ალეკ ბოლდუინი და 40 ქართველი ქალი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

ალეკ ბოლდუინი და 40 ქართველი ქალი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

გახლეჩილი ამერიკის გაერთიანების იდეით შეპყრობილი  ტრამპი, როგორც ჩანს, თავადვე ხდება დაპირისპირების მიზეზი. აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს მმართველობის ცხელი პერიოდი ელის. ექსტრავაგანტური პრეზიდენტის ინაუგურაციის დღემ მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაიარა, რომლებიც ინაუგურაციის ჩაშლას აპირებდნენ და სკანდირებდნენ: „არა ტრამპს“. სანამ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი მიმდინარეობდა, ჩაქუჩებით შეიარაღებული საპროტესტო აქციის მონაწილენი მაღაზიებისა და კაფეების მინებს ამსხვრევდნენ.

„ჩვენ გვსურს ინაუგურაცია ჩავშალოთ, გვინდა დავანახოთ, თუ როგორ დუღს ამბოხება ამ ქალაქსა და ამ ქვეყანაში“, - აცხადებდა აქტივისტი დევიდ ტერსტონი.

ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის - „რესპუბლიკური პარტიიდან“, ინაუგურაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ასევე მოიქცნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. მათგან განსხვავებით, კომპრომისზე წასვლა არჩია ამერიკელმა მსახიობმა მეტ დეიმონმა და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის ხმა არ მიუცია, მაინც განჭვრიტა, რომ „ტრამპი წონიანი ფიგურა გახდება და ის შეიცვლება. ამიტომ რიგითმა ამერიკელებმაც მხარი უნდა დაუჭირონ ტრამპს“.   

არც ინაუგურაციის მეორე დღე იყო გამონაკლისი. 20 იანვრის მსგავსად, 21 იანვარსაც საპროტესტო აქციებით „მიულოცეს“ ტრამპს გაპრეზიდენტება. მსოფლიოს დაახლოებით 370 ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც, ე.წ. „ქალთა მარშის“ სახელით საპროტესტო აქციები გაიმართა. ტრამპის იდეების მოწინააღმდეგე ქალბატონები ქუჩებში გამოვიდნენ და სექსიზმი, შიშისა და დაყოფის პოლიტიკა, არატოლერანტულობა და ქალთა სიძულვილი დაგმეს. ქალთა არასოლიდარულ დამოკიდებულებას მეოჯახის ნიღაბმორგებულმა ტრამპმა კათედრალურ ტაძარში კონფესიათშორის წირვაზე ოჯახთან ერთად მისვლით უპასუხა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკელები კარგა ხანს ვერ შეეგუებიან ტრამპის გაპრეზიდენტებას, რადგან ასეთი პრეზიდენტი აშშ-ს არ ახსოვს. ამდენად, გამორიცხული არ არის, სულ რაღაც ორი წლის თავზე მისი იმპიჩმენტიც დადგეს და ტრამპმა არათუ მეორე ვადით გაპრეზიდენტება, არამედ პირველი ვადის ოთხწლიანი ციკლის ჩამთავრებაც ვერ მოახერხოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკაში ინსტიტუციები ძალზე მძლავრია და ფუნდამენტურ საკითხებში დონალდ ტრამპის ამერიკელები ექსპერიმენტებს არ დაუშვებენ.   

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილს ტრამპის იმპიჩმენტის ნაადრევად მოწყობის შესახებ მოსაზრება მაშინვე გაუჩნდა, როცა შეიტყო, რომ ეს ექსტრაორდინარული პიროვნება პრეზიდენტი გახდა. დღეს კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისევ ძველებურ შეხედულებაზეა და შესაძლებლად თვლის ტრამპის იმპიჩმენტს. თუმცა იმპიჩმენტი მარტო ტრამპის გამონათქვამებისა და მისი დამოკიდებულების გამო არ მოხდება. მთავარია ის, რომ არსებობს დიდი რისკი, ტრამპმა აშშ-ის ძირეული პოლიტიკა შეცვალოს და ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადახედვა დაიწყოს, რაც საზოგადოებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტესტს გამოიწვევს.

„ძნელია იმის პროგნოზირება, ორ წელიწადში დაიწყება იმპიჩმენტი, თუ საერთოდ არ დაიწყება. ინაუგურაციის დღეს ჩატარებული დემონსტრაცია ტრამპისთვის ძალიან ცუდია. ეს დღე მასობრივი პროტესტით დაიწყო და ბოლო ხანებში, ალბათ, შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც ნახევარი ქვეყანა აქტიურად გამოდის. მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება. პირდაპირ რომ გადავთვალოთ მოსახლეობის პროპორცია, ვინც მას მხარი დაუჭირა, ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი რაოდენობა, ვინც ჰილარი კლინტონი ამჯობინა.

ისედაც საეჭვოა მისი ლეგიტიმურობა და  ამას შეიძლება დაემატოს პროტესტის ტალღა ქვეყანაში. დონალდ ტრამპი აგრესიულად ცდილობს, გადააყირავოს შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული შეხედულებები, შტატების შიდა და გარე პოლიტიკა შეცვალოს. ამ დროს კი შეერთებული შტატები არასდროს ყოფილა პოპულისტური ქვეყანა. ტრამპი ცდილობს, პოპულიზმი დაამკვიდროს შტატებში, ამ უძველესი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყანაში, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. პოპულისტური რეჟიმებია მთელ სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ შეერთებული შტატები და კანადა, ძირითადად ეს ორი სახელმწიფო (და შეიძლება, ჩილეც) მიეკუთნებოდა იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც პოპულიზმი პრაქტიკულად არ არსებობდა“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ამასთან, ფუნდამენტურ საკითხებზე მსჯელობისას, რომლის შეცვლასაც ტრამპი გეგმავს, არა მარტო რუსეთთან მის დამოკიდებულებას გამოარჩევს, არამედ მის ურთირთობებს მთლიანად არადემოკრატიულ სამყაროსთან. მისი თქმით, თუკი მოიშლება შეერთებული შტატების პარტნიორობა ნატოს ფარგლებში, ანუ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და, მთლიანობაში, შეერთებული შტატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში, მაშინ შეერთებული შტატები დაბრუნდება მე-19 საუკუნეში. მაშინაც იყო პრეტენზიები, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის განვითარებას ცდილობდა, მაგრამ სულ სხვა დონის დემოკრატია იყო მაშინ და ეს განსხვავდებოდა აშშ-ის ახლადელი როლისგან, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ და გამავრცელებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა.

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღემდე არსებული კანონებით, ამერიკაში ხმის მიცემა  შეეძლო ნებისმიერ პირს, არალეგალი იქნებოდა ეს თუ  ლეგალურად ჩასული. ტრამპმა კი თქვა, რომ მარტო ამერიკელებს მიანიჭებდა ამ უპირატესობას. ნაწილობრივ ამანაც გამოიწვია გამოსვლები და დემოკრატიის დაცვით აპელირება.

სოსო ზაალიშვილის განმარტებით, ტრადიციულად, ამერიკის ძალისმიერი სტრუქტურები ყოველთვის მხარს უჭერდნენ „რესპუბლიკელ კანდიდატებს“. ასეთი ხუმრობაც კი აქვთ ამერიკელებს, ამერიკელი პოლიციელი ხმას არასდროს აძლევს „დემოკრატს“. იმ ხალხის ნაწილი კი, რომელიც საპროტესტოდ გამოდის, ჯორჯ სოროსის ინიციატივითა არის დარაზმული. სოროსმა 1 მილიარდი დოლარი დაკარგა მას შემდეგ, რაც ტრამპი  აირჩიეს პრეზიდენტად.

„რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა? მილიარდი დოლარი დაიხარჯა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, საქართველოდანაც. ჯორჯ სოროსმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცეს ამერიკის ერთწლიანი სამუშაო ვიზები, ჩაჰყავთ და ჩაჰყავთ ხალხი ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ აქციის ყოველ მონაწილეს 2500 დოლარს უხდიან იმაში, რომ გამოვიდნენ ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ, არანაირი შანსი არ აქვთ. ამერიკა საქართველო არ არის.

როგორ გგონიათ, ძალიან ესიამოვნა ჰილარი კლინტონს ტრამპის ინაუგურაციაზე მისვლა? ან კიდევ, ობამას გაუხარდა, ინაუგურაციაზე რომ იდგა? ალბათ, გახსოვთ, არჩევნების წინ ობამას განცხადება, ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, მე კანადაში წავალო. არ წასულა კანადაში, ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ამერიკული დემოკრატია დაიღუპება. ეს არავის უნდა. ამერიკის მოსახლეობის 2/3 თავისი შეგნებით კონსერვატორია. ამიტომაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

იმ ექსპერტთა გამოსვლებიც მახსოვს, რომ ამბობდნენ, გენერალ ჯეიმს მატისს და ჯონ კელის არ დაუჭერს მხარს სენატი, ტრამპის გუნდის წევრებს დაბლოკავენო. ვის დაბლოკავენ? სენატიც და კონგრესიც „რესპუბლიკელებისაა“ და პრეზიდენტიც „რესპუბლიკელია“. ახლა ტრამპმა უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. რა მექანიზმებია იმისთვის, რომ ტრამპს პრობლემა შეექმნას? არანაირი“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ტრამპის წინააღმდეგ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სოროსის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება. გამოძიება კი აუცილებლად დაიწყება და დადგინდება, რომ ეს ფონდი მტრულ რაღაცებს აკეთებს და აფინანსებს არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიც. გარდა ამისა, ლობისტების მუშაობაც შეჩერდება, გაუთავებელი ფული აღარ შემოვა უცხოეთიდან. ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს და მართლაც შეიცვლება სიტუაცია.

