ვის შეხვდება ირაკლი ალასანია აშშ-ში?

ვის შეხვდება ირაკლი ალასანია აშშ-ში?

[რუსიკო მუმლაძე]
როცა მიუნჰენში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები სააკაშვილის ჩამოგდებაზე ბჭბობდნენ, ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ დღეებში იგეგმება, მაგრამ “თავისუფალი დემოკრატები” ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსნის გვარს არ ასახელებენ, ვისაც მათი ლიდერი შეხვდება. თავად ალასანია პირველ ივლისს დაბრუნდება საქართველოში.

ამასობაში, ისიც გაირკვევა, შევა თუ არა “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი ყოფილი ალიანსის საკრებულოს ფრაქციაში. “თავისუფალი დემოკრატი” ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მათ პარტიას მალე ახალი სახეები შეავსებენ. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ალასანიას პარტია იმ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სოციალური მოთხოვნები ექნება და არა პოლიტიკური – “მიშა მოვდივართ, გადადექი”.

დოლიძე აცხადებს, რომ ორშაბათიდან ნებისმიერი თბილისელისთვის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის კარიღია იქნება. ფრაქციელები კი, ერთიანი ძალებით შეუტევენ მერიას, რომ წინასაარჩევნოდ გახმაურებული ჯანდაცვის ახალი პროგრამების რეალური განხორციელება უზრუნველყოს თბილისის მთავრობამ.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თბილისის ამ წლის ბიუჯეტითაც შესაძლებელია მუნიციპალური აფთიაქების ამოქმედება, სადაც სოციალურად დაუცველ ფენას დაბალ ფასში შეეძლება წამლის შესყიდვა, ხოლო მოხუცები და ბავშვები მას უფასოდ მიიღებენ. დოლიძე ირწმუნება, რომ ისინი უკვე აქტიურ მოქმედებებზე გადავლენ და გაარკვევენ, მზად არის თუ არა უგულავა, რეალურად შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

როდის ბრუნდება ალასანია საქართველოში და როდის იწყებთ პარტიის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას?
– ირაკლი პირველ ივლისს, წესით, აქ უნდა იყოს. ჩვენ ვაპირებთ პარტიის განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე პოლიტიკურად. რამდენიმე წევრი შემოგვემატა. ახლავე ვიწყებთ მუშაობას, რომ 2012 წლისთვის არ გადაიდოს ყველაფერი, ეს არასწორი იქნებოდა. ჩვენი საკრებულოში ყოფნა და კარგი გაგებით ამ ბერკეტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის.

გაფართოება გრძელვადიანი პროცესია. მაგალითად, თეა წულეკიანი შემოემატა ჩვენს პარტიას, რომელიც 10 წელი სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდა. ამ სფეროში ერთ-ერთი სერიოზული სპეციალსტია და პარტიისთვის დიდი შენაძენია. ბევრი მსურველიც არის პარტიაში შემოვიდეს და ბევრზე ჩვენც გვაქვს ჩვენი მოსაზრებები.

ალიანსის პირობებში, ბუნებრივი იყო, რომ პარტიის გაძლიერებაზე ვერ გადავერთვებოდით. თანაც ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამდენი პოლიტიკური ბატალიები გადავიტანეთ. ახლა კი, დრო აღარ უნდა დავკარგოთ და ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა ვიაროთ წინ. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ალასანია უალტერნატივო ლიდერია ოპოზიციაში და კარგი გაგებით ეს შესაძლებლობა ხელიდან გასაშვები არ არის.

რა შეხვედრები ჰქონდა ალასანიას აშშ-ში?
- ირაკლის საკმაოდ სერიოზული შეხვედრები აქვს ვაშინგტონში. კი, შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან აქვს შეხვედრები. მალე გაიგებთ, ვისთან ჰქონდა შეხვედრა, ვისი ინიციატივით მოხდა ეს შეხვედრა, როგორ შედგა. ირაკლი თავად გააკეთებს ამაზე კომენტარს. ბევრი საკითხი განიხილება, განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების საკითხებზე გამახვილდება ყურადღება, ისევე როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

და ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ის რევოლუციის მომხრე არ არის?
- ჩვენ მეტი დაფიქსირება აღარ გვჭირდება. არც ამერიკელი და არც დასავლელი პარტნიორები აღარც კი გვეკითხებიან იმას, მომხრე ვართ თუ არა რევოლუციების. მათ დაინახეს, რომ ირაკლი ალასანიამ სერიოზული როლი ითამაშა, რომ ისედაც ურთულეს საარჩევნო პროცესებსა და პოლიტიკურ ბატალიებში კონსტრუქციული გზით წავსულიყავით და ქუჩიდან გადმოგვენაცვლა დიალოგურ რეჟიმში.

“მაესტროს” პირდაპირ ეთერში მან გაჩეჩილაძეს უთხრა, რომ თუ საჭირო იქნება, გავალთ ქუჩაში აქციებზეო. არ მოვიდა დრო, რომ ოპოზიციამ სოციალური ხასიათის აქციებზე იფიქროს და არა ისეთზე, სადაც მხოლოდ ერთი რამ ისმის – “მიშა მოვდივარ”? სოცილური ხასათის აქცია, აღიარებულია, ხელისუფლებაზე ზეწოლის ეფექტურ საშუალებად, რის შემდეგაც რიგით მოქალაქეებს პრობლემების მოგვარების რეალური შანსი ეძლევათ.
- კარგი და აბსოლუტურად ლოგიკური შენიშვნაა. ჩვენ არასდროს უკან არ დაგვიხევია, არც ქუჩაში გასვლაზე და არც ჩვენი ხალხის გვერდში ყოფნაზე. სადაც საჭირო იყო, იქ ვიყავით და ბოლომდე ასე ვიქნებით, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს უნდა იყოს თემატური, ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, სოციალური ხასიათის აქციას ყოველთვის აქვს შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ახლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ვაპირებთ სერიოზულად გააქტიურებას. თუ საჭირო იქნება, ქუჩაშიც გავალთ. თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ქუჩაში ყოფნა. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციულად მივაღწიოთ შედეგს.

დარწმუნებული ხართ, რომ გიგი უგულავას მთავრობა თქვენთან რეალურ თანამშრომოლბაზე წამოვა და თქვენი პროგრამების, თუნდაც ნაწილის, განხორციელებას ხელს შეუწყობს?
-უგულავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ჯანდაცვის პროგრამა საინტერესოა და ამაზე მუშაობა შეიძლება. ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ რაკი ამაზე მუშაობა შეიძლება, რაკი არსებობს პრიორიტეტულად განსაზღვრული დარგები, სადაც შეიძლება, ხელი შევუწყოთ ხალხისთვის მინიმალური ჯანდაცვის პაკეტის შეთავაზებას, ამ პროცესისთვის ხელშეწყობა იქნება ჩემი უპირველესი ამოცანა.

ჩვენი პრიორიტეტი იქნება ისიც, რომ უკვე არსებული პროექტების შესრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ. მუდმივად გავაკონტროლებთ, უკვე გამოყოფილი თანხების ხარჯვა რამდენად მიზნობრვად ხორციელდება, რამდენად სწორია თბილისის მთავრობის პრიორიტეტები და რამდენად სწორად გადანაწილდება თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში. მუნციპალიტეტის მთავრობასთან ვიმუშავებთ, რათა გავარკვიოთ, აქვთ სურვილი შეცვალონ, თუ ლიტონი სიტყვები იყო მათი დაპირებები. ძალიან რთულია, წინასწარ გაარკვიო ეს.

თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლებისგან არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ მინახავს ნებისმიერ სფეროს გაუმჯობესების თვალსაზრისით. აქამდე მხოლოდ და მხოლოდ, პიარის დონეზე ხდებოდა ყველაფერი. ძალიან მინდა, ვიქონიო იმედი, რომ მართლაც პრაგმატული თანამშრომლობა გვექნება. მე მგონი, მარტო “თავისუფალი დემოკრატებს” არ უნდა სურდეთ თბილისელებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობა.

ასევე, მე მინდა, მჭიდროთ ვითანამშრომლოთ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთანაც. ამ საკრებულოში ოპოზიცია უფრო პრეზენტაბელურია და მეტ პოლიტიკურ ბერკეტს ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ სულ 11 კაცი ვართ. მეტის გაკეთება შეგვიძლია ერთად, თუ ისინი პრაგმატულად მიუდგებიან საკითხებს და გადადგამენ სწორ ნაბიჯებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები ისმოდა, რომ ვიღაცეები ხელისუფლებასთან არიან შეკრულები. ახლა ყველა ერთად ხართ საკრებულოში. რაიმე კონკრეტული ამ თვალსაზრისით შეამჩნიეთ?
-იცით, რა, ამგვარ საუბრებს მე არასდროს ვეთანხმებოდი. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არც ახლა დასრულდა ამაზე საუბარი: ის რეალური ოპოზიციაა, ეს არ არის, ის იმის გამკეთებელია, ის – არა. ამის მიზეზი, ალბათ, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა.

თუ გახსოვთ, ჩვენ არავინ გვიკრიტიკებია და პერსონებზე არ გვისაუბრია, ვერიდებოდით ამას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენები გვქონდა, როგორც ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებზე, ასევე ხელისუფლების. ჩვენ სისტემას ვაკრიტიკებთ. თუ ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისთვის მზად იქნება, ჩვენი კარები ყოელთვის ღიაა.

ინგა გრიგოლია, კობა დავითაშვილი, კახა კუკავა თუ წამოვლენ თქვენთან თანამშრომლობაზე?
- მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ახლა ვიწყებთ მუშაობას. ინგა გრიგოლიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყოს. ეს უკვე კარგი ნაბიჯია. მან მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას, რისთვისაც მე ნამდვილად მადლიერი ვარ. ვიცი, რომ “ქრისტიან-დემოკრატებს” ჯანდაცვასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ხედვები აქვთ. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხებზე მუშაობას.

კობა დავითაშვილისა და კუკავას შესახებ კომენტარს აღარც გავაკეთებ, რადგან მათი აზრი ყველამ იცის და ბევრჯერ გვიპასუხია მათთვის. ახლა რომ კიდევ ვთქვა რამე, მაშინ დაპირისპირების იგივე რეჟიმში უნდა დავრჩეთ. ბევრად უფროს სერიოზული საკითხები მაქვს საფიქრალიც და გასაკეთებელც.

არჩევნების შემდეგ პირად წყენას თუ გრძნობთ მათგან?
- წყენა არ არის ჩვენი მხრიდან. ჩვენს შორის იყო განსხვავებული მოსაზრებები კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ პროდასავლური ძალა ვართ, ისინი ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინვსკისთან დადიან შეხვედრებზე. ეს განსხვავებები არის, მაგრამ წყენა არ არის ჩვენს შორის. სამომავლოდ, მაინც ცუდია, რომ რაღაცა განსხვავებული განცხადებები გაკეთდა. ეს განცხადებები, რაც მათი მხრიდან გაკეთდა არასაფუძვლიანი და არასამართლიანია ჩემთვის.

რას აპირებს თინა ხიდაშელი? გავრცელდა ხმები, რომ ის თქვენს ფრაქციას არ შემოუერთდება…
-არ ვიცი. ის უცხოეთში იყო. ახლა ჩამოვიდა, დავილაპარაკებთ, სხვადასხვა საკითხებზეც და ფრაქციულ თანამშრომლობაზეც.