„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ბოიკოტით იმუქრება, „ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ბოიკოტით იმუქრება, „ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობების მსგავსად, დაპირისპირების მიზეზი დელეგაციების კვოტებიც გახდა. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ ისევ უკმაყოფილოა, თუმცა, ამჟამად, მათი პრეტენზიები მუდმივმოქმედ  დელეგაციებში ასათვისებელ კვოტებს ეხება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კვოტები გადაანაწილა და „პატრიოტთა ალიანსს“ ადგილი „ევრონესტისა“ და „სუამის“ საპარლამენტო ასამბლეაში განუწესა, თუმცა, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს წარმომადგენლობა ეუთო-სა და ევროსაბჭოში სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტით იმუქრება.

„პატრიოტთა ალიანსის“ პრეტენზიების საპასუხოდ, მმართველი გუნდი რეგლამენტში არსებულ ჩანაწერზე აპელირებს და აცხადებს, რომ დელეგაციების კვოტებთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ირმა ინაშვილს შორის გაიმართა, სადაც მათი ცნობით, ვიცე-სპიკერს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

for.ge-სთან საუბარში ირმა ინაშვილი კობახიძესთან გამართულ კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ როგორც საპარლამენტო ფრაქცია, ყველა მუდმივმოქმედ დელეგაციაში უნდა ყოფილიყო მუდმივად ჩართული, მაგრამ მათ სულ სხვა სქემა შესთავაზეს - კვოტები „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე გადანაწილდა.

„ჩვენ რა ვარიანტიც შემოგვთავაზეს, იქ სათადარიგო ნაწილში ვიყავით წარმოდგენილი, მაგრამ ეს ეუთო-ს არ ეხებოდა. ეს „ევრონესტსა“ და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის ფორმატს ეხებოდა. გაირკვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი არ ვიქნებით. ვითხოვთ, რომ ყველა ევროპულ დელეგაციაში წარმოდგენილი ვიყოთ. ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ აქვს გეზი აღებული და ამიტომ, ყველა იმ დელეგაციის საქმიანობაში უნდა ვიყოთ ჩართული, რომელიც ევროპულ სივრცეში მუშაობს. მიგვაჩნია, რომ კვოტირების სისტემა სამართლიანი და სწორი არ არის. წარმოდგენილი ეუთო-ში რომ არ ვართ, ეს ძალიან ცუდია, რადგან ის პრიორიტეტულია. თუ ფრაქციას ამ დელეგაციებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, ვფიქრობ, პარლამენტის სხდომებზე დასწრებას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა ინაშვილმა, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ლომია.

როგორც for.ge-ს ლომიამ განუცხადა, მისი ფრაქცია კვოტების გადანაწილებას თავიდან დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ორი კვოტა ძირითადში და ორი კვოტა სათადარიგოში ეკუთვნით, მაგრამ შეთანხმება არ ყოფილა, ეს კვოტები თუ როგორ იქნებოდა გადანაწილებული და პრეტენზია სწორედ კვოტების განაწილებასთან აქვს.

„ჩვენ ფრაქცია ვართ და პარლამენტში ხალხს წარმოვადგენთ. თუ პარლამენტი მეუბნება, რომ წარმოდგენილი ევროკავშირსა და ეუთო-ში არ უნდა ვიყო და წარმოდგენილი მართმადიდებლურ კავშირში და „სუამი“-ს დელეგაციაში უნდა ვიყოთ, ვამბობთ, რომ ამას არ ვეთანხმებით, რადგან პარლამენტში იმისთვის ვართ, რომ ხალხის ხმა ევროკავშირსაც მივაწვდინოთ და ეუთო-საც. ფაქტიურად, ჩვენი ბლოკირება ხდება. გვეუბნებიან, რომ კვოტა გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ანუ, გვეუბნებიან, ორი კვოტა გეკუთვნით და ჩვენ თვითონ გეტყვით, სად უნდა გაგაგზავნოთო. ჩვენ თავისუფალი დეპუტატები ვართ და პარტიას წარმოვადგენთ. მგონი, ჩვენ უკეთ გვესმის, სად უნდა წავიდეთ, სად უფრო საჭირო ვიქნებით და ხალხის ინტერესების დაცვას შევძლებთ და არა ისე, რომ პარლამენტმა მიკარნახოს, თავს თავად სად იგრძნობენ კომფორტულად“, - აცხადებს დეპუტატი.

ლომია აზუსტებს, რომ მის ფრაქციას კვოტების ათვისება ევროკავშირსა და ეუთოში სურს.

„ხმამამაღალი განცხადებების გარეშე კვოტების გადანაწილება არ ჩაივლის. ფრაქცია პარლამენტში წარმოდგენილი თუ არის, გარკვეულ ფუნქციას ასრულებს და იმიტომ კი არ შეგვიქმნია, რომ ავტომობილი გვყავდეს და აპარატი გვემსახურებოდეს, არამედ იმიტომ, რომ საქმე ვაკეთოთ“, - აცხადებს ლომია.

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტში კიდევ რამდენიმე ფრაქცია უნდა შეიქმნას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დელეგაციებში კვოტების გადანაწილება თავიდან მოუწევს, მაგრამ, სანამ ახალ კონფიგურაციაზე იქნება მსჯელობა, მანამდე for.ge-სთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტში ისეთი პრაქტიკა არ ყოფილა, რომ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრა კენჭისყრით ხდებოდეს.

კანონმდებელის თქმით, კვოტები საპარლამენტო წარმომადგენლობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

კახიანის ცნობით, „პატრიოტთა ალიანსს“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში კვოტა აქვს, მაგრამ მათ სურვილი არ გამოთქვეს, რომ ამ კომიტეტში თავიანთი წარმომადეგენელი ჰყავდეთ.

„ამას გარდა, პლენარულ სხდომაზე სოფო ქაცარავამ განაცხადა, რომ კვოტების გადანაწილებაზე კომიტეტი იმსჯელებდა. მათ კომიტეტში მონაწილეობა არ მიუღიათ და თავიანთი აზრი არ გამოუთქვამთ. ახლა აღმოჩნდა, რომ ,,პატრიოტთა ალიანსი“ უკმაყოფილოა. ამ ფრაქციას საპარლამენტო დელეგაციებში ოთხი ადგილი ეკუთვნის. როდესაც ათი საპარლამენტო დელეგაციაა, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ ყველგან ისინი ვერ მოხვდებიან. ამ შემთხვევაში ,,პატრიოტთა ალიანსს“ მხოლოდ ოთხზე აქვს მონაწილეობის უფლება. როცა კომიტეტი მსჯელობს, კონსულტაციების შედეგს ითვალისწინებს, რომელიც ამ პროცესს წინ უსწრებს. როცა წინასწარ ცნობილია, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს, სად მონაწილეობის მეტი სურვილი აქვს, ვცდილობთ, რომ ყველაფერი რეალობასთან შესაბამის თანხვედარაში მოვახდინოთ. ამ შემთხევაში ცნობილი იყო, რომ ის დელეგაციები, სადაც მათ მიეკუთვნათ კვოტები, თანხმობა უკვე ჰქონდათ. როგორც ჩანს, გაურკვევლობა ერთმანეთში მოუვიდათ. თუ რამე ცვლილების განხორიცელება არის საჭირო, პროცედურების გავლა თავიდან უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს კახიანი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საკითხზე ირმა ინაშვილთან კონსულტაციები გაიმართა.

მისი თქმით, საპროცედურო კომიტეტმა კვოტები რეგლამენტიდან გამომდინარე გადაანაწილა.

„ეს მათი პრეროგატივაა და მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღეს. კონსულტაციები ქალბატონ ირმასთან გვქონდა, თუმცა, მაშინ, შეუთანხმებელი საკითხები არ დარჩენილა, მაგრამ ამჟამად, კონსულტაციებს ისევ გავდივართ და ჯერჯერობით, დელეგაციების შემადგენლობა არ გვაქვს, რადგან მოლაპარაკებებს გავდივართ“, - აცხადებს ქაცარავა.

თანაგუნდელების პათოსს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც იზიარებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დელეგაციებში კვოტების რაოდენობა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საგრძნობლად შემცირებული აქვს. თუმცა, რაოდენობით პარლამენტში უფრო მეტნი არიან წარმოდგენილნი, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულია კვოტების გადანაწილება - როცა რაოდენობით ცოტა ხარ, წარმომადგენელიც ცოტა გყავს.

„პროპორციული გადანაწილებით ციფრები აბსოლუტურად მართებულია. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის ხელმძღვანელობასთან კონსულტციებს მართავს, არსებულ რეგლამენტს იღებს საფუძვლად. კონსულტაციები იმას არ ნიშნავს, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც შენ გინდა. რეგლამენტი საშუალებას არ იძლევა, რომ ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილო, რაც ფრაქციებს აქვთ“, - დასძენს ვოლსკი.

პარლამენტი დელეგაციებში კვოტების გადანაწილებას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. რაც შეეხება კვოტებს, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში 53 ძირითადი და 43 სათადარიგო შემადგენლობა განისაზღვრა, სადგილები ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ ძირითადი - 38, სათადარიგო - 30, „ქართული ოცნება - მრეწველები“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი - 8, სათადარიგო - 7, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2, „საქართველოს პატრიოტები“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2, უფრაქციო პარლამენტის წევრები ძირითადი - 1.