შსს ოპოზიციაში მარგინალებს ეძებს

შსს ოპოზიციაში მარგინალებს ეძებს

[ნინო მიქიაშვილი]
ქართველი პოლიტოლოგების შეფასებები და პროგნოზები არაერთგვაროვანია, “მარგინალურ ოპოზიციასა და კრიმინალებს შორის თანამშრომლობაზე“, რის შესახებაც დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. პრესა.გე–მ სატელეფონო კომენტარები ჩაწერა პოლიტოლოგებთან: სოსო ცისკარიშვილთან, ანდრო ბარნოვთან, გია ხუხაშვილთან და რამაზ კლიმიაშვილთან. გია ნოდიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ – მობილურ ტელეფონზე არ გვიპასუხა, ხოლო ბინის ტელეფონზე განგვიმარტეს, რომ გია ნოდია საქართველოში არ იმყოფება.

სანამ პოლიტოლოგების შეფასებებსა და პროგნოზებს შემოგთავაზებდეთ, სააგენტოების – “პირველისა“ და “ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს გაგაცნობთ.

გრიგოლ ვაშაძისა და მისი ავსტრიელი კოლეგის, მიხეილ შპინდელეგერის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრიული კრიმინალური პოლიცია, იქ მყოფი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კავშირების საკითხზე გამოძიებას ატარებს; ვაშაძის განმარტებით, მარგინალურ ოპოზიციასა და კრიმინალებს შორის თანამშრომლობაზე ინფორმაცია, თურმე ავსტრიის პოლიციის მიერ მოპოვებულ ფაქტებამდეც არსებობდა.

დიპლომატების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავსტრიული მხარის წუხილი ქართველ ჟურნალისტებს გაუზიარა, რის შესახებაც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაფერი იცოდა – ჩავალ სამშობლოში და გავარკვევ რა ხდებაო.

“როგორც დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ავსტრიული მხარე წუხს იმის გამო, რომ ინფორმაციამ ქართველი კრიმინალებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების კავშირების შესახებ, პრესაში გამოძიების დასრულებამდე გაჟონა – “ქართულ მისიას ავსტრიულ მხარესთან შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც სინანული გამოითქვა ამ ინფორმაციის გამოძიების დასრულებამდე გაჟონვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია “პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“რაც შეეხება ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის კომენტარს, კითხვაზე – კონკრეტულად რა მასალები მოიპოვა ავსტრიის პოლიციამ ქართული ოპოზიციურ სპექტრსა და ევროპაში მოქმედ ქართულ მაფიოზურ ჯგუფებს შორის კავშირის შესახებ? შპინდელეგერმა აღნიშნა, რომ როდესაც გერმანულ პრესაში აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა, ავსტრიაში არ იმყოფებოდა და არ ფლობს ინფორმაციას. “ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას. ვაპირებ შევხვდე ავსტრიის შს მინისტრს და თუკი მსგავსი ინფორმაცია ავსტრიის პოლიციის ხელთ მართლაც არსებობს, საქართველოს აუცილებლად გადაეცემა“, – აღნიშნულია “ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რაც შეეხება მედიასაშუალებას, რომელშიც, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ინფორმაციამ “გაჟონა“, არის გერმანული გაზეთი “ფრანკფურტერ რუნდშაუ“, რომელიც ავსტრიელი სამართალდამცავების მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს, ქართული მაფია, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შინაარს, სააგენტო “პირველზე“ დაყრდნობით გთავაზობთ:

“გაზეთი “ფრანკფურტერ რუნდშაუ“, გამოძიების დასკვნიდან ამონარიდებს ავრცელებს, რომელთა მიხედვით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. 66-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბოროტმოქმედები, საქართველოს შსს–ს კორუმპირებული მაღალჩინოსნის დახმარებით, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. ავსტრიული პოლიციის დასკვნაში საუბარია ასევე ქართული ოპოზიციისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ლაშა შუშანიშვილის ორგანიზაციის კავშირებზე და მათ საერთო ინტერესებზე, ასევე ამ პირების დადასტურებულ კავშირებზე, რუსეთში მყოფ უშიშროების ყოფილ შეფთან იგორ გიორგაძესთან“.

იმაზე, თუ რას აკეთებს ამ დროს საქართველოს შსს, “პირველს“ კომენტარი ამავე უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა მისცა:

“რა თქმა უნდა, ამ სტატიას მეც გავეცანი. სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობს, თუმცა საქმის დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ზოგადად ავსტრიის კრიმინალურ პოლიციასთან მუდმივ კავშირში ვართ, რადგან ამ ქვეყანას ბევრი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი თავს აფარებს. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებას, როგორც გაზეთში ნახსენებ სხვა ფაქტებთან, ასევე იმასთან დაკავშირებით ვატარებთ, ვინ არის შს სამინისტროს ის კორუმპირებული მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით მოქმედ კრიმინალებთან და ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდა“.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი შიშობს, რომ “მოდელირებული ქრონიკის“ მაგვარისთვის მზადების პროცესი მიმდინარეობს, თავიდან იწყება რაღაცის მოდელირება, რომლის თავი და ბოლო ავტორებს ჯერ არ გაურკვევიათ. პოლიტოლოგის აზრით, ნებისმიერი მოქმედი პირი და შემსრულებელი, სცენარის დახვეწისას შეიძლება გამოიკვეთოს.

სოსო ცისკარიშვილი: “დაბრალება ყველაფრის შეიძლება. ვერც იმის მტკიცებას დავიწყებთ, რომ ირგვლივ ყველა ანგელოზია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა, შუშანაშვილის გადასაწყვეტი გახდა საქართველოში რა წყობა იქნება, ხელსაყრელი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, რომელთათვისაც პატიმრები, კრიმინალები და ნარკომანები არიან დიდი შემოსავლის წყარო; ასევე იმ მხდალი და მფრთხალი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ღია პოლიტიკური ბრძოლის უნარი არა აქვთ და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ წელს ქვევით დარტყმის მიყენებას, ისე რომ, საკუთარ ქვეყანაში არ მოუწიოთ რაიმე პოლიტიკური დისკუსიები და კონკურენციის გადალახვა“.

პოლიტოლოგის თქმით, საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ სანდოობის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ რა ფარული სატელეფონო საუბარიც არ უნდა მოგვასმენინონ, მისი ნდობა არ შეიძლება – “რადგან თავად პრეზიდენტი არ კითხულობს, როგორ გაჩნდა ელექტრონულ მედიაში მისი საუბარი საკუთარ მინისტრთან. არავინ იწუხებს თავს პასუხი გასცეს ლონდონის ყველაზე კვალიფიციურ ფირმას, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ “მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, “იმედის“ გენერალურ დირექტორსა და მის ჟურნალისტს შორის გამოქვეყნებულ საუბარში სიყალბე არ არსებობს. როგორც უნდათ, როცა უნდათ, თვლიან, რომ აქვთ უფლება: ცილისწამების, ფანტაზიის, მოდელირების, დაბრალების, ნებისმიერი შეთქმულების ინიცირების. ერთ წელზე ცოტა მეტია, რაც უკვე გამოგვკვებეს, ე.წ. მუხროვანის ამბოხით...“

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება რეალობას აცნობიერებს, მაგრამ დუმილის უფლებას ირჩევს, რაც ხელისუფლებას, საკუთარი “მზაკვრული ჩანაფიქრების“ მარტივად განხორციელების საშუალებას აძლევს.

ავსტრიიდან გერმანულ პრესაში ინფორმაციის “გაჟონვაზე“, პოლიტოლოგი ასეთ კომენტარს აკეთებს – “ასეთი რამ საერთოდ არ ხდება, რომ ინფორმაცია ავსტრიული პოლიციიდან ჟონავს გერმანულ პრესაში. ავსტრიის პოლიციის ნებისმიერი მოხელე, ვინც ფლობდა ინფორმაციას, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების მიერ, სხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, როგორ გგონიათ, გერმანულ პრესას მიაწვდიდა ამ ინფორმაციას და პირდაპირ ვერ დაუკავშირდებოდა, ან საელჩოს, ან კოლეგებს საქართველოდან?! თუ ეს სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ გამოდის რომ ესაა ქართული უშიშროების სამსახურის სრულიად არაკვალიფიციური საქმიანობის შედეგი. თავიანთი მოსმენის უნარიანობით, რომ ამაყობენ, თავად 1 წლის მერე უნდა იგებდნენ, რა ხდებოდა აქ გასული წლის 9 აპრილს?! ეჭვი მაქვს, რომ ჯერ აქ დაადგენენ მათთვის სასურველ პარტნიორებს და მერე დაიწყება საქმის აკინძვა და მოდელირება. დროთა განმავლობაში, ესეც იქნება შეფასებული, როგორც “მოდელირებული ქრონიკა“, ამ თემასთან დაკავშირებით რეალური საუბრები წამოიწევა. ხელისუფლება კი ზედმეტ თავის ტკივილს მოიმკის, თუ კვლავ საკუთარ ფანტაზიას დაეყრდნო“.

ხომ გაგიგიათ, თავდასხმა თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებააო?! დაახლოებით ასე დაემართა პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს, როცა მან პრესა.გე–ს კითხვაზე პასუხი ვერ მოძებნა, “ეს ჟურნალისტიკა არ არისო“, – გვითხრა და ჩვენს “დაკვალიანებას“ შეეცადა – ლელა კაკულიას დაურეკეთო.

ბარნოვის აზრით, თუ ავსტრიული გამოძიებით დადგინდა ვინ თანამშრომლობდა კრიმინალებთან, იმათ დაიჭერენ – “აბა ამისთანა ადამიანს გარეთ ხომ არ დატოვებენ?! თუ გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ვიღაცა რეალურად არის დამნაშავე, იმას აუცილებლად დააკავებენ. ამის იქით მე რა გითხრათ?! თქვენ თუ იმას მეკითხებით, გამოვრიცხავ თუ არა, რომ ასეთი თანამშრომლობა ზოგადად შეიძლებოდა არსებულიყო, გეტყვით, რომ ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ“.

ბარნოვმა დაკონრეტებისგან თავი შეიკავა, ასე უაპელაციოდ ადამიანს ბრალს ვერ დავდებ, ჩემი ეჭვი არ არის კვალიფიციური, ჩემს თავზე გამომძიებლის და პროკურორის ფუნქციებს ვერ ავიღებ, ეს ყველაფერი არასერიოზულიაო.

ჩვენმა კითხვამ – სააკაშვილთან დაახლოებული პირი, რომ აღმოჩნდეს შსს–ს ის მაღალჩინოსანი, რომელზეც გერმანული გაზეთი წერს და რომელსაც ახლა ქართული შსს ეძებეს, როგორ ფიქრობთ, დაიჭერენ? ანდრო ბარნოვი გააღიზიანა – “მე არ მესმის ეს რა არის! ეს არ არის ჟურნალისტიკა! დაურეკეთ და ჰკითხეთ მაშინ ლელა კაკულიას და გეტყვით. მე რა ვიცი?!“

ბატონ ანდროს შევახსენეთ პოლიტოლოგის როლი და მნიშვნელობა, ქართულ რეალობაში, რომლშიც შედის პროგნოზების გაკეთება, ვარაუდის გამოთქმა, ვითარების ანალიზი და კიდევ ის, რომ თუ პოლიტოლოგად წოდებულს ამ ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, უარი განაცხადოს კომენტარზე, რაც მას აქამდე არაერთხელ გაუკეთებია; ბოლოს ვუთხარით, რომ სურვილის შემთხვევაში, ლელა კაკულიასთან მის გარეშეც დავრეკავთ, რაზეც ბანდრო ბარნოვმა მოგვიგო – “რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩემს გარეშე დარეკოთ, ცხადია რომ ეს ასეა. რატომ მეუბნებით ამას?! მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას ავიღო გამომძიებლის და პროკრორის ფუნქციები. თქვენ მაინც ცდილობთ იგივე კითხვა დამისვათ და ამიტომ გპასუხობთ, თორემ, პოლემიკაში კი არ მინდა შემოსვლა?!“

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს რამაზ კლიმიაშვილს. ის აცხადებს, რომ ესაა “შემოგდებული მარაზმი“ და მეტი არაფერი.

რამაზ კლიმიაშვილი: “უკაცრავად, მაგრამ კრიმინალებთან დაკავშირებული თავად სააკაშვილი იყო, რომელმაც 2003 წელს, მაგათი დაფინანსებით გააკეთა ყველაფერი და ხელისუფლებაში მოვიდა, ეს ყველამ იცის. ესაა საერთოდ კარგად ჩაფიქრებული პროვოკაცია. რადგან საერთაშორისო არენაზე 100%–იანი იზოლაციაში არიან, ახლა ვითარებიდან გამოსავალს ოპოზიციის ყველა წევრის დისკრედიტაციაში ხედავენ.

2007 წლის ნოემბერი გავიხსენოთ, ნიკა გვარამია პირველ არხზე რაღაც ჭუჭყს, რომ აკეთებდა და შემდეგ ყველაფერი ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, რომ აღმოჩნდა. ახლაც იგივეს გამეორებას ეცდებიან. აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მარგინალებად გამოაცხადონ ის, ვისიც ეშინიათ“.

დაკონკრეტებისგან კლიმიაშვილიც თავს იკავებს და ამბობს, რომ მარგინალად გამოაცხადებენ იმას, ვისშიც გამოკვეთილ ლიდერს დაინახავენ – “თუ ეს ვარიანტი არ გამოუვათ, შემდეგ რაიმე სხვა ვარიანტს შეაგდებენ“. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მსგავსი იარლიყების მიწებებით და სასურველი ინფორმაციის გავრცელებით, შსს–ს სპეციალური დეპარტამენტია დაკავებული:

“საბჭოთა პერიოდში, უშიშროების ორგანოებში სპეციალური განყოფილება არსებობდა, რომელიც მხოლოდ დეზინფორმაციაზე მუშაობდა. ამ განყოფილებაში განათლებული ხალხიც იყო; ისინი ფსიქოლოგიაში ერკვეოდნენ, იცოდნენ როგორი ტყუილები, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. ეჭვი არ მეპარება, რომ ანალოგიური სამსახური შსს–ს შენობაშიც იქნება, სადაც იქნებიან მაღალანაზღაურებადი, კარგად განათლებული ადამიანები. ანდა ეს იდეა შეიძლება ლევან რამიშვილს მოუვიდა თავში აზრად (ეს მისი სტილია), შემდეგ დეპარტამენტს უთხრა და ახლა ისინი სხედან და ფიქრობენ. ვისაც მარგინალად გამოაცხადებენ, ე.ი. ყველაზე მეტად მისი ეშინიათ“.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “წმინდა წყლის მარაზმად“ და “აბსურდულად“ მიიჩნევს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ავსტრიის პოლიცია იძიებს კრიმინალური ავტორიტეტების კავშირს ქართულ ოპოზიციასთან და ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო სკანდალი.

გია ხუხაშვილი: “რა უფლება აქვს ავსტრიის პოლიციას ოპოზიციის და იქ მცხოვრები კრიმინალების კავშირზე აწარმოოს გამოძიება? ასეთი რაღაც ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს და რატომ იცით?! მათ მიერ პოლიტიკოსებზე მხოლოდმხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოძიება დაწყებული, თუ ეს პოლიტიკოსებიც კრიმინალურ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. თუ რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ავსტრიაში დანაშაული არა აქვს ჩადენილი, ისე ავსტრიელ სამართალდამცავებს მათზე გამოძიების დაწყების უფლება არა აქვთ. ეჭვი მაქვს, რომ ის, რაც ახლა ხდება, არის ფიარაქცია და მეტი არაფერი“.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ დადასტურდება ის, რომ ავსტრიელი სამართალდამცავები მართლაც იძიებენ ქართველი პოლიტიკოსებისა და ავსტრიაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების კავშირს, ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი:

“ეს ნიშნავს იმას, რომ ავსტრიის პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებიდან გამოდის და ქართულ პოლიტიკაში იჭრება. იქაურ პოლიციას ქართველ პოლიტიკოსებზე დოსიეს შექნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ეს პოლიტიკოსები დაკავშირებულები არიან კრიმინალთან – ავსტრიაში კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკოსები არ არიან. წარმოუდგენელი რაღაცაა. დაფიქრდით რაზე ვსაუბრობთ?!“