„მშვენიერი და მნიშვნელოვანი საღამოა. მივიწყებულ მამაკაცებს და ქალებს აღარასდროს მივივიწყებთ. ჩვენ ისეთი ერთობა გვექნება, როგორც არასდროს გვქონია“, - ამ სიტყვებით განაახლა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელი „ტვიტერი“, რომლის აქტიური მომხმარებელია. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ახლადარჩეული 45-ე პრეზიდენტი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.
ამერიკის ახალი პრეზიდენტი მილოცვებს უკვე იღებს, თუმცა მსოფლიო ლიდერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შოკირებული არიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ტრამპს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტი იყო. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის. პუტინი მედს გამოთქვამს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.
კიდევ ერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ტრამპის გაპრეზიდენტება დადებით შეაფასა, თურქეთის პრეზიდენტია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამერიკელი ხალხის არჩევანი სასარგებლო ნაბიჯებს გამოიწვევს მსოფლიოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ და ასევე, რეგიონში დემოკრატიისა და განვითარებისთვის.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა კი დონალდ ტრამპს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ თქვენ, ახალო პრეზიდენტო, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ. თუ ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჩვენ გადმოგვცემთ, თქვენ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალ ფურცელს დაიწყებთ“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
„აშშ–ის 45-ე პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ“, – ასე იწყება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივი წერილი. ტუსკისა და იუნკერის თქმით, ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება. მათივე განმარტებით, მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი ისეთ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც არის დაიში, უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, კლიმატის ცვლილებების კონტროლი და მიგრაციაა.
„საბედნიეროდ, ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად ღრმაა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გავუმკლავდებით იმ საფრთხეს, რომლის წინაშე აღმოსავლეთ და სამხრეთი ევროპის ქვეყნები დგანან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რათა ჩვენი თანამშრომლობა დარჩეს ისეთივე მტკიცე და ხანგრძლივი, როგორც აქამდე“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.
„დემოკრატია, თავისუფლება, კანონის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა განურჩევლად მათი წარმოშობის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, თუ პოლიტკური შეხედულებებისა“, – ამ ღირბეულებების საფუძველზე სთავაზობს თანამშრომლობას გერმანიის კანცლერი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს. ანგელა მერკელმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა.
„ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, დონალდ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატები ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა. წლევანდელი საარჩევნო კამპანია განსკუთრებული იყო გარკვეული კონფრონტაციებით, რაც რთული ასატანი იყო. მე, ისევე როგორც მრავალი თქვენგანი, არჩევნების შედეგებს მღელვარებით ველოდებოდი.
ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში პრეზიდნტად აირჩია, აქვს გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება გერმანიას, ევროკავშირში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც აშშ-სთან უფრო ღრმა კავშირები აქვს“, – აღნიშნა ანგელა მრეკელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, უდაოა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობებში რთული მომენტი დადგა. მისი თქმით, აშშ-ის თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი იმსახურებს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სრულ პატივისცემას. თუმცა, აქვე ამბობს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მარტივი არ იქნება.
„აშშ-ს აქვს შესანიშნავი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზე არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაიცვას ამ კონსტიტუციის ფუნდამენტური წესები და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძველი. ეს არ იქნება ადვილი, რადგან საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით პროტექციონიზმის ელემეტებს, ასევე შემაშფოთებელ სიტყვებს ქალების, უმცირესობების შესახებ, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ საარჩევნო კამპანიები პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში რეალური პოლიტიკისგან განსხვავდება. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით რაციონალურ თანამშრომლობას“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი“ იწყება. ოლანდის განცხადებით, აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.
„ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება“, –განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ოფიციალური თბილისი მზად არის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გააგრძელოს თანამშრომლობა, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა და განამტკიცოს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ–ი როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.