„ნაციონალური მოძრაობა“ ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პარლამენტს რეზოლუციის მიღებას და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, „ქართული ოცნება“ გაერო-ში პროცესების განვითარებას ელოდება, „პატრიოტთა ალიანსი“ კი, გეოპოლიტიკური ვითარების გააზრების მომხრეა.
უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განსაკუთრებული სხვა არაფერი წერია, რასაც „ქართული ოცნება“ არ ემხრობა და აქამდე არ განუცხადებია, მაგრამ მმართველი გუნდი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, ნაციონალების მიერ მომზადებულ განცხადებას დაუჭერს თუ არა მხარს.
საკანონმდებლო ორგანო განცხადების თაობაზე სავარაუდოდ, მომავალ რიგგარეშე კვირას იმსჯელებს, მანამდე კი, დეპუტატები ტექსტის გაცნობას გეგმავენ, სადაც სირიაში მიმდინარე პროცესები მიმოხილულია და აღნიშნულია, რომ პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობის ფარგლებში, სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს და დევნილები მიიღოს.
როგორც for.ge-ს ნაციონალი სერგი კაპანაძე განუმარტავს, აღნიშნული განცხადების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 50 წელიწადში, ასეთი სახის კრიზისები თითქმის არ ყოფილა.
მისი თქმით, სირიაში ისეთი ტიპის კრიზისია შექმნილი, როცა ეთნიკური წმენდა და მოსახლეობის სერიოზული განადგურება ხდება.
„პარლამენტმა პოლიტიკური პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმაზე, რაც ხდება. მათ შორის სწორი პოლიტიკური შეფასებით და ჰუმანიტარული ქმედებებით. ამ განცხადების იდეა ესაა. ტექსტის განხილვა შესაძლებელია. ამ ტექსტში ისეთი არაფერია, რაც ქვეყანას საერთაშორისო კუთხით პრობლემას უქმნის, ან ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მიერ გაცხადებული არ ყოფილა“, - აცხადებს კაპანაძე, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი სალომე სამადაშვილი.
for.ge-სთან საუბარში სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სირიაში უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი და ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. საქართველო ხელისუფლებამ კი, უფრო ქმედითად უნდა იმოქმედოს, რათა საკითხს გამოეხმაუროს და ლტოლვილებს დაეხმაროს.
„ამ პროცესებში რუსეთის როლს ვგმოვთ, რაც ვითარებას ამძიმებს“, - დასძენს სამადაშვილი, რომელთა იდეას შეფასებები საპარლამენტო ძალებში მოჰყვა.
„პატრიოტთა ალიანსი“ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებს და for.ge-სთნ საუბარში ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეზოლუციის ტექსტი არ წარმოუდგენია, რაც არაკორექტული ქმედებაა და ბიუროსადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან უხერხულია.
„ნება იბოძონ, ტექსტი წარმოადგინონ და შემდეგ ვიფიქრებთ, მას მხარი დავიჭიროთ თუ არა“, - დასძენს ინაშვილი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა განცხადების მიღებას არ ჩქარობს, გაერო-ში მისაღებ რეზოლუციის პროექტზე აპელირებს და უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის გაცნობას გეგმავს.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, სირიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი და საერთაშორისო დონეზე მიღებულ ყველა დოკუმენტს, რომელიც სიტუაციას რეალურად აფასებს და საბოლოო მიმართულებებს ასახავს, საქართველოს წარმომადგენლობა მიუერთდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამ ვითარებაშიც რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. უკეთეს შემთხვევაში, ეს თავის წარმოჩენის მცდელობაა, რადგან საქართველოს არათუ განცხადების ნაწილში, არამედ კონკრეტული საქმიანობის ნაწილში მონაწილეობის სრული მზადყოფნა გააჩნია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაც არსებობს. პროცესებს შევაჯამებთ და გადაწყვიტილებას შემდეგ მივიღებთ, პარლამენტს თუ რა სახის რეაგირება უნდა ჰქონდეს, რადგან ნაციონალების განცხადებები პოპულიზმისგან შორს არ ყოფილა და ეს გამოცდილებამაც აჩვენა. ბევრ საკითხზე მისაღები განცხადება ნაციონალების მხარდამჭერის გარეშე დარჩა, მაგრამ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უყურადღებოდ არ გაგვიშვია. არ უნდა დავუშვათ, რომ პარლამენტი პოპულისტური განცხადებების გაკეთების ადგილად იქცეს“, - აცხადებს ვოლსკი.
სირიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ქართული მხარის აქტივობაზე აპელირებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. for.ge-სთან საუბარში თალაკვაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და გაერო-ს არაერთ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომელიც სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. მთელი საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას, როცა საქმე სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
„პრემიერმა განცხადება იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით გააკეთა, რასაც ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით ვგეგმავთ. ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩართული ვართ და ოპოზიციის მოწოდება არანაირ წინააღმდეგობრივ არგუმენტებს არ იწვევს, რადგან საქართველოში ყველა ერთსა და იმავე პოზიციაზეა, რომ ალეპოსა და სირიაში უბრალო ადამიანებს დახმარება სჭირდებათ“, - აცხადებს თალაკვაძე.
თანაგუნდელების მსგავსად, უმცირესობის მიერ მომზადებული ტექსტის გაცნობას გეგმავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.
როგორც for.ge-ს ქაცარავამ განუცხადა, უმრავლესობა დროის სიმცირის გამო განცხადება ვერ გაეცანო, რეგლამენტის გათვალისწინებით კი, დოკუმენტის განხილვა, ამ კვირაში, დღის წესრიგში ვერ ხერხდება.
„საკითხს აუცილებლად განვიხილავთ. სირიასთან მიმართებაში გაეროში ყველა რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ“,- დასძენს ქაცარავა.
რაც შეეხება განცხადების შინაარს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ალეპოს საჰაერო დაბომბვები გახშირდა, რასაც ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი მოჰყვა.
„საქართველოს პარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს და აღნიშნავს, მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას. ასევე ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარევას ჰუმანიტარულ კრიზისში. ასევე მოვუწოდებთ, ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.