ვაშინგტონში როგორ იბლოკება ცალკეული გადაწყვეტილებები? რატომ არის, რომ ამერიკაში ნავთობს არ მოიპოვებენ? იმიტომ, რომ რომელიღაც ფირმამ განახორციელა ლობიზმი, ფული მისცა ლობისტს, რომელიც ვაშინგტონში მივიდა, კონგრესმენებს დაუფინანსა საარჩევნო კამპანია და ამ კონგრესმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურმე „მწვანეები“ მართლები ყოფილან და ამერიკაში ნავთობი რომ მოიპოვონ, პრობლემები შეექმნება ამერიკის ბუნებას. ასეთი მავნე გადაწყვეტილებების უკან ის დგას, რომ, სინამდვილეში, აფრიკაში უფრო იაფია ნავთობის მოპოვება, შავკანიანებს ამუშავებენ და იაფად მოიპოვებენ. ასეთივე პრობლემებია მთელ ვაშინგტონში,  ვაშინგტონი გადაქცეულია ჭაობად.

ამიტომაც აპირებს ტრამპი ადგილობრივი ამერიკული ნავთობისა და გაზის მოპოვებას, რომელიც ხელოვნური რეგულაციებით იყო შეჩერებული?

- ტრამპი ამას აპირებს, მაგრამ ვაშინგტონში მთავარი პრობლემაა, რომ ეს ლობისტები იმდენად მართავდნენ პოლიტიკოსებს, რომ ისინი მათი მძევლები იყვნენ. ზუსტად ახლა გამოძიების ქვეშაა კლინტონების საოჯახო ფონდი, სადაც 200 მილიონი მარტო მაროკოს სულთანს აქვს გადარიცხული, ასევე, თანხები გადარიცხული აქვს კატარის სულთანს. უზარმაზარი საგარეო თანხები იდება ამერიკის პოლიტიკაში. ტყუილად ხომ არ მისცემს კატარის სულთანი თანხებს კლინტონებს?   

კლინტონებზე დარტყმა კვლავაც ძალაშია და მომგებიანი იქნება ტრამპისთვის?

- რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება, თუ ვინ აფინანსებდა ჰილარი კლინტონს. ამერიკელი „დემოკრატები“ ამბობენ, რუსები ჩაერივნენ ტრამპის სასარგებლოდო. არადა, პირიქით აღმოჩნდა,  „დემოკრატების“ სასარგებლოდ ერეოდნენ ჩინელები, არაბები, ირანელები, უკრაინელები. გამოდის, შენს სასარგებლოდ არაბი თუ ერევა, ეს თურმე შეიძლება და შენი მოწინააღმდეგის  სასარგებლოდ რუსი რომ ჩაერიოს, თურმე არ შეიძლება.

ინაუგურაციიდან მეორე დღესვე ამერიკის პრეზიდენტის საიტიდან გაქრა ობამას ზოგიერთი ბრძანება, მათ შორის, ლგბტ და კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებით. ტრამპი თვლის, რომ ასეთ თემებზე გადაყრილი თანხები ამერიკელებისთვის მოპარულია. რეალურად განახორციელებს იმ  დაპირებებს, რაც საკუთარ ხალხს მისცა?

- ვფიქრობ, დაპირებებს განახორციელებს და, რასაც ვერ შეძლებს, მეორე ვადით არჩევისას დაასრულებს. ტრამპი მეორე ვადით არჩევნებსაც მოიგებს, რადგან ჰილარი კლინტონმა პოპულარული ხმების მიხედვით, ტრამპს სადღაც 2 მილიონი ხმით მოუგო, რომელიც კალიფორნიაში მცხოვრებ არალეგალ ამერიკელებს ეკუთვნოდათ. ამერიკაში არჩევნები სხვა მეთოდით ტარდება. ამერიკის პრობლემა ის არის, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ გჭირდება პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, ფოტოიანი საბუთი. შეიძლება, სტუდენტური ბარათი წარადგინო, სადაც არ გაქვს ფოტო და ისე მისცე ხმა, მერე წახვალ სხვაგან და იქაც მისცემ ხმას.

ანუ კარუსელს ატრიალებენ?

- დიახ, ჩვენთან კიდევ კარგად არის საქმე. პირადობის მოწმობა მაინც გვჭირდება არჩევნებზე. ტრამპი ამ წესებს შეცვლის და უკვე ამიტომაც უწყობენ საპროტესტო გამოსვლებს.