სოსო ზაალიშვილის თქმით, სოროსი ძალზე ბნელი პიროვნებაა და ერთ-ერთ ინტერვიუში არც მალავს, როგორ იშოვა პირველი ფული. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ებრაელია, ჯორჯ სოროსი და მამისი გერმანელი ფაშისტების მიერ დახოცილ ებრაელთათვის წართმეულ ქონებას ასხვისებდნენ და ამით შოულობდნენ  ფულს. მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ფუნქცია ჰქონდა მისი ლიბერალური  ღირებულებების დაცვის პროპაგანდას და ეს ცუდი არ იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ აეროპორტში სიგარეტის მოწევა, ერთი ჭიქა ვისკის დალევა არ შეიძლება და იქვე ეუბნები, რომ თურმე ჰომოსექსუალიზმი შეიძლება, ამას უბედურებამდე მიჰყავს ადამიანი.

„ფედერალური გამოძიების ბიურო იძიებს სოროსის საქმეს. ერთადერთი პრობლემა, რაც ტრამპს აქვს, ეს არის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც მთლიანად კორუმპირებულია. ინაუგურაციის წინა დღეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, ჯონ ბრენანმა წერილით მიმართა ტრამპს - პირველი, ვინც უნდა დანიშნო, უნდა იყოს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსიო და, რაც მთავარია, ამ სამმართველოში არანაირი ცვლილებები არ უნდა განახორციელო, რადგან რუსები ჩვენი მტრები არიან და ცუდად წაგვივა საქმეო. ტრამპისგან პასუხიც მიიღო - ბევრს თუ ილაპარაკებ, ისე არ გავაკეთო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საერთოდ გავაუქმოო.

მთლიანად ამოყრილია მასალები, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან როგორ ყიდდნენ იარაღს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ „ჰესბოლასაც“, შიიტურ ტერორისტულ ორგანიზაციასაც, უკვე აქვს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ცუდ რამეზეა საუბარი - იარაღით ვაჭრობაზე. აღმოჩნდა, რომ უკრაინელებიც იყვნენ  სირიაში იარაღით ვაჭრობაში ჩართულნი, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ბიძის მეთაურობით. ეს ხდებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ქოლგის ქვეშ. როდესაც ეს მასალები გამოვა, გამოჩნდება, როგორი კავშირები იყო კლინტონსა და არაბულ ქვეყნებს შორის, რატომ მოხდა ირანის ასე გაძლიერება და ჩინეთისთვის შეღავათების მიცემა, ამდენი რეგულაციის დაწესება ამერიკული ბიზნესისთვის. ამერიკაში ბიზნესის დარეგისტრირება გაძვირებული იყო, რაც ხალხზე მოქმედებდა“.  

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპის იმპიჩმენტი არ დადგება, მაგრამ მისი მმართველობა ერთვადიანი იქნება და ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკის ისტორიაში შევა, როგორც გაურკვევლობა, გაუგებრობა და ამერიკული ელექტორატის ტრაგიკული შეცდომა. მისივე განმარტებით, ტრამპმა უკვე მოახერხა და ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი გადაიკიდა-მეცნიერები, ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები. რაც მთავარია, ჰოლივუდი გადაიკიდა, რომელიც არის სახელმწიფო სახელმწიფოში. რობერტ დე ნიროს რომ გადაიკიდებ, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რისი იმედით უნდა მართო ქვეყანა?

„გუშინწინ ტრამპთაუერის შენობის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ალეკ ბოლდუინმა საპროტესტო-მიტინგი გამართა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა, მიუხედავად წვიმის, სიცივისა და ცუდი ამინდისა. მათ სიმბოლური ფიცი დადეს, რომ ტრამპს არ მისცემენ საშუალებას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით იყოს პრეზიდენტი; ანუ მეორედ არჩევის საშუალებას მას არ მისცემენ. 50-მა კონგრესმენმა  ინაუგურაციაზე მისვლაზე უარი განაცხადა. ბოლო წუთს, როგორც იქნა, დაიყოლიეს ბუშები და კლინტონები.

ამერიკული ტრადიციის მიხედვით, არჩევნების შემდეგ დამარცხებული კანდიდატის მომხრეები ყოველთვის ამოდიოდნენ ერთი მაქსიმადან, რომ „ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩემი პრეზიდენტია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ხმა არ მიმიცია“. დღეს კი პირველად მოხდა, რომ მილიონობით ადამიანი თვლის, რომ ტრამპი არ არის მათი პრეზიდენტი. ყველაზე მთავარი, მთელი კალიფორნია, ეს 40-მილიონიანი შტატი, თვლის, რომ ტრამპი არ არის მათი პრეზიდენტი. ისინი ჰილარის მიიჩნევენ პრეზიდენტად. გარდა ამისა, ინტერესთა კონფლიქტია, ტრამპმა საკუთარი სიძე დანიშნა ოფიციალურ პოლიტიკურ მრჩევლად და  სენატს გადასცა დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.