პოლიტიკური ბედის ირონია - ნაციონალები იმას ითხოვენ, რასაც ადრე თავად უარყოფდნენ

პოლიტიკური ბედის ირონია - ნაციონალები იმას ითხოვენ, რასაც ადრე თავად უარყოფდნენ

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მინისტრების დაცვას ცდილობს და როგორც ჩანს, „წარსულის გაკვეთილებს“ არ ითვალისწინებს. საქმე ისაა, რომ უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური დარგის მინისტრებს იბარებს, უმრავლესობა კი, პარლამენტში მთავრობის მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს. ანუ, ისტორია მეორდება.

მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ანუ, დავით ბაქრაძის სპიკერობის დროს, მაშინდელი ოპოზიცია უწყებაში ძალოვან მინისტრებს იბარებდა, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში მოადგილეებს გზავნიდნენ, უარესს შემთხვევაში კი, უწყებაში თავად მთავრობის დამტკიცების დროსაც კი არ ცხადდებოდნენ.

როგორც წლების წინ, ასევე ახლაც, მინისტრებს ხელს ისევ უმრავლესობის წევრები აფარებენ, რითაც მათ ნებსით თუ უნებლიედ, „დათვურ სამსახურს“ უწევენ და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

ერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ეკონომიკური დარგის მინისტრების მისვლა რა პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება, მაგრამ მეორე უმრავლესობის დამოკიდებულებაა, რომელიც ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას ამჩნევს, მაგრამ ამავდროულად, რეგიონში არსებულ ვითარებაზე აპელირებს და მთავრობას ეკონომიკურ პროცესებზე ადეკვატურ რეაგირებას არ სთხოვს.

უმრავლესობა ირწმუნება, რომ თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდება, პარლამენტში ეკონომიკური დარგის მინისტრებს დაიბარებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი, მათი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის ნაცვლად, კვლავ მინისტრების საქმიანობის დაცვა მოხდება, მაშინ საკანონმდებლო ორგანოში მოწყობილ „პურს და სანახაობას“ რა აზრი აქვს? - მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ეს საზოგადოებამ მაშინ იხილა, როცა ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა მოისმინა, რომელიც იმას ეხებოდა, რომ თურმე, სვანეთში, სუვენირების ერთ-ერთ გამყიდველს „ბღუჯა“ ფული ჰქონდა.

სანამ ლარი გაუფასურებას განაგრძობს და უმრავლესობაც მინისტრების პარლამენტში მოწვევას არ ჩქარობს, მანამდე უმცირესობა მოსალოდნელ პრობლემებზე აქცენტირებს და ხელისუფლებას გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობა პარლამენტში ვერც მინისტრების მისვლის საჭიროებას ხედავს და ვერც იმას, რომ მთავრობამ ეკონომიკისა და ლარის გამყარებაზე იზრუნოს.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ვერც იმის საჭიროებას ხედავს, რომ გეგმა და ხედვა ჰქონდეს, თუ როგორ წაიყვანოს წინ ქვეყანა.

„უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს, ჩვენ ვხედავთ. მინისტრებმა საზოგადოებას ანგარიში უნდა ჩააბარონ, რათა ხალხმა წინ გაიხედოს, რა ელოდება და უახლოესი თვეების განმავლობაში, როგორი იქნება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი. მინისტრები მოვიწვევთ და სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მათ ადგილზე რომ ვიყო, იმას რასაც ოპოზიცია აკეთებს, უმრავლესობიდან გავაკეთებდი, რომ მოსახლეობისთვის დამენახებინა, ამ ქვეყანაში ის ადამიანები არსებობენ, რომელთაც გაჭირვება აწუხებთ“, - აცხადებს ბაქრაძე.

კანონმდებელის მოსაზრებით, ხელისუფლებას ის პრობლემები არ ესმის და არ აწუხებს, რაც ქვეყანაშია.

„მინისტრების პარლამენტში მოსვლა, საპარლამენტო კონტროლიც იქნება და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მინისტრებისგან საქმიანი ხედვები მომესმინა. მინისტრებს დრო აქვთ, დასხდნენ და შემდეგ პარლამენტში მოვიდნენ“, - დასძენს ბაქრაძე.

თანაგუნდელის მსგავსად, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე აქცენტირებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავრობის დამტკიცების დროს, ხელისუფლება იმედს იძლეოდა, რომ ლარის კურსის გაუფასურება გაჩერდებოდა, მაგრამ ამას არათუ პერმანენტული ხასიათი აქვს, არამედ ლარი უფრო და უფრო მკვეთრად ეცემა.

დეპუტატის მოსაზრებით, პრაქტიკულად, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობასთან მივიდა, როცა მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი.

„იმის მოსმენა გვინდა, რის გაკეთებას აპირებენ. უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს და ყველაზე მთავარი თემა ესაა. მთავრობის დამტკიცებისას ლარის კურსი 2, 60 იყო და დღეს 2,80-ია. ყველა მოქალაქეს ეს აღელვებს. ხალხს ინტერვენცია და „ჰეჯირება“ არ აინტერესებს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

პროცედურების დაცვის შემთხვევაში, მინისტრების პარლამენტში მისვლაში პრობლემას ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელსაც ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი არ სურს.

როგორც for.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, უმცირესობას უფლება აქვს, პროცედურების დასმით საკითხის გატანა მოითხოვოს.

„თუ პროცედურები დაცული იქნება, მას წინ ვერაფერი დაუდგება. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არსებობს და სჯობს, კომენტარი მათ გააკეთონ, ვინც ვალდებულია, რომ ამ თვალსაზრისით იმუშაოს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

რაც შეეხება მთავრობის განწყობას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ამავე დროს მზაობას გამთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართა როგორც უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთანაც.

„ამიტომ, დიდ შინაარს ამ შეხვედრისას ვერ ვხედავ, თუმცა მზად ვართ, ყველა კითხვას პასუხი გავცეთ“, - დასძენს კაკაურიძე, რომლის თაობაზეც ამბობენ, ფინანსთა სამინისტროში ბევრს მუშაობს, მაგრამ ყველაზე მეტად ოპოზიცია მას აკრიტიკებს, რადგან პარლამენტში ხშირად მისვლა მინისტრის ნაცვლად, სწორედ მას უწევს.