„შესაძლოა, საქართველომ ამერიკის მეტი ყურადღება დაიმსახუროს“

„შესაძლოა, საქართველომ ამერიკის მეტი ყურადღება დაიმსახუროს“

ევროპელი ლიდერები ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე დონალ ტრამპის მოსვლას „გაურკვევლობის პერიოდის“ დასაწყისად აფასებენ, ქართველი პოლიტიკოსები კი, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკის შეცვლას არ ელოდებიან და პირიქით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის შესაძლო გაღრმავებაზე აქცენტირებენ.

საქართველოს ხელისუფლება ამერიკაში განვითარებული პროცესების შეფასებისას ხაზს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას უსვამს და ფიქრობს, რომ ქართულ მხარეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის შესაბამისი დრო აქვს, თუმცა, მთავრობას პოზიციების გამყარებისთვის აქტიური მუშაობა მოუწევს.

როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, ზვიდ კვაჭანტირაძემ განუცხადა, ამერიკელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. საქართველოსთვის მთავარი და ამოსავალი წერტილია ის, რომ ამერიკა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და 25 წლის განმავლობაში, ქართული მხარე მასთან ურთიერთობას წარმათავს.

„ეს ისაა, რითაც ამერიკასთან ურთიერთობაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მიუხედავად იმისა, ამერიკის პრეზიდენტი ვინ იქნება. ამერიკის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა ყოველთვის გვქონდა, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების. მჯერა, რომ საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას არათუ შეინარჩუნებს, არამედ კიდევ უფრო მეტ საშუალებას გამოძებნის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს. ძალიან ბევრი დამოკიდებული ჩვენს აქტიურობაზეც იქნება. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან რეგიონის და საქართველოს მიმართ ყურადღება არ მოვადუნოთ. ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს სამუშაოები წარვმართოთ“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.

საკითხზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ყურადღებას რეგიონის მნიშვნელობასა და ამ ჭრილში საქართველოს პოზიტივებზე აკეთებს. for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის, საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე თუ რა ადგილს იკავებს - მსოფლიოსთვის საგანგებო მნიშვნელობა კასპიისა და შუა აზიის რეგიონებთან დამაკავშირებელ ხიდს აქვს, საქართველოს ასეთი ფუნქცია კი ის აქტივია, რაც დასავლეთს თავისი ხედვით გააჩნია.

„რა საკვიველია, ამერიკა და ევროპა სტრატეგიულ პოზიციებს არ დათმობენ, რასაც საქართველოსთან ურთიერთობა ჰქვია. მეორე საკითხია ის, თუ რას წარმოადგენს რეგიონი. რუსეთი წამორდგენილი ურთულესი რაიონითაა, თურქეთი გარკვეული სახეცვლილებით წარმოგვიდგა, ირანთან ურთიერთობა მსოფლიომ შეცვალა და შუაში საქართველოა, როგორც მყარი და სტაბილური მოკავშირე დასავლეთის. ამ პოზიციების დათმობა არც ამერიკის და არც ევროკავშირის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნავს ვოლსკი.

კანონმდებელი მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ინტერესებზეც აპელირებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა სწორედ ისაა, რაც მსოფლიოს დღეს სჭირდება.

„საქართველოს რა აინტერესებს? - პრაქტიკულად, ევროკავშირის წევრები ვართ, თუნდაც ასოცირებული. ამერიკისთვის საიმედო მოკავშირე ვართ არა მარტო რეგიონში, არამედ ცხელ წერტილებში, სადაც ანტიტერორისტული, სამშვიდობო ღონისძიებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი რომ გააერთიანოთ, ეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას საგანგებო მნიშვნელობას სძენს. ტრამპს გაცილებით უფრო სიღრმისეული ინფორმაცია ექნება და საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმ ინსტიტუტებსაც, რომლებმაც ამერიკა მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანად წარმოაჩინეს და დაამკვიდრეს. საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში საგანგებო როლს შეინარჩუნებს და ადამიანი ძალიან სუსტი უნდა იყოს, რომ ეს მნიშვნელობა ვერ დაინახოს, ტრამპი კი ამ რიცხვს არ მიეკუთვნება“, - ამბობს დეპუტატი.

ვოლსკის მოსაზრებით, მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთობა დამყარებული იქნება იმ ქარტიაზე, რომელიც არსებობს.

„რაც შეეხება ინტერესს, ჩვენს ინტერესებში ის შედის, რომ ევროკავშირის, ამერიკისა და რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში გარკვეულ, საერთო პოზიციებამდე მივიდეს და ამის შესახებ მკაფიოდ დაფიქსირებულია იმ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ის ერთადერთი დოკუმენტია, რომლის თაობაზეც დავა არ ყოფილა“, - დასძენს ვოლსკი.

მმართველი გუნდის მსგავსად, მომავალი ოთხი წლის განავლობაში, ამერიკისგან საქართველოს მიმართ საფრთხეების შექმნის წინაპირობას ვერ ხედავს ოპოზიციაც.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოსთვის როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, რომელსაც ყველა შემთხვევაში, ქვეყანამ პატივი უნდა სცეს. დეპუტატის პროგნოზით, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკა ვერ შეიცვლება, თუმცა გათვალისწინებული პრაქტიკით, როცა ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოდიან, საგარეო პოლიტიკას მეტი ყურადღება ექცევა და შესაძლოა, საქართველომ ამერიკის მხრიდან მეტი ყურადღება დაიმსახუროს.

„ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ამერიკულ პრობლემებს, დიახ, ტრამპი მკვეთრია და მან შესაძლოა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ამერიკაში შემოწმებისა და ბალანსის ისეთი სისტემაა, რომლითაც პრეზიდენტს არავინ მისცემს უფლებას, რომ კონსტიტუციის გზიდან გადაუხვიოს. საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში საკონსტიტუციო უმრავლესობა არასდროს არავის არ ჰქონია. შესაბამისად, ამ ტიპის ცვლილებები ვერ მოხდება. მოვლენებს მშვიდად ველოდები და წინასაარჩევნო საუბრები რეალურად ვერ გვაჩვენებს, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რა კაცი იქნება. დრო დადგება და მას საქმეში დავინახავთ, რადგან ისეთი დრო მახსოვს, როცა პროგნოზები გაკეთებულა და შემდეგ ეს ასე არ მომხდარა. როგორც წესი, შემოწმებისა და ბალანსის სისტემა პროცესს კალაპოტში აქცევს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ბერძენიშვილი კალიფორნიის შტატის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც მედიის ცნობით, ამერიკისგან გამოყოფა მოითხოვა.

„ამერიკის კონსტიტუცია და პროცესები სრულიად გამორიცხავს იმას, რაც მედიაში დაიწერა. კალიფორნიაში ასეთი ხალხი ყოველთვის იყო, ისევე როგორც ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც ასეთ აზრებს ამბობს, მაგრამ ეს დიდი ბრიტანეთივით აწყობილი ქვეყანა არ არის, სადაც რეფერენდუმს ჩაატარებენ. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს ვერასოდეს ვერ მოხდება“, - დასძენს ბერძენიშვილი.

რესპუბლიკელის მსგავსად, ნაციონალი გიგი წერეთელი ამერიკის ერთიან, მწყობრ სახელიწმიფო სისტემაზე აპელირებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კანდიდატი ტრამპი ერთია და პრეზიდენტი ტრამპი კი, მეორე იქნება - თუკი საარჩევნო კამპანიის დროს კონტრვერსიალური განცხადებები იყო, ალბათ, მოსალოდნელი არ არის, რომ ის იქნება იმ პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი, რომელსაც ამერიკის ადმინიტრაცია განახორციელებს.

წერეთელის მოსაზრებით, ტრამპი ჩვეულებრივი პრეზიდენტი არ არის და ის მანამდე პოლიტიკურ თანამდებობებზე არ ყოფილა, მაგრამ მის ირგვლივ საინტერესო გუნდი აუცილებლად შეიკრიბება, რომელიც იმ პოლიტიკას გაატარებს, რაც მთელ მსოფლიოში მშვიდობას ემსახურება.

„რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ამერიკაში ინსტიტუტების სახით ძლიერი და სოლიდური საფუძველია შექმნილი, რომ ყველაფერი ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული, თუნდაც, მას განსაკუთრებული მოსაზრებები ჰქონდეს. სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტები არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ძირითად პოლიტიკურ ხაზს გაჰყვება, თუმცა ის კრეატიული ადამიანია“, - აცხადებს წერეთელი.

დეპუტატი საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას ვერ ხედავს.

„ამერიკასთან ძირითადი და სტრატეგიული მიმართულებები დასახული გვაქვს, ეს იქნება უსაფრთხოება თუ ეკონომიკა. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებს როგორ მონახავს, რომელსაც ქვეყნის შიგნით ადვილი ამოცანები არ აქვს გადასაჭრელი. საკონსტიტუციო უმრავლესობა უხარიათ, მაგრამ ეს სერიოზული გამოცდაა. ამერიკასთან საჭიროა მუშაობა, რომ საქართველო ამერიკის ინტერესების არეალში ყოველთვის იყოს“, - დასძენს წერეთელი.

ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ტრამპის წარმატების მიმართ ევროპელი ლიდერების შეფასებები მკაცრი და კრიტიკული იყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მოსაზრებით, ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი“ იწყება. ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმაც მიულოცა, რომლის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ის თავისუფლების, დემოკრატიისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნებოდა.