„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოში“ გადასულ ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო მანდატების დათმობას სთხოვს, ბოკერია-უგულავას ფრთა კი, არათუ, მანდატების დატოვებას არ აპირებს, პირიქით, საპარლამენტო ბერკეტების გაძლიერებას ცდილობს.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში განვითარებულ პროცესებზე, for.ge ყოფილ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
გასულ კვირას, „ნაციონალური მოძრაობა“ დაახლოებით 59 წევრმა დატოვა, რომელთაგან 21 საპარლამენტო უმცირესობის წევრია. მოგვიანებით, თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიაც გადააყენეს. მათ გადაწყვეტილებას და ქმედებებს, რითი ხსნით?
- ყველაფერი ცხადი ერთი შეხედვითაც ხდება. ვინც პარტია დატოვა, მათ ერთი რაღაცა ეშლებათ. მათ ჰგონიათ, რომ პარტია რომელიმე კონკრეტული, მცირე ჯგუფია. მათ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავთან გააიგივეს, არადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული იდეაა, რომელიც ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნიშნავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე 500 ათასზე მეტი ამომრჩევლია და ამ ჯგუფმა ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ სვლა გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანებმა მართვის სადავეები ჩაკეტეს და სახალხო პარტიის პრინციპი პატარა ჯგუფის პრინციპად აქციეს.
მართვის სადავეების ჩაკეტვაში რას გულისხმობთ? ისინი ამბობენ, რომ თქვენ არჩევნების იგნორირებას ახდენთ, რაც დემოკრატიულ პარტიას არ შეშვენის...
- მათი მხრიდან ეს ძალიან დიდი ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვა, მაგრამ პარტია ვალდებულია, საკუთარი ამომრჩევლების ხმები დაიცვას. როცა ხედავ, რომ არჩევნებს მასიურად გიყალბებენ და ხმის დაცვისთვის არაფერს აკეთებ, ეს ამომრჩევლების წინაშე უპასუხისმგებლობაა. ამიერიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ამომრჩევლის ხმას დაიცავს. კიდევ ერთი ტყუილი არსებობს, რომელსაც ეს ჯგუფი ავრცელებს, თითქოს, განსხვავებული პოზიცია იყო პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. პარლამენტში შესვლას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ამის თაობაზე პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც დავემორჩილე. სამწუხაროდ, როცა პოლიტსაბჭომ შვიდი ათასკაციანი ყრილობის ჩატარება გადაწყვიტა, ეს ადამიანები საორგანიზაციო პროცესებში კი არ ჩაერთვენ, პარტიიდან გასვლა დაგეგმეს, რაც უპასუხისმგებლობაა.
ფიქრობთ, რომ მათ საპარლამენტო მანდატები უნდა დათმონ?
- „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი ხელისუფლების სადავეებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებაა, რომელმაც ქვეყანა მძიმე ვითარებაში ჩააგდო. ყრილობის მთავარი ფუნქცია იმის ჩვენება იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ეტაპზე გადავიდა და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ენერგიული იქნება. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ჩემს პოზიციას გეტყვით. როცა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან გადიხარ და შემდეგ პარტიას ტოვებ, მანდატებზეც უარი უნდა თქვა. სხვათა შორის, 2012 წელს იგივეს იმ ადამიანებს ვეუბნებოდით, რომლებმაც პარტია დატოვეს და პარლამენტში იყვნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიიდან წასულები პირველივე პრესკონფერენციაზე თავს მიხეილ სააკაშვილს დაესხნენ და არა - ბიძინა ივანიშვილს.
შეიძლება ითქვას, რომ პარტია ორად გაიყო - ლიბერალებად და რადიკალებად. ანუ, იმ ადამიანებად, რომელთაც სააკაშვილი აქციების მოწყობას, ბარიკადებზე გასვლას გთხოვდათ?
- მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს განვითარებასა და ჩამოყალიბებას სათავე დაუდო. ეს ყველაზე კარგად მათ იციან. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც პირველ რიგში იმაზე ზრუნავს, რომ სახელმწიფოს სათავეში მეტი ნიჭიერი და ლიდერი ადამიანი ჩადგეს. სააკაშვილი მთავარი მოთამაშე იყო, არის და იქნება. ეს ადამიანები პარტიიდან მხოლოდ იმიტომ გავიდნენ, რომ გუნდური თამაში არ სურდათ და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები არიან.
თუმცა, ბოკერია-უგულავას ფრთა „ბელადომანიაზე“ მიანიშნებს და აცხადებს, რომ პარტიაში ის ადამიანები დარჩნენ, რომლებიც სააკაშვილს არ ეწინააღმდეგებიან და მის მოწოდებებს უპირობოდ ასრულებენ. ანუ, პარტიაში ის გრძელდება, რაც ცხრა წლის მანძილზე ხდებოდა, როცა ერთი ადამიანის ნება-სურვილს ასრულებდით?
- ვინც პარტიიდან გავიდა, მათ შორის გიგიმ და გიგამაც კარგად იციან, რომ სააკაშვილი ყოველთვის გუნდური მოთამაშე იყო. სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობა აქტიური 2012 წლის შემდეგ გახდა და დავრწმუნდი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც შენგან კრიტიკულ აზრს, ახალ იდეას და მოსაზრებას ელის. მისი მიზანი ახალი ადამიანების აღმოჩენაა, განსხვავებით ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებისგან, რომლებიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ, რადგან როცა პოლიტსაბჭო წააგეს, პარტიიდან გასვლის პროცესი დაიწყეს და წერეთელის მამის პარტიაში გადავიდნენ. მათ მუდმივი თამაში არ შეუძლიათ, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არიან.
პარტიის გაყოფას სადავე გიგი უგულავას ციხიდან გამოქვეყნებულმა წერილმა დაუდო? ამ პროცესებში რა ფუნქცია შეასრულა უგულავამ?
- მთელი ეს ამბავი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან უცნაურად დაიწყო.
თუმცა, აღნიშნული წერილის გამოქვეყნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო ნიკა მელიაც, რომელიც პარტიაში დარჩა...
- პარტიის რიგებიდან მათი გასვლის ერთ-ერთი სათავე უგულავას წერილი იყო, როცა მოწმენდილ ცაზე არჩევნების შედეგი სააკაშვილს დააბრალეს, არადა, მისი ფაქტორის გამო, 500 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა. მათ ავტორიტარული მენტალიტეტი აქვთ და სააკაშვილის თვისებები უფრო უკეთ იციან, რადგან მასთან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდათ, ვიდრე მე.