„დღეს საქართველო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს“

„დღეს საქართველო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს“

სახელმწიფო მდივნის თანამდებობას „ექსონმობილეს“ ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი დაიკავებს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო ოპონენტების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. რექს ტილერსონი 41 წლის მანძილზე ერთ ნავთობკომპანიაში მუშაობდა, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ბიზნეს-ინტერესები აკავშირებს. თავის მხრივ, კრემლმა ტილერსონი შეაქო და მას თავისი საქმის პროფესიონალი უწოდა.

როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა და რატომ დაუჭირეს მხარი „რესპუბლიკელება“ ამერიკის არჩევნებზე რუსეთის გავლენის გამოძიებას - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

დონალდ ტრამპის თქმით, ტილერსონზე არჩევანის შეჩერება, მის მიერ მსოფლიო მასშტაბის კომპანიის მართვის გამოცდილებამ და გეოპოლიტიკური საკითხების ღრმა ცოდნამ განაპირობა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა არჩევანი ტილერსონზე, რომლის პოზიცია ცნობილია რუსეთთან დაკავშირებით?

ხათუნა ლაგაზიძე: ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურის წარდგენა, მისი კაბინეტის დღემდე დასახელებულ წევრებს შორის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. ბოლო წლებში საქართველოში იყო აქტუალური ფრაზა - შუა გაიკრიფა, ანალოგიური ვითარებაა ამერიკაში ტილერსონის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

მიზეზი არის მისი რუსული კავშირები?

- დიახ, ამერიკის პოლიტიკური ელიტის და მედიის ნაწილი რადიკალურად უარყოფითად აფასებს მას სწორედ მისი რუსული კავშირების გამო, მეორე ნაწილი კი - ცალსახად დადებითად. ტილერსონს, როგორც „ექსონმობილის“ შეფს მილიარდობით ინვესტიცია აქვს განხორციელებული რუსეთში.

ნიუ-იორკ თაიმსიწერს, რომ 2014 წელს, „ექსონ მობილისყოველწლიურ შეკრებაზე ტილერსონი დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც კრემლს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული აგრესიული ქმედებების გამო დაეკისრა. ფაქტია, რომ რადიკალურად ურაყოფითია ამერიკული მედიის შეფასება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით...

- დიახ, იგი არ ემხრობოდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ამჯერადაც, არ არის გამორიცხული, სწორედ ის გახდეს რუსეთისვის სანქციების მოხსნის ინიციატორი, თუ გავითვალისწინებთ, „ექსონმობილის“ ინტერესს არქტიკის შელფის ათვისებაში. ამიტომაც, არა მარტო „ნიუ-იორკ თაიმსის“, არამედ „ვაშინგტონ პოსტის“ პოზიციაც რადიკალურად უარყოფითია მის მიმართ. იგივე „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ ტილერსონის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფად და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მაიკლ ფლინის დასახელება ნიშნავს, რომ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ორი უმაღლეს პოსტი პრორუსული კანდიდატით შეავსოო.

სენატორი ჯონ მაკკეინის შეფასებით, ტილერსონის ურთიერთობა პუტინთან შეშფოთების საგანს წარმოადგენს და ამბობს, რომ ტეხასის უნივერსიტეტში საუბრისას, ტილერსონმა აღნიშნა, რომ მასძალიან ახლო ურთიერთობააქვს პუტინთან...

- საქართველოსთვის კარგად ცნობილ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც ტრადიციულად, საქართველოს ხედავენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მათ ლინდსი გრეჰემს, ჯონ მაკკეინს, მარკო რუბიოს, ძალიან უარყოფითი პოზიცია აქვს ტილერსონის მიმართ. ამ წუთას ძალიან ძნელია ჩამოაყალიბო როგორი იქნება ახალი სახელმწიფო მდივნის პოზიცია რუსეთთან და შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რადიკალურად განსხვავებულია მის მიმართ მიდგომები.

მაგალითად, „ფოქს ნიუსი“, რომელიც მთელი არჩევნების პერიოდში ტრამპის მხარდამჭერი იყო და დღესაც აგრძელებს ამ პოზიციას, წერს, რომ ტილერსონის კანდიდატურა არის ტრამპის ღრმა და გააზრებული არჩევანიო. ისევე როგორც მეიდაში, აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაშიც ორად არის გაყოფილი აზრი ტილერსონის გარშემო. მაგალითად, მის მხარდამჭერთა შორის არიან კონდოლიზა რაისი, ჯეიმს ბეიკერი, დიკ ჩეინი, რომელიც ამბობს, რომ ის „შთამაგონებელი არჩევანია“. რაც უფრო მნიშნელოვანია, მის კანდიდატურას მხარს უჭერს სენატის უმრავლესობის მოქმედი ლიდერი მიჩ მაკკონელი.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ რუსები აღფრთოვანებით შეხვდნენ მის კანდიდატურას...

- ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი პოლიტიკოსი და რუსული იდეოლოგიის ერთ-ერთი მამა ალექსეი პუშკოვი „ტვიტერ“-ში წერს, რომ ტილერსონის დანიშვნა არის სენსაცია და ტრამპი აგრძელებს ჩვენს გაოცებასო.

საინტერესოა ისიც, რომ ტილერსონის კანდიდატურის წარდგენამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. ტრამპს მის გამარჯვებაში კრემლის კავშირზე საუბარი სასაცილოდ მიაჩნია და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა. ეს ყოველივე რისი მანიშნებელია?

- ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაორებულია როგორც ამერიკული მედია, ასევე პოლიტიკური სპექტრი. სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი, ერთის მხრივ, მხარს უჭერს ტილერსონის კანდიდატურას, მეორეს მხრივ, ემხრობა კონგრესის მიერ გამოძიებას ნოემბრის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე და პირდაპირ ამბობს, რომ რუსები ჩვენი მეგობრები არ არიანო. ამერიკის ისტორიაში ეს საეტაპო არჩევნები იმითაც არის საინტერესო, რომ ზედაპირზე ამოიტანა ამერიკის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული წინააღმდეგობები.

მაგალითად, იმ 17 სამსახურს შორის, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს, არ არსებობს სრული თანხმობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თქვენს მიერ ხსენებულ დასკვნაზე, რომ რუსეთი ჰაკერების მეშვეობით ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც გატეხა დემოკრატიული პარტიის და ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტები, იმიტომ, რომ რჩება პასუხგაუცემელი კითხვებიო. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ კონგრესი დათანხმდა გამოძიების დაწყებას, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ასევე, ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ როგორი გავლენა მოახდინა ამერიკის არჩევნების შედეგზე. კერძოდ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ფედერალურმა ბიურომ ხელახლა გაახსენა საზოგადოებას ჰილარი კლინტონის პირად ფოსტასთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივანის პოსტზე ყოფნისას საიდუმლო მიმოწერისას სარგებლობდა თავისი პირადი ფოსტით.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამ ინფორმაციის ხელახლა გამოქვეყნების არანაირი აუცილებლობა არ იყო და ძალიან ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელის ამ გამოსვლამ საბედისწერო გავლენა იქონია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ფაქტობრივად განაპირობა კლინტონის დამარცხება. ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს იყო ამ უზარმაზარი, ავტორიტეტული ორგნიზაციის მიზანმიმართული ჩარევა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასე რომ, ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში არის სრული გაორება იმასთან დაკავშირებით: ა) უმაღლეს თანამდებობაზე წარდგენილი პირები ითამაშებენ თუ არა რუსულ თამაშს; ბ) მოახდინა თუ არა რუსეთმა გავლენა არჩევნების შედეგებზე; გ) ჩაერივნენ თუ არა ამერიკის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

დამეთანხმებით, რომ საკმაოდ არაორდინალური ვითარებაა, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც დღემდე მსოფლიო წესრიგს უზრუნველყოფდა.

ეს ალბათ, არის ურთულესი მოვლენა, როდესაც ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში ერთმანეთთან შეთანხმებას ვერ აღწევენ?

- რასაკვირველია და მით უმეტეს, რომ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ ამჟღავნებს უნდობლობას ამერიკის ყველაზე გავლენიანი უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. კლინტონი ხელს იშვერს ფედერალური ბიუროსკენ, რომ მან მოახდინა სრულიად მიზანმიმართული ჩარევა არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ, ხოლო ტრამპი ამბობს, რომ არ ენდობა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დასკვნას, რომელიც უკავშირდება რუსულ გავლენებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. შესაბამისად ის, რომ ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე გავლენიან სამსახურებს არ ენდობიან, ეს ხაზს უსვამს ამერიკის უსაფრთხოების სისტემაში არსებულ პრობლემებს.

ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ეს ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურია, რომელიც ამტკიცებდა, ერაყს ატომური ბომბი ჰქონდაო. ანუ, ირონიით უდგებიან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას

- ასეთი, ცოტა არ იყოს ირონიული თუ ცინიკური დამოკიდებულება არჩეული პრეზიდენტის გუნდის მხრიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიმართ, სერიოზულ პრობლემას წარმოაჩენს ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში.

საინტერესოა, როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, ნაწილი თვლის, რომ დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტრამპი რუსეთთან დათმობაზე არ წავა. როგორი იქნება ტრამპის საგარეო პოლიტიკა?

- ვერ ნახავთ მსოფლიოში ადამიანს, რომელსაც ამ კითხვაზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს ძირითად პოსტებზე დასანიშნ ადამიანებთან დაკავშირებით. მაგალითად, იგივე ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, რომ ინგლისურენოვანი რუსული ტელეარხის „რუსეთი დღე“-ს იუბილეზე, რომელიც რუსული პროპაგანდის იარაღად ითვლება მთელს მსოფლიოში, პუტინის გვერდით იჯდა. ამავდროულად, მას ამერიკელები ახასიათებენ, როგორც საუკეთესო დაზვერვის ოფიცერს ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელმაც შექმნა ტერორისტების გამოვლენისა და განეიტრალების სპეციალური ქსელი. მის დამსახურებად მიიჩნევენ, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკამ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები აიცილა.

რომელსაც ასევე აღიარებს პუტინს, როგორც ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგეს, რომელმაც შეზღუდა ამერიკისა და ნატოს გავლენები, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში...

- სრულად რეალისტურია ეს შეფასება. ამ შეფასებიდან გამომდინარე ვერ ვიმსჯელებთ, რომ ის პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. ფლინმა უნდა უხელმძღვანელოს უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას - ფაქტობრივად, ეს არის ამერიკის სტრატეგიული დაგეგმვის ტვინი, სადაც თავს იყრის მთელი ინფორმაცია პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ დაზვერვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახურებიდან. როდესაც ჩვენ ვასუბრობთ რამდენად წინააღმდეგობრივია მისი ნატურა, უნდა ითქვას, რომ იგი უცნაური დამოკიდებულებით გამოირჩევა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ.

წინასაარჩევნო პერიოდში გენერალი ფლინი ერთგვარი ეგზოტიკური ჭორების გასავრცელებლად ხშირად იყენებდა სოციალურ ქსელებს, მაგალითად, თითქოს ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი ოკულტურ რიტუალებში მონაწილეობდა; რომ კლინტონი ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩართული და ებრძვის კათოლიკურ ეკლესიას; რომ ობამა ჯიჰადისტია და ფულებს ათეთრებს მუსლიმი ტერორისტებისთვის და ა.შ. თითქოს ეს ჭორები ღიმილის მომგველია, მაგრამ ანალიტიკოსები წუხან, რომ ასეთი ჭორები ჩნდებოდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის ინტერნეტ გვერდზე.

ამავდროულად, ამერიკის ახალი თავდაცვის მდივნის პოსტზე ტრამპმა წარმოადგინა კანდიდატურა, რომლის მიმართაც ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს ამერიკის პოლიტიკურ ელიტას. ვფიქრობ, ჯეიმს მეტისი ის იშვიათი გამონაკლისია ტრამპის მომავალ კაბინეტში, რომლის თაობაზე ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში კონსენსუსი არსებობს.

ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა თქვენათ ზურაბ აგლაძესთან, რომელიც პირადად იცნობს ჯეიმს მეტისს. მას ახასიათებენ არა მხოლოდ როგორც სუპერკვალიფიციურ მებრძოლს, არამედ როგორც ღრმა სტრატეგიულ მოაზროვნეს. „სამხედრო სწავლული“ - ასეთი შეფასებაც კი წავიკითხე მასთან დაკავშირებით. მას ადარებენ რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იმპერატორს მარკუს ავრელიუსს. საინტერესო ფაქტია, რომ მას ერაყში და ავღანეთში თან დაჰქონდა მარკუს ავრელიუსის ცნობილი ნაშარომი - „მედიტაციები“.

ამ დრომდე დასახელებული კანდიდატებიდან ჯეიმს მატისი ერთ-ერთია, რომელიც გამოირჩევა უარყოფითი პოზიციით რუსეთთან მიმართებაში...

- ნადვილად ასეა. ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ რუსეთის პოზიცია მოდრიკოსო. კარგად იცნობს უკრაინისა და საქართველოს სიტუაციას. იცის საქართველოს როლი და მნიშვნელობა. ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩინეთთან მიმართებაშიც. ამბობს, რომ ამერიკას უნდა ჰქონდეს პოზიტიური ურთიერთობები ჩინეთთან, მაგრამ ამავე დროს, შეკავებისა და ბალანსისთვის აუცილებელია სამხედრო ძალები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მიიჩნევს, რომ ირანის არის ახლო აღმოსავლეთში ამერიკის უმთავრესი თავის ტკივილი. ასე რომ, მატისს მკვეთარდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით და მისი ყოფნა ტრამპის კაბინეტში კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, როგორი იქნება ტრამპის საგარეო პოლიტიკა.

ტრამპისგან განსხვავებით, წინასაარჩვენო პერიოდში რუსეთისა და პუტინის პოლიტიკის მიმართ ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა ვიცე-პრემიერი მაიკლ პენსიც, რაც აშკარა დისონანსში იყო ტრამპის პოზიციასთან. უფრო მეტიც, საქართველოს პრობლემატიკის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი წერს, რომ თუ ტრამპი წარმართავს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკას, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს ამ თავისუფლების მოყვარე ქვეყნისთვის, მაგრამ თუ საქართველოს საკითხს მაიკლ პენსს გადააბარებს, მაშინ შეიძლება მშვიდად იყოთო. სხვათა შორის, მიტჩელი იმასაც წერს, რომ მაშინ როდესაც ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკა ნაკლებად თავისუფალი გახდება და მთელი რიგირ უფლებები შეიზღუდება, აქართველო უფრო თავისუფალი გახდა ივანიშვილისქართული ოცნებისმმართველობის პირობებშიო.

რამდენად რთულია ამერიკის გაურკვეველი პოზიცია საქართველოსთვის და რამდენად სერიოზული გამოწვევაა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩამოუყალიბლობა საგარეო პოლიტიკის მიმართ?

- საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა არა მარტო ამერიკის, არამედ ევროპის სვლაც ულტრაკონსერვატორული, ულტრანაციონალისტური და ავტორიტარული რეჟიმებისკენ, როგორც ამას სხვადასხვა ავტორიტეტული, დასავლური მედია პროგნოზირებს. მაგალითად, სრულიად აპოკალიპტურია „ბლუმბერგის“ პროგნოზი, რომლის თანახმადაც ტრამპი 2017 წელსვე შეაჩერებს ამერიკის წევრობას „ნატოსა“ და თვით „გაეროში“; საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ლე პენი მოიგებს, ხოლო იტალიაში სატელევიზიო კომიკოსი ბეპე გრილო. ორივე მათგანი მოითხოვს ევროზონის ან პირდაპირ ევროკავშირის დატოვებას და იგივე 2017 წელსვე შენგენის ზონა აღარ იარსებებს (ასეთ შემთხვევაში, საკითხავია, ჩვენ ვიღასთან უნდა გქვონდეს უვიზო რეჟიმი, იგივე ვიზალიბერალიზაცია?!); ტრამპი და მერკელი აღიარებენ რუსეთის გავლენას უკრაინაზე, ბელორუსზე და სირიაზე (უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოზეც?!); ჩეხეთი წაინაცვლებს რუსეთისკენ და გაისმება მოწოდებები „ნატოდან“ ჩეხეთის გამოსვლის თაობაზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით; კუბაში კვლავ დართავენ რუსეთს ნებას გახსნას სამხედრო ბაზა და ა.შ. თან „ბლუმბერგი“ იმითი იწონებს თავს, რომ 2016 წლის მისი პროგნოზები „ბრექსიტთან“ და ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, გამართლდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვინატროთ, რომ ამჯერად „ბლუმბერგის“ წინასწარმეტყველება არ ახდეს. რეალურად კი, დღეს საქართველო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს.