„ძნელად, მაგრამ ქვეყანა შეიძლება დაადგეს აღმავლობის გზას“

„ძნელად, მაგრამ ქვეყანა შეიძლება დაადგეს აღმავლობის გზას“

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, Renaissance Capital-ის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, ლარი თავის სამართლიან ღირებულებას 7 პროცენტით ჩამოსცდა. საინვესტიციო ჯგუფის გათვლებით, მისი სამართლიანი ღირებულება დოლართან მიმართებით 2.55 ლარია.

„ქვეყნის ბოლოდროინდელი ანალიზით მივიჩნიეთ, რომ 2.50 ლარი/აშშ დოლართან იქნებოდა ათვლის წერტილი 2017 წლის ბოლოსთვის, თუმცა იქვე მივუთითეთ, რომ თურქული ლირისა და აზერბაიჯანული მანათის შესუსტების რისკი მაღალი იყო, რის გამოც ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეიძლებოდა 2.75 გამხდარიყო. ამ ნიშნულს ლარმა უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე ვვარაუდობდით. ამ ბოლოდროინდელ სისუსტეს რამდენიმე მიზეზით ვხსნით: ჩვენი მოსაზრებით, ლარის კურსის ცვლილება გამოწვეულია თურქული ლირის სწრაფი გაყიდვებით. თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და 2016 წლის პირველ 9 თვეში მასზე მოდიოდა მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 17%. ამდენად, ლირის სისუსტე ლარის სამართლიან ღირებულებას ასუსტებს. მეორე მიზეზია არასახარბიელო სეზონურობა, რაც საქართველოში წელიწადის ამ დროს ტურისტების მცირე ნაკადის შემოდინებით არის განპირობებული, ისევე, როგორც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი - ზაფხულის თვეებთან შედარებით.

... ჩვენი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოდელი ცხადყოფს, რომ ლარი თავის სამართლიან ღირებულებას დაახლოებით 7 პროცენტით ჩამოსცდა. ეს ნიშნული ძალიან ახლოსაა ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ადგილზე გაცვლით კურსს შორის ყველაზე დიდ სხვაობასთან, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დავინახეთ. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც იმის ნიშანს, რომ ლარის სისუსტე შეიძლება მის პიკურ მაჩვენებელთან ახლოს იყოს და ამიტომ მალე დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება. თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თურქული ლირის დასტაბილურება ამის ძირითადი წინაპირობაა“, - ნათქვამია კვლევაში.

დღემდე რატომ ვერ მოვისმინეთ საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან სათანადო, კვალიფიციური განმარტებები ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ როგორ აისახება ქართველ ჩინოვნიკთა ურთიერგამომრიცხავი განცხადებები არსებულ მდგომარეობაზე და რეალურად, ყველაფერი კარგადაა თუ პირიქით, საზოგადოებისთვის გამოცანად რჩება. მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

დემურ გიორხელიძე: ახალს ვერაფერს ვიტყვი, რადგან 2015 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ამაზე ვსაუბრობ - ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კიდეც ჩემი შეფასებები, სადაც სწორედ ამ თემებზეა საუბარი - ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ მას შემდეგ, რაც ლარი 2.4 ნიშნულზე შეჩერდებოდა, თუ აუცილებელი ღონისძიებები არ გატარდებოდა, ის კიდევ უფრო ქვევით წავიდოდა.

რამდენიმე თვის წინ დეტალურად გავწერე ლარის სტაბილიზაციის და არა მისი იდიოტური გამყარების სქემა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას რატომღაც არაფერი ესმის, ისე როგორც 26 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს აღარაფრის გაგონება აღარ უნდათ და თვითკმაყოფილებისგან უკვე საქმეს ვეღარ აკეთებენ.

მძიმე სიტუაციაა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რომ მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდა, ვერ ასახავს რეალობას. ორიოდე თვის წინაც ვამბობდი, რომ საგარეო ფაქტორები ცუდია და კიდევ უფრო ცუდი იქნება 2017 წლისთვის.

ახლა თქვენი გამოცემის საშუალებით მინდა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას იგივე - საგარეო ფაქტორები იმაზე ცუდი იქნება, ვიდრე წელს არის, ამიტომ საჭიროა მისი კომპენსირება საშინაო პოლიტიკით. არა მხოლოდ ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო, არამედ მთლიანობაში საშინაო პოლიტიკით. თქვენ წარმოიდგინეთ, სავალუტო ფონდიც იგივეს ამბობს, რადგან პროფესიული ორგანიზაცია სხვა რამეს ვერ დაწერდა.

გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია - საშინაო პოლიტიკა არ არის, ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ არის, ხოლო მონეტარული პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, არასწორია და სახეზე გვაქვს კიდეც შედეგი. ორი დღის წინ ინტერვენციის სახით გადაყრილი 40 მილიონი აშშ დოლარითაც არაფერი გამოვა.

ადრეც ვამბობდი, რომ თუ ქართული ეკონომიკა განვითარდებოდა იმის შესაბამისად, როგორც ეს ქვეყნის განვითარების კონცეფციაში იყო მოცემული, დროთა განმავლობაში ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარის ფარგლებში იმერყევებდა. ეს ხელოვნურად კი არ ხდება, არამედ მზარდი ეკონომიკის პირობეში, გაზრდილი წარმოებისა და მომსახურების ხარჯზე, გაზრდილი ფულის მასის, გაზრდილი ხელფასების მოგების ხარჯზე, რომელიც იძლევა იმის სტიმულს რომ ყველაფერი კვლავ განვითარდეს.

დღეს ეკონომიკა კვდება, ფაქტობრივად, განადგურების პირას არის. ის სტატისტიკა, რასაც გვეუბნებიან, სასტუმროები და ა.შ. არასერიოზულია, - არც ერთი ქვეყანა მხოლოდ ტურიზმით არ გამდიდრებულა და განვითარებულა.

ცნობილია, რომ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების განვითარება მოხდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკაში რევოლუციური მიღწევების შედეგად, მაგრამ საქართველოსთვის ეს ყველაფერი უცნობია; არაფერი იმის მსგავსი, რამაც დააწინაურა და გაამდიდრა ქვეყნები, ჩვენთან არ კეთდება და არც სამომავლოდ არ არის დასახული, ამიტომ ვართ ამ სიტუაციაში.

როგორ არის ყველაფერი კარგად, როცა ყველაფერი ცუდადაა?! - დიახ, ჩვენი ხელისუფლება ათი თავით უკეთესია წინა ხელისუფლებასთან შედარებით - არ ყაჩაღობს, არ კლავს, არ ძარცვავს, წილებს არავის ართმევს ბიზნესიდან, ქონებას არავის აფორმებინებს ღამ-ღამობით ნოტარიუსებთან - ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგია საჭირო, რომელიც არ ჩანს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთავრობა ჩაკეტილია. ის არ მიდის საკითხის საჯაროდ განხილვაზე. გადაწყვეტილება რა თქმა უმდა, მათი მისაღებია და არავის არ ვთხოვთ თანამონაწილეობას. იმას ვამბობთ, რომ უნდა ხდებოდეს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სცენარის განხილვა და შედარება, საიდანაც უნდა შეირჩეს საუკეთესო.

დღეს ვინ აკეთებს დასკვნებს, ვინ იძლევა რეკომენდაციებს არ ვიცით, მრჩეველთა და კონსულტანტთა ინსტიტუტები მოშლილია. კი, ბატონო, ყველანი მტყუანი ვართ და არაფერი ვიცით, მაგრამ მთავრობამაც ხომ დადო ფაქტის სახით თავისი მუშაობის შედეგი, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის?  გამოდის, რომ მაშინ ჩვენ ვყოფილვართ მართლები.

წინა ხელისუფლება რატომ იქცეოდა, ისე როგორც იქცეოდა, გასაგები იყო, მაგრამ ამ ხელისუფლების პრობლემა რა არის? თუ არასწორი გზით მიდის, ამას რატომ აკეთებს?

- მათ დაივიწყეს, ქართველი ხალხის ნებით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა - უდიდესი იმედი იყო ხალხისთვის მათი ხელისუფლებაში მოყვანა. ცვლილებების იმედი ჰქონდა ხალხს - დღეს უმუშევრობასა და სიღარიბეში იხრჩობა ქვეყანა.

გვეუბნებიან, რომ ახალი გეგმა გადაგვარჩენს, მაგრამ მდგომარეობა ჩიხურია, ამას ემატება ზოგიერთი ჩინოსნის უცნაური განცხადებები - ზოგჯერ რაღაც აბსურდს გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკას განავითარებს, - ვიზალიბერალიზაცია ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა არ დახარჯონ ზედმეტი ფული ბიუროკრატიაში, ვიზის მისაღებად.

ეკონომიკის გაჯანსაღება ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე კი არა, მთლიანად საშინაო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ფაქტობრივად თუ არა, ემოციურად მაინც, დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა. არჩევნებამდე, განსაკუთრებით, კრიტიკულ სიტუაციებში ბიძინა ივანიშვილი ხშირად საუბრობდა არსებულ პრობლემაზე მედიასთან და სიტუაცია ასე თუ ისე, განიმუხტებოდა-ხოლმე. არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ფართე საზოგადოების წინაშე თითქმის აღარ გამოჩენილა, უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ ერევა პროცესებში, როგორც ადრე ამას ამტკიცებდნენ?

- ჟურნალისტებმა შეიძლება მოისაკლისოთ, მე კი მინდა, რომ სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში ივანიშვილი საერთოდ არ მონაწილეობდეს. მინდა დარწმუნებული ვიყო და ეს ყველასთვის კარგი იქნება, რომ იგი არავითარ კავშირში არ არის ხელისუფლებასთან, გადაწყვეტილებებშიც არ ერევა. თუ პირიქითაა, როგორც ამას ზოგი არასერიოზული, ზოგიც - სერიოზული ადამიანი ამბობს, გამოდის, რომ ეს ცუდი სცენარია, რომელიც სიკეთეს არავის მოუტანს.

ამ ეტაპზე გვაქვს ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდეს? - ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობ...

- ჯერ კიდევ არსებობს ყველანაირი რესურსი, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია. ძნელად, მაგრამ ქვეყანა შეიძლება დაადგეს აღმავლობის გზას. თუმცა შესაბამისი კონცეფცია არ ჩანს. ცნობილი ოთხპუნქტიანი გეგმა არ გახლავთ პროფესიული განხილვის ობიექტი. არ ვიცით ახლო, საშუალო და გრძელვადიან ეტაპებზე რა ღონისძიებებს სახავს ხელისუფლება, რა რეფორმები გატარდება და ა.შ.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც შეეხება, სამთავრობო ხარჯების შემცირებაც არ მოიტანს თუნდაც მცირე შედეგს?

- ვერაფერს გეტყვით. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე რომ დაიწყო საუბარი, ამ ხარჯების შემცირება კი არა, ადამიანების სამსახურებიდან გაყრა გადაწყვიტეს, რომ ისევ ისე იპარპაშონ მივლინებების და ა.შ ხარჯზე. ეს პროცესი როგორც ვიცი, რამდენიმე დიდ უწყებაში იგეგმება და თუ მკითხავთ, ძალიან ცუდი სცენარია.

ანუ ფულის მასის რეალური შემცირება, რასაც ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცა გულისხმობს, არ მოხდება?

- ის, რასაც ოპოზიცია ამბობს, მხოლოდ წყლის ნაყვაა, მწირი ბიუჯეტია, სადაც ბევრი ხარჯი არ არის . 50% ბიუჯეტისა სავალდებულო გადახდებია და აქ ვერაფერი შემცირდება. არსებობს მცირე თანხა, რომლის ოპტიმიზაციაც შეიძლება - სამწუხაროდ, ხარჯებზე დღეს ბევრი არაფერია დამოკიდებული.

თუ ბიუჯეტი წლის განმავლობაში გაწერილია ისე, რომ ეტაპობრივად ხდება ხარჯვა, მას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ლარის კურსზე. პირიქით ამ გაჭირვების დროს სწორად განხორცილებული სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკით დადებით ეფექტს მივიღებდით, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც კი ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ.

ამიტომ, მივიღებთ ისევ ირანში, თურქეთსა და ჩინეთში გაზიდულ საქართველოს ბიუჯეტის ფულს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო მასალები შემოვიტანოთ. გამოდის, რომ ქართულ ეკონომიკაზე კვლავ უმნიშვნელო გავლენა ექნება იმას, რაც შეიძლებოდა, ყველაზე ძლიერი გავლენის მომხდენი ყოფილიყო.