მეცხრე მოწვევის პარლამენტი ნდობის ჯგუფის შექმნისთვის ემზადება, ოპოზიციამ მისთვის განკუთვნილი კვოტები უკვე აითვისა, უმრავლესობა კი, ამ დრომდე კანდიდატებს არჩევს. for.ge-ს ინფორმაციით, მმართველი გუნდის რიგებიდან ნდობის ჯგუფის წევრებად - არჩილ თალაკვაძისა და გია ბენაშვილის კანდიდატურები მოიაზრება.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, დიდი ალბათობით, ნდობის ჯგუფის წევრები თალაკვაძე და ბენაშვილი გახდებიან, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შესაბამისი გამოცდილება აქვთ.
თალაკვაძე და ბენაშვილი აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ და for.ge-სთან საუბარში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა.
იმის დაზუსტებით თქმა რთულია, საკითხზე კონსულტაციები დაიწყო თუ არა, მაგრამ უმრავლესობას კანდიდატურების წარდგენა უახლოეს მომავალში მოუწევს, რადგან მათ მსგავსი დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე მისცა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კანდიდატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მანამდე, სანამ მმართველი გუნდი მსგავსს ინფორმაციებს ოფიციალურად არ დაადასტურებს, ის თავს უფლებას არ მისცემს, რომ ამაზე ისაუბროს.
მისი ცნობით, ნდობის ჯგუფში ის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, რომელთაც საზოგადოება ენდობა, პროფესიონალები არიან და რომელთა მიმართ კითხვები არ დაისმება.
„იმედი მაქვს, რომ ნდობის ჯგუფის მუშაობა გაცილებით პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ნდობის ჯგუფის ფორმატში აქტიურ მუშაობას გეგმავს უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.
როგორც for.ge-ს აბესაძემ განუცხადა, ნდობის ჯგუფი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების საიდუმლო საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს.
დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად, ნდობის ჯგუფი ერთადაერთი ინსტიტუციაა, რომელსაც შეუძლია, დეტალურად განიხილოს საიდუმლო შესყიდვები თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში.
„ამიტომ, ნდობის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ საკითხებში აქტიურად ჩავერთვებით და იმ ფუნქციებს შევასრულებთ, რაც ოპოზიციონერებს ეკისრებათ“, - დასძინა აბესაძემ, რომლის მსგავსად, ნდობის ჯგუფის წევრი იქნება ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, რომლის კანდიდატურაც მისმა ფრაქციამ უკვე წარადგინა.
ნდობის ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთი პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ოთხ მილიონ ლარს.