ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგი ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა საშუალებებზე საუბრობს. ზოგიერთი - მაგალითად ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და გაჩეჩილაძე - ევროპაში იკრიბებიან და სხვადასხვა ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობენ. სხვები, ისევ ადრე დეკლარირებული კურსის ერთგულნი რჩებიან და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ დასაშვებ გზად ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებებს მიიჩნევენ. მოკლედ, ოპოზიციურად საქმიანობენ. სინამდვილეში კი, ყველა ფლანგი კარგად თუ გაიაზრებს, ცხადი გახდება, რომ ოპოზიციის წინაშე დღეს ორი მთავარი გამოწვევა დგას: საარჩევნო გარემოს შეცვლა და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს.
საინტერესოა, რომ ისევ, საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება ოპოზიციაზე უფრო მობილური და მგრძნობიარე აღმოჩნდა. არჩევნები ხეირიანად დასრულებული არც იყო, რომ რიგითმა თბილისელებმა საარჩევნო კოდექსის ავ-კარგიანობაზე დაიწყეს ფიქრი. ასე მაგალითად, პირად საუბრებში, ბოლო პერიოდში მოსახლეობა ძალიან ხშირად იხსენებს ე.წ. ამომრჩეველთა მოსვლის ცენზსს, რომელიც იყო ქართულ საარჩევნო კანონმდებლობაში და აღარ არის. ეს ნორმა გულისხმობდა იმას, თუ რა დროს ითვლებოდა არჩევნები ჩატარებულად.
მოქმედებდა ნორმა - 50%-ს პლუს ერთი ხმა ან 51%. სხვადასხვა დონის არჩევნებთან დაკავშირებით - სხვადასხვა. ეს ნორმა გაუქმდა შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაშინ ამბობდნენ, რომ იმდოინდელ მმართველ პარტიას ჩატარებული ჰქონდა შიდა მოხმარებისთვის კვლევები და იცოდნენ, რომ მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ფაქტობრივად არ აპირებდა. ამიტომ, რათა არჩევნები არ ჩაშლილიყო, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს ცენზი გაუქმდა.
როგორც აღვნიშნეთ, არჩევნების შემდეგ თბილისის მოსახლეობა პირად საუბრებში ყველაზე ხშირად ამ ცენზის შესახებ სვამს კითხვას და მის აღდგენას ითხოვს. შეიძლება რომ ამ ნორმის აღდგენამ მართლაც რაიმე პოზიტიური გავლენა იქონიოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე? და საერთოდ, რა პრობლემები აქვს საარჩევნო კანონმდებლობას? ”პრესა.გე” იურისტ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
ამ არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული რა მთავარი , ფუძემდებლური პრობლემები გამოავლინა?
-საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა. მასზე პასუხს რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. პირველი ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიაა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო კანონმდებლობას არ აქვს საკმარისი სამართლებრივი მექანიზმები იმისათვის წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსისა და ჩინოვნიკების ჩართვის შეიზღუდვისთვის.
კანონმდებლობას რომც ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, დგება მეორე საკითხი: ცხოვრება და კანონი ერთმანეთისგან განსხვავდება. ცხოვრება შესაძლოა, კანონების საფუძველზე აწარმოო ან მათ მიღმა მიდიოდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ერთია დაწერილი კანონები და მეორე - რეალობა. ანუ ცხოვრება და კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის. პოლიციელმა რომ დაშინების მეთოდები არ უნდა გამოიყენოს, ეს კანონმდებლობაში კი წერია, მაგრამ არ სრულდება.
ანუ, შესაცვლელია მთლიანად საარჩევნო გარემო და არა, მარტო საარჩევნო კანონმდებლობა?
-ანუ შესაცვლელია გარემო, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, შესაცვლელია საარჩევნო კანონმდებლობაც რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე კანონისგან შედგება. ასევე, საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი კომპონენტია პასუხისმგებლობის მომენტი რაც თავის მხრივ, სასამრთლოსა და წინასწარ გამოძიებას გულისხმობს.
საარჩევნო გარემოსთანვეა დაკავშირებული საარჩევნო დავების განხილვის პრობლემაც რაც ასევე, ორი ეტაპისგან შედგება - საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში.
მეოთხე კომპონენტია მედია. ჩვენ შევძელით, რომ 2002 წელს კანონში ჩაგვედო რეგულაცია რომლის თაანხმადაც, ყველა მედიასაშუალება ვალდებულია საეთერო დრო თანაბარი ფასით გაყიდოს. თუმცა, ვერ შევძელით, რომ კანონმდებლობით მედიამაუწყებლების მფლობელები დაგვევალდებულებინა, რომ საარჩევნო რეკლამის ფასი კომერციული რეკლამის ფასზე მეტი არ ყოფილიყო. ამის გამო, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც ყველა მედიასაშუალება საეთერო დროს თანაბარ ფასად ყიდდა, მაგრამ პოლიტიკური რეკლამის ფასი კომერციული რეკლამის ფასისგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ ის ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი გახდა საარჩევნო სუბიექტებისთვის.
ამასთან დაკავშირებით, გვაქვს მოფიქრებული რეგულაციის ნორმა, რომელიც ამ მდგომარეობას გამოასწორებს - მედიამფლობელებს უნდა აეკრძალოთ არჩევნების დროს, პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გაყიდვა საშუალო წლიურ შეწონილ ფასზე უფრო მეტად.
საშუალო წლიური შეწონილი ფასი ნიშნავს, რომ რომ აიღებ რეკლამის ფასს სეზონურიდან გამომდინარე, გაიყოფა ეს ფასები 12 თვეზე და ამაზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს საარჩევნო დროის ფასი.
ეს ცოტა რთული სქემა ხომ არაა? არაკეთილსინდისიერ მედიამფლობელებს ლავირების შესაძლებლობას ხომ არ მისცემს?
-არა, პირიქით, ლავირების შესაძლებლობა მათ სწორედ დღეს აქვთ. მაგალითად, თუ ტელევიზია საეთერო დროს ზამთარში 400-500 დოლარად ყიდის, ხოლო ზაფხულში - 600-700 დოლარად, საშუალო წლიური სეწონილი ფასი საარჩევნო რეკლამისთვის მათ უნდა დაადგინონ 600 დოლარი და არა, სიტყვაზე, 5 000 დოლარი.
არის საარჩევნო გარემოს მეხუთე კომპონენტი - ბიზნესი და მათი დამოუკიდებლობა, მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში. მოგეხსენებათ, ამ არჩევნების დროს ვიღაცამ 100 ათასი ლარი, მართლა კაპიკები, დახარჯა; ერთმა საარჩევნო სუბიექტმა კი 14 მილიონი. თავისთავად ჩნდება კითხვა: რაღა მაინცდამაინც ამ ერთ საარჩევნო სუბიექტს შესწირა ფული ყველა ბიზნესმენმა?და კიდევ: იყო ეს შეწირვა იძულებითი თუ ნებაყოფლობითი?
ამაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები იტყვიან - და ამბობენ კიდეც, სხვადასხვა ტელეეთერებში - რომ ბიზნესმენებს მოსწონთ მათი კურსი, მათ მიერ გატარებული რეფორმები, მხარს უჭერენ მმართველ პარტიას და შესაბამისად, აფინანსებენ ”ნაციონალურ მოძრაობას”...
-არ არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც ფულის გადაყრა უხაროდეს...
რას გულისხმობთ?
- ბიზნესმენებს, არ აქვთ განცდა იმისა, რომ რომ გადასახადების გარდა, რამით არიან ვალდებული სახელმწიფოს წინაშე. ეს ტყუილია. ბიზნესმენს იმდენი ფული უჯდება ის თავისი საქმე, რომ არავითარი სურვილი არ აქვს, გადასახადების გარდა კიდევ რამე სხვა თანხა გადაიხადოს. ასე რომ ეს თვალთმაქცური განცხადებაა.
რაც შეეხებათ იმ უბნის კოორდინატორ ქალებს, რომლებიც ესოდენ ბევრნი იდგნენ საარჩევნო უბნებთან და ყბადაღებულ თემად რომ იქცნენ... ეს მართლაც რეალური, ცალკე აღებული პრობლემაა თუ მთლიანად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამის მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
-არა, ეს ადმინისტრაციულ რესურსს არ ეხება. ადმინისტრაციული რესურსი ნიშნავს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუშაკების გამოყენებას. სხვა შემთხვევაში, ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
წმინდა სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, ეს უბნის კოორდინატორები ვინ არიან?
-რეალურად, უბნის კოორდინატორები არიან საბინაო ამხანაგობების შესახებ კანონის თანახმად შექმნილი თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებათ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების და მათთან ერთად, მათი უფლებების დაცვა. ეს ინსტიტუტი ფინანსდება თბილისის მერიის მიერ რაც ასევე ნონსენსია, რადგან სინამდვილეში ისინი უნდა ფინანსდებოდნენ ამხანაგობის წევრთა შენატანებისგან - თუ ვქმნით ამხანაგობა და მას თავმჯდომარე სჭირდება, ჩვენვე უნდა შევინახოთ ეს თავმჯდომარე. სინამდვილეში კი ისინი აიყვანეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე რაც ასევე, კორუფციული სამართალდარღვევაა. ამიტომაც იქცა ეს ფაქტობრივად, სტრუქტურულ ერთეულადა, რომელმაც შესძლო, ტოტალური კონტროლი განეხორციელებინა ამომრჩეველზე - მათ მობილიზებასა და განწყობებზე.
სწორედ ამიტომაც მოვაქციე ადმინისტრაციულ რესურსში...
-ჰო, ირიბად ალბათ შეიძლება რომ მოვაქციოთ, თუმცა ისინი ოფიციალურად არც ერთი ხელისუფლების ჩინოვნიკები არ არიან. ისინი უბრალოდ იმიტომ აიყვანეს ხელფასზე, რომ ამ თანხაზე იყოს დამოკიდებული. თქვენ ალბათ, კორპუსში ცხოვრობთ, გენებათ ამხანაგობაც... ვინმეს მისი თავმჯდომარე დაგიქირავებიათ? მისთვის ხელფასი გადაგიხდიათ? ალბათ, არც გიფიქრიათ ამაზე. ამიტომაც დაუნიშნეს ხელფასი, რომ ბინძურ საქმეებში გამოიყენონ - ”ვინც უხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას”!
ასე გამოიყენეს, რადგან რეალურად, მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს სწორედ იმ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრები მოქალაქეა; მან იცის ყველაზე კარგად ადგილზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობა, ნასამართლობა, პრობლემები, გასაჭირი და მისთვის ადვილია ამ ყველაფრით მანიპულირება.
და ამ ქალბატონებმა მართლაც სერიოზული პრობლემა შექმნეს?
-იცით რა, ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო. ის ხუთი მთავარი კომპონენტი რაც მანამდე ჩამოვთვალე -საარჩევნო კანონმდებლობა, მედია, სასამრთლო, პასუხისმგებლობის საკითხი, ბიზნესი და ა.შ - ჯამში მთლიანადაა აუცილებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. სულ რომ სრულყოფილი კანონი დავწეროთ, თუ არ იქნა პოლიტიკური ნება, მაინც არ შესრულდება.
ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში ოდესღაც არსებობდა - მოსულ ამომრჩეველთა აუციელებელი რაოდენობის ცენზი. ანუ რა დროს ითვლებოდა არჩევნები ჩატარებულად. მოქმედებდა, ნორმა - 50%-ს პლუს ერთი ან 51%. სხვადასხვა დონის არჩევნებთან დაკავშირებით - სხვადასხვა. ეს ნორმა გაუქმდა შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო არჩევნების წინ. შეიძლება რომ ამ ნორმის აღდგენამ რაიმე პოზიტიური გავლენა იქონიოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე?
-თუ თქვენ გულისხმობთ გაბათილებულ ბიულეტენებს, რომლებიც არ ითვლება მოსულებში...
არა, ვგულისხმობ ნორმას, რომელიც ზუსტად ადგენდა თუ რა რაოდენობით ამომრჩეველს უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნებში - მათ შორის, თავისი გაბათილებული ბიულეტენებითაც - იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლილიყო...
-იცით რა, გააჩნია რა დონის არჩევნებზეა ლაპარაკი. ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს ნორმა გადამწყვეტი არ არის. თუმცა, ეროვნული არჩევნებისთვის ეს მართლაცაა ძალიან მნიშვნელოვანი - შესაძლოა მთავარიც - კომპონენტი. ასეთ არჩევნებში ვირჩევთ სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს, სადაც წარმომადგენლობითობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმურობის საფუძველი იყოს მაღალი.
თქვენ შევარდნაძის დრო ახსენეთ... მაშინ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა საერთო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი. მერე, სააკაშვილმა დაიყვანა მონაწილეთა ნახევარზე მეტზე ანუ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ 3 მილიონი ამომრჩევლიდან მოვიდოდა მილიონ ნახევარი მაინც. თუმცა, ეს ნორმა, ვიმეორებ, ადგილობრივი არჩევნებისთვის გადამწყვეტი არაა. ამ დონის არჩევნებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბარიერის ნორმა.
მაშინ გამოდის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის სრული გაჯანსაღებისთვის ბარიერიც გასაზრდელია და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ცენზიც დასაბრუნებელია? ცხადია, ეს იმის გარდა, რაზეც უკვე ისაუბრეთ და რაც მთლიანად საარჩევნო გარემოს კომპონენტებია.
-ნუ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია, მაგრამ არ არის საკმარისი.
რაც შეეხება ”ეროვნული ფორუმის” იმ ცნობილ 4 პუნქტიან გეგმას... რამდენად საინტერესო და ზუსტია ისინი?
-რაც შეეხება ”ეროვნული ფორუმის” წინადადებას ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემის შესახებ, ეს ძალიან კარგია იმ ე.წ. ”კარუსელების” წინააღმდეგ. ასევე, ძალიან კარგია იდეა იმის სესახებ, რომ საერთო სიებიდან გადავიდეთ რეგისტრირებულთა სიებზე - ანუ ხმა მისცეს მხოლოდ იმ ამომრჩეველმა ვინც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რეგისტრაციას გაივლის. მე ამ საკითხებში მათ მხარს ვუჭერ. სხვათაშორის, საარჩევნო ადმინისტრაციების კომპლექტაციების საკითხში. ასე რომ ვფიქრობ, მათი წინადადებები საკმაოდ ნორმალურია. თუმცა, ვიმეორებ, საარჩევნო კამპანია არ არის მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა; ის რასაც ჩვენ საარჩევნო გარემოს ვეძახით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.
არჩევნების შემდეგ, ბევრი ოპოზიციონერი ლიდერისგან - სხვადასხვა ტელეეთერებსა თუ საგაზეთო ინტერვიუებში - მოისმენდით, რომ საჩივრები ვერ დაიწერა რადგან ის, რაც პრინციპული თვალსაზრისით აშკარად დარღვევაა, სინამდვილეში, გათვალისწინებულია საარჩევნო კანომდებლობით. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება სრულიად კომფორტულ მდგომარეობაშია. მაშინ, რატომ უნდა დადგნენ ცვლილებების ხასიათზე? როგორ უნდა აიძულო ხელისუფლება, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და მით უფრო, საარჩევნო გარემო შეცვალოს?
-ძალიან სწორი აქცენტია, რადგან ხელისუფლება მართლაც მხოლოდ მაშინ დგამს საზოგადოებისთვის სასარგებლო ნაბიჯს, როდესაც მას ამ ნაბიჯზე უფრო დიდი საფრთხე უდგება. ცხადია, ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს ვგულისხმობ. თუ ის დადგება აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა ცვლილებებზე. ან თუ წავა კიდეც, ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იქნება - ისეთი, როგორიც ახლა ადგილობრივი არჩევნების წინ ვიხილეთ და რომლებიც, ზოგიერთმა გულუბრყვილო პოლიტიკოსმა რევოლუციურ ცვლილებებად მონათლა.
ხოლო თუ ისინი რეალურად დადგებიან ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე და დადგებიან არჩევანის წინაშე: სრულაიდ დაკარგონ ძალაუფლება ან არჩევნების გზით პოლიტიკაში დარჩენის რაიმე შანსი შეინარჩუნონ, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავლენ ცვლილებებზე.
სერიოზული, გავლენიანი დასავლური სტრუქტურების ზეწოლა უშედეგო იქნება?
-კი, რადგან ნუ წარმოვიდგენთ, რომ დასავლური სტრუქტურები აქ დემოკრატიისთვის იკლავენ თავს. თან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დემოკრატიას სხვადასხვა სტანდარტები აქვს: აზერბაიჯანული, ბელორუსული, უკრაინული, ბალტიისპირული და ჭეშმარიტად ევროპული. თავის მხრივ, ამ ჭეშმარიტად ევროპულ სტანდარტებშიცაა განსხვავება: საფრანგეთში ჩადრით სიარული აკრძალეს... საქართველოში დემოკრატიის არსებობისთვის თავს არავინ მოიკლავს. ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და ოპოზიციამაც.
თუმცა, დასავლური სტრუქტურების წარმომადგენლებს ვერ უსაყვედურებ, რადგან ყველა ევროპელი მაღალჩინოსანი ვინც კი საქართველოში იყო არჩევნების შემდეგ, ხაზგასმით საუბრობდა, რომ შესაცვლელია საარჩევნო გარემო და ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ კონსტიტუციურ ცვლილებებს.
-კი, მაგრამ მათთვის ეს გადამწყვეტი არ არის. წინა კვირას ჩამოვედი ევროპიდან. იქ, აღმოსავლეთ ევროპის უფლებათადამცველების მეოთხე კონგრესზე ვიყავი. ეს, ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა. წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ, რა ხდება უფლებათადაცვით სფეროში...გარწმუნებთ, როდესაც იქ აზერბაიჯანის, ბელოსრუსის თუ რუსეთის მაგალითები მოჰყავდათ, მათ კვალობაზე, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ წინ ვართ. და ეს გასაგებიცაა, რადგან მაგალითად, ბელორუსში უფლებათადამცველ ორგანიზაციებს არ არეგისტრირებენ. ასე რომ იმათ ფონზე, ჩვენ მართლაც წინ ვართ. თუმცა, ძალიან უკან ვართ უკრაინის ფონზე, ბალტიისპირეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ.