ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც უმრავლესობა აქებს, ოპოზიცია აკრიტიკებს

ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც უმრავლესობა აქებს, ოპოზიცია აკრიტიკებს

„ქართული ოცნება“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას რეგიონში არსებულ პრობლემებს უკავშირებს და ეკონომიკურ ზრდაზე აპელირებს, საპარლამენტო ოპოზიცია კი, მთავრობას მიწაზე დაშვებას და ეკონომიკური პრობლემების გათვიცნობირებას ურჩევს.

მაშინ, როცა დღის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით უფასურდებოდა, საქართველოს პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

ოპოზიცია ბიუჯეტის პარამეტრებს აკრიტიკებს და ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაჩერებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი ოთხ პუნქტიან გეგმასა და „საგადასახადო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანია განუცხადა, მთავრობა რეალობის განცდას მოწყვეტილია, მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია და მთავრობა ორიენტირებული ადამიანებზე არ არის.

„ადამიანებს როგორ ვეხმარებით? - მთავრობის პრიორიტეტი განვითარებაა, მაგრამ ცაში დაფრინავენ და რეალობას მოწყვეტილი არიან. ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია და როგორ შეიძლება, ამის წინააღმდეგი იყო, რომელიც ღმერთმა მოგვცა, მაგრამ განვითარება ყველასთვის უნდა იყოს. მთავრობა ადამიანებს სწრაფად როდის დაეხმარება? - როცა პროექტები ყველას შეეხება და ხელმისაწვდომობა ადვილი იქნება. „სტარტაპი“ ის არ არის, რაც გვინდა. ეს ჩამოყალიბებულ ბიზნესჯგუფებს, მონოპოლისტებს ემსახურება“, - აცხადებს დეპუტატი.

მარშანია განსაკუთრებულ ყურადღებას საბანკო სისტემაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველოში სამი ბანკია, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, რადგან ოჯახი არ არის, რომელსაც საქმე ბანკთან არ აქვს.

„ყაჩაღურ განაკვეთებს ვგულისხმობ. „თიბისი“ და „ლიბერთი ბანკი“ მონოპოლისტები არიან და არავითარი საბანკო სექტორის განვითარება არ ხდება. დემაგოგიაა, რომ ბანკების საქმიანობაში არ უნდა ჩავერიოთ. აბა, ეროვნული ბანკი მონის მდგომარეობაშია. „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია რატომ აქვს? ზეშემოსავლები მიიღოს? დევნილებს 38 პროცენტს აჭრიან, რომ სამი თვის დახმარება წინასწარ აიღონ. ეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრს არ ეხება? ბანკი და პროცენტი უსამართლოა და ფინანსთა მინისტრს არ უნდა ეხებოდეს?“, - ინტერესდება მარშანია.

სახელმწიფო ბიუჯეტს აკრიტიკებს უმცირესობაც. როგორც for.ge-ს ირაკლი აბესაძემ განუცხადა, მთავრობა ხალხს არწმუნებს, რომ ლარის კურსის ვარდნა არ უნდა დაიჯეროს, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა ხუთი ერთეულით გაუფასურდა.

„ბიუჯეტით ყველაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიამ თავი ლაღად იგრძნოს. ეკონომიკური კრიზისი ამ მთავრობის საქმიანობამ შექმნა, რომელსაც მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 600 მილიონი ლარის ამოცლა სურს. მათი პოლიტიკა ქვეყანას კიდევ უფრო გააღარიბებს და პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს. ამ ყველაფრის ფონზე კი, „სუს“-ის პრემიებ-დანამატების ფონდს ქმნიან და პენსიების ზრდაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა აბესაძემ.

ოპოზიციის საპასუხოდ, უმრავლესობა აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები კანონით დადგენილ ვადებში ჯდება.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია. ოპოზიცია კი იმისთვის არის, რომ პროექტი გააკრიტიკოს და მხარი არ დაუჭიროს.

„პროექტი ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. საზოგადოების მოთხოვნებს იმ დოზით აკმაყოფილებს, რა შესაძლებლობაც ქართულ ეკონომიკას აქვს. როცა საუბარია, რომ ბიუჯეტი ჩამოიშლება და არ შესრულდება, ეს უსაფუძვლოა. კანონით, ხარჯები 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და არ აღემატება. სახელმწიფო ვალი 60 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და 43 პროცენტია. ბიუჯეტის დეფიციტი სამ პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს და ერთი პროცენტიც არ არის. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპასა და სამეზობლოში ყველაზე მეტია“, - აცხადებს კვიჟინაძე.

რაც შეეხება მთავრობის განწყობას, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან ქვეყანა მიბმულია დოლარის კურსზე, რეალურ გამოხატულებაში, მოსახლეობის ყოვედღიურად განკარგვადი შემოსავალი მცირდება.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მიბმულები დოლარის კურსზე, ეს მოსახლეობაში სამართლიან შეგრძნებას აჩენს და რეალურ გამოხატულებაშიც მათ ყოვედღიურად ფული უმცირდებათ ჯიბეში. შესაბამისად, სწორედ ეს იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც ვთქვით, რომ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ყველა ანალიტიკოსი, ვინც ჩვენს ქვეყანაზე წერს, ამბობს, რომ ერთობლივი მოთხოვნა ქვეყანაში მცირდება იმის გამო, რომ რეალურად განკარგვადი შემოსავალი მცირდება ფიზიკური პირების მიმართ, ხოლო წნეხი იზრდება უკვე კორპორაციების მიმართულებით და შესაბამისად, ისინი ვერ აკეთებენ რეინვესტირებას“, - დასძინა ქუმსიშვილმა.

იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზეც უნდა გაიმართოს, დიმიტრი ქუმსიშვილს საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენა კიდევ ერთხელ მოუწევს, რომელსაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ ოპოზიციის კრიტიკის ატანა მოუწევს.