ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ, 2 თებერვალს განიხილავენ. რაც შეეხება უკრაინას, სავიზო რეჟმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი 3 აპრილია მითითებული. ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა - Coreper-მა დაადასტურა 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე.
ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დადასტურების შემდეგ, რეგულაცია ევროპარლამენტს წარედგინება, სადაც პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება, შემდეგ კი, საბჭოს დასამტკიცებლად დაუბრუნდება.
„ევროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფორმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. შეჩერების მექანიზმის ბოლო განახლებამ მოგვცა ახალი იმპულსი იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში, რომლებმაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამავე დროს, შეჩერების მექანიზმის განახლებული ვერსია დაგვეხმარება, რომ ეს ქვეყნები აღნიშნულ კრიტერიუმებს კვლავ აკმაყოფილებდნენ“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კალინაკმა.
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილების დამტკიცებას, დადებითად აფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.
შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი. ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო.
„დღეს ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა. ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო! ახალი წლიდან ველოდებით ევროკავშირის პარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას.
„უვიზო მიმოსვლის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მიიღება. პროცესი ძალიან კარგად, სწორად და დროში გათვლილად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ უკვე წლის დასაწყისში, მაქსიმუმ ადრეულ გაზაფხულზე, ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშანა ვიქტორ დოლიძემ.
ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებას, ქვეყნის წარმატებად აფასებენ უმრავლეობის წევრები. როგორც რომან კაკულია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, იცის რა როგორ მუშაობს ევროპული სტრუქტურები, ვარაუდობს, რომ გვიან გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. რაც შეეხება პროცესის გადადებას, კაკულიას განცხადებით, მიმდინარე პროცესებს შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება გადაეწია.
„ვხედავთ, რომ მძიმდება სიტუაცია ჩვენს გარშემო. შეჩერების მექანიზმის მთავარი მოტივაცია ხომ იმ საფრთხეების გაანალიზება იყო, რომელიც იმ ქვეყნებიდან მოდიოდა. ამას შეეძლო შეეჩერებინა გადაწყვეტილება, მაგრამ რადგანაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნა, ახლა დარჩენილია ისეთი პროცედეურები, რომელსაც მხოლოდ ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ევროპალამენტის მუშობის რეჟიმი შეაჩერებს, რაც წარმოუდგენელია. სხვა მხრივ შეფერხებას ამ მიმართულებით არ ველოდები. ვიცი რა, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურები, გაზაფხულს, შეიძლება, გვიანი გაზაფხულიც დავამატო, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში მოგზაურობას“, - აცხადებს რომან კაკულია.
ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ისეთ ტურბულენტურ სამყაროში გვიწევს ვცხოვრება, რთულია განსაზღვო რა მოხდება 2 თებერვალს. ექსპერტი არ გამორციხავს, რომ ვიზალიბერელიზაციის მინიჭების საკითხმა გადაიწიოს.
„მთავარია, რომ ვიზალიბერალიზაციას მაინც მოგვცემენ. ერთი თვით ადრე იქნება, თუ ორი თვით გვიან, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. რამდენ მოქალაქეს აქვს საქართველოში უკვე ჩემოდანი ჩალაგებული და ჯიბე ევროებით გამოტენელი, რომ იმოგზაუროს ევროპაში?
თანაც რომელ ევროპაში, სადაც ხომ ხედავთ რა ხდება. მე მაგალითად, ჩემს ახლობლებს არ გავუშვებდი სამოგზაუროდ ევროპაში. რა გარანტია არსებობს, რომ უსაფრთხოდ იქნებიან. ზოგან სატვირთო მანქანები ეჯახება ადამიანებს, ზოგან კიდევ ბომბებს აფეთქებენ და ა.შ. ერთი სიტყვით უბედურება ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან სოსო ცინცაძე.