სამაჩაბლოს სოფლებისათვის მისაწოდებელი სარწყავი წყლით კოკოითი ყოველთვის ვაჭრობდა და საბოლოო ჯამში ყოველთვის მოგებული რჩებოდა. პატარა ლიახვის ხეობის ოსურ სოფელ ზონკარში არსებული წყალსაცავიდან სარწყავი წყალი ორივე ლიახვის ხეობის სოფლებს მიეწოდებოდა.
უკანასკნელი ომის შემდეგ, სეპარატისტებმა წყალი კვლავ გადაკეტეს, თუმცა ზაფხულის დადგომისა და სარწყავი წყლის საჭიროების გაჩენის შემდეგ, კოკოითმა ქართველებს კვლავ შემოუთვალა: “ყოველი სოფლიდან თუ 2000 დოლარს ააგროვებთ, წყალს მხოლოდ მაშინ გამოვუშვებთო” არადა, ბაღების მორწყვის გარეშე, ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა შესაძლებელია ამ ზამთარში მშიერი დარჩეს.
გიორგი ჯავახიშვილი, ლიახვის ხეობის მკვიდრი: “წყალი ოსების ხელშია და რასაც უნდათ იმას შვრებიან. ჩვენ რა შეგვიძლია? კოკოითმა იცის, რომ თუ ბაღები ვერ მოვრწყეთ, მთელი წელი მშიერი დავრჩებით. იცის და ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ყველაფერი.
ევროკავშირის ხალხი ისე კი გვპირდება, ახალ სარწყავს გავაკეთებთ თქვენთვისო და კოკოითზე აღარ იქნებითო დამოკიდებულიო, მაგრამ ეგ როდის ქნება ღმერთმა იცის. მანამადე რა უნდა ვქნათ, მართლა არ ვიცით. კოკითთან ხომ არ ჩავალთ ხვეწნა-მუდარით – “სენი წირიმე, წყალი მოგვეციო”
საქართველოში სხვადასხვა კონფლიქტებსა და არეულობებს შორის პარალლელს ყოველტვის ავლებდნენ. ღამდენიმე დღის წინ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა თქვა, რომ:
რაც ხდება ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ, არის ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელება. ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა დაუშვებს ერთ ადგილას რუსეთის ამგვარ ქმედებებს, რუსეთი იმავეს გააკეთებს სხვა ადგილზე; ამიტომ აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს რუსეთის ამგვარ ქმედებებზე მკაცრი რეაგირება.
ძნელი სათქმელია, მართლაც შეიძლება თუ არა პარალელების გავლება ცხნვალისა და ბიშკეკის ამბებს შორის, თუმცა სამაჩაბლოში რაც ბოლო თვეების მანძილზე ხდება, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელოა საკუთრივ ოსებისათვის და მეტადრე ცუდია ქართველებისათვის.
აი რას წერს ოსი ჟურნალისტი – ანი ჯიოევა: “იქ, სადაც ახლა ცემენტის, ახლად დაგებული ასფალტისა და საღებავების სუნი ტრიალებს, 2008 წლის აგვისტომდე ვენახები იყო. ეს ადგილი ქართულ სოფელ თამარაშენს ეკუთვნოდა. ცხინვალიდან ჯავისკენ მიმავალ გზაზე დიდი აბრაა წარწერით - მიკრორაიონი მოსკოვსკი.
ახალ საცხოვრებელ კვარტალს, რომელიც ცხინვალის მახლობლად მოსკოვის მთავრობის სარეზერვო ფონდის სახსრებით შენდება, სახელწოდება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეურჩია.
სოფელი თამარაშენი ცხინვალის ჩრდილოეთი ნაწილის გაგრძელება იყო. აქედან იწყებოდა ქართული ანკლავი, რომლის შემადგენლობაში ოთხი დიდი სოფელი იყო: ქურთა, კეხვი, თამარაშენი და აჩაბეთი. ანკლავი ჯავასთან სრულდებოდა.
სოფელი თამარაშენი 2008 წლის ომის დროს ძალიან დაზარალდა. 8 აგვისტოს ცხინვალიდან ჯავისკენ მიმავალი მთავარი გზის გასწვრივ ჩამწკრივებული თითქმის ყველა კერძო სახლი დაიწვა, შემდეგ ისინი დაანგრიეს და ახლა იქ ცარიელი ადგილია.
მოსკოვსკის შესასვლელთან პატარა კაფეა სახელწოდებით პოდმოსკოვიე. ოსური და რუსული სამზარეულოს მიქსი. პერსონალი ამბობს, რომ ბიზნესი კარგად მიდის. კოლეგებთან ერთად კაფეში შევედით, გვინდოდა ხინკალი შეგვეკვეთა, თუმცა არ ჰქონდათ და სანაცვლოდ პელმენი შემოგვთავაზეს. აქ ძირითადად ტრასაზე გამვლელები, მშენებლობაზე დასაქმებული მუშები და მშიერი ჟურნალისტები სადილობენ”.
მოსკოვური ქალაქის ასაშენებლად თურმე 2,5 მილიარდი რუბლია გამოყოფილი. ეს ის ფულია, რომელიც მოსკოვის ბიუჯეტმა გასულ წელს დაზოგა, რადგან ზამთარი თბილი იყო და გათბობაზე ნაკლები თანხა დაიხარჯა. ცხინვალში ხუმრობენ, - ღმერთი და ბუნება ჩვენ მხარეს ყოფილაო.
თუმცა, ერთადერთი შენობა, რომელიც ამ ახალ მშენებარე და ვერაფრით აშენებულ მიკრორაიონში უკვე ფუნქციონირებს, ახალი, რომელიც 600 მოსწავლეზეა გათვლილი. აქ სწავლობენ მე-5, მე-9 და მე-12 სკოლის მოსწავლეები.