„ამერიკა უფრო გაძლიერდება ტრამპის ხელში და სწორედ ამ პოზიციიდან დაელაპარაკება, როგორც მტერს, ისე მოყვარეს“

„ამერიკა უფრო გაძლიერდება ტრამპის ხელში და სწორედ ამ პოზიციიდან დაელაპარაკება, როგორც მტერს, ისე მოყვარეს“

48%-ით აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. რესპუბლიკელ კანდიდატს მხარდაჭერა 57 მილიონმა ამერიკელმა გამოუცხადა. ტრამპმა საარჩევნო შტაბში მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. ამერიკული წამყვანი მედიასაშუალებების, სოციოლოგიური ცენტრების და პოლიტიკოსების პროგნოზის მიუხედავად, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

70 წლის დონალდ ტრამპი ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და მეცენატი. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. როგორც New York Times-ი წერს, მესამედ დაქორწინებული ტრამპი ამჟამად მანჰეტენზე, მე-5 ავენიუზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ამერიკის 45 პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

გარდა ამისა, რესპუბლიკელები კონტროლს ინარჩუნებენ აშშ-ის კონგრესზე. ამჟამინდელი მდგომარეობით, რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში 247 ადგილი აქვთ, რაც პარტიისთვის 1928 წლიდან მაქსიმალური რაოდენობაა. უმრავლესობის მოსაპოვბელად სულ მცირე, 218 ადგილია საჭირო. ამ შემთხვევაში კოაბიტაციას ადგილი ნაკლებად ექნება, მაგრამ უმრავლესობა რესპუბლიკლებს გაუადვიელბს თავისი პოლიტიკის წარმართვას. რესპუბლიკლები ტრადიციულად კარგად არიან სენტაში, ისევე, როგორც წარმომადენელთა პალატაში, ხოლო ორივე ერთად, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მხარს უჭერენ კონგრესის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს.

ტრადიციულად, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს, რაც ანალიტიკოსების განცხადებით, არც ამ შემთხვევაში შეიცვლება და ფიქრობენ, რომ ამერიკასა და საქართველოში დიდი სივრცე ექნებათ, რათა განავითარონ ურთიერთობები. ამერიკის შესწავლის  ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ 57 მილიონი ამერიკელის არჩევანი საქართველოს ურთიერთობაზე კარგად უნდა აისახოს.

„ტრამპი ამერიკის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს დაუპირისპირდა და აჯობა. ახლა ბევრს ეშინია, რომ პუტინის ჭკუაზე არ იაროსო. იმდენად ძლიერი კაცია, რომ ნამდვილად არ წავა პუტინის ჭკუაზე, პუტინს არც თავს დააჩაგვრინებს, არც ამერიკას და არც ამერიკის მოკავშირეებს. სხვა საქმეა ის, რომ მოკავშირეებს მოსთხოვს დაიცვან თამაშის წესები, რაც ბოლო ხანებში ევროპაში ნაკლებად იყო.

საქართველოს არასოდეს არ უღალატია ამერიკის ერთგულებისათვის და ამიტომ, ველოდები, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა უფრო კარგ დონეზე აიწევს. როგორც წესი, რესპუბლიკელები ყოველთვის კეთილგაწყობილი იყვნენ საქართველოს მიმართ, არც დემოკრატები იყვნენ ცუდად განწყობილი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არჩევანი კარგი იქნება. ამერიკა უფრო გაძლიერდება, უფრო მაგრად იდგება ფეხზე ტრამპის ხელში. როცა ჩვენი მოკავშირე კარგად იქნება, ჩვენც კარგად ვიქნებით. ამერიკა კიდევ უფრო პრაგმატული და რაციონალური გახდება, თავის პასუხისმგებლობა ექნება დემოკრატიული მსოფლიოს წინაშე. ეს იქნება ძლიერი ამერიკა და სწორედ ამ პოზიციიდან დაელაპარაკება, როგორც მტერს, ასევე მოყვარეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი საქართველოს მიმართ რაიმე განსაკუთრებული ჩანაფიქრით არ გამოირჩევა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულება განისაზღვრება იმით, როგორ დალაგდება ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან და ბუნებრივია - აღმოსავლეთთან, რომელიც მსოფლიოს აქტიური რეგიონია.

„ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გუნდს შეკრავს ტრამპი. ტრამპი რაღაცით გაქვს რეიგანს. კერძოდ იმით, რომ რეიგანმაც ცუდად იცოდა პოლიტიკა, ისევე როგორც ტრამპმა. ოღონდ რეიგანი ორიენტირებული იყო თავის გარემოცვაზე, როგორც წესი, კარგ გუნდს აგროვებდა და ამიტომ ძალიან შედეგიან ნაბიჯებს დგამდა. ვნახოთ, როგორი იქნება ამავე როლში ტრამპი. მათ შორის ასევე არის ერთი მსგავსება, რეიგანი მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადი იყო, ტრამპი ხომ არის და არის.

ასე რომ, რა მოხდება სამომავლოდ, ტრამპმაც შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ამერიკის ჩვენდამი ურთიერთობა დამოკიდებული იქნება როგორ განვითარება ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან და აღმოსავლეთთან, თურქეთისა და არაბაული ქვეყნების ჩათვლით“, - აცხადებს რამაზ საყვრელიძე.

მისი თქმით, თუ ახალმა ადმინისტრაციამ ამ სამკუთხედში სხვანაირი პოლიტიკა აირჩია, ვიდრე აქამდე ჰქონდა, ეს უკვე შეიძლება აისახოს საქართველოზე.

„ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ ამ საკუთხედში მოქცეული საქართველოს წილი მნიშვნელოვანი იქნება ყველა ამერიკელი პოლიტიკოსისთვის და ტრამპისთვისაც. ამიტომ, წესით, დადებითი უნდა იყოს დამოკიდებულება, მაგრამ თუკი ეს დადებითი დამოკიდებულება გადაიზარდა ამ სამი მიმართულებით აგრესიაში, ჩვენ შეიძლება ამერიკასთან კარგი ურთიერთობის მძევალი აღმოვჩნდეთ. ასეთი მძეველი ვიყავით 2008 წელს. მაშინ რუსეთმა დაგვარტყა იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკისკენ მივილტვოდით.

თუკი დამძიმდა რუსეთსა და ტრამპს შორის ურთიერთობა, შეიძლება იგივე განმეორდეს, ან იგივე ისლამური სახელმწიფოსგან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ რაღაცა ტიპის დარტყმა. ამერიკასთან სიახლოვე დიდი პლუსია საქართველოსთვის, დიდი პარტნიორია ნებისმიერი ქვეყნისთვის და ჩვენთვის მით უმეტეს, მაგრამ თან დიდი რისკია, ვინაიდან, ვინც ამერიკას დაუპირისპირდება, ის ჩვენც დაგვიპირისპირდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„აშშ-ს არჩევნების შედეგი საქართველოზე ნეგატიურად არანაირად არ იმოქმედებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი, რომლის განცხადებით, ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან.

„ამერიკაში ცვლილებების განხორციელების რეალური სურვილია, მაგრამ ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთარებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - აცხადებს იან კელი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო-ამერიკის 25 წლიანი ურთიერთობა ემყარებოდა ურთიერთ ინტერესებისა და ურთიერთ სარგებლიანობის გათვალისწინებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ახლი ელჩი აშშ-ი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. აშშ-ის მხრიდან არსებობს დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც დემოკრატებში, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებში.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აქვთ, დინამიზმი გაიზრდება. ახალ ადმინისტრაიცებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ ძალიან დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები“, - აღნიშნა დავით ბაქარაძემ.

დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს მისი ქართველი კოლეგა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოუთმენლად და დიდი იმედით ელის შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ამერიკელებს და დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს.

ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.