„პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში დიდად ჩახედული არ უნდა იყოს“

„პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში დიდად ჩახედული არ უნდა იყოს“

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია. რადგან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით, შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება და, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა. გარდა ამისა, მაგრველაშვილისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით.

„გაზპრომთან“ მიმართებაში ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რაც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ 29 დეკემბრის მიღებულ რეზოლუციაში იყო აღნიშნული. პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას“...!

ხოლო ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტში წერია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება“, - ამბობს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ „გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გაზპრომ ექსპორტმა“ და ქართულმა მხარემ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ, მხარეები ტრანსპორტირების საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

„მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მ3 გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში გაზის მოქნილი პირობებით, 2016 წელთან შედარებით, 1000 მ3-ში 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად მიწოდების გარანტორად გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, სასურველი იქნებოდა პრეზიდენტის განცხადება დაყრდნობილი ყოფილიყო სპეციალისტების პოზიციაზე, რადგან პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში დიდად ჩახედული არ უნდა იყოს. შესაბამისად, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც პოლიტიკური ფუნქცია აქვს და ასეთად უნდა განვიხილოთ.

„პოლიტიკური ფუნქციის მქონე განცხადებას, რაღაცა სანდოობის ხარისხი ხომ უნდა ჰქონდეს?! როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობა დაზიანდაო, ეს პროფესიონალმა უნდა თქვას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პრაქტიკულად, პროფესიონალების პოზიცია მეც მაინტერებს და ვერსად ვერ გავიგე, რადგან პოლიტიკოსების ასეთმა პრეტენზიულმა განცხადებებმა გადაფარა ეს საკითხი.

თუკი ენერგეტიკული მხარე არ ზიანდება, მაშინ პოლიტიკური მხარეც არ არის ასეთი შეფასების ღირსი. ჩვენ შეიძლება საკუთარ პოლიტიკურ ელიტას იმგავრი სტრესის ქვეშ ვამყოფებთ, რომ ყველა ნაბიჯის მერე მათ ექნებათ შიში, რომ მოღალატეებს დაუძახებენ. პრეზიდენტის ეს მოთხოვნები ნიშნავს, შეამოწმო ღალატი ხომ არ არის ამ მოვლენის უკან. ვინ უნდა შეამოწმოს, პარლამენტმა, რომლის უმრავლესობას წარმოადგენს გუნდი, ვინც კახი კალაძე დანიშნა? - გაუგებარი მოთხოვნაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება საქმის რეალურ ვითარებას, საყვარელიძე აცხადებს, რომ ფულად ანგარისწორებაზე გადასვლას საქართველოსგან დასავლეთიც ითხოვდა, როგორც უფრო ცივილიზებულ ფორმას. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც დასავლეთი ითხოვდა რუსეთისგან ანალოგიური წესის შემოტანას. მისივე შეფასებით, სანამ ეს მიზეზები გარაკვეული არ არის, ნაადრევად მეჩვენება ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური და ენერგეტიკული ინტერესები დაზარალდა.

„დგას თუ არა პოლიტიკური ინტერესები, ეს გასარკვევია. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ რახან რუსეთია, იქ პოლიტიკური ინტერესებია. ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, რეალურად შევხედოთ სიტუაციას, რუსეთს ჩვენთან ურთიერთობაში სჭირდება „გაზპრომის“ გამოყენება, იმ ქვეყანასთან ურთიერთობაში, რომლის დედაქალაქიდან 60 კილომეტრში ჯარები ჰყავს ჩაყენებული?

სასაცილო მდგომარებობაში ხომ არ აღმოვჩნდებით, ასეთი რეაქციის მიცემით. ღიმილის მომგვრელია, რომ ქვეყანა რომლის ტანკების დღეს მთელს მსოფლიოს ეშინია და რომლის ეს საშიში ტანკები შენთან დგას, ამ ქვეყანასთან ხიფათად მიგაჩნდეს ის, რომ „გაზპრომი“ ფულად ანგარიშსწორებაზე გადავა, თუ ნატურით ანგარიშსწორებაზე“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.