„NDI და CRRC შეეშვან კვლევების ჩატარებას, ნუ აბნევენ მოსახლეობას, დაკავდნენ თავიანთი საქმიანობით“

„NDI და CRRC შეეშვან კვლევების ჩატარებას, ნუ აბნევენ მოსახლეობას, დაკავდნენ თავიანთი საქმიანობით“

46% აცხადებს, რომ არც 2012 და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია, 12% მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნებზე ძალადობის ერთნაირი დონე იყო, 18% მიიჩნევს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს - NDI-ის კვლევის თანახმად, ასე ფიქრობს, საქართველოს 3 141 მოქალაქე. NDI-მ კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა, კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 59% არჩევნებზე ხმის ელექტრონულად მიცემის მომხრეა. 31% კი წინააღმდეგია, გამოკითხულთა 9%-მა კითხვაზე, ელექტრონულად ხმის მიცემისას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის მაგივრად კომპიუტერის გამოყენებით აძლევს ხმას, უარი განაცხადა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 40% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 10% „ნაციონალურ მოძრაობას“, 3-3% „პატრიოტთა ალიანსს“ და თავისუფალ დემოკრატებს“. გამოკითხულთა 22%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 65% მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 56%-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება. 48% აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, ასევე 48% მიიჩნევს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? - 65%-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% არასწორი, ხოლო 25%-მა არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა პარლამენტი. გამოკითხულთა 30%-ის აზრით, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8% ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე წინა. 74% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო იმ ფონზე, როცა ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქალაქეთა 51,63%-იანი აქტივობა იყო. კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

კითხვაზე პასუხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გავლენა მოახდინეს შემდეგმა ფაქტორებმა, პროცენტულად ასე გადანაწილდა - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულთა 32%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მოახდინა. მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანია 32%-ისთვის, 15% ამბობს, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, 46%-ისთვის უმნიშვნელოა.

პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვანია 30%-ისთვის, 12% ამბობს, რომ არც მნიშვნელოვანია და არც უმნიშვნელო, ხოლო 35%-ისთვის უმნიშვნელოა. გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ დამსაქმებლის პოლიტიკური შეხედულებები მისთვის მნიშვნელოვანია, 14%-ისთვის არც მნიშვნელოვანი და არც უმნიშვნელო, 48%-ისთვის უმნიშვნელოა.

NDI კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე - გქონდათ თუ არა საკმარისი ინფორმაცია პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, გამოკითხულთა 85% პასუხობს, რომ ინფორმაცია ჰქონდა, 13% ამბობს, რომ ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო 1%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე - რა იყო პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო, გამოკითხულთა 73%-ს მიაჩნია, რომ ეს იყო ტელევიზია. 6% მიიჩნევს, რომ მთავარი წყარო ინტერნეტი იყო. 6%-ის აზრით, ინფორმაციის მთავარი წყარო მეზობლები და მეგობრები იყვნენ, ხოლო 5%-სთვის ეს იყო ბუკლეტები, ბროშურები და ბანერები.

ტრადიციულად, NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობიან ანალიტიკოსები.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე სვამს კითხვას, რატომ არ დასვა NDI-იმ ამ შემთხვევაში ტრადიციული ფორმით კითხვა - ვის მისცემდით ხმას, დღეს რომ არჩევნები იყოს. მისი თქმით, კითხვა - ვინ დგას შენს ინტერესებთან ახლოს, ჩახლართული ფორმაა და ბევრნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„მაგრამ მივყვეთ ამ შედეგებს - 40% არ არის გასაკვირი, იმ ფონზე, როდესაც დიდი პროცენტი არ მოვიდა არჩევნებზე საერთოდ. ამდენად 22% ხაზგასასმელი ნაკლებად უნდა იყოს. მე უფრო დამანიტერესა იმან, რომ ამ კვლევის მიხედვით 10% მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მაშინ, როდესაც არჩევნებზე მეტი პროცენტი მიიღო. ნაციონალების 10% იმ მხრივ არის საინტერესო, რომ თუკი ეს შედეგი სანდოა, მაშინ გამოდის, რომ ნაციონალებმა გააყალბეს არჩევნების შედეგი, თუ რა ხდება?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც NDI-ის კვლევის მიხედვით 3% მიიღო, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ შეძლო 5%-იანი ბარეირის გადალახვა, საყვარელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი შიეძლება შეამცირა იმან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არის კვლევა ჩატარებული.

„ეს პარტია შევიდა პარლამენტში, არ არის გამორცხული, რომ მოსახლეობის მოლოდინი უფრო დიდი ყოფილიყო, ვიდრე მიიღეს. არჩევნებიდან კვლევამდე მცირე დროა გასული იმისთვის, რომ ამ პარტიის ამომრჩეველს გამყარებოდა, ან გაძლიერებოდა მოლოდინი და გაფართოებულიყო მხარდამჭერთა რიცხვი. ასე რომ, ეს მონაცემები გასკვირი არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

სოცილოგი ვალერიან გორგილაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ კითხვა უცნაური ფორმულირებით არის დასმული, რადგან სოციოლოგის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ არის კითხვა დასმული.

„თუ ეს ასახავს პოლიტიკურ პრეფერენციებს, მაშინ უნდა წავიკითხოთ როგორც პარტიების პოლიტიკური კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად ადეკვატურად ასახავს დღევანდელ ვითარებას. სხვა შემთხვევაში, მაშინ განმარტება უნდა გააკეთონ - რას ჰქვია ახლოს მდგომი, ეს ერთი კითხვის შედეგია, თუ რამდენიმე კითხვაზე მიღებული პასუხის ინტერპრეტაცია? ეს არის მნიშვნელოვანი.

მეორეც, რატომ გადაწყვიტა NDI-იმ მაინცდამაინც ახლა პოლიტიკური რეიტინგის ჩანაცვლება, აი, ამ ძალიან ბუნდოვანი და უცნაური კითხვის ფორმულირებით? რას ჰქვია ახლოს მდგომი, რატომ არ დასვეს პირდაპირ კითხვა, მოერიდათ, რა დაემართა NDI-ის და CRRC-ის, როდიდან ერიდებათ კითხვების დასმა? ჩვენ არ ვიცით ეს რა პროცენტებია, იმიტომ, რომ ამას არ არქმევენ რეიტინგს და ამიტომ ვერ ვკითხულობთ როგორც რეიტინგს“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

სოციოლოგის განცხადებით, კვლევაში კიდევ ერთი უცნაურობაა ის, რომ ჩატარდა 4 ნომებერიდან 4 დეკემბერის ჩათვლით და ქვეყნდება 18 იანვარს, მაშინ, როდესაც კვლევით ორგანიზაციებს შეეძლოთ კვლევა 14 დეკემბერს გაესაჯაროვებინათ.

„ბევრი რამე უცნაურია. მონაცემების შეჯამებას მაქსიმუმ 10 დღეს სჭირდება, ანუ, 14 დეკემბერს მზად ჰქონდათ ეს მონაცემები, რატომ აქვეყნებენ ერთი თვის შემდეგ? ჩვენ კომენტარი გვიწევს იმ მოცემულობაზე, რომელიც არსებობდა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში.

ვითარება შეცვლილია საქართველოში. 1 იანვრიდან ბევრი რამ მოხდა ამ ქვეყანაში, „გაზპრომთან“ ხელშეკრულებით დაწყებული და „ნაცმოძრაობის“ დაშლით დამთავრებული და დღეს ამ კვლევის კომენტირების აზრს ვერ ვხედავ. რა რეალობის კომენტირებას ვახდენთ, აბსოლუტურად არარელევანტურია.

გვეუბნებიან, რომ 4 დეკემბრისთვის იყო 10%-იო, დღეს საერთოდ დაშლილია „ნაცმოძრაობა“, ანუ წასულის ანალიზით ვართ დაკავებული, თუ რა ხდება? კიდევ ერთხელ ვამბობ NDI და CRRC შეეშვან კვლევების ჩატარებას. ნუ აბნევენ მოსახლეობას, დაკავდნენ თავიანთი საქმიანობით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.