„გამწვანება და ხეები სჭირდება თბილისს, მაგრამ ხეების დარგვაში არ არის საქმე“

„გამწვანება და ხეები სჭირდება თბილისს, მაგრამ ხეების დარგვაში არ არის საქმე“

ვინ გახდება თბილისის ახალი მერი - მმართველ გუნდში ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში მერობის ორი კანდიდატი განიხილება - ლევან გაჩეჩილაძე და ბიზნესმენი, პარლამენტის წევრი ილია წულაია, რომელიც სამშენებლო ბიზნესიდან მოდის. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, გიგი უგულავამ კვლავ შესთავაზოს საკუთარი თავი თბილისელებს, ისევე, როგორც ამჟამინდელმა მერმა დავით ნარმანიამ.

for.ge შეეცადა გაერკვია, ვის რა შანსები აქვს თვითმმართველობის არჩევნებში და ამ საკითხზე ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

დავით ნარმანია ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, დააყენებს თუ არა განმეორებით საკუთარ კანდიდატურას. ნარმანიას აქვს შანსი, რომ მმართველმა გუნდმა ხელახლა დააყენოს მისი კანდიდატურა?

რამაზ საყვარელიძე: იმ ხნის განმავლობაში, რაც საქართველომ 90-იანი წლებიდან გამოიარა, მრავალი სხვადასხვა სფეროდან წამოსული მერი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მერობა უჭირდათ ინტელიგენტებს. არა იმიტომ, რომ კარგები იყვნენ, თუ ცუდები. ამ სფეროში საქმიანობის სტილი და წესი არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი შეჩვეულები იყვნენ. ანალოგიური რამ დაემართა ნარმანიას, რომელიც შესანიშნავი ლექტორი და ანალიტიკოსია, მაგრამ პრაქტიკული პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო ჩვევები, რაც პრაქტიკოსებს აქვთ და მერსაც უნდა ჰქონდეს, ნარმანიას არ აქვს. ამიტომ, მგონია, რომ მერის ადაგილი ნარმანიასთვის ტვირთია და თვითონაც ტვირთია ამ ადგილისთვის. მისი, როგორც ნიჭიერი ადამიანის შესაძლებლობების გამოყენება უფრო სრულფასოვნად შეიძლება.

რაც შეეხება საკითხს, წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას, ალბათ, მეტი პიარიც უნდოდა მის საქმიანობას იმისათვის, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონოდა. ნარმანია საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას იმ გუნდის გარეშე არ გადაწყვიტავს, რომელმაც ის ერთხელ უკვე მოიყვანა მერად.

თუ გადავხედავთ ნარმანიას მერობის პერიოდს, რამდენად მომგებიანია გუნდისთვის მისი კანდიდატურის განმეორებით დაყენება?

- ეს გუნდის გადასაწყვეტია, გააჩნია გუნდს რა რესურსები აქვს? თუ მას არ ჰყავს უფრო ეფექტური კანდიდატი, შეიძლება ამ ნაბიჯის გადადმა ჯობდეს. თუმცა, საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ გუნდისადმი ნდობა ცოტათი შემცირდა. იმიტომ, რომ თავის დროზე, ამ გუნდმა წამოაყენა ბევრი ფიგურა, რომელიც დღეს თვითონ გუნდის კრიტიკის საგანიც არის. ნარმანიას თემა აქამდე ალბათ არ მისულა, მაგრამ ვიმეორებ, გააჩნია გუნდს როგორი კანდიდატები ჰყავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში მერობის ორი კანდიდატი განიხილება - ლევან გაჩეჩილაძე და ბიზნესმენი, პარლამენტის წევრი ილია წულაია, რომელიც სამშენებლო ბიზნესიდან მოდის. ალბათ, მნიშვნელოვანია, როგორ კანდიდატურას შესთავაზებს მმართველი გუნდი ამომრჩეველს, რომ მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერა...

- რა თქმა უნდა, მაგრამ სამშენებლო კომპანიამ მომჭრა ყური. დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი თბილისი ჩივის, რომ მშენებლობებმა წალეკეს თბილისი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მერად, ავტომატურად აფიქრებინებს ყველას, რომ თბილისი კიდევ უფრო წაილეკება. ამ პირობებში, როდესაც ქალაქი ასეა გადატვირთული და მშენებლობებისგან მოსახლეობა გაღიზიანებულია, ძალიან წამგებიანი მეჩვენება სამშენებლო ბიზნესიდან კანდიდატურის წამოყენება.

შეიძლება ნებისმიერი სხვა პარტიის მიერ წამოყენებულმა ალტერნატივამ გადაფაროს ასეთი ფიგურა. მაგალითად, დამოუკიდებელი დეპუტატი ელისაშვილი ცნობილია სწორედ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე თავისი შეუპოვარი ბრძოლით. არ არის გამორცხული, რომ თბილისმა, რომელმაც მის შეუპოვრობას ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი, ახლაც დაუჭიროს მხარი, ან ანალოგიურ კანდიდატს, რომელიც თვალში საცემი იქნება თბილისისათვის ერთგულებით. დაუჭიროს მხარი იმიტომ, რომ ქალაქი გადაურჩეს მშენებლის დიქტატს. ამიტომ, მგონია, რომ წამგებიანია თვითონ პარტიისთვის ასეთი კანდიდატი.

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, რომელის პრემიერის მეგობარია, ეს კანდიდატურა რამდენად მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის? ჯერ არ ვიცით, ვის შესთავაზებს საზოგადოებას ოპოზიცია და თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის დაქსასულობას, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ კონკურენტული კანდიდატი შესთავაზოს...

- მეგობრობა ცოტა ღიმილის მომგვრელი მოვლენაა. ძალიან ძნელია თბილისში იპოვო ადამიანი, რომელიც არავის მეგობარი არ იქნება, მით უმეტეს სახელისუფლებო წრეში. ამ ფაქტორის მიხედვით მოქმედება ბევრს არაფერს მოგვცემს. მეგობრების თემა თუ გახდა ფილტრი, შეიძლება ვერავინ ვერ აირჩიონ. გეთანხმებით, რომ ოპოზიცია, ალბათ, არ იქნება განებივრებული კანდიდატებით, მაგრამ მაინც ბევრი რამ დამოკიდებულია იმ მთლიანობაზე, რომელშიც წამოყენებული იქნება კანდიდატი.

2008 წელს გაჩეჩილაძის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მისი კონკურენტი იყო მოსახლეობისთვის მაშინ უკვე ძალიან არასასურველი სააკაშვილი. ანალოგიურად, აქაც მნიშვნელობა ექნება, ვინ აღმოჩნდება მასთან დაპირისპირებული. მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, ასეთი ფრაზა იყო - თბილისელია.

ყოველთვის ასოცირდება ლევან გაჩეჩილაძესთან ის, რომ თბილისელია და ამ ქალაქთან ახლოს არის. ალბათ, ახლაც ეს ასოციაცია კარგ სამსახურს გაუწევს გაჩეჩილაძეს, მაგრამ ვიმეორებ, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მეტოქეზე, ისევე როგორც ყველა არჩევნებში.

თბილისელობას რაც შეეხება, ნარმანიას შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ არ იყო თბილისელი. სტატუსი თბილისელობა განმსაზღვრელია იმისათვის, რომ გახდე თბილისის მერი?

- თუ ავიღებთ დასავლეთის გამოცდილებას, იქ საერთოდ არ დგას ეს საკითხი. მაგრამ არის მეორე მხარე, რომ იკითხავ რატომ, მარტივად გპასუხობენ - თბილისის, ქუთაისის და ფოთის მერი უნდა იყოს ადგილობრივი, რადგან მან უკეთესად იცის რა სტკივა ქალაქს. შეიძლება ამაში არის ლოგიკა, ლოგიკა არის იმაშიც თბილისურად როგორ მოუაროს ამა თუ იმ პრობლემას და ამასაც აქვს მნიშვნელობა.

ასევე მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ შეიძლება თბილისელი მერი თავისი პროგრამის მთავარ ელემენტად არ დააყენებდა იმას, თუ რამდენ ხეს დარგავდა. გამწვანება და ხეები სჭირდება თბილისს, მაგრამ ხეების დარგვაში არ არის საქმე. მთელი ზონები უნდა შეინარჩუნო და არა ხეები დარგა. თბილისელობა არ იყო საჭირო იმისათვის, რომ ნარმანიას წამოეყენებინა ქალაქის დაგეგმარების კარგი დებულება, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ასე რომ, რაღაცა თითქოს თბილისელობის გამო ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, არათბილისელმა მერმა და კარგმა ეკონომისტმა წამოაყენა სწორი დებულება, მაგრამ, უბრალოდ, თავი ვერ მოაბა მის ბოლომდე გატარებას. თბილისელობა შეიძლება გადამწყვეტი რაღაცა ნიუანსებისთვის იყოს, მაგრამ მთლიანობაში გადამწყვეტი ნამდვილად არ არის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ველი მოსუფთავდა, ჯერ არ ვიცით როგორი იქნება დავით უსუფაშვილის გაზაფხული, ამ პროცესებიდან გამომდინარე, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება მერის არჩევნები და შესაძლებელია უგულავამ საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს ამომრჩეველს?

- ბრძოლა უფრო მძაფრი იქნება, თუკი ჰორიზონტზე გამოჩნდა გიგი უგულავა, რაც გამორიცხული არ არის. რადგან ახალი პარტიის ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი უნდა იყოს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში საკვანძო პოსტების დაკავება. ამიტომ, სავსებით მოსალოდნელია გამოჩნდეს უგულავა.

უგულავა რამდენად კონკურენტუანარიანი იქნება ხელისუფლების კანდიდატთან შედარებით?

- ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, დაახლოებით ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორსაც მივიღებდით იმ შემთხვევაში, სააკაშვილი რომ იღებდეს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი კანდიდატი, ოღონდ არა ნაცი, გაიმარჯვებს. სხვა თუ არაფერი, უგულავას კისერზე არის ის, რაც თვითონაც აღიარა, რომ მან თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა. საქართველოში კი ყველაფერი ხდება, მაგრამ ასეთი ბრალდების და ასეთი აღიარების მქონე ადამიანს, მგონია, რომ მერობის პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს.