„ისინი, ვინც გიგი კალანდაძის მეთაურობით გამოიქცა, დააწინაურეს და დააჯილდოვეს“

„ისინი, ვინც გიგი კალანდაძის მეთაურობით გამოიქცა, დააწინაურეს და დააჯილდოვეს“

„როგორ შეიძლება ომის დროს სამხედროს უთხრა - ფორმა გაიხადე, არ დაგინახონო. ძალიან ბევრმა ოფიცერმა ფორმა გაიხადა. დასცინოდნენ მერე, რომ შიშველი მორბოდნენო“, - ასე იხსენებს აგვისტოს ომის ფრაგმენტებს სენაკის 233-ე ბატალიონის მეთაური, მაიზერ გელოვანი, რომელსაც for.ge ესაუბრა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებამ - საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, 2008 წელს აგვისტოს ომის თემა გაააქტიურა. პუტინმა ამ შემთხვევაშიც ცნობილი ფრაზა გაიმეორა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რას ნიშნავს ეს განცხადება, თქვენთვის, როგორც მეომრისთვის?

მაიზერ გელოვანი: თუ რუსეთმა არ დაიწყო ომი, მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ მოადგა რუსეთის რეგულარული არმია როკის გვირაბს? 2008 წელს, როდესაც კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა, მაშინ სენაკის 233-ე ბატალიონის მეთაური ვიყავი. ვხედავდით როგორ იძაბებოდა სიტუაცია. დღე არ გავიდოდა რუსებისა და ოსების მხრიდან თავდასხმა არ მომხდარიყო მშვიდობიან მაცხოვრებლებზე, რამაც თავდაცვის მიზნით გამოიწვია საპასუხო სროლები, მაგრამ ამ დროს როკის გვირაბზე უკვე მომდგარი იყო რუსული რეგულარი არმია.

გენერალ მამუკა ყურაშვილის ცნობილი ფრაზა - უნდა დამყარდეს კონსტიტუცური წყობა, ამბობს, რომ ეს განცხადება არ იყო მისი ინიციატივით გაკეთებული და, რომ ათქმევინეს. ძალიან ბევრი საუბარია იმაზეც, რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ სამოქალაქო პირები და არა სამხედროები. რა დოზით იყვნენ პოლიტიკოსები ჩართული ომის პროცესში?

- ყურაშვილმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და რამდენიმე სოფელში შევიდნენ ჩვენი ჯარები. დღეს თუ გენერალი ყურაშვილი ამბობს, რომ მას ეს განცხადება ათქმევინეს, მაშინ ისიც თქვას, ვინ ათქმევინა. თქვას ბოლომდე სიმართლე. ის იყო მაშინ შიდა ქართლში სარდალი, ყველაზე კარგად მან იცის რა ხდებოდა.

8 აგვისტოს ღამეს, დაახლობით 12 საათისთვის სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოჩნდა თვითმფრინავი, დიდ სიმაღლეზე იყო. თვითმფრინავმა გადაუფრინა სამხედრო ბაზას, ზუსტად ნახევარ საათში, ბაზიდან ჩრდილოეთის მხარეს გორაზე ორი მაშხალა ავარდა. მაშხალების ავარდნიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი აიღო და, რომ ეს მაშხალები სამხიარული სიგნალი არისო. დაახლოებით 5-6 ბატალიონი შეკრებილი ვიყავით ბაზაზე და ველოდებობით ბრძანებას, რომ წავსულვიყავით აღმოსავლეთისკენ.

სინამდვილეში რა იყო?

- სამწუხაროდ, ამ საკითხზე არ ჩატარებულა გამოძიება. ვფიქრობ, მაშხალები იყო ნიშანი იმისა, რომ ბაზაზე სრულად შეკრებილია ბატალიონი და შეგიძილიათ დაარტყათო, რადგან მაშხალის ავარდნიდან 15 წუთში ჩვენი ბაზა დაიბომბა. საბედნიეროდ, ბაზის ტეროტორია, სადაც სამხედროები ვიყავით მობილიზებული, არ დაუბომბავთ, დაბომბეს სენაკის აეროპორტი, სადაც ერთი ბატალიონი იყო მობილიზებული, მაშინ 7 სამხედრო დაგვეღუპა, 57 მძიმედ დაიჭრა.

ესეც იმ ბატალიონის მეთაურის ბრალეულობა იყო, არ იყო საბრძოლო ოფიცერი. კომისარიატიდან მოსულ ოფიცერს ებარა ბატალიონი. სიმართლე გითხრათ, იმ ბაზაზე 2 მეთაური ვიყავით ომგამოვლილი ოფიცრები. სხვა ყველა კომისარიატიდან იყვნენ მოსულები, ძალიან ბევრს ავტომატის დაშლა-აწყობა არ ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოიძია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, თქვენ არ დაუკითხიხართ ამ კომისიას?

- თუ ჩატარდა გამოძიება, მაშინ სად არის დასკვნა? არავის არ დავუკითხივარ. პატაკი იმაზე დამაწერინეს, რომ იარაღი, რომელიც ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დაყარეს და გაიქცნენ, მე ვიპოვე ჭაობებში ჩაყრილი, ნაწილი გზებზე იყო გაფანტული. სამი პიკაპის მანქანა გავავსე და დავაბრუნე ბაზაზე. ამ საკითხზე დამაწერინეს პატაკი და დამკითხეს, აინტერესებდათ როგორ ვიპოვე. რაც შეეხება მაშხალის საკითხს, ყველა, ვინც მაშინ იქ ვიყავით, და ეს არის დაახლოებით 2 ათასი სამხედრო, ამბობს, რომ მაშხალის ავარდნა იყო ნიშანი იმისა, რომ დავებომბეთ.

თქვენი ბატალიონი როდის ჩაერთო ომში?

- ჩვენი სამი ბატალიონი წამოვიდა ცხინვალისკენ, მაგრამ ხაშურს ვერ გამოვცდით, გზაში დაგვბომბეს. მივიღეთ ბრძანება, რომ ისევ დავბრუნებულივიყავით სენაკის ბაზაზე, სენაკის ბაზიდან ყვითელი ავტობუსებით წაგვიყვანეს ბათუმში. იქ, რომ ჩავედით, დაგხვდა სრული გაუგებრობა, არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა. ველოდებოდით ბრძანებას და როგორც იქნა მოვიდა ბრძანება, რომ წამოვსულიყავით ოზურგეთში, მაგრამ ოზურგეთში მივიღეთ ბრძანება, რომ დავშლილიყავით, ჩაგვეცვა სამოქალაქო ფორმები და დავფანტულიყავით.

რატომ უნდა დაფანტულიყავით სამოქალო ფორმაში ჩაცმულები, რამე სამხედრო ტაქტიკის ნაწილი იყო?

- სენაკის სამხედრო ბაზა უკვე აღებული ჰქონდა რუსეთს, აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები ჩაკეტილი იყო, ფაქტიურად შუაში ვიყავით მოქცეული.

ვისგან მოდიოდა ეს ბრძანება?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. მთელი მთავრობა გარბოდა მაშინ, ალბათ სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას.

ამბობენ, რომ გიგი უგულავა იღებდა გადაწყვეტილებას...

- თუ აინტერესებს ვინმეს ამ საკითხის გამოძიება, მაშინ დაკითხონ გიგი უგულავა, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ის განაგებდა სიტუაციას მაშინ. რა უფლებით მართავდა თბილისის მერი სიტუაციას, რომელსაც არც სამხედრო ცოდნა გააჩნია და საერთოდ, ჯარში არ იყო ნამყოფი. მაგრამ, მაშინ, ასე იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცოდნას. უნდა დაიკითხოს უგულავა, ასევე ბაჩო ახალაია, რომელიც მაშინ სასჯელაღსრულების დეპატამენტის თავმჯდომარე იყო, მამუკა ყურაშვილი, რომელიც მაშინ სარდალი იყო, ასევე უნდა დაიკითხოს პოლკოვნიკი დათო აფციაური, რომელმაც ყველაფერი იცის რა ხდებოდა.

მოვიდოდა სიტყვიერი ბრძანება, მაგრამ ვისგან და რის საფუძველზე, ეს ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ჩვენ არავინ არ გვეუბენოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები არ ჰგავდა სამხედრო პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ნამდვილი სამხედრო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ის, რომ სამხედრო ფორმა ეცვათ, ეს არ ნიშნავს, რომ სამხედროები იყვნენ.

მაგალითად, მაშინ სარდალი იყო ზაზა გოგავა, მაგრამ ის ისეთივე სამხედროა, როგორც მე კოსმონავტი და ასე იყო უმრავლესობა. იმ დროს სამხედრო სამსახურში დაწინაურებულთა 90% სამხედრო საქმის მცოდნე არ იყო. იმის მიხედვით აწინაურებდნენ ხალხს, ვინ უფრო მეტ სილაჩრეს და უცოდინარობას გამოიჩენდა. იყო ასეთი პიროვნება, პოლკოვნიკი დათო აფციაური, რომელიც ჩვენი გვარდიის სარადალი იყო, ნამდვილი სამხედრო და ბრწყინვალე მეომარი, მაგრამ მას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა.

პოლიტიკოსები, რომ იღებდნენ სამხედრო გადაწყვეტილებას, ამის შედეგიც იყო ომის ასეთი შედეგით დასრულება...

- გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები და მერე უკვე სამხედროები, ოფიცრები და გენერლები გეგმავენ სამხედრო ოპერაციებს, რომლებმაც იციან ომის სტრატეგია და ტაქტიკა, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. როგორ შეიძლება ომის დროს სამხედროს უთხრა, რომ ფორმა გაიხადე, არ დაგინახონო. ძალიან ბევრმა ოფიცერმა ფორმა გაიხადა. დასცინოდნენ მერე, რომ შიშველი მორბოდნენო.

რასაც მოჰყვა შემდეგ მათი დაპატიმრება...

- არა, დააპატიმრეს ის ხალხი, ვინც იბრძოდა, ვისაც ფორმა არ გაუხდია და არ გამოიქცა. დააპატიმრეს, რადგან მათ ბევრი რამ იცოდნენ, ხოლო ისინი, ვინც გიგი კალანდაძის მეთაურობით გამოიქცა, დააწინაურეს და დააჯილდოვეს. კალანდაძე ომის შემდეგ გენერალი გახდა და ყველა ჯილდო მიანიჭეს, რაც კი არსებობდა.