ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ოღონდ ამას საკუთარ ამომრჩეველს გულმოდგინედ უმალავს

ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ოღონდ ამას საკუთარ ამომრჩეველს გულმოდგინედ უმალავს

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე, ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს კოალიცია „ახალი“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტია „გირჩი“ ემზადება. გადაჭრით არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ოპოზიციური პარტიები „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის“. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე მათგანს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“, რეგიონებში არჩევნების სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ და მითითებებიც აქვთ გაცემული. შალვა პაპუაშვილის თქმით, ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ.

„დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანაა და ყველა ხედავთ ამას, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტია სრულად იქნება მობილიზებული და 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, „ქართული ოცნება“ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უწყვეტი განვითარების და ინტერესების დამცველი ერთადერთი ძალაა.

„დაწყებულია სამზადისი და კონსულტაციები მერობის და სიების კანდიდატებთან და ყველაზე მთავარი, ჩვენ უკვე უახლოეს კვირებში დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, მოვივლით ყველა რეგიონს და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან, რომელიც, მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზაა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერი მსჯელობა დაბნეულობას იწვევს და მთავარი საკითხის გადაჭრისგან ყურადღების გადატანას ემსახურება.

„ერთადერთი ცივილიზებული, დემოკრატიული გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაფერი ქმნის უკიდურეს დაძაბულობას ქვეყანაში. ქვეყანა უკვე ვეღარ გაუძლებს ამ დაძაბულობის გაგრძელებას, ამიტომ საჭიროა კრიზისის განმუხტვა.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებაზე. ნებისმიერი მსჯელობა ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობას იწვევს და ემსახურება ფოკუსის გადატანას მთავარი პრობლემის გადაჭრისგან. მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები ასე ხელწამოსაკრავი საქმე არაა. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა ოპოზიციაა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მათი მხარდამჭერების მობილიზებას ნიშნავს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.

„ხელისუფლების ტაქტიკა სწორია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივ ელიტებს ეძლევათ საშუალება ადგილობრივ არჩევნებზე ადგილებზე იბრძოლონ. მით უმეტეს, როცა ოპოზიციას რეგიონებში ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს და მხარდაჭერა იქ დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ნაკლები აქვთ. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოცდილება იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ხმების მობილიზება და შემდეგ ხმების სწორად დათვლა. ამიტომ ვამბობ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, არ შეიძლება. ეს პოლიტიკურად ძალიან დიდი შეცდომაა. ვიმეორებ, ადგილობრივი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების მობილიზება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თუკი „ოცნებამ“ დაინახა სიტუაცია არ სწორდება და დასავლეთიდან ზეწოლა სერიოზულ სახეს იღებს, გამოსავალი ვეღარ დაინახა, მაშინ ხელახალ არჩევნებზე წავა. ამიტომ არაა გამორიცხული, ხელახალ არჩევნები ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვიოს. ოპოზიცია კი ამისთვის მოუმზადებელი იქნება და ეს კიდევ ერთი კრახის მიზეზი შესაძლოა გახდეს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პოზიცია მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული და, დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საყვარელიძე for.ge-თან ფიქრობს, რომ „ლელო“ დასავლეთიდან „სიგნალს“ ელის და ბოლომდე ვერ რისკავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ვვარაუდობ, რომ ჯერჯერობით, უცხოეთიდან ითხოვენ, რომ არსებობდეს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო დაუმორჩილებელი პარტიების ჯგუფი იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიტიკა შეეძლოთ ჩვენი ხელისუფლებისა. თუკი დასავლეთს იმ დროისთვის ეს განწყობილება ჩაუქრება და მართლაც პროგნოზი ჯერ ძალიან ადრეა, მაშინ, მე მგონია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოფიქრება რთული არაა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ბოიკოტი არასწორია, რადგან თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, ისინი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ფაქტობრივად, ჩაქრებიან.

„ბოიკოტი, ჯერ ერთი, ოპოზიციისთვისაა ცუდი და ასევე ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანას ოპოზიციური პარტიები სჭირდება. მეორე ვარიანტია კიდევ, რაც მათ ჩაქრობას შეუწყობს ხელს. შესაძლოა, მათ ადგილზე ახალი ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ, მაშინ მათ დაბრუნებაც კი არ უშველის და არ დაუბრუნდებათ ძველი რეიტინგი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მარბიელი "ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება, ოღონდ ამას თავიანთ ამომრჩეველს გულმოდგინედ უმალავენ"- ეს მსჯელობა კი არა, ონანიზმია!
რატომ უმალავს?
და თუ მალავს, ინკოგნიტოდ მიიღემს მონაწილეობას?
2 საათის უკან