აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებას ომის აჩრდილი არ ასვენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში იმ შენობების განადგურებას იწყებენ, რომლებიც 90–იანი წლების სამხედრო კონფლიქტისას დაიწვა. „პრეზიდენტ“ ბაღაფშის ბრძანებით, სულ რაღაც ერთ თვეში უნდა დაანგრიონ და გაიტანონ ის დაზიანებული და დამწვარი შენობები, რომლებიც სოხუმის აჩადარადან ოჩამჩირემდე, გზების გასწვრივ დგანან.
აფხაზეთში ბინების გარშემო რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სკანდალიც არ ცხრება და ახალ–ახალ ფორმებს იძენს. ამით შეწუხებულმა ბაღაფშმა ქალაქების და რაიონების დე–ფაქტო ხელმძღვანელებს აღნიშნული პრობლემის დროული მოგვარება დაავალა. ბაღაფშის თქმით, ამ საკითხში ადგილობრივი ადმინისტრაციების უმოქმედობის გამო, მოსკოვთან დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. „პრეზიდენტი“ ამ საკითხის მოგვარებაში ყველა დონის სასამართლოს სასწრაფო ჩართვას მოითხოვს.
ბაღაფშმა აფხაზეთში 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს დამწვარი შენობების დანგრევა გუშინ ბრძანა. ამის შესახებ სოხუმის საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.
აღნიშნული საკითხი ბაღაფშმა ქალაქებისა და რაიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განიხილა. მან თათბირზე აღნიშნა, რომ სოხუმსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით ცენტრალური ტრასის გასწვრივ ჯერ კიდევ დგას სახლები, რომლებიც „ხალხს ომს ახსენებენ“.
ბაღაფშმა დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანებელს დაავალა, ერთ თვეში დაანგრიონ და გაიტანონ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული და დამწვარი შენობები, რომლებიც სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარადან ოჩამჩირემდე, გზების გასწვრივ დგას.
სამწუხაროდ ბაღაფში არ ინტერესდება ამ მიტოვებული და ეულად მდგარი სახლების პატრონებით და მათი უფლებებით, ადრე თუ გვიან დაუბრუნდნენ მშობლიურ მიწას. სამაგიეროდ ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ინტერესდებიან სხვა საკითხებით - იმ პრობლემატიკით, რაც უშუალოდ ოკუპანტის ჩექმის მზარდ მოთხოვნებს და საჭიროებებს პასუხობს. კერძოდ, აფხაზეთში ბინების გარშემო რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სკანდალი კვლავაც გრძელდება.
“აფხაზეთში ბინების გარშემო რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება”, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ და იქვე აღნიშნავს, რომ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ქალაქებისა და რაიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაავალა.
ბინებთან დაკავშირებული დავების თემა ბაღაფშმა ქალაქებისა და რაიონების დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განიხილა. მან მაგალითად „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული მასალა მოიყვანა, რომელშიც აფხაზეთში ბინის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ რუსეთისავე მოქალაქის დავის სასამართლო პროცესია აღწერილი.
“ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ვლაპარაკობდით. თქვენი უმოქმედობის გამო დიპლომატიური სკანდალი ხდება”, – მიმართა ბაღაფშმა დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელმაც საცხოვრებლის უკანონოდ გაყიდვის ან გადაფორმების ყველა ფაქტი უნდა გაარკვიოს. მისი თქმით, იმ განუკითხაობის გამო, რომელიც დღეს სასამართლოებში ხდება, მოსამართლეებს უფლებამოსილება აღარ უნდა გაუგრძელდეთ.
ე.წ. პრეზიდენტმა დე-ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს ასევე დაავალა, ე.წ. მთავრობასთან ერთად განახორციელოს აფხაზეთის საბინაო ფონდის ინვენტარიზაცია და ყველა საიჯარო ხელშეკრულებას გადახედონ.
“სხვისი საცხოვრებლის მიტაცებას ძალიან მკაცრად უნდა ვებრძოლოთ. გადაგზავნეთ მასალები საარბიტრაჟო, უმაღლეს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში”, – აცხადებს ბაღაფში.
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსებისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია რუსული მედიით რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.