საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის სერგო რატიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.
საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომლის შეფასებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ კონკრეტულ პირობებსა და მოცემულობაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია იმ მაქსიმალურ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი.
პრემიერის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლებას მოსახლეობისთვის დასამალი არაფერი აქვს.
„სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება საგარეო პოლიტიკის თუ უსაფრთხოების ნაწილში, არანაირ ახალ დამატებით რისკებს არ შეიცავს.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საგარეო პოლიტიკის ნაწილსა თუ უსაფრთხოების ნაწილში არანაირ ახალ დამატებით რისკებს ეს არ შეიცავს, ხოლო რაც შეეხება იმ კომპონენტს, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ სტაბილური, მშვიდი განვითარების რეჟიმში, ამ ნაწილში ეს საგარეო პოლიტიკურ რისკებს კიდევ უფრო ამცირებს“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის სერგო რატიანის განცხადებით, „გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის.
„ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რადგან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად პოლიტიკურ დებატებს ვითხოვთ“, –განაცხადა სერგო რატიანმა.
უმცირესობისგან განსხვავებით, „გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ აქვს უმრავლესობას. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, საქართველოსთვის საუკეთესო პირობები მიეღო. შესაბამისად, მისი თქმით, უმრავლესობა საჭიროდ არ თვლის ენერგეტიკის მინისტრის მოწვევას საქართველოს პარლამენტში, ან უმრავლესობის სხდომაზე.
„ჩვენ ვართ ერთი გუნდის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ საკითხზე, ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს შეხვედრები და განხილვა, რაც სრულიად ბუნებრივი, სწორი და ჯანსაღი პროცესია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან. ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთ. არანაირი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ხელისუფლებას „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალების გასაჯაროვებას მოუწოდებს „პატრიოტთა ალიანსი“, რადგან თვლიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული შეთანხმება წამგებიანია. თუმცა, როგორც ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, უმრავლესობა და უმცირესობა „გაზპრომის“ თემასთან დაკავშირებით დებატს ვერ გამართავს.
„დებატები უნდა შედგეს კომპეტენტურ თანამდებობის პირებთან. მათთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია - ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროსთან. უმრავლესობა და უმცირესობა გაზის თემასთან დაკავშირებით დებატს ვერ გამართავს“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.