შს მინისტრი არ ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრების - ნიკანორ მელიას და ოთარ კახიძის ბრალდებას, რომ უწყება სტატისტიკას მალავს. მინისტრი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის, მაგრამ ზუსტი ციფრები წლის ბოლოს გახდება ცნობილი. მინისტრის თქმით, სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება და უწყება ინფორმაციას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ „საქსტატს“ უგზავნის.
„არ შეიძლება წლის ბოლომდე ითვლებოდეს რაიმე და ქვეყნდებოდეს ყოველთვიურად. ჩვენ მაქსიმალურად, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებით ვითვლით და ვაქვეყნებთ ამ სტატისტიკას. თქვენ რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოითხოვოთ წლის სტატისტიკა, ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ჯერ არავის აქვს დათვლილი.
ჩვენ მუდმივად, ასე ვთქვათ, დათვლის რეჟიმში ვიმყოფებით, რადგან, რატომღაც ასეთი ფონი მიეცა ამას, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა არის ეს. საზოგადოებრივ დაკვეთას მე ამ ნაწილში ვერ ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე საზოგადოება არ არის. ჩემთვის უფრო ფართო მასშტაბებია საზოგადოება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
„სამინისტრო ბალასტისგან გათავისუფლდება“, - გიორგი მღებრიშვილის ეს განცხადება კი, მორიგი ხმაურის საფუძველი გახდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შს მინისტრი სამართალდაცველების მიმართ არაკორექტულობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს, სამინისტროს თანამშრომლებს აუხსნას რატომ უწოდებს მათ ბალასტს.
მოგვიანებით მღებრიშვილმა მის განცხადებაში მეტი სიზუსტე შეიტანა და განმარტა, რომ ბალასტად ისეთ ადამიანებს თვლის, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს და ჩირქს სცხებენ მას. მინისტრის თქმით, 40 ათასიან კოლექტივში შესაძლოა ასეთი ადამიანები იყვნენ.
„ჩემს განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი, გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს.
სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლებელია იყვნენ ასეთი ადამიანები, რადგან 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და გამორიცხული არ არის. ბალასტში მე ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უზრუნველყო საკმარისი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში პრაქტიკულად, არის ეკონომიკური კრიზისი, აუცილებელი გახდა კადრების ოპტიმიზაცია.
„დაუშვებელია, რომ შს მინისტრი საუბრობდეს ამგვარი ენით საკუთარ თანამშრომლებზე. არ უნდა უწოდოს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს ბალასტი. ადამიანები რომლებსაც სამსახურის დატოვება უწევთ ოპტიმიზაციის თუ რეორგანიზაციიის გამო, არიან ჩვეულებრივი ადამიანები.
მათ უნდა აუხსნან, რომ მთავრობის ეკონომიკური კრიზისის გამო უწევთ მსგავსი რამის გაკეთება. ბოდიში უნდა მოუხადონ და ასე მოხდეს ოპტიმიზაციის პროცესი. არ უნდა დაამცირონ და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ თანამშრომლებს. მათ ბალასტი არ უნდა უწოდონ. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი ქმედება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მღებრიშვილის განცხადებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს სიტყვებზე არ უნდა გამოვეკიდოთ. ნარჩემაშვილის განცხადებით, მთავარია შინაარსი და არა ტერმინოლოგია.
„ვფიქრობ, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა გამოვეკიდოთ სიტყვებზე - რა არის ნახსენები. მთავარია ის შინაარსი, რომელი შინაარსიც მისი ქმედებით უნდა იყოს განპირობებული. შინაარსი არის ის, რომ მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, როგორც შს მინისტრს, აქვს სისტემაში ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის უფლება და ამის სრული კანონიერი საშუალება.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს შინაარსი და არა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რა ტერმინოლოგია როგორია და ა.შ. არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერზე უფრო აუცილებელი ის, რომ მინისტრის ტერმინოლიგიას გამოვეკიდოთ. არ არის საჭირო, ვამტვრიოთ ღია კარები“, -ამბობს კობა ნარჩემაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრს ტერმინს უწუნებენ ექსპერტები. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ უდგას რუსთაველის პრობლემა - „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. მისი თქმით, სამწუხაროდ, ხანდახან ვერ ხვდებიან, როდის რისი თქმა სჯობს და რისი არა.
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს ფრაზები ტაქტით გამოირჩევა. არ გამოიყურება ძალიან მომგებიანად აღმასრულებელი ხელისუფლების და მით უმეტეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, როდესაც იგი ძირითადად, პოლიტიკურ განცადებებს აკეთებს. ამდენად, სასურველია, რომ ამ რანგის თანამდებობის პირები მეტი ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ სათქმელს.
იმედია, კოლეგები ერთმანეთს დაელაპარაკებიან ამ თემაზე და მიხვდებიან, რომ ამ ტიპის განცხადებებით ერთმანეთს უშავებენ. წესით, ამ ტიპის განცხადებამ ვალედბული უნდა გახადოს რომელიმე უფრო მაღლა მდგომი პირი, იგივე კვირიკაშვილი, გააკეთოს ახსნა-განმარტება და გაემიჯნოს ამ განცხადებას“, - აცხადებს რამაზ საყვრელიძე.
მისივე თქმით, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს მოუწია თოფაძის განცხადებებისგან გამიჯვნა, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის შიდა პოლიტიკური უტაქტობების კრიტიკა, რაც ასევე გამიჯვნას ნიშნავდა.
„გამოდის, რომ მაშინ ღარიბაშვილმა ჩააგდო ივანიშვილი უხერხულ მდგომარებაში, ესენი ერთმანეთს აგდებენ უხერხელ მდგომარებაში. ცალკე აღებული პიროვნება სხვა არის, მაგრამ გუნდში როდესაც ხარ, სხვა პასუხისმგებლობა გაქვს. ჩვენ რომ ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდში, გასაგები იქნება, რადგან პოლიტიკური ბრძოლაა, თანაც, ეს გასაგები იქნებოდა მაშინ, პარტიის წევრი რომ ყოფილიყო მღებრიშვილი, მაგრამ სავსებით შეუძლებელია მინისტრი მღებრიშვილი ჩაერთოს პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
ისევ და ისევ სირთულეებს იქმნიან, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რისთვის იწვევენ ამ გართულებებს, რადგან ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ქართულ პოლიტიკაში ითვლება, რომ რაც უფრო მკვახედ ილაპარაკებ ოპოზიციაზე, მით უფრო ვაჟკაცი ხარ, მაგრამ ეს მკვახე ლაპარაკი პოლიტიკურ ოპონენტებზე, თვითონ ნაციონალებს არ გამოადგათ.
ერთ-ერთი რასაც მოსახლეობამ მისაცა რეაქცია, ეს იყო - უტაქტო ლაპარაკი. ის, რაც მარცხიანი აღმოჩნდა ნაციონალებისთვის, რატომ უნდა გადმოიღოს იმავე ნაციონალების ოპონენტებმა, ეს აბსოლუტურა გაუგებარია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყავრელიძემ.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულ კადრების ოპტიმიზაციას, უნდა დაექვას შემცირება, რადგან ბალასტი ეს არის სიმძიმე, რომელიც გამძიმებს, არ გჭირდება და მისგან უნდა გათავისუფლდე, რაც არ უკავშირდება რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას.
„ბალასტი თუ გაქვს, გამოდის, რომ მანამდეც გქონდა ბალასტი. ეს არ არის შესატყვისი ტერმინი, არ ასახავს ოპტიმიზაციას, ეს არის შეცდომა. მინისტრმა თვითონ განმარტა, რომ ბალასტში გულისხმობდა იმ პოლიციელებს, რომლებიც ლახავენ ამ სამინისტროს რეპუტაციას, მაგრამ ვინც რეპუტაციას ლახავს, ის შემცირებასთან არანაირ კავშირში არ არის.
ბალასტი თუ გქონდა, მანამდეც უნდა გაგენთავისუფლებინა. მინისტრმა არასწორი ტერმინი გამოიყენა, რაც სწორი არ არის და ეს არის პრეს-სამსახურის პრობლემა. როდესაც მინისტრი გამოდის საჯაროდ, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, რომ მისთვის საპარლენტო უმცირესობის წევრები ნიკანორ მელია და ოთარ კახიძე საზოგადოება არ არის, სოციოლოგი ამბობს, რომ რთულია შენი სუბიექტური განცდა არ გამოხატო, მაგრამ მინისტრს ეს ევალება, რადან ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, მან უნდა გაზომოს განცხადებები და მათ შორის „ნაციონალაური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ.
„ყველას გაგვაჩნია ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ და არ არის ეს დადებითი, მაგრამ გვინდა თუ არა, ეს არის ოპოზიციური ძალა და ამ ფრაქციის წარმომადგენლებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
ის, რომ ისინი მღებრიშვილისთვის არ არის მთლიანი საზოგადოება, ეს სწორია, მთლიან საზოგადოებას არ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ნახევარ ადამიანს. ეს ნახევარი მილიონი ადამიანი ღირსია მიაწოდო ინფორმაცია. შეიძლება თქვა, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტატისტიკის აღრიცხვიანობა არასწორად მიმდინარეობდა, როგორი იყო მაშინ დანაშაული ისიც ვიცით, 30 ათასი პატიმარი იყო ციხეებში“, - ამბობს გორგილაძე.
მისი თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაცია, რაც არის თითოეული მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც გიორგილაძე ამბობს, მინისტრს ჰყავს თავისი პიარ-სამსახური და შესაბამისი განცხადებები მკაცრს ფილტრს უნდა გადიოდეს.
„საზოგადოება ითხოვს ინფორმაციას მთავრობისგან, არა მხოლოდ ამ გადაადგილებეთან დაკავშირებით, არამედ ლარის დევალვაციასთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით. მთავრობა ახლა ინტენსიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოების ინფორმირებულობის კამპანიაში - რა ხდება ქვეყანაში, რას მოიტანს ეს რეფორმა, რა საფრთხეები და რისკებია მოსალოდნელი, რას ურჩევენ და რა ღონისძიებებს განახორციელებენ სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, ვინაიდან მოსალოდნელია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა. აი, ამით უნდა იყოს დაკავებული მთავრობა და არა ნოტაციების წაკითხვით, თუნდაც მიუღებელი ოპოციისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.