საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ

საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ

საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით - ასე მიიჩნევს NDI-ის მიერ გამოკითხულთა 53%, ანუ საქართველოს 3 141 მოქალაქე. კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრის პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი პლუს-მინუს 1,8%-ა.

„როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ. საერთო ჯამში 71% ემხრობა მთავრობის გაცხადებულ მიზანს - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 61% კი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, განსხვავება მხოლოდ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა, სადაც გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ევროკავშირსა და ნატო-ს მხარს არ უჭერენ, რადგანაც მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას, ვის უჭერს მხარს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობის უცვლელი პოზიცია, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით, შედეგია იმისა, რომ ქართველმა ადამიანმა დაინახა საპასუხო ნაბიჯი დასავლეთისგან. მისი თქმით, ეს შედეგი გამოწვეულია როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ასევე დასავლეთის მიერ და თუ ამას გააცნობიერებენ დასავლეთში, საყვარელიძე თვლის, რომ მხოლოდ კარგი შედეგის მომტანი იქნება.

„რაც შეეხება გამოკითხულთა 31%-ს, რომელიც თვლის, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, არ ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ნაწილია. ადვილი დასანახია, ეს პროცენტი უფრო მეტია, ვიდრე იმ პარტიების რეიტინგი, რომლებიც პრორუსულ პარტიებად მოიხსენიება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, იმდენად, რამდენადაც ეს არის ხალხი, რომელმაც იცხოვრა საბჭოთა კავშირში, სადაც ეს პრობლები, რაც დღეს მათ უდგათ, არ იყო. ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანების ნაწილი ნოსტალგიურად არის განწყობილი პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მაშ ასე, NDI-ის გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. გამოკითხულთა 7% არც ერთ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ხოლო, გამოკითხულთა 18%-ისთვის ეს მიუღებელია. გამოკითხულთა 61% მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ხოლო 25% წინააღმდეგია.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 54% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. გამოკითხულთა 18% თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან და ევროკავშირთან. ამასთან, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 9%-ის აზრით კი, მხოლოდ პრორუსული. გამოკითხულთა დანარჩენმა ნაწილი არ იცის როგორი უნდა იყოს ქვეყნის კურსი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ NDI-ის გასული წლის ასეთ გამოკითხვებთან შედარებით, ამ გამოკითხვის შედეგები ყველაზე უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ასეთი შედეგი მაჩვენებელია იმისა, რომ გამოკითხულთა 84% საკუთარი რესურსების ამარად დარჩენილი საქართველოს პერსპექტივას ვერ ხედავს. შესაბამისად, უმრავლესობა მზად არის მიეკედლოს ევროპას, შედარებით უმცირესობა კი, რუსეთს.

„რაიმე სახის ოპტიმისტური პერსპექტივა ქვეყნის მიერ დამოუკიდებელი განვითარებისა, ამ კვლევაში არ ჩანს. საკმაოდ ოპტიმისტურია ეს გამოკითხვა, მაგალითად, რა ნაბიჯებია გადადგმული სახლემწიფო მმართველობის მიერ ასეთი შედეგის მისაღებად. თუ ვირჩევთ ევროატლანტიკურ მიმართულებას, მაშინ რატომ მოსდის ვინმეს თავში, რომ ამერიკელების მიერ რეაბილიტირებული და გადარჩენილი გაზსადენის ნაწილი რუსეთის გახდეს? ეს ბადებს კითხვებს.

მაგრამ 3141 პირისპირ ინტერვიუს მიმცემ ადამიანებს მეც ვუერთდები, რადგან ჩემი აზრით, ეს მონაცემები ყველაზე ახლოს არის რეალობასთან, რასაც აქამდე ვხედავდით NDI-ის კვლევებში. ციფრებიც და შეფარდებებიც ევროკავშირსა და ნატოს შორის სრულიად დამაჯერებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეება კვლევის სოციალურ ნაწილს, წინა კვლევების მსგავსად, ბოლო კვლევაშიც გამოიხატა, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც ასახელებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ხოლო 34% თავს დასაქმებულად თვლის. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია. გამოკითხულთა 17%-სთვის 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26%-ის თქმით, გაუარესდა. ამასთან, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, წინა კვლევების მსგავსად, ბოლო კვლევაშიც გამოიხატა, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. მისი თქმით, წინა კვლევების მსგავსად, გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ, როცა მესამედი თვლის, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა იგივე დარჩა, ან გაუარესდა. ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შეფასება, სადაც მოსახლეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი, ხოლო ისინი, ვისაც თვითმმართველობის ორგანოებთან შეხება ჰქონია, მათთვის ეს გამოცდილება პოზიტიურია და ამბობენ, რომ იქ მომუშავე ხალხი კომპეტენტური იყო, ძირითად შემთხვევაში კი, პრობლემები გადაუჭრიათ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, NDI-ის კვლევების ეს ნაწილი ყოველთვის სანდო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე პოლიტიკური ნაწილი, რადგან სოციალურ ნაწილში პოლიტიკური ტიპის გავლენა არ იყო.

„რაც შეეხება იმას, რომ 66% დასაქმებულად არ მიიჩნევს თავს, აქ ორი მხარეა, საიდან მოდის, რომ 66% თავის თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს? - მოგახსენებთ, მაგალითად, კერძო ტაქსის მძღოლი მიიჩნევს თუ არა დასაქმებულად თავს, რადგან თვითონ დაისაქმა თავისი თავი, ხელფასს არავინ აძლევს და, უბრალოდ, შემოსავალს თვითონ იღებს? - ისინი ხშირ შემთხვევაში თვლიან, რომ არ არიან დასაქმებულები. ამ დროს დასაქმებულის ტერმინში არ იგულისხმება, რომ დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს ის, ვინც ვიღაცაზე მუშაობს. შეიძლება ადამიანი თავის თავზე მუშაობდეს და იქიდან ჰქონდეს შემოსავალი. ამ ტიპის საკითხები ადრეც დგებოდა.

ამ გამოკითხვაში იყო თუ არა თვითდასაქმებულებზე ლაპარაკი და იყო თუ არა ეს დიფერენცია, არ ვიცით. ამიტომ, რა იგულისხმება ამ 66%-ში ძნელი სათქმელია. მაგრამ ის, რომ დასაქმების პრობლემა უდგას საქართველოს და უდგას მწვავედ, მთელი 25 წლის განმავლობაში, ეს უდავოა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, საკითხის დაძლევის ორი გზა არსებობს, თუმცა ძნელი სათქმელია, რომელი გზა იქნება უფრო შედეგიანი. ერთი - ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნას, რომ სამუშაო ადგილების პრობლემა, პრობლემად აღარ განიხილებოდეს, რასაც მისი თქმით, დიდი დრო უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, სასურველია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ის განცდა, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია უმჯობესდება.

„ამის განცდა რომ არ არის, ეს არის პრობლემა. ძალიან ძნელი სათქმელია როგორ უნდა განაწყოს ოპტიმისტურად მომავლის მიმართ მოქალაქე სახელწიფომ ან კერძო სექტორმა, რადგან ეს ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობაში. საზოგადოებასთან ურთიერთობაში და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვხედავ პრობლემას, რომ საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი. ვიცით, რომ რაღაცა შენდება, რაღაცა იქმნება, მაგრამ ეს რაღაცა საზოგადოებამდე მიტანილი არ არის საიმისოდ, რომ მათ თავიანთ ქვეყანაზე წარმოდგენა შავ ფერებში არ ჩამოუყალიბდეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.