მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს, საკანონმდებლო ორგანოში მისული მინისტრობის კანდიდატები პარლამენტთან მომავალი თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ, მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ კი, პარლამენტში მისვლას გაურბიან. ამჟამად, ასე იქცევა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც, რომელსაც ოპოზიცია უწყებაში იბარებს, ვიცე-პრემიერი კი, პარლამენტში გამოცხადებას არ ჩქარობს.
როგორც ჩანს, ნებსით თუ უნებლიედ, მინისტრების პოლიტიკურ გათამამებას ხელს უმრავლესობაც უწყობს და ამით ჩრდილს საპარლამენტო კონტროლს აყენებს, რადგან მმართველი გუნდის ნაწილი „გაზპრომთან“ გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე ენერგეტიკის მინისტრისგან დამატებითი ინფორმაციების წარდგენას და პარლამენტში კახი კალაძის გამოცხადების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
ერთია, უმრავლესობა რას ფიქრობს, მაგრამ მეორეა, პარლამენტის რეგლამენტში რა წერია. რეგლამენტის 94-ე მუხლის მესამე პუნქტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, ფრაქციის სხდომას დაესწროს და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს.
კახი კალაძე რეგლამენტში არსებულ ჩანაწერს დაიცავს თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მინისტრების მსგავსად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს იგნორირებას მოახდენს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ მას უმცირესობის გარდა, პარლამენტში მისვლას დაახლოებით 80 არასამთავრობო ორგანიზაციაც სთხოვს, რომლებიც მთავრობას „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას სთხოვენ.
სამოქალაქო სექტორის მსგავსად, რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებაში ქვეყნისთვის საფრთხეს საპარლამენტო უმცირესობაც ხედავს. როგორც for.ge-ს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა განუცხადა, მთავრობის მიზანია, ამ თემაზე რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროს, რადგან ცხადია, ეს საკითხი მათთვის დამაზიანებელია.
მისი თქმით, მთავრობამ ქვეყანას როგორც ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
„ამ პროცესში ცენტრალური ფიგურა კალაძეა, რომელიც საუბარს გაურბის, მაგრამ მას საუბარი მოუწევს. კითხვები გვაქვს იმის თაობაზე, კონკრეტულად, თუ რას მოიცავს „გაზპრომთან“ შეთანხმება და რა თანხა იქნება ის 10 პროცენტი, რომელსაც 2017 წელს საქართველო მიიღებს. ასევე გვაინტერესებს, ეს 2018 წლიდან ტარიფებზე თუ აისახება და ა.შ.“, - განაცხადა რატიანმა.
ოპოზიციის მსგავსად, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებით ქვეყნის ენერგოსექტორი გაუარესდა, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები კი დაზიანდა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ამ ვითარებამ შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ „გაზპრომის“ თემა უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესგარიგება და, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკაა. განსაკუთრებით გაუგებარია, ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე რატომ მოხდა, როცა საქართველოს დეკლარირებული აქვს საგარეო-ეკონომიკური ვექტორი და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება?! „გაზპრომთან“ მიმართებაში ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რაც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ 29 დეკემბრის მიღებულ რეზოლუციაში იყო აღნიშნული, რომ „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურობისთვის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მადლობას უხდის, თუმცა დეპუტატი for.ge-ს არწმუნებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ მიღწეული შედეგი არსებული შესაძლებლობების ფარგლებში დადო. კაკულია ამ ეტაპზე იმის საჭიროებას ვერ ხედავს, რომ კახი კალაძე პარლამენტში მივიდეს.
„ჩემთვის ეს საჭიროება იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუ ცხადი რაიმე ახალი ინფორმაცია გახდებოდა იმასთან დაკავშირებით, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმ საწყის ინფორმაციასთან, რაც უმრავლესობამ და მეც ენერგეტიკის სამინისტროსგან მივიღეთ. სამი მთავარი არგუმენტი, რაც ჩემთვის მისაღები იყო და მივიღე, იმას ნიშნავდა, რომ დამოკიდებულება არ იზრდებოდა. ასევე ითქვა, რომ დიდი ალტერნატივების წინაშე არ ვიყავით და ოპოზიციას ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენ რაღაცნაირად უფრო მძაფრი ან რადიკალურები უნდა ვყოფილიყავით. დარწმუნებული ვარ და უფლება არ მაქვს, ენერგეტიკის სამინისტროს არ ვენდო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ის მიეღოთ, რისი მიღებაც ამ მოლაპარაკებების ფარგლებში შეიძლებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „გაზპრომზე“ ვსაუბრობთ, რომელიც ფაქტიურად რუსეთის წარმომადგენელია“, - აცხადებს კაკულია.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის პოლიტიკური კონტექსტი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, რასაც რუსეთთან მიმართებაში ზოგადად ითვალისწინებს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით გაცილებით სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, სადაც ვისურვებდი, რომ უფრო მეტი შედეგი მიგვეღწია, რასაც ვერ ვაღწევთ, რადგან საქმე გვაქვს ისეთ მძიმე პარტნიორთან, როგორიც რუსეთია. დარწმუნებული ვარ, სამინისტრომ ეს შედეგი შესაძლებლობების ფარგლებში დადო. ასევე ის ამბობს, რომ ფასის ცვლილება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ დამოკიდებულება არ გაიზარდა. რაც შეეხება კალაძის დაბარებას, ამ თემაზე უმრავლესობა იმსჯელებს და თუ ჩათვლის, რომ მოსმენა საჭიროა, რატომაც არა, მაგრამ რა ინფორმაციც მაქვს მიღებული, დამატებით მოსმენას საჭიროებას ვერ ვხედავ“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
დეპუტატი ოპონენტების კრიტიკასაც ეხმაურება იმ ნაწილში, სადაც ისინი ინტერესდებიან, თუ რა სხვაობა იქნება თანხობრივად და ნატურით ანაზღაურებულ გაზს შორის.
„სხვაობა მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. არავინ არ უარყოფს, რომ ეს პირობა ჩვენთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება და ცხადია, რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პირობას წამოგვიყენებდა და არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. სხვაობა დიდი თუ იქნება, ეს საკითხი დაბრუნდება, მაგრამ რას ნიშნავს, შესაძლებელი იყო და საქართველოს მეტის გაკეთება შეეძლო? მოლაპარაკებების პროცესში ან რაღაცას თმობ, ან - არა. როცა კონფრონტაციაზე მიდიხარ, ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებ. ენერგეტიკის სამინისტროსგან შთაბეჭდილება არ დამრჩა, რომ მოლაპარაკებები არასწორად იქნა წარმართული“, -აღნიშნავს დეპუტატი.
კაკულია საკითხთან მიმართებაში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სამშობლოს გაყიდვას და კაპიტულანტობას ადგილი არ ჰგონია.
„საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია პოლიტიკოსებზე იმის მიხედვით აღარ მსჯელობს, რასაც ისინი ამბობენ, არამედ იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ რა ალაპარაკებთ მათ. ანუ, მოსახლეობას რეალური მოტივაციები აინტერესებს. საზოგადოება კარგად ხედავს, გამონათქვამების უკან რა დგას და ამის იგნორირებას პოლიტიკოსები აკეთებენ და მათ ჰგონიათ, რომ მათ შესახებ საზოგადოებრივი აზრი სწორედ იმით ყალიბდება, რასაც ისინი ლაპარაკობენ და არა იმით, რაც მათ ალაპარაკებს. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სამშობლოს გაყიდვას და კაპიტულანტობას ადგილი არ ჰგონია. თუ ვიღაცა თვლის, რომ მაგიდაზე მუშტების დარტყმით მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ალბათ, არა. რუსეთის მიმართ მწყობრი პოლიტიკა გვაქვს. სუბიექტური აღქმის დონეზე, ბევრი რამ მე თვითონაც არ მომწონს, მაგრამ მგონია, რომ მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, საბოლოო მიზნის მიღწევის სურვილიდან გამომდინარე, რუსეთის მიმართ ჩვენი რაციონალური პოლიტიკა სწორია და არა იქედან, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს“, - აცხადებს კაკულია.
კანონმდებელი ვერ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა შეთანხმების გასაჯაროვება, თუმცა, ამასთანავე მიუთითებს, რომ დოკუმენტის კონფიდენციალურობა რუსეთის მოთხოვნა იყო.
„როცა მოთხოვნაზე თანხმდები, მისი გასაჯაროვების უფლება არ გაქვს, თორემ მეც მივესალმებოდი, რომ საჯარო იყოს, რადგან როცა საზოგადოებას შედარების საშუალება ექნებოდა, ნაკლები კითხვა იარსებებდა“, - დასძენს კაკულია.
შეთანხმების პერიპეტიებზე აპელირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ, უსაფუძვლო შეტევას მთავრობის მიმართ და დეზინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის.
„საპარლამენტო რეგლამენტი არსებობს, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ განხილვა ამ ისტერიულ ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. რეალობაში არავინ არ მალავს იმას, რომ გარკვეული დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ რეალობა აწონილ-დაწონილი განცხადებების გაკეთებას მოითხოვს. განსაკუთრებით, პრეზიდენტისგან. კითხვა ისმის, შარშან თუ მივაღწიეთ, წელს რატომ არ მივაღწიეთო. ალტერნატივა გქვონდა, რომ ტრანზიტზე უარი გვეთქვა. რუსეთი სომხეთში გასული გაზის მოცულობიდან 10 პროცენტს საქართელოს აძლევდა, რაც დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყო. ამის ნაცვლად, რუსეთი ამბობს - პრინციპულად ვითხოვ, რომ ნახევარს ტრანზიტისთვის გაზით გადავიხდი, ნახევარს თანხასო. ასევე ამბობს, თუ გაზის დეფიციტი გაგიჩნდებათ, მზად ვარ, ეს გაზი იაფად მოგყიდოთო. ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო ასეთი, არ გვინდა და გაზს არ გაგატარებინებთ-თქო, მაგრამ ამით დაძაბულობა სომხეთთან შეიქმნებოდა და ჩრდილის მიყენება სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვისთვის მოხდებოდა, ასევე გაზის მილი უფუნქციოდ დარჩებოდა“, - აცხადებს ვოლსკი.
კანონმდებელის თქმით, რუსეთს ალტერნატივა ჰქონდა, რომ ცოტა პატარა დეფიციტის შემდეგ, სომხეთის მომამარაგება სხვა წყაროდან განეხორციელებინა.
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ გაზის გატარებაზე უარი უნდა ვთქვათ, მასვე მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია შეღავათის გაკეთება, მაგრამ ამ შეღავათისთვის რას მოგვთხოვს, ეს საკითხავი იქნება. რუსეთზე დამოკიდებული არც ახლა ვართ და არც შემდეგ ვიქნებით, ეს კომერციული შეთანხმებაა, რომელიც ასეა თუ ისე, შექმნილ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, - დასძენს ვოლსკი.