კობახიძის კეთილი ნება და უსუფაშვილის უარი, მარგველაშვილის გაბუტვა და შავგულიძის პოლიტიკური შიშები

კობახიძის კეთილი ნება და უსუფაშვილის უარი, მარგველაშვილის გაბუტვა და შავგულიძის პოლიტიკური შიშები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნილია, კომისიის შემადგენლობა ცნობილია, პირველი სხდომა ჩანიშნულია, ქვეყნის პირველი პირი ისევ უკმაყოფილოა, კომისიის მუშაობისთვის განსაზღვრული დრო სადავოა.

საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქმიანობას დღეს დაიწყებს და ახალი კონსტიტუციური მოდელის მიღებას ოთხი თვის ვადაში შეეცდება, რასაც ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

კონსტიტუციონალისტები ვარაუდობენ, რომ კომისიას მუშაობისთვის ოთხი თვე არ ეყოფა, ირაკლი კობახიძე კი, განსაზღვრულ დროს რეალისტურად უყურებს.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, როცა ვადაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, მმართველ გუნდს ეს ვადა ჰაერიდან არ მოუტანია. მისი თქმით, ოთხ თვეში კონსტიტუციის გადახედვა რეალისტურია, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი, პროცესის ხარისხს საფრთხე შეექმნება, ასეთ ვითარებაში, ვადის გადახედვას წინ არაფერი არ დაუდგება.

დროის გარდა, პოლიტიკური ძალები პრობლემას პროცესის მიღმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დარჩენაშიც ხედავენ, პარლამენტის თავმჯდომარე კი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭოს მდივანი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიაში მუშაობისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი სამუშაო პროცესში მოგვიანებით ჩაერთვებიან“, - აღნიშნავს კობახიძე, რომელის საპასუხოდ, for.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით, მათი პოზიცია უცვლელია.

მათი ცნობით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც უშიშროების საბჭო არ მიიღებენ.

ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილის მსგავსად, კომისიაში მუშაობის თაობაზე უარი მიიღო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგანაც. კობახიძე განმარტავს, რომ მას საკითხზე უსუფაშვილთან კონსულტაცია პირადად ჰქონდა, რადგან პროცესში მისი მონაწილეობა ძალიან ღირებული იქნებოდა.

„მან განმარტა, რომ ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა, რადგან იქ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული. მას პოლიტიკური წარსული და აწმყო აქვს, შესაბამისად, ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ვერც ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა“, - დასძინა კობახიძემ, რომელსაც წინამორბედის თაობაზე თემა მეტად არ განუვრცია. for.ge-ს ინფორმაციით კი, უსუფაშვილი გაზაფხულზე, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მისი მხრიდან კომისიაში ახლა შესვლა, ხოლო მოგვიანებით გამოსვლა, კარგი ფორმა არ იქნებოდა, რაც პარლამენტის თავმჯომარესაც განუმარტა.

უსუფაშვილ-მარგველაშვილისგან განსხვავებით, კომისიაში აქტიურ საქმიანობას გეგმავენ ის პირები, რომლებიც უკვე კომისიის წევრებად ითვლებიან. მათ შორის კონსტიტუციონალისტების რიგებიდან არიან - ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც for.ge-ს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებას გააკეთებდა, მას ესაუბრა და კომისიის წევრობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა განაცხადა.

„ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში ის ხალხია, რომელთა შორის ზოგს კონსტიტუციის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ეს ნაწილი იმ მოთხოვნებს პასუხობს, რასაც საკონსტიტუციო კომისია უნდა აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება პარტიულ წარმომადგენლობას, მათზე საუბარი გამიჭირდება, რადგან შემადგენლობა ზუსტად არ ვიცი“, - აცხადებს ხმალაძე.

ყოფილი დეპუტატის მსგავსად, ირაკლი კობახიძემ პირადად დაურეკა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძესაც. for.ge-სთან საუბარში ძაბირაძე აცხადებს, რომ მას სურს, რომ კომისია ეფექტური იყოს და ვარაუდობს, რომ კომისიას მუშაობისთვის ოთხი თვე არ ეყოფა.

„ვნახოთ, მუშაობა როგორ წავა და წინ რა საკითხები წამოიწევს. მგონია, რომ ოთხი თვე მუშაობისთვის არ გვეყოფა, მაგრამ თუ არ გვეყოფა, კომისია საქმიანობას გააგრძელებს. პერსონალურ შემადგენლობას არ გავცნობივარ. კომისიაში სხვები როგორ არიან და ვინ არიან არ ვიცი, მაგრამ თუ კომისია მოინდომებს, უფრო ეფექტური მუშაობაც შეიძლება“, - დასძენს ძაბირაძე.

კომისიაში მუშაობას გეგმავს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძეც, თუმცა, ყოფილი დეპუტატი უკვე ვარაუდობს, რომ კომისიის საქმიანობა მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ იმ სურვილის რეალიზებაზე, რომ ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინოს და პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიქვემდებაროს.

როგორც for.ge-ს შავგულიძემ განუცხადა, მას კომისიის მუშაობის ფარგლებში, მაინც და მაინც პოზიტიური საბოლოო შედეგის მიღების მოლოდინი არ გააჩნია.

„ამას თავისი საფუძველი აქვს. ანონსირება მოხდა, ეს კომისია თუ რა ცვლილებების გატარებას ფიქრობს. ეს არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შეცვლა. ფაქტიურად, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს დანიშნავს, რაც ამ ინსტიტუტს დამოუკიდებლობას დააკარგვინებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი იქნება. ოთხთვიანი ვადა იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასწარ აქვს განსაზღვრული, კომისიაში თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს, რადგან ოთხ თვეში შეუძლებელია კომისიამ პოზიციები მოისმინოს, შეაჯეროს და შეჯერებული პოზიციები კანონპროექტების სახით ჩამოაყალიბოს“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

შავგულიძე საკითხზე საუბრისას განსაკუთრებულ აქცენტს პროცესის მიღმა პრეზიდენტის დარჩენაზე აკეთებს და ამბობს, რომ შიშებს ისიც ამყარებს, რომ პრეზიდენტს თანათავმჯდომარეობაზე უარი ეთქვა, რისი ლეგიტიმური ახსნაც ვერ მოისმინეს.

„ეს იმას გვაფიქრებინებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, კომისიის საქმიანობაზე აბსოლუტური კონტროლი განახორციელოს და პრეზიდენტმა უხერხულობები არ შექმნას თუნდაც იმით, რომ ისეთი ექსპერტები და არასამთავროები არ მოიწვიოს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილნი იქნებიან. ალბათ, კომისიის საქმიანობა მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ იმ სურვილის რეალიზებაზე, რომ ხელისუფლების სრული უზურპაცია მოახდინოს, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაქვემდებარებას და გაკონტროლებას გულისხმობს. ამ შიშების მიუხედავად, კომისიაში საქმიანობას მაინც ვგეგმავთ“, - აღნიშნავს შავგულიძე.

ყოფილი დეპუტატის ცნობით, ის კომისიას რამდენიმე ინიციატივას შესთავაზებს. მათ შორის იქნება - საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი, პროკურატურის ადგილის გადასინჯვა სახელისუფლებო შტოებს შორის და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კომპეტენციის გაზრდა.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, კომისია 73 წევრისგან შედგება, რომლის მდივანი თამარ ჩუგოშვილი იქნება. უმრავლესობის რიგებიდან კომისიის წევრები იქნებიან: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, ზვიად ძიძიგური, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, მამუკა მდინარაძე, კახა ოქრიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, სიმონ ნოზაძე, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, სოფო კილაძე, გედი ფოფხაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა გაბუნია, სავალან მირზოევი, ენზელ მკოიანი.

საპარლამენტო უმცირესობისდან იქნებიან: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სალომე სამადაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიდან“ იქნებიან: ირმა ინაშვილი, ნატო ჩხეიძე, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების რიგებიდან წარდგენილი არის სალომე ზურაბიშვილი.

ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, კომისიაში ასევე იქნებიან იმ პარტიების და ბლოკების პირველი ნომრები, რომელთაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ ამომრჩეველთა ხმების 3% მიიღეს. ასეთები კი არიან: შალვა შავგულიძე („თავისუფალი დემოკრატები“), დიმიტრი ლორთქიფანიძე ( „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“), გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), ნიკა მაჭუტაძე („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომისიაში წარდგენილი არიან: გიორგი აბაშიშვილი და ანა დოლიძე, ხოლო მთავრობიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. კომისიაში ასევე წარდგენილი იქნებიან საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ზაზა თავაძე და ნინო გვენეტაძე. კომისიაში ასევე იქნებიან: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა შორის არიან: ანა ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ლაშა ტუღუში, არნო სტეპანიანი, დავით ასათიანი, რატი ბრეგაძე, ვასილ გონაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახტანგ მენაბდე, შალვა პაპუაშვილი, ზაზა რუხაძე, მინდია უგრეხელიძე, თენგიზ შარმანაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე, ჯონი ხეცურიანი და ვახტანგ ხმალაძე.