მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ვარდების რევოლუციის კოკორი აწი იშლება თურმე. წარსულში პურისმცხობელი დასაქმებულია. შესაბამისად, კრებაც მხიარულადაა, რადგან მომდევნო კვირის ბოლოს პარლამენტიც უპრობლემოდ დაამტკიცებს მინისტრებს. თუმცა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, სამხიარულოდ საქმე ჟურნალისტიკას არ აქვს.
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი: “რუსთავი-2” კადრების სამჭედლოა მთავრობისთვის. ქალბატონი ირმა ნადირაშვილი “ძალიან დიდი შენაძენია” მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი კოკორია, გაუფურჩქნავი. ახლა იქ გაიფურჩქნება.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის გადაყვანა ერთი თვის წინათ იყო გადაწყვეტილი. თუმცა, ის საქართველოს პრეზიდენტს დიდი წინააღმდეგობას უწევდა გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მის პირველი მოადგილეს, რომელიც ახლა მის ადგილას დაინიშნა, დიახ რამაზ ნიკოლაიშვილს, ეძინა და ოცნებობდა, როდის გახდებოდა მინისტრი. დღედაღამ იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეშორებინა ბატონი ტყეშელაშვილი გზიდან. მიაღწია კიდეც ამას. ძალიან მიზანდასახული ადამიანია”.
საით მიექანება ჟურნალისტიკა?
მთავრობის მორიგი კარუსელი მორიგი ჟურნალისტური აურზაურით აღინიშნა. გუშინ პრემიერ-მინისტრი გილაური თითქმის ერთი საათი ხვდებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ერთი საათი ჟურნალისტებიც პარლამენტის კიბეებზე ისხდნენ და ბაქრაძისგან გამოსული გილაურის მოლოდინში ახალ სამთავრობო ცვლილებებზე ბჭობდნენ.
დილიდან ყველა ცვლილებაზე, ყველა კანდიდატურაზე ყველაფერი ითქვა, მაგრამ არაფერი თქმულა ეკონომიკის მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გათავისუფლების მიზეზებზე. ბუნებრივია, ყველას ეს აინტერესებდა, რადგან დანარჩენი ინფორმაცია ოპოზიციიდან, თუ ხელისუფლებიდან უკვე ცნობილი იყო და დილით გილაურმაც გააკეთა ამაზე კომენტარი პრეზიდენტთან ერთად.
უცებ ხმაური ატყდა, გილაური გამოდისო. პრემიერი კომენტარის გარეშე აპირებდა პარლამენტის დატოვებას, მაგრამ ერთად შეგროვილ ამდენ ჟურნალისტს ხათრი არ გაუტეხა და მაინც დაგვთანხმდა კომენტარზე. როგორც იქნა ოპერატორებმაც გამართეს კამერების ობიექტივები.
როგორც მერე აღმოჩნდა, სამ ჟურნალისტს მაინც უნდოდა, რომ კითხვა სწორედ პოლოლიკაშვილზე დაესვა პრემიერისთვის, თუმცა, ერთმა იყოჩაღა, სხვები “დაჯაბნა” და ლეგენდარული კითხვა დასვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: ბატონო ნიკა, კონკრეტულად რა ცვლილებები განახორციელეთო.
გილაურს გაეცინა და “კონკრეტულად” გვიპასუხა: “კონკრეტულად უკვე გავაკეთეთ განცხადება. ეს განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტმა და მე ერთად გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რა ცვლილებები ხორციელდება მთავრობაში. ჯამში სულ 3 ცვლილებაა რეალურად. ახლა მქონდა კონსულტაციები დათო ბაქრაძესთან. შევთანხმდით ვადაზე, რა პერიოდში გაკეთდება ეს ყველაფერი და მომავალი კვირის ბოლოს საქართველოს უკვე ეყოლება ახალი დამტკიცებული მთავრობა”.
ლეგენდარულ კითხვას, ლეგენდარული პასუხი მოჰყვა, გაღიმებულმა პრემიერმაც თავი დაგვიკრა და სასწრაფოდ დატოვა პირდაღებული ჟურნალისტები. ამ ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი ისედაც ზეპირად იცოდნენ, მარტო პოლოლიკაშვილის გათავისუფლების რეალური მიზეზი არ იცოდა არავინ...
ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, რომ წარსულში პურისმცხობელი ვერა ქობალია ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახლავთ, პოლიციური ჰიტების შექმნით განთქმული გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ისევ თავის პოსტზე რჩება, პირველი ვიცე-პრემიერი დავით ტყეშელაშვილის თანამდებობა მისი სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა დაიკავა, ხოლო თავად ვიცე-პრემიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
მათ ისიც იცოდნენ, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყო, “რუსთავი-2-ის” “ვარსკვლავმა”, ირმა ნადირაშვილმა მშობლიური ტელეკომპანია დატოვა და ტყეშელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი რომ ახალი, სპორტის სამინისტროს “შეფი” იქნება არც ეს იყო დღის 4 საათიისთვის ჟურნალისტებისთვის უცხო ამბავი.
ლეგენდარული კითხვის ავტორი ჟურნალისტი კი კოლეგების წინაშე რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ფონზე ზოგადად ყურადღებიანი და მშვიდი მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გათავსუფლების მიზეზები, ამ ლეგედარული კითხვის გამო, მედიისთვის ისევ უცნობი დარჩა. შემდეგ მას სხვებისთვის უთქვამს, ასე არ მინდოდა კითხვის დასმაო. ვინ რჯიდა, პირველი კითხვა შენ დასვიო…
თუმცა, პარლამენტში ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ჟურნალისტმა არ იცის, რა კითხვა დაუსვას, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს. არადა, სამწუხაროდ, მედიის ამგვარი წარმომადგენლების პროფესიონალიზმია ყველაზე საყვარელი სალაპარაკო თემა იმ დეპუტატებისთვისაც კი, რომელთა მთელი პროფესიონალიზმი ხმის მიცემის დროს პულტებზე ხელის დაჭერაში გამოიხატება. ამ დროს კი, პროფესიონალი და არაპროფესიონალი ჟურნალისტი, ყველა ერთ ქვაბში იხარშება.
პრინციპში, მართლებიც არიან, რადგან თუ ჟურნალისტი თავად ვერ ხვდება, რომ პრემიერ-მინიტრს, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ერთ კითხვაზე გიპასუხოს და მერე გაიქცეს, ის კითხვა არ უნდა დაუსვა, რომელზე პასუხიც უკვე იცი, ასეთი მედია მხოლოდ დაცინვას იმსახურებს.
კონკრეტული ჟურნალისტების (სამწუხაროდ, ასეთებით გადაივსო ქართული ჟურნალისტიკა) არაპროფესიონალიზმი მითუმეტეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ მან, ოდესღაც მისი მეგობარი მედიის დაკნინების აქტს, უკვე პრეზიდენტის რანგში, თავადვე “მოაწერა” ხელი.
შენ საით, “ვარდების” მთავრობავ?
რაღა უნდა მომხდარიყო? როგორც დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რაც “ვარდების” მთავრობაა ხელისუფლებაში, მას შემდეგ 62 მინისტრი შევიცვალეთ. ე.ი. დაახლოებით 10 მინისტრი იცვლება წელიწადში, მერე ეს მინისტრები ან ოპოზიციაში მიდიან, ან ციხეებში, ან ბიზნესში, ანაც საზღვარგარეთ სასწავლებლად. ნუ დავივიწყებთ საელჩოებს და ათასნაირ სამეთვალყურეო და სამეურვეო საბჭოებსაც.
თუმცა, ახლა ბედნიერება გვერგო წილად - საზღვარგარეთიდან განსწავლული მინისტრისც ჩამოვიყვანეთ და ბიზნესშიც უკვე გამოცდილი გახლავთ. იმედია, თვალსა და ხელს შუა გაპიარებული ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრობას ისე დაასრულებს, რომ ბიზნესში დასაბრუნებელი პირიც ექნება და პირდაპირ ოპოზიციაში არ აღმოჩნდება, ანდა, ისევე უსახელოდ არ გაქრება, როგორც, მაგალითად, უმრავლესობის ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე გაქრა “ნაციონალური” თვალთახედვის არედან.
როცა ