საქართველოში ცერცვაძის დახმარების ფორმაზე დავობენ

საქართველოში ცერცვაძის დახმარების ფორმაზე დავობენ

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს იბარებს, განსახილველი თემა უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის საქმეა.

საპარლამენტო ოპოზიციის ცნობით, 15 იანვარს, კიევში, უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე დააკავეს, რომელსაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მას მოსკოვი „ინტერპოლით“ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცერცვაძის დაცვის მხარემ დაამტკიცა, რომ იმ პერიოდში ის რუსეთში არ იმყოფებოდა, უკრაინულმა სასამართლომ მას წინასწარი 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა კი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, მას რუსეთს არ გადასცემენ.

სანამ, ცერცვაძე უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, მანამდე საქართველოს პარლამენტში მის საქმეზე მსჯელობა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ხელისუფლებას ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობაში ადანაშაულებს და მოღალატეობრივ ქმედებაზე აპელირებს, მმართველი გუნდი კი, ოპონენტებს მოუწოდებს პოპულისტური განცხადებების კეთებას თავი დაანებონ.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ  განუცხადა, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ცერცვაძე დაეკავებინათ.

მისი თქმით, საქართველომ ცერცვაძის თაობაზე ინფორმაციები რუსეთს გადაუგზავნა.

„ინტერპოლს“ ინფორმაციები ისე გადაუგზავნეს, რომ საკითხი არც კი დაუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ცერცვაძე „ინტერპოლით“ იძებნებოდა და ესიცოდნენ, ის საზღვარზე დაუყოვნებლივ გაატარეს. ქვეყნის შიგნით შესაბამისი პროცედურები არც კი დაიწყო და ის არც კი გააფრთხილეს, რომ მას უკრაინაში დააკავებდნენ. უმრავლესობის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ესჩვეულებრივი მკვლელობის საქმეაო, მაშინ, როცა უკრაინაში ადვოკატი ამტკიცებს, რომ ესპოლიტიკური დაკვეთაა. ანუ, ეს პოზიცია იქაც დაასამარეს“, - აცხადებს კახიძე.

კანონმდებელის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი მაქსიმალურადგააკეთა, რომ ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთშიმოხდეს.

„შეიძლება ყველაზე ცუდი რაღაცმოხდეს. ანუ, მისი ექსტრადირება რუსეთში განხორციელდეს. უმცირესობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. თავდებობის წერილი გავაგზავნეთ, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალოს და ექსტრადირება არ მოხდეს. ასევე ადვოკატს ვეხმარებით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან დროებითი შეჩერების მექანიზმი მიიღოს, რომ უკრაინის სასამართლოს ექსტრადირება აეკრძალოს. ასევე მათ „ინტეპოლთან“ კომუნიკაციაში ვეხმარებით, რომ ძებნა მოიხსნას“, - აღნიშნავს დეპუტატი.

კახიძის მოსაზრებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუძლია ცერცვაძის თაობაზე მასალები წარადგინოს დ აის საერთაშორისო ძებნიდან მოიხსნას.

„ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთონ, რომ ეს რუსეთის მხრიდან პოლიტიკური განზრახვაა, რადგან როგორ გგონიათ, რუსეთმა 2016 წელს აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანი 13 წლის წინ მკვლელობაშია გარეული? -  ეს შეთითხნილი საქმეა. მცდელობაა, რომ იმ ადამიანზე შური იძიონ, ვინც რუსეთს ებრძოდა და მისგან ინფორმაციები მიიღონ, რადგან ეს ადამიანი ცხინვალის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო და მას ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, თუ რა ოპერაციები ტარდებოდა, აგენტურის ქსელი როგორი იყო და ა.შ. ხელისუფლებამ ეს ადამიანი რუსეთის ხახაში ჩააგდო“, - დასძენს კახიძე.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლების ინტერესია, ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მოქალაქე დაცული უნდა იყოს და ამ ადამიანს ყველა გულშემატკივრობს, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდეს.

„ჩვენსა და ოპოზიციას შორის განსხვავება იმაშია, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როცა საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი რუსეთში ექსტრადირებისგან დავიხსნათ. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ და სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს, თავად სურთ, ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს, „ქართულ ოცნებას“ კი პირიქით უნდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი რუსეთს არ გადაეცეს.

„რაც შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც უკავშირდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და შემდგომ უკრაინაში მის დაკავებას, ეს ყველაფერი ყველა იმ სამართლებრივ ნორმას ეფუძნება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით და ინტერპრეტაციებით რეგულირდება“, - აცხადებს სესიაშვილი.

როგორც ჩანს, სესიაშვილი იმ რეგულაციებზე აპელირებს, რასაც ხაზს შინაგან საქმეთა სამინისტრო უსვამს. კერძოდ, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს უნდა მიმართოს, რომლის მოქალაქეცაა ძებნილი.

მღებრიშვილის უწყების ცნობით, რუსეთს „ინტერპოლით“ ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად საქართველოს შესაბამის ორგანოებში სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გადმოეგზავნა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან,  საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება.

„ქართულ მხარეს ზემოთაღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არჰ ქონდა“,  - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.