2016 წელი თავისი წარმატებითა და წარუმატებლობით მნიშველოვანი იყო საქართველოსთვის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური წარმატების თვალსაზარისით. ექსპერტი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, 2016 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ, ახალგაზრდა მაჟორიტარები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მაჟორიტარებს ირჩევენ ადამიანები არა მარტო დარიგებული ფქვილისა და შაქრის ტომრების გამო.
რამდენად საინტერესო იყო 2016 წელი და როგორი იქნება 2017 წლის საარჩევნო პროცესის პანორამა? წლის მნიშვნელოვან მოვლენებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე აფასებს.
თუ გადავხედავთ 2016 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებს, იყო წარმატება, მაგრამ იყო წარუმატებლობაც. რამდენად საინტერესო იყო 2016 წელი?
რამაზ საყვარელიძე: ძალიან საინტერესო წელი იყო 2016 წელი. არ მეგონა, თუ ასეთი წელი გამოვიდოდა, გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური პარადოქსული წელიც არის. ერთი მხრივ ყველაფერი დეჟავიუს პრინციპზე აიგო. სახელისუფლება პარტია აკეთებდა იმას, რასაც 2012 წელს. ანუ გაახსენა ხალხს „ნაციონალური მოძარაობა“ და ამ დაპირისპირებაზე ითამაშა.
მეორე მხრივ, ყველა ოპოზიციური პარტია ნაცმოძრაობის ჩათვლით, აკეთებდა იმას, რასაც საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიები - ხელისუფლების შეცდომების ხარჯზე ხმების მიღების ტიპიური სტრატეგია.
განსაკუთრებით ამ სტრატეგიას „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავდა...
- სხვა პარტიებმა დაიწყეს თამაში იმაზე, რომ არც ერთი ვარგა, არც მეორე და მე ვარ მესამე. „ეს მე ვარ მესამე“-ს თამაში, ადრეც იყო. ირინა სარიშვილი იძახდა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში მესამე ცენტრიო. რაც მთავარია, ძველებური პრინციპით მუშაობდა ამომრჩეველი. მას შეეშინდა ნაცმოძრაობის დაბრუნების და ხმები მისცა „ქართულ ოცნებას“. ძველი სცენარების ამ ნაკრებში, რაც 2016 წლის არჩევნებში დაგროვდა, აბსოლუტურად ახალი შედეგი მივიღეთ. კი, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციაც გავიდა, მაგრამ ეს არ იყო სიახლე. სიახლე იყო იმაში, რომ ფაქტობრივად დაიშალა მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი. ერთადერთი პარტია, რომელმაც ახალი სახეები მიიღო და გაითავისა, ეს არის „ქართული ოცნება“. დანარჩენ პარტიებში ვხედავთ თაობათა ბრძოლას, დაპირისპირებას, ერთი თაობის საერთოდ წასვლას პოლიტიკიდან.
დღეს ფაქტიურად არსებობს სახელისუფლებო პარტია, იმდენად, რამდენადაც სახელისუფლებო პარტიაა. არ ვიცით ხელისუფლებაში არყოფნის შემთხევაში შეინარჩუნებდა თუ არა პარტიულობას. სხვა პარტიები, რომ პარტიები აღარ არიან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს უკვე სახეზეა.
ანუ, ყველაფერი თითქოს ნაცნობი სცენარით მიდიოდა, მაგრამ მივიღეთ აბსოლუტურად ახალი, ანუ, პარტიების დაშლა, თავისთავად საინტერესოა, რატომ გაქრნენ პოლიტიკური პარტიები, ამოწურეს რესურსი?
- სწორედ იმიტომ, რომ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გაიმარჯვებდნენ. იმდენად დიდი იყო იმედი, რომ იმედგაცრუება კატასტროფის ტოლი აღმოჩნდა.
ხელისუფლება დარჩა ოპონენტის გარეშე, რაც თავისთავად ძალიან ცუდია პოლიტიკური პროცესისთვის...
- არსებობს ქვეყანაში რეალური ოპონენტი? „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავიანთი პოზიციის გამართული და ლოგიკური არგუმენტაცია გინახიათ? მაგალითად, ქვეყანაში კრიზისია და უდავოა, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაა, ოპოზიცია ითხოვს საბიუჯეტო სახსრების შემცირებას. კი ბატონო, დაიწყო ახლა შემცირება, ზოგმა რეფორმა დაარქვა, ზოგმა ოპტიმიზაცია, მაგრამ მიდის შემცირება, ახლა ეს ოპოზიცია იძახის, რომ ხალხს სამუშაო ადგილებს შეპირდნენ და ქუჩაში ყრიანო. შეიძლება - ჭრელო პეპელავ ნურც მოფრინდები, ნურც გაფრიდებიზე იყოს პოლიტიკა მუდამ აგებული?
ფაქტია, კრიტიკა არადამაჯერებელია, ვერ ხვდებიან ამომრჩეველი რას ფიქრობს?
- ვერ გეტყვით. ზოგადი ფრაზაა მხოლოდ, რომ მოსახლეობას უჭირს და ამას იძახის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ციხეში ამოალპო სწორედ ის ადამიანები, ვისზედაც დღეს ზრუნავს. ამიტომ, მათ მთელ ამ რიტორიკას ფასი ეკარგება. ოპოზიცია უნდა იძლეოდეს ფაქტებს, ახალ პრინციპებს და ხედვებს, რომელიც არსებულიდან იქნება განსხვავებული.
რა არის განსხვავებული გარდა იმისა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების კუთხით ზოგიერთი ოპოზიციური პარტია სხვა ინტონაციით ლაპარაკობს? პრინციპში, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე „ქართული ოცნებაც“ ლაპარაკობს. ანუ, ის რასაც უნდა იძლეოდეს პოლიტიკური პარტია - ახალ პოლიტიკურ გზას, არც ერთი პარტია არ იძლევა.
გამოდის, რომ არ აქვთ უნარი?
- აი, ამ სიტუაციაში სრულიად გაუგებარია, რატომ არიან ჩაჭიდებული საპარლამენტო რესპუბლიკას, როცა ქვეყანას პოლიტიკური პარტიების წარმოშობის უნარი არ გააჩნია. ამდენი ხანია ამერიკის პოლიტიკაში არსებობენ დემოკორატები და რესპუბლიკელები, მაგრამ მაინც განსხვავებულ სტრატეგიულ ნაბიჯებს ადგამენ. აი, ეს განსხვავება თუ არ არის, ისე რა აზრი აქვს პარტიების შექმნას, მარტო სახელები?!
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ოპოზიციამ გამოაცხადა სრული კაპიტულაცია და აღიარა თავისი უსუსურობა...
- აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან მათი განაცხადი ნიშნავდა კაპიტულაციას. ავიღოთ იგივე რესპუბლიკური პარტია, ყველაზე ძველ პარტიას ეძახიან თავს. ეს ნიშნავს, რომ მასში უფრო მეტი უნდა იყოს პარტიული ტენდენცია, ვიდრე სხვა პარტიებში. მართლაც, რომ ერთი ლიდერი არ ჰყავდა, 5 კაცი ცვლიდა ერთმანეთს ლიდერის პოსტზე. მაგრამ, აი, ამ ტრადიცულმა პარტიამაც უცბად გააკეთა წმინდა ქართული მოვლენა, თავის პარტიას მიაწერა „უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია“, ანუ სახელი და გვარი თუ არ მიაწერე პარტიას, ხალხი ვერ ხვდება ვის აძლევენ ხმას. თითქმის ყველა პარტიას ლიდერის სახელი აწერია. აი, ასეთი სახელებად და პიროვნების ჯგუფებად ჩამოყალიბებულ პარტიებს აზრი აქვს პოლიტიკური სპექტრი ვუწოდოთ? თუ ესენი არიან პოლიტიკოსები, თავთავიანთი გუნდებით და მეტი არაფერი, რომელთაც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ რატომ უნდათ, ეგ არ იციან.
2016 წელს საქართველოს პოლიტიკური წარმატება ჰქონდა დასავლეთთან ურთერთობაში, ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი და უკვე 2017 წელის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ შენგენის ზონაში. თუმცა, საერთაშორისო დონეზე საქართველოს მოსაგვარებელი აქვს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. რამდენად საინტრესო იყო 2016 წელი ამ კუთხით ქვეყნისთვის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა კვირიკაშვილი, რომელიც როგორც პოლიტიკური ფიგურა მიღებული აღმოჩდა დასავლეთისთვის? დასავლელი ლიდერები მას სანდო პარტნიორს უწოდებენ...
- ნამდვილად, გეთანხმებით და საერთოდ, კვირიკაშვილიც 2016 წლის თემაა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ ოპოზიცია, რომელიც - ჭრელო პეპელავ ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების როლშია, ოღონდ გააკრიტიკოს და ყველაფერს აკრიტიკებს, კვირიკაშვილთან შედარებით ფრთხილია. შიშის გამო ნამდვილად არა, იმიტომ, რომ კვირიკაშვილი არ არის აგრესიული. ეს რიდი კვირიკაშვილის მიმართ, უდავოდ მისი დამსახურება და საინტერესო მონაპოვარია. მან არც ერთ პოლტიკურ ორთაბრძოლაში არ დაიკაპიწა ხელები, პასუხები გასცა ძალიან მშვიდად, რაც ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა.
ქართველი პოლიტიკოსები თუ დაფიქრდებიან კვირიკაშვილის ამ წარმატების მექანიზმზე და პოლიტიკურ სტილში თავდაჭერილობაში მიბაძავენ კვრიკაშვილს, მხოლოდ მოიგებენ. ფაქტია, რომ აშკარად მომგებიანია კვირიკაშვილისეული პოლიტიკური სტილი. მომგებიანია იმითაც, რომ კვირიკაშვილმა მომგებიანი გუნდიც წამოაყენა, რასაც დღეს ახალ სახეებს და კვირიკაშვილს გუნდს ეძახიან.
ახალგაზრდები, რომელთაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული, მაგრამ ნამუშევრები არიან საქართველოში. იციან, როგორც საქართველოს პრობლემები და თავისებურებები, ასევე იციან დასავლეთიც. რაც მთავარია, მათ მოითხოვეს გასულიყვნენ მაჟორიტარებად. ვიბრძოლებთ და თუ მოვიგებთ, ეს ჩვენი მოგება იქნება და არა ვინმეს დამსახურებაო.
რაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ ახალგაზრდა გუნდისთვის...
- რასაკვირველია. ამ ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ მაჟორიტარებს ირჩევენ ადამიანები არა მარტო დარიგებული ფქვილისა და შაქრის ტომრების გამო. მაჟორიტარების ეს თაობა და გუნდი, ქართულმა მოსახლეობამ აირჩია პოლიტიკური სიმპათიით. მათ დაამტკიცეს, რომ მაჟორიტარული სისტემა პერსპექტიული სისტემაა ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ახალგაზრდა მაჟორიტარებმა დაამტკიცეს, რომ ქართული მოსახლეობა არ არის შაქარზე და ფქვილზე გაყიდული მოსახლეობა.
მათ რომ მეტი არაფერი გაეკეთებინათ, 2016 წელი ამითაც იქნებოდა აღსანიშნავი ახალ ქართულ ისტორიაში. აქამდე ითვლებოდა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში იმარჯვებს ფულიანი კაცი. ჯიბე გამოფხეკილები მივიდნენ ეს ახალგაზრდები ამომრჩეველთან.
ერთი მაგალითი მინდა მოგიყვეთ, ერთ-ერთი სოფელში ახალგაზდრა მაჟორიტარობის კანდიდატი ჩავიდა, შეხვდა მოსახლეობას და განუცხადა, რომ ერთ კვირაში ისევ შეხვდებოდა მათ. ამ სოფლის მოსახლეობა სხვა სოფლიდან აგროვებდა ხალხს, მოდით, ნახეთ, რა კარგი კანდიდატია, მოუსმინეთო.
გამოდის, რომ ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ნორმალური პოლიტიკური პარტნიორი?
- რა თქმა უნდა და არა შეურაცხყოფა და შაქრის ტომრებზე დაინტერესებულ მასაზე ორიენტირებული. მოსახლეობის ეს იმიჯი, სწორედ კვირიკაშვილის ახალაგზრდა გუნდმა გამოასწორა. რატომღაც მათ ამ უმნიშვნელოვანეს დამსახურებაზე აქცენტი არ კეთდება. ეს მათი დამსახურებაა და პირველ რიგში, თავად გიორგი კვირიკაშვილის, რომ მას პოლიტიკაში ვინმეს ზურგს უკან ყოფნა არ უნდა. მე პირადად ეს ხაზი მეჩვენება 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენად.
რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, 2017 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კუთხითაც, 10 ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პოლიტიკა და არჩევნების შედეგები?
- ერთადერთი რაც შიშს არ იწვევს იმ პერსპექტივების მიმართ, რაზედაც ლაპარაკობს მომავალი არჩევნები ევროპის 10 ქვეყნებში, გახლავთ ის, რომ საქართველოს ყველა ამ ქვეყანასთან ნორმალური ორმხრივი ურთიერთობები აქვს. ევროპა როგორ მოუვლის თავის თავს, ეს წმიდა ევროპული პრობლემაა, ეს არ არის დაკავშირებული რაიმე სახით კავკასიასთან, ან რუსეთთან ურთიერთობასთან.
თუმცა, რუსეთთან ურთიერთობა ფიგურირებს როგორც ერთ-ერთი ხაზი...
- რასაკვირველია, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთთან ურთიერთობის კავკასიური მიმართულება დიდად მნიშვნელოვანი არ იქნება. თუ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაალაგეს, ვიდრე ჰქონდათ და თქვენ მარინ ლე პენი ახსენეთ, მას პუტინთან დაახლოების დიდი სურვილი აქვს. საერთოდ, ევროპაში პოლიტიკური სასწორი მემარჯვენეებისკენ იხრება, რაც ნიშნავს, რომ ეს სასწორი პუტინს უახლოვდება. ეს დაახლოება შეიძლება ჩვენთვის ცუდი არ აღმოჩნდეს, მიუხედავად იმისა, ჩვენ ავტომატურად ვთლით - რაც კარგია პუტინისთვის, ის ცუდია საქართველოსთვის. ძალიან ხშირად რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებას მსხვერპლად ეწირებიან ის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთისკენ მიდიან, რადგან რუსეთი მათზე ტეხავს ჯოხს.
ასეთი ჯოხი რუსეთმა 2008 წელს გადატეხა ჩვენზე. თუ რუსეთ-დასავლეთს შორის დაპირისპირება შემცირდება, ასეთ შემთხვევაში რუსეთი არ შეაჩერებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროპისკენ სვლას და კერძოდ, საქართველოს. ისე როგორც ეს გადაწყვიტა უკრაინაში, შეანელა უკრაინის ევროპისკენ სვლა. ასეთი რამ საქართველოსთან რუსეთს არ გაუკეთებია, ესეც 2016 წლის დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ისე წასულიყო და გადაედგა ნაბიჯები ევროპისკენ, რომ რუსეთის დარტყმა არ მიეღო.
რამდენად რთული იქნება 2017 წელი ქვეყნისთვის, რომელსაც გაზაფხულზე აქვს თვითმმართველობის არჩევნები? ჩვენ არ ვიცით, როგორ გადანაწილდება პოლიტიკური სპექტრი...
- ძნელია წინასწარ საუბარი. დავით უსუფაშვილი გაზაფხულამდე დაგვემშვიდობა. სწორედ გაზაფხულზე გამოჩნდებიან პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები. ალბათ, ჩამოაყალიბებენ მოქმედების სტრატეგიას. ეს სურათი რომ ჩამოყალიბდება, ამის მერე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, როგორი იქნება 2017 წლის საარჩევნო პროცესის პანორამა.