„თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ხელის გულზე უნდა ატარონ კვირიკაშვილი გუნდის დანარჩენმა წევრებმა“

„თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ხელის გულზე უნდა ატარონ კვირიკაშვილი გუნდის დანარჩენმა წევრებმა“

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუკი უმრავლესობის რომელიმე წევრის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის პოზიციასთან, ხელისუფლებას უნდა ეყოს წინდახედულობა, რომ ასეთი ადამიანების მასმედიასთან მისვლა შეამციროს და ეს სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ლარის გაუფასურების კომენტირებისას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფინანსთა მინისტრის განცხადებას - „ახლაც მაჟრიალებს“, ისევე, როგორც მისი მოადგილის ფრაზას - „არ დაიჯეროთ, რომ ლარი გაუფასურდა - არ დაიჯეროთ“. რამდენად სწორი და ადეკვატურია ასეთი შინაარსის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომელიც ლარის გაუფასურებით ისედაც დათრგუნულია?

რამაზ საყვარელიძე: გეთანხმებით, საზოგადოება ნამდვილად დათრგუნულია. ამ დათრგუნვის წამალი ვერ იქნება ის, რომ იძახო - რასაც ხედავ, ეს არ არსებობსო. ადამიანი ხედავს ლარის კურსს და გაუგებარია, რა არ უნდა დაიჯეროს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ძალიან მძიმე დარტყმაა პრემიერ-მინისტრისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონ კვირიკაშვილმაც უნდა დააყენოს საკითხი, რომ ანალოგიურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი გახდნენ ის ადამაინები, რომლებიც მსგავსი არაკომპეტენტური განცხადებებით გვამახსოვრებენ თავს.

აშკარაა, რომ მათი განცხადება პოლიტიკურ იმიჯს უფუჭებს ხელისუფლებას. ან გაიარონ კონსულტაცია და ერთობლივი განცხადება გააკეთონ, ან რაღაცა ზომები უნდა იყოს მიღებული. უსასრულოდ არადეკვატური განცხადებების კეთების გაგრძელება, არ არის მიზანშეწონილი. ეს იგივეა, ომის დროს ქვეყანამ გამოაცხადოს, ომი არ არის, მშვიდობა არისო.

ეს პრეცენდენტიც გვქონდა, როდესაც 2008 წლის წაგებული ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ მოგებულად გამოაცხადა და რუსთავალეზე კონცერტით აღნიშნა. საზოგადოების რეაქცია იყო მკვეთრი, მაგრამ მაშინ რეჟიმის გამო, ამ პროტესტს ხმამაღლა ვერ ბედავდა, დღევანდელისგან განსხვავებით...

- სრულიად ადეკვატური კონტექსტი წამოწიეთ. უზარმაზარ ტრაგედიასთან გვქონდა საქმე, ტერიტორიების 20% ქვეყანამ იურიდიულად დაკარგა, მაგრამ გვითხრეს, რომ ომი მოვიგეთო. ამ არადეკვატურმა განცხადებებმა ხელისუფლებისთვის არ იმუშავა. ხელისუფლების ადეკვატურობაში შეეპარა ეჭვი საქართველოს მოსახლეობას. ამიტომაც არის სახიფათო ამგვარი განცხადებები ხელისუფლებისათვის. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ტიპის განცხადებებით ადრეც გაგვანებივრა. როგორც ჩანს, ტრადიცია გრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

ლარის გაუფასურების ფონზე, საზოგადოებამ არაკომპეტენტური განცხადებები მოისმინა დეპუტატებისგანაც. მაგალითად, დეპუტატი გიორგი ბერიძე ამბობს, რომ ნაციონალების დროს საწვავი დოლარ ნახევარი ღირდა, დღეს ბენზინი 70 ცენტი ღირს, ასევე პარლამენტარი ჭიჭინაძე ამტკიცებს, რომ ამერიკის მთავრობამ საქართველოსგან გადაიწერა ეკონომიკური გეგმის პროექტი. ჩნდება განცდა, რომ მიზანმიმართულად კეთდება მსგავსი განცხადებები და ამის უკან დგას რაღაცა ჯგუფი. გაცნობიერებულ, თუ გაუცნობიერებელ შეცდომასთან გვაქვს საქმე?

- ბევრი მთავრობა მინახავს. ყველა მთავრობის ავადმყოფობა იყო ის, რასაც თქვენ ხაზს უსვამთ. გავიხსნეთ 2008 წლის ომის დროს რას იძახდა სააკაშვილის მთავრობა. მოქალაქეთა კავშირმა და შევარდნაძის მთავრობამ თავისი ოდიოზურობით დიდი წვლილი შეიტანა „ვარდების რევოლუციაში“, იმდენად, რომ ბევრი ქართველი მაშინ იძახდა, შევარდნაძე კარგი კაცია, მაგრამ ისეთი გარემოცვა ჰყავს, მაგათი გაჩერება როგორ შეიძლებაო.

ეს შთაბეჭდილება იქმნებოდა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელთა უმეტესობა ანალოგიური ჟღერადობის იყო, რომ ყველაფერი კარგად არის, თქვენ რასაც უყურებთ გეჩვენებათო. ამას შევარდნაძის კომუნისტურ წარსულს აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ კომუნისტური მენტალიტეტის მინისტრები მოიყვანაო. კომუნისტების დროს იყო წამყვანი სტილი - ყველაფერი კარგად არის. ასე იყო მიშას დროსაც და სამწუხაროდ, ახლაც იგივეს ვხედავთ.

ბატონო რამაზ, რატომ არის ყველა მთავრობის სტილი იმისრაღიარება, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად არ არის?

- ზოგადი ფორმულა იციან, რომ რადგან თვითონ არიან მთავრობაში, ამიტომ უნდა იძახონ, რომ ყველაფრი კარგად არის. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არ არის, როგორ უნდა დაიკავონ თავი ისე, რომ თან საქმე არ გააფუჭონ, თან კარგი იერი შეუნარჩუნო ხელისუფლებას, მაგდენი არ იციან. პიარის ცუდად ცოდნა არის ის, რაზედაც ახლა მოგახსენებთ. ისევე როგორც მაღალი ხელფასები და პრემიები უნდა დაინიშნონ, ესეც პიარის ცუდად ცოდნაა. ცნობილი ისტორიაა - ომის დროს ინგლისის დედოფალმა ბუხარი არ დაანთებინა, სხვები ჩემთან კვამლს რომ დაინახავენ, რას იფიქრებენო - ეს პიარსვლა იყო. რასაც ინგლისის დედოფალმა გაუწია ანგარიში, გაითვალისწინეთ, რომ ეს პიარი ამათმა არ იციან.

ვთანხმდებით, რომ მსგავსი განცხადებები ძალიან ცუდად ესმის საზოგადოებას. შესაბამისად, იქნებ უმჯობესია, რომ არაკომპეტენტურ პირებს აუკრძალონ იმ საკითხების კომენტირება, რაც მათ კომპეტენციას აღემატება? როდესაც პიარზეა ლაპარაკი, პიარმა უზრუნველყოს, რომ არაკომპეტენტურმა ადამიანებმა არ გააკეთონ განცხადებები...

- პიარი ვერ გააკეთებს ამას. პიარს არ აქვს ამის უფლებამოსილება. ეს სწორედ კვირიკავშილმა უნდა გადაწყვიტოს. ისევ სააკაშვილის მაგალითს მოვიყვან, როდესაც ნოემბრის მოვლენების წინ პრობლემები გაუჩნდა სააკაშვილს, უცხოეთიდან ჩამოიყვანა კონსულტანტები. მათ ურჩიეს, რომ გარკვეული სახეები, რომლებიც აგრესიას იწვევენ საზოგადოებაში, მოეშორებინათ ეკრანიდან. მართლაც, პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიური იყვნენ, მაგრამ უცბად გაქრნენ ეკრანიდან. გადაწყვეტილება მიიღო იმდროინდელი ხელისუფლების პირველმა პირმა - სააკაშვილმა, რაც სწორი იყო. შეამცირა გაღიზიანება გარკვეული დროით.

ანალოგიურად, თუკი ვინმეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის პოზიცასთან და ართულბს სიტუაციას, ხელისუფლებას უნდა ეყოს წინდახედულობა, რომ ასეთი ადამიანების მასმედიასთან მისვლა შეამციროს. რაღაცა უნდა გადაწყვიტოს, ასე გადაუწყვეტლად ყოფნა გამოსავალს ვერ მოიტანს. უნდა ითქვას, რომ თავად პრემიერი ძალიან კორექტული და დაბალანსებულია თავის განცხადებებში.

ფაქტია, რომ ამ განცხადებას საზოგადოებამ ღებულობს როგორც მთავარობის გზავნილის. როდესაც გუგული მაღარაძე ამბობს, რომ მთავრობამ გლეხს მიწა არ უნდა დაუხნას, ძნელია გლეხი დაარწმუნო, რომ ეს გუგული მაღრაძის პოზიციაა და არა კვირიკაშვილის...

- არ მესმის საერთოდ რატომ არის საჭირო ამაზე საუბარი? გუგულის აზრი გასაგებია, მაგრამ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. მაგ თქმით უფრო მეტი დაშავდა, ვიდრე გაკეთდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, რამდენიც უნდა უხსნა გამწარებულ გლეხს, ის მაინც თავის პოზიციაზე იქნება, რომ რაღაცა უნდა გაუკეთოს მთავრობამ. არ მესმის, რატომ აძლევენ გლეხს გაღიზიანების საფუძველს. ჩემი აზრით, ეს განცხადება იყო შეცდომა. ასეთ შეცდომაზე კი, მთლიანად მთელმა კაბინეტმა უნდა მისცეს რეაქცია. ნუ ჩათვლის პრემიერი და მინისტრები, რომ პიარში შეცდომა სხვა რომელიმე შეცდომაზე ნაკლებია, თუ მეტი არა.

მაგრამ ასეთი შინაარსის განცხადებებზე არ ყოფილა რეაქცია პრემიერის მხრიდან. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეგნებულად კეთდება ასეთი განცხადებები რაღაცა ჯგუფის მხრიდან, რომ მოხდეს იგივე პრემიერის მარგინალიზება? მით უმეტეს, რომ აქტიურად საუბრობენ შიდა კულუარულ დაპირისპირებაზე...

- შეიძლება არსებობს შიდა მექანიზმები, არ ვიცი, ცუდად ვერკვევი მათ შიდა მექანიზმებში. ნაციონალებთან ასეთი შიდა მექანიზმები უფრო მკაფიო იყო, მიშა იტყოდა და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. რაც შეეხება მიზანმიმართულად რაიმეს კეთებას, მეეჭვება ასე იყოს. შეიძლება ვიღაცეების განზრახულობას დაემთხვას ეს განცხადებები, მაგრამ მეეჭვება, რომ განზრახ კეთდებოდეს.

ერთი შეხედვით მეტისმეტად „ჭკვიანური“ იქნება ამგვარი ჩანაფიქრი, მეორე შეხედვით, მეტისმეტად წამგებიანი. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ვიღაცის ფიქრს - როგორ მოვიშორო კვირიკაშვილი. გამორიცხულია, რომ ყველას ერთნაიარად მოსწონდეს პირველი პირი, მაგრამ რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მოწონება-არმოწონების შემთხვევაში, ამაზეა ლაპარაკი. მეეჭვება, რომ ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე ჯგუფი, შეთქმულების თეორიის ვარიანტით იყოს დაკავებული.

ალბათ, ერთი რამე მკაფიოდ იციან - დღეს თუ მოსახლეობაში ვინმეს აქვს ავტორიტეტი, უპირველეს ყოვლისა აქვს გიორგი კვირიკაშვილს. ავტორიტეტის გარეშე პოლიტიკაში ადამიანები ვერაფერს ვერ გააკეთებენ. პრინციპში, თუ შეიძლება ითქვას, თუ მათ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ხელის გულზე უნდა ატარონ კვირიკაშვილი გუნდის დანარჩენმა წევრებმა. მე მგონია, რომ ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

ამ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ, რომ ასეთი არაკომპეტენტური განცხადებებით არ იკვებოს მოსახლეობა?

- რაც შეეხება არაკომპეტენტურობას, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ გავიხსენებთ უახლოეს ისტორიას, თითქმის არასოდეს ვყოფილვართ განებივრებული კომპეტენტური ხელისუფლებით. სულ გვქონდა პრეტენზია და საკმაოდ სამართლიანი. ალბათ, უპრიანია მიზეზებზე დაფიქრება.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეცდომების ფონზე, ოპოზიციური პარტიების გახარებაც გაუგებარია. იმიტომ, რომ მმართველ ოპოზიციას ისეთი შეცდომები აქვს ჩადენილი, რომ მოსახლეობამ უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება არჩევნებში. მას ურჩევნია ამ შეცდომების ჩამდენი ხელისუფლება, ვიდრე წინა ხელისუფლება, რომლის სოფლის მეურნეობის მინისტრი მამალ და დედალ ძროხებს არჩევდა ერთმანეთისგან - ეს რაც შეეხება კომპეტენციას.

მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობასთან ერთად, არაკაცთმოყვარეობაც ახასიათებდა იმ ხელისუფლებას და ამით დაგვამახსოვრა თავი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათ ჩრდილოვანი კაბინეტი საერთოდ არ აქვთ. საქართველოში არის მაღალი დონის მმართველის მოძებნის სირთულე. გულდასაწყვეტია, მაგრამ კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

თუმცა, გვაქვს იმის განცდა, რომ კადრები არიან, მაგრამ ვერ ვიპოვეთ...

- კი, და სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სულ ვიყავით მაღალი დონის კადრებით, მინისტრებით და მოადგილეებით უკმაყოფილო. მთელი 25 წლის განმავლობაში თითქმის არ გვახსენდება კარგი მინისტრი დავით სერგენკოსა და კახი კახიშვილის გარდა. კი ბატონო, ვიტყვით, რომ ესა თუ ის მინისტრი არ ვარგა, მაგრამ ქვეყანას არც აქვს უკეთესი რესურსი, ამაშია მთელი უბედურება. ეს თუ არ გავაცნობიერეთ, მარტო უკმაყოფილების ამარა დავრჩებით.

არის განცდა, რომ საერთოდ არ ეძებენ კადრებს და შემთხვევითობაზეა დამოკიდებული ვინ სად დაინიშნება. ამ მექანიზმების შექმნისკენ უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას და არა კონკრეტული მინისტრის გაშვება-დანიშვნისკენ. მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან გასაჯაროვდეს - რა პრინციპით ნიშნავენ კადრებს, მერე შეიძლება კონკრეტულისკენ წასვლა.