„არაფორმალური მმართველი“ და „პოლიტიკურად უზნეო“

„არაფორმალური მმართველი“ და „პოლიტიკურად უზნეო“

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, პარტიის დაშლით დასრულდეს, რადგან პარტიის მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება უკვე იმ ზღვარს უახლოვდება, რომელიც საჯარო სივრცეში დებატებს გასცდა და პიროვნულ განხეთქილებაში გადაიზარდა.

ჩიორა თაქთაქიშვილი მოქმედ წევრებს ღიად რამდენჯემე დაუპირისპირდა, თუმცა ის ამჟამად, პარტიის არაფორმალურ მმართველზე მიუთითებს და პარტიული კადრების შეგნებულად შემცირებაზე აპელირებს.

ყოფილი დეპუტატი არაფორმალურ მმართველში თუ ვის გულისხმობს არ აკონკრეტებს, მაგრამ ინფორმაციას ავრცელებს, რომ პარტიის რიგებიდან გაუშვეს - კობა ხაბაზი, გოგა ონიანი, ზურაბ ცერცვაძე, გიორგი ხურცილავა, ვაჟა წოწკოლაური, გიორგი ბაბაკიშვილი.

თაქთაქიშვილი კადრების შემცირებას ყრილობას და ზემოთ აღნიშნული ადამიანების იმ პოზიციებს უკავშირებს, რომლებიც მისი ცნობით, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას მხარს უჭერდნენ.

ყოფილი კანონმდებელი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, სერგო რატიანს ღიად უპირისპირდება და მას კითხვებით მიმართავს.

„ჩემი სტატუსი პარტიის არაფორმალურ მმართველს ეხებოდა, რომლის დავალებითაც ეს ხალხი სამსახურიდან გაუშვეს. იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოსთხოვე, შენთან შეუთანხმებლად დიდი ყრილობის მხარდასაჭერად პოზიცია საჯაროდ რატომ გამოხატეს? ან იქნებ, ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი კაბინეტში დაიბარე, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი, კობას ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო საქმის გარჩევა დაუწყო და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ორგანიზებას ვუკეთებ ამისთვისო. ამ ყველაფრის შემდეგ, იქნებ, მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე კითხვა საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა“, - აცხადებს თაქთქიშვილი, რომელსაც რატიანი ეხმაურება.

for.ge-სთან საუბარში სერგო რატიანი ყურადღებას კადრების შემცირების მიზეზებზე ამახვილებს და განმარტავს, რომ ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნების შემდეგ პარტიის დაფინანსება შემცირდა და პარტია დიდ ხარჯებს ვერ გასწევს.

მისი თქმით, პარტიამ თანხები მაქსიმალურად რაციონალად უნდა გამოიყენოს და პირველ რიგში, ეს ცენტრალურ ბიუჯეტს ეხება.

„შესანარჩუნებელი რაიონული ორგანიზაციები გვაქვს, სადაც ეს თანხები უნდა წავიდეს. პარტიაში თავს ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ. ცენტრალური ოფისი ბევრად უფრო მეტად უნდა შემცირდეს და მეტი ყურადღება რეგიონებზე გამახვილდეს. როცა ადამიანებს შეიძლება ფუნქცია ცენტრალურ და რეგიონულ ოფისში ერთდროულად ჰქონდეთ, ამის ფუფუნების უფლებას თავს დღეს ვერ მივცემთ“, - განაცხადა რატიანმა, რომელმაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არ დაკონკრეტა, ვინ არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მსგავსი კითხვით გიგა ბოკერიასაც მივმართეთ, რომელიც საკუთარ თავს არაფორმალურ მმართველად არ მიიჩნევს და თვლის, რომ მსგავსი ბრალდება სისულელეა.

როგორც for.ge-ს ბოკერიამ განუცხადა, ის რაც პარტიაში ხდება იმის ნიშანია, რომ პარტიის დემოკრატიზაცია მიდის და ასეთი ვითარება არასოდეს არ ყოფილა.

მისი თქმით, ის სწუხს, რომ მისი გუნდშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად უზნეოდ იქცევიან.

„ზოგჯერ თანაგუნდელებიც იგივე ლექსიკით იბრძვიან, როგორც „ოცნები“-ს წარმომადგენელები - სიბინძურით და ცილისწამებით. ბრალდებები გაჟღერდა სერგო რატიანის წინააღდეგ და ივანიშვილთან შეკვრაზე. სამწუხაროდ, თავდასხმა თანმდევი პროცესია. სისულელეა, რომ არაფორმალური მმართველი ვარ. არაფორმალური მმართველი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც არანაირი პოზიცია არ აქვს და პოზიცია პარტიის შიგნითაც მიკავია და პარლამენტშიც. უკმაყოფილებას გამოთქვამდი არა ასეთ სისულელეზე, არამედ ტალახის სროლაზე, რაც განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა ისმის. სამწუხაროდ, ეს პროცესები მეტ დემოკრატიას ახასიათებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკური თვალსაზრისით უზნეოდ იქცევა. ვწუხვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებშიც არის ისეთი ხალხი, ვინც პოლიტიკურად უზნეოდ იქცევა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

პარტიაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვა პარტიის სხვა წევრებს არ სურთ, მაგრამ მათ არც გუნდში მიმდინარე პროცესები მოსწონთ.

for.ge-სთან საუბარში სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, მისი პატივსაცემი კოლეგის მხრიდან ვნებთაღელვა ზღვარს გადადის და ეს ყველაფერი ფორმას იძენს შეტევის, იარლიყის მიწეპების, დადანაშაულების, რაც არც მორალურია და არც სწორი.

დეპუტატის შეფასებით, საბოლოო ჯამში, პარტიაში რაღაც საკითხებზე ფუნდამენტური სხვაობებია, რაც ეხებოდა პარლამენტში შესვლას, ყრილობის ფორმატს, თავმჯდომარის საკითხს.

„მინდა მჯეროდეს, რომ სხვადასხვა მოსაზრებების ადამიანებს შორის ჩვეულებრივი დისკუსია მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ეს დისკუსია ზღვარს გადადის და დადანაშაულება, იარლიყების მიწეპება ხდება. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველს, გიგა ბოკერიას კონკრეტული თანამდებობა აქვს როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარლამენტში. არაფორმალურ მმართველში რა იგულისხმება, სრულიად გაურკვეველია. პარტიამ პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაწყვეტილება მიიღო და მაშინ, გამოდის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება არაფორმალური მმართველობაა. უფლებამოსილებას ბაქრაძე, რატიანი და ბოკერია იმ უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ, რაც მათ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზოგიერთი კოლეგა ზღვარს გადადის და ეს ბევრჯერ გააკეთეს, ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. ყრილობზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პარტია რა მიმართულებით ვითარდება“, - ამბობს კაპანაძე, რომლის მსგავსად, ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს გიგი წერეთელი.

როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, უმჯობესია, პარტიის წევრებს შორის მეტი კომპრომისები იყოს და ხისტი პოზიციები არ ჰქონდეთ, რითაც სირთულეები დაძლეული იქნება.

კანონმდებელის მტკიცებით, პარტიაში დრამატული არაფერი ხდება და თუ პარტიის წევრები მოინდომებენ, ამ ვითარებას დრამატულს არ გახდიან.

„ამ თემებზე საუბარს დიდად არ ვცდილობ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა. ისეთ დიდ პარტიაში, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, მომავალში რას ვაკეთებთ და ეს დისკუსიებიც მომავალს უკავშირდება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ არა მხოლოდ ერთიანობა შევინარჩუნოთ, არამედ ღირებულებებიც. როგორც ჩანს, ამ პროცესის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ყრილობა ჩატარდება და გადაწყვიტილებები იქნება მიღებული, როგორი უნდა იყოს პარტიის მართვა“, - დასძინა წერეთელმა.