„თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ძნელი სათქმელია, რით დასრულდება ეს ყველაფერი“

„თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ძნელი სათქმელია, რით დასრულდება ეს ყველაფერი“

ლარი გაუფასურებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის - მინისტრ ქუმსიშვილის მტკიცებით, ჯანსაღი ეკონომიკა გვაქვს და ის აუცილებლად განვითარდება; დეპუტატ მდინარაძეს კი ლარზე საუბრისას მეზობელი ქვეყნების მაგალითები მოჰყავს და აცხადებს, რომ ლარი, ლირა და მანათი კი არა, დოლართან ევროც კი უფასურდება. საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებთ კი ხელისუფლების მთავარი გეგმაა ქვეყნის ეკონომიკა უცხოურ ვალუტაზე არ იყოს დამოკიდებული.

„ჩვენი გეგმის თითოეული ნაბიჯი ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული, რათა მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, იმისათვის, რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას“, - განაცხადა პრემიერმა.

ერთი შეხედვით, ჩვენი მეორედმოსული მთავრობა ნელ-ნელა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსგავსება, რომელიც მუდამ ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. რა პერსპექტივები აქვს ჩვენს ეკონომიკას და რა ნაწილშია ყველაფერი კარგად, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ცხადია, რომ ყველაფერი კარგად არ არის. რაც ხდება, ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს - გაუგებარ და უცნაურ ნაბიჯებსაც კი. ცხადია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობამიღებული მმართველი ძალა შეეცდება ისარგებლოს მომენტით, რაც შეიძლება ჩქარა გადადგას არაპოპულარული ნაბიჯები სწრაფი ეფექტის მიღების მიზნით - და აკეთებს კიდეც ამას.

ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობას ჰქონდა არჩევანი, შეენარჩუნებინა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ეპოვა წონასწორობის ახალი ნიშნული. ამ შემთხვევაში მის მიერ დაანონსებული მთავარი დევიზი - სწრაფი განვითარება ეჭვქვეშ დგებოდა, რადგან სტაბილური ვალუტა ჩემი აზრით, სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის რამდენადმე ხელშემშლელია. თუმცა საერთოდ მიღწევადია თუ არა ეს დევიზი, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ოთხპუნქტიანი გეგმა და მისი განხორციელების 11-პუნქტიანი ჩამონათვალი ვფიქრობ, ეკონომიკის ზრდას უახლოეს 2-3 წლიან პერიოდში ვერ უზრუნველყოფს. ამაზე მეტყველებს ის ღონისძიებები, რაც ტარდება - როგორიცაა ლარის მიმოქცევის მკაცრი გაკონტროლება, რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება - ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთს 6.5 ნიშნულზე ტოვებს. მართალია გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს არ უკავშირდება ლარი-დოლარის გაცვლით კურსს, მაგრამ ბევრი ავტორიტეტული ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის.

როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება?

- ეს ეროვნული ბანკის, მთავრობის და ფინანსისტების მსჯელობის საგანია, რადგან ეს განაკვეთი დგინდება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასეა სხვა ქვეყნებშიც და ჩვენთანაც. მე მხოლოდ ტენდენციაზე ვსაუბრობ, თორემ ეროვნულ ბანკს ვერ მივცემ რეკომენდაციას.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ითვალისწინებს მოსალოდნელ ინფლაციას და ამიტომ ტოვებს რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად. თუმცა საინტერესოა ერთი მომენტი, როდესაც ლარი ითვლებოდა სტაბილურ ვალუტად, ვგულისხმობ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი გაცილებით მაღალი იყო. თუ გაცვლითი კურსი ასე თუ ისე კავშირშია რეფინანსირების განაკვეთთან, რაღაც ალოგიკურ დამოკიდებულებაზე ხომ არ ვსაუბრობთ?

- სჯობს ეს საკითხი ფინანსიტებს დავუტოვოთ სამსჯელოდ, რადგან მე არ ვარ ფინანსისტი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილის ეკონომიკა იყო სხვა ეკონომიკა, სხვა ორიენტირებითა და მახასიათებლებით, სხვა ინვესტიციებით, 5-მილიარდიანი დახმარებით სისტემის გადასარჩენად 2008 წლის მოვლენების შემდეგ და სხვ. თუმცა სააკაშვილი ახერხებდა გაცილებით დაბალ დონეზე შეენარჩუნებინა გაცვლითი კურსი და მაშინ მას ეხმარებოდა ის ფულადი ნაკადი რაც მიიღო. ამიტომ პარალელების გავლება მაშინდელ და დღევანდელ სიტუაციასთან სწორად არ მიმაჩნია.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ მთავრობის პროგრამა ლარმა დაასაფლავა. როგორ ფიქრობთ გადაჭარბებულად მკაცრი შეფასებაა თუ მისი დიაგნოზი რეალობასთან ახლოსაა?

- არ ვიტყოდი, რომ რაიმე დასამარდა, გარდა იმისა, რაც ვთქვი კრიტიკული მმართველი გუნდის ეკონომიკურ ხედვებთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ არის გამოუვალი მდგომარეობა და ჩიხი. ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ეკონომიკური გუნდის ადეკვატურობაზე მოქნილობასა და რეაგირების სისწრაფეზე. რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ - საზოგადოებისთვის გაურკვეველია რა შემართებითა და ძალით მიდის მთავრობა სწრაფი განვითარების მისაღწევად.

საზოგადოების უმრავლერსობა, მემარჯვენეები და მემარცხენეები დაირაზმნენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ფაქტობრივად, მთელი სახელისუფლებო გუნდი მარტოა და თანაც, უჭირს განმარტოს თავისი მიზნები. მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით ისეთ ექსტრაორდინარულ განცხადებებს აკეთებენ, რომ საზოგადოებას სტაბილურობის განცდა ეკარგება.

ჩვენი მედიაც უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას, ვიდრე საზოგადოებას განუმარტავს, რა ხდება. მთელი ჩვენი ეკონომიკური მედია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ფართედ არის წარმოდგენილი, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავრობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში კვირიკაშვილს კი არა, ნებისმიერ დიდ რეფორმატორს გაუჭირდებოდა წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. მით უმეტეს, როდესაც მინისტრები ცეცხლზე ნავთს ასხამენ თავიანთი განცხადებებით, ვიდრე ეხმარებიან საზოგადოებას ორიენტირებაში. ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს - მთავრობამ, რომელიც არ ჩანს არენაზე როგორც ინიციატორი და პროცესების კოორდინატორი.

როდესაც ისედაც რთული სიტუაციააა გადასახადების ზრდა რამდენად მიზანშეწონილი იყო? თანაც, როგორც ეკონომისტები თვლიან, ეკონომიკური ზრდის მიღწევას ხელს უწყობს სწორედ გადასახადების შემცირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ....

- გადასახადების ზრდა ყველა შემთხვევაში ცუდია და უარყოფითად აისახება, ამიტომ ნებისმიერ ირიბ ზრდას უნდა მოჰყვეს განმარტებები, რომ ეს აუცილებელია ეკონომიკისთვის, ის არ შეეხება სოციალურად გაჭირვებულ ფენას და, რომ აქციზის ზრდა თუ ავტოიმპორტისთვის გადასახადების გადიდება ემსახურება გარკვეულ მიზანს. რა მიზანია ეს, ამას არც მთავრობა გვეუბნება და არც ვინმე სხვა.

სავარაუდოდ, ბიუჯეტის შევსებას ცდილობს...

- ამით ბიუჯეტს ვერ შეავსებს ასე ცალსახად და პირდაპირ, გარკვეული თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდასაც უწყობს ხელს, მაგრამ სოციალურად მძიმედ აისახება მოსახლეობაზე რადგან პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

თუ მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება რა აზრი აქვს გადასახადების ზრდას?

- იგივე, რაც ბიუჯეტში თანხების მობილიზებას, რომელიც გაიზრდება თუნდაც, აქციზის გადასახადის ხარჯზე. როგორც ჩანს, ეს რაღაც აზრის მატარებელია ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის, რომლის მაგივრადაც ნამდვილად არ მინდა განმარტებები ვაკეთო.

იმ სირთულეების მიუხედავად, რაც არსებობს, ჩვენი ეკონომიკური გუნდის ოპტიმიზმს როგორ ახსნით?

- ოპტიმიზმის ხელშესახებ მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. უკვე აღვნიშნე, რომ არჩევანი, რომელიც გაკეთდა ლარის კურსსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, არ მიმაჩნია შედეგის მომტანად და ვეჭვობ, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა იქნას მიღწეული. მაგრამ ჩანს, მინისტრები ასე არ ფიქრობენ, ოპტიმისტები არიან და ასეც უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადამდგარიყვნენ.

სავარაუდოდ, ამ აღებული კურსის გაგრძელებას აპირებს ეკონომიკის ყიფილი მინისტრი, რომელმაც როგორც ჩანს,  წარმატებით განახორციელა იაფი კრედიტისა და „აწარმოე საქართველოში“ პროექტები. თუმცა, ცუდად მენიშნა ინდუსტრიული გუნდის დაშლა ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც ინდუსტრიული პოტენციალის გასაზრდელად იყო შექმნილი. არც არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია ცნობილი ეკონომისტების, დანი როდრიგისა და ჩარლზ სეიბლის საქართველოში ჩამოსვლას, რომლებიც ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან და რეინდუსტრიალიზაციის ამოცანას აყენებენ დღის წესრიგში, განსაკუთრებით აღმავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. მათ საკმაოდ საინტერესო იდეები გააჟღერეს საქართველოში, რომელზეც საქართველოს მთავრობას გამოხმაურება არ ჰქონია.

ჩვენი მთავრობა როგორც მაშველ რგოლს, ისე ჩაეჭიდა სსფ-ს და თანაც იმ დროს, როდესაც სავალუტო ფონდი პრაქტიკულად გააძევა სააკაშვილმა საქართველოდან. ამ ხელისუფლებამ ეროვნული ბანკი ჩააბარა ამ ფონდის სხვადასხვა სტრუქტურებში გამობრძმედილ გვენეტაძეს და ამით ფაქტობრივად, დააბრუნა სსფ საქართველოში. ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ბიუჯეტის შედგენაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება.

უნდა ითქვას, რომ თავის დროზე როდესაც კატასტროფა და ეკონომიკური კოლაფსი იყო ქვეყანაში - 1993-95 წლებში, სსფ-მ მართლაც შეასრულა მაშველი რგოლის ფუნქცია, მაგრამ როგორც კი სტაბილური გახდა ეკონომიკური მდგომარეობა, ფაქტობრივად ქვეყანა გაჩერდა და სსფ-მ ე.წ. ვარდების რევოლუციამდე უკვე ვერანაირი პოზიტიური როლი ვეღარ შეასრულა.

მსოფლიო პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ კრიზისულ პერიოდებში სსფ ეფექტურია, მაგრამ როცა უკვე განვითარებას ეხება საქმე, ეს ორგანიზაცია წარმატებას ვეღარ აღწევს. რაც შეეხება დღევანდელ საქართველოს, რთული ვითარებაა, მაგრამ კრიზისული ნამდვილად არა. ამიტომ სსფ-ს მითითებებით შემოფარგვლა არ მგონია, წაადგეს ქვეყნის განვითარებას.

გაცილებით საინტერესოდ მეჩვენება ახალი ხედვები დასავლეთისგან, რომელიც საკმაოდ სწრაფად მოვიდა საქართველომდე, მაგრამ რომელსაც, რატომღაც, არ დახვდა შესაბამისი ნიადაგი. მსოფლიოში ინდუსტრიული პერიოდი, რომელიც ტექნოლოგიური რევოლუციებით ხასიათდება, მთავრდება. ამერიკაში ტრამპის ფაქტორიც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე დროა, დავიწყოთ ფიქრი ახალ ეპოქაზე, უნდა ვიფიქროთ არა ტურიზმსა და მომსახურებაზე დაფუძნებულ, არამედ ინდუსტრიულ განვითარებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. ამაზე დასავლეთში აღარ დაობენ, მაგრამ ჩვენს მთავრობას რატომღაც ჰგონია, რომ ტურიზმით დასაქმებულმა ქალბატონმა თუ ბღუჯით ამოიღო ლარები, რომელიც გაუფასურებულია, დიდი წარმატებაა.

ამის მიუხედავად, მაინც მივესალმები მთავრობის ოპტიმიზმს, რომელსაც სჯერა თავისი გზის და თავისი გეგმის. თუმცა ჩემი ფუნქცია ის არის, რომ მთავრობა ვაკრიტიკო, რათა საზოგადოება ფრთხილად იყოს და ყურადღებით ადევნოს თვალი მის საქმიანობას, რადგან შეიძლება, 4 წელიწადში იმდენი რამ გააფუჭონ, 14 წელი არ ეყოს მის გამოსწორებას. ისე, როგორც წინა რეჟიმის დროს მოხდა, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ წარმატებული პერიოდი გვქონდა.

სამწუხაროა, რომ არ ხდება საგნობრივი მსჯელობა მედიასა და ექსპერტულ წრეებში ყოველივე იმის შესახებ რაც ხდება და თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ძნელი სათქმელია, რით დასრულდება ეს ყველაფერი.