„ეკონომიკურ პროცესებში იფართხალეს, იფართხალეს და მთავრობა როგორც მწერი, მახეში გაება“

„ეკონომიკურ პროცესებში იფართხალეს, იფართხალეს და მთავრობა როგორც მწერი, მახეში გაება“

დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დღითიდღე უფასურდება, მთავრობა საგარეო ფაქტორებზე აპელირებს და ეკონომიკური გეგმის მოსალოდნელ სიკეთეებზე აქცენტირებს, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ ასე გააგრძელებს, ქვეყანა 90-იანი წლების საქართველოში დაბრუნდება.

ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ პრობლემებზე, for.ge საპარლამენტო უმცირესობის წევრს, რომან გოცირიძე ესაუბრა:

პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. უმრავლესობა ეკონომიკურ ზრდაზე აპელირებს, თქვენ საწინააღმდეგოს ამტკიცებთ. რეალურად, რა ხდება ქართულ ეკონომიკაში?

- თუ ჩვენ ორი თვის წინ ვიცოდით, რა მოხდებოდა, ეს მთავრობამ რატომ არ იცოდა? როცა ეროვნულმა ბანკმა სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ლარის კურსი 2,30 ნიშნულზე დაიჭირა, 180 მილიონი დოლარი დახარჯა და ინტერვენციები განახორციელა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ხელისუფოებისთვის საარჩევნო საჩუქარი იყო, რათა არჩევნები მყარი ლარის ფონზე ჩატარებულიყო. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ იგივე ხმას მიიღებს? - ბავშვმაც კი იცის, რომ ხმების იგივე რაოდენობას ვერ მიიღებდა. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკური მანიპულაცია განხორციელდა და ამ შავ ლაქას ეროვნული ბანკი ვერასოდეს ჩამოცილებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა 35 პუნქტით გაუფასურდა და გეგმას ვერ ვხედავთ, ქვეყანა ამ კრიზისიდან როგორ გამოვიდეს.

აპელირება დედოლარიზაციაზე ხდება. ამ თვალსაზრისით, რას უნდა ველოდოთ?

- დედოლარიზაცია დაჩემებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფენ და ამიტომ თუ სესხები ლარში გაიცემა, ადამიანების დანაკარგები უფრო მსუბუქი იქნება. შეფარულად დედოლარიზაცია იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად იზარალებთ, როცა ლარი გაუფასურდება. ჩვენ დედოლარიზაცია კი არ გვინდა, სტაბილიზაცია გვინდა. მოსახლეობას გაღარიბებისგან გადარჩენა უნდა. ამბობენ, რომ თურმე, სახელმწიფოს მიერ რეგულირებად ტარიფებზე ფასები არ გაიზრდებაო, მაგრამ როგორ არ გაიზრდება? - ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ტრანსპორტი ლარის კურსზე და იმპორტირებულ საქონელზეა დამოკიდებული. თუ ეს დარგი არ გაიზრდება, იმას ნიშნავს, რომ დარგი წამგებიანი იქნება, გაკოტრდება და შევარდნაძის პერიოდს დავუბრუნდებით.

არ გაიზრდება ასევე იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებლებზე ზეწოლას მოახდენენ, რომლებიც ტარიფებს ადგენენ და მათ შეცვლა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ, რაც გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება. თუ შენ საკუთარი ძაღლი ძალიან გიყვარს, სჯობს, კუდზე ერთხელ დაარტყა და კუდი მოჭრა, ვიდრე ნაწილებად დაჰყო. თუ არ გაზრდიან, მაშინ ბიუჯეტმა ამ დარგებს წაგება უნდა აუნაზღაუროს. ანუ, სუბსიდირება მოახდინოს. ენერგეტიკისა და გაზის სუბსიდირება წარმოუდგენელია, რადგან საბოლოო ჯამში დარგის დეგრადაციას მივიღებთ.

ოპოზიცია ეკონომიკურ პროცესებს მუქ ფერებში ხატავს, მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ხელისუფლება ვერ ხედავს თუ არ იმჩნევს?

- მთავრობა ისეა, როგორც მწერი ობობას ქსელში. ეკონომიკურ პროცესებში იფართხალეს, იფართხალეს და მთავრობა როგორც მწერი, მახეში გაება. ეს ყველაფერი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გრძელდება. უამრავი სოციალური თუ არასოციალური პროექტი განახორციელეს და ოთხი წლის წინ ჩანდა, ქვეყანა საით წავიდოდა. შეგიძლიათ, for.ge-ს მასალები წაიკითხოთ, წლების წინ რას ვამბობდი. ნახავთ, რომ ე.წ. ინკლუზიურად თუ რაღაც ფილოსიფიურად გაჟღერებული პროექტები რამდენად სწორი იყო. ეროვნულმა ბანკმა კეთილი უნდა ინებოს და ლარს სასწრაფოს მიხედოს. გამოსავალია, რომ ჩვენ 1,3 მილიარდი ლარით ბიუჯეტის გაზრდა არ გვინდა. ნომერ პირველი ქმედებაა, რომ ბიუჯეტი არცერთი თეთრით არ გაიზარდოს და შარშანდელი ბიუჯეტი დარჩეს. 50 გვირაბისთვის დიდი მადლობა, მაგრამ 50 გვირაბს ჩვენი ჯიბეებიდან ნუ აშენებენ. ცუდი პროექტები ამოიღონ, ზოგიერთი კარგი პროექტი კი, კარგი დროისთვის გადაავადონ. ათასკილომეტრიანი გზა კარგია, მაგრამ ახლა ბიუჯეტს ამის თავი არ აქვს და ეს მაშინ გააკეთონ, როცა ბიუჯეტს ამის თავი ექნება.

შეგიძლიათ, ლარია გაუფასურების მიზეზები გვითხრათ?

- ეს არის ცუდი ბიუჯეტი, ქვეყნის ეკონომიკაში წარმოქმნილი პრობლემები, ექსპორტის კლება, არაკომპეტენტურობა, ეროვნული ბანკის შეცდომები. რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებმაც ითამაშა, მაგრამ ეს ორი წლის წინ იყო. პრობლემების საგარეო ფაქტორებზე გადაბრალება არასწორი და აკვიატებული თემაა.

მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეა საუბარი. ამ თვალსაზრისით, რა შეიცვლება?

- შეიძლება, რომ ადმინისტრაციული ხარჯები 50 მილიონით შეამცირო, ბიუჯეტი 1,3 მილიარდით გაზარდო, შემოსავლის წყარო არ გქონდეს და დამატებითი გადასახადებიდან 500-600 მილიონი აიღო, ფული კიდევ არ გეყოს და 400 მილიონიანი შიდა ვალი, კომერციული ბანკებიდან აიღო? რა გამოდის? ერთი ხელით რაღაცას ვამჩნევთ და მეორე ხელით არაეფექტიან ხარჯებს ვეწევით, თან ნასესხები ფულით. საგარეო ვალი არ მიხსენებია, რომელიც 800 მილიონ ლარზე მეტია. ამ სესხებს რატომ ვიღებთ? ისეთი რა უნდა გავაკეთოთ? გვეტყვიან, როგორ რა უნდა გავაკეთოთ დამ ათასკილომეტრიანი გზაო. თუ უნდათ, ყველა მთაში გვირაბი გაიყვანონ, მაგრამ ამას თავისი დრო აქვს. ილუზიაა, რომ გზებში 3 მილიარდი უნდა დავხარჯოთ, რადგან დღევანდელი კურსით, სამი მილიარდი თითქმის ათი მილიარდი ლარია. ეს ხომ ზღაპარია. გამოდის, რომ მათ კომპეტენცია არ აქვთ.

შექმნილ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ?

- სულ რაღაც ათი დღეა, რაც მთავრობა დამტკიცდა და ეროვნული ბანკი განახლდა, არადა, რაც ოთხი წლის განმავლობაში უნდა მომწიფდეს, ოთხ დღეში მომწიფდა. მთავრობამ ნდობა დაკარგა.

რამდენად მოსალოდნელია, ფინანსური აფეთქება?

- ამ ტერმინებით საუბარი არ მინდა. მოსახლეობა გაღარიბდა, რასაც ყველა ხედავს და ისინი მთავრობის დარწმუნებას როგორ შეძლებენ, ეს თვითმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება. როგორც წესი, გამოსავალი არჩევნებია. თვითმართველობის არჩევნები მოვა და ხალხი იტყვის, ეს მთავრობა მოსწონს თუ არა. თუ მოსწონთ, მშვიდობაში მოიხმარონ. გადასახადების მატება იმის გამო არ უნდა მოხდეს, რომ ათასკილომეტრიანი გზა გვაჩუქონ. ბიზნესს ფული უნდა დარჩეს და სამუშაო ადგილები შექმნას, რაც ყველაზე მთავარია და არა რაღაც გიგანტური პროექტები.