ექო წარსულიდან

ექო წარსულიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა ჩატარებულია, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ისევ ვაკანტურია, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა არჩეულია, მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერად გამოცხადებულია, ყოფილი თანაგუნდელები კი გაკრიტიკებულია.

ყრილობა, რომელიც პარტიის ორად გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფონად ვაშინგტონიდან მიხეილ სააკაშვილის ჩართვები გასდევდა. იმის გამო, რომ Skype-ით განხორციელებული ჩართვა ხარვეზიანი აღმოჩნდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს ორჯერ მიმართა, ჯერ ლევან ვარშალომიძის ფონით, შემდეგ თეთრი სახლის „ბეგრაუნდით“.

სანამ, სპორტის სასახლეში შეკრებილი დელეგატები სააკაშვილის გამოსვლას მოუსმენდნენ, მანამდე მათ პარტიაში დარჩენილმა ლიდერებმა მიმართეს, რომელთა შორის იყვნენ - ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია, სანდრა რულოვსი, გრიგოლ ვაშაძე, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე.

თუკი სანდრა რულოვსის გამოსვლის ლაივმოტივი მიხეილ სააკაშვილის ქება და მისი წარმოჩენა იყო, სხვა ლიდერებმა აქცენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე გააკეთეს.

საქართველოს პირველმა ლედიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მნიშვნელობა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას შეადარა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან დიდი დღეა არა მხოლოდ ამერიკაში, არემედ საქართველოში.

სანდრა რულოვსისეულ აღნიშნულ შედარებას მისი მხრიდან არც სააკაშვილის შეფასება ჩამორჩებოდა, რადგან ყოფილი პირველი ლედი ფიქრობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს იმხელა ძალა აქვს, რომ ამ ქვეყანაში, ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ.

„პარტიას და მიშას თქვენ აძლიერებთ! თქვენ მიშა გაძლიერებთ. მისი აშენებული შენობის, ხიდის და ქალაქის ეშინიათ. რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, საპირისპირო შედეგს მიიღებენ. მიშას რაც არ უნდა გაუკეთონ, თუნდაც, მოქალაქეობა წაართვან, ის ქართველად რჩება, რადგან საქართველოსთვის მისი გული სცემს. რაც არ უნდა ქონება და სახლი წაართვან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოჯახისთვის თქვენს ოჯახებში პატარა ადგილი ყოველთვის იქნება. სადაც მიშაა, ის იქ ამინდს ქმნის და წამყვანი ძალაა“, - მიმართა მხარდამჭერებს რულოვსმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

მხარდამჭერების ოვაციები დაიმსახურა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის გამოსვლამაც, რომელიც პარტიას დღეს ოფიციალურად შეუერთდა.

ვაშაძემ გამოსვლისას რჩევა საკუთარ ამომრჩეველსაც მისცა, მაგრამ მანამდე პარტიაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა - „ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ“.

დიპლომატმა „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერის დახატვა მისი გაკეთებული საქმეების წარმოჩენით სცადა და განაცხადა რომ კორუფციული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ გადაიქცა და ამჟამად, წინა ხელისუფლების დაწესებულ ჰიმნს მღერიან და მათ დაწესებულ დროშას ზემოთ სწევენ.

„ეს ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ეს შეგვეძლო. სალონურ თამაშებს უნდა მოვრჩეთ და რეგიონში ყველა კარი შევაღოთ. მოგიწოდებთ, პარტიიდან კინწისყვრით გააგდოთ ის, ვინც პარტიასა და ხელისუფლებაში თანამდებობების დაკავებისთვის იდაყვებით იმუშავებს. განგრენა დასაწყისში უნდა მოიკვეთოს და თუ ვინმეს ძმაკაცის კომერციული ინტერესების ლობირებას შეამჩნევთ, ის პარტიიდან გაუშვით. ყველას შუბლზე, სახლის კარსა და მანჟეტზე უნდა ეწეროს, ჩემთვის პირადად არაფერი მინდა“, - აღნიშნა ვაშაძემ, რომლის მსგავსად, მხარდამჭერებს ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა.

მხარდამჭერების ფეხზე წამოდგომისა და „მიშა, მიშას“ ძახილის ფონზე, სააკაშვილმა საქართველოს წარსულზე, როგორც ქვეყნის აყვავებაზე ისე ისაუბრა. სანამ სააკაშვილის პირველი ჩართვა გაწყდებოდა და ის ამის გამო პროტესტს გამოხატავდა, მანამდე მან უფრო მეტი ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა, ვიდრე მომავალსა და თუნდაც, საკუთარი ხელისუფლების შეცდომებზე.

ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებით, ივანიშვილის გეგმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ „გაქოცებას“ და „ჯიბეში ჩასმას“ ეხებოდა, ჩაიფუშა.

„2012 წლის შემდეგ, ეს მისი პირველი მარცხია და არა უკანასკნელი. ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ პარტიისთვის ჩამოვეცილებინე და პარტია ლაგამამოდებული გაეხადა, რაც ვერ განახორციელა. პრინციპებზე უარი ვერ გათქმევინათ, ღალატის გზაზე ვერ დაგაყენათ და ვერ გაგტეხათ. ივანიშვილი ვერ გაიგებს, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის და მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს და რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ ხელი არ ჩავიქნიოთ“, - მიმართა მხარდამჭერებს სააკაშვილმა.

როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც, სააკაშვილის გამოსვლის მიზანი მხარდამჭერების გამხნევება იყო, თუმცა ის ივანიშვილისადმი პოლიტიკურ ზიზღსაც ვერ მალავდა. ერთის მხრივ, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის გარდაქმნაზე ისაუბრა, თავი „ვარდების რევოლუციის“ უსისხლოდ ჩატარებით მოიწონა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს - „გაუნათლებელი ტლუ“ ეძახა.

„რუსული ოლიგარქი მოვიდა, ქართული სახელმწიფო გააუქმა და შპს-დ გადაქცია. ქვეყანას არც პრეზიდენტი ჰყავს და არც მთავრობა, რომელსაც რამე მოკიეთხება. ყველაფერი ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურება - გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც ქვეყნის განვითარება და წინსვლა გადააყოლა. ეს ადამიანი ყველაფერს წყვეტს, მაშინ, როცა მისი პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე ნულია და ის ძირითადად დროს ატარებს იმაში, რომ პოლიტიკოსებს პარტიიდან გაიყვანს და ჯიბეში ფულს ჩაუდებს. ეს ადამიანი დანარჩენი დრო თავის ბრონირებულ აკვარიუმში ზის და ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით და ხეების გადარგვით ერთობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის გამოსვლაც ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.

მონიტორზე სააკაშვილის გამოსახულება აღარ ჩანდა, მაგრამ მისი ხმა ისმოდა - „გავიდა კადრი?“. ყოფილი პრეზიდენტის მეორე ჩართვა პოლიტსაბჭოს წევრების არჩევის შემდეგ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე განხორციელდა, თუმცა მოკლე ხნით, რომელსაც წინ ყოფილი თანაგუნდელების მიმართ შეფასება უსწრებდა.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი პარტია არ არის გარკვეული პირების ელიტური კლუბი, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ემოციაა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ფასეულობა და იდეალების მუდმივობაა.

„ყველამ დაინახა, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც სამშობლო არ იშლება, ისევე არ იშლება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ეროვნული ღირებულებებია მუდმივი, ასევე ჩვენი ხედვები. ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად ძველი და უვარგისი ტოტების მოშორება სჭირდება, რათა ახალს გზა გაეხსნას. პარტია ცოცხალი ორგანიზამია და ძველი უჯრედები კვდება, ახალი იბადება. დავინახეთ, ორგანიზაციის ნიჭი და ინტელექტი სად დარჩა“, - დასძინა სააკაშვილმა, რომელიც ყრილობის ორგანიზებით კმაყოფილი ჩანდა.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას, მას ნიკა მელია უხელმძღვანელებს, რომელიც პეტრე ცისკარიშვილის მოსაზრებით, პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტორია.

ყრილობის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მოადგილეები იქნებიან - ლევან ვარძალომიძე და ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევლენ: რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნიკოლოზ რურუა, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დავით გოგოხია, რამაზ კერენჭაშვილი, ზურაბ ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატა მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მაია ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი და ნიკა ჭურაძე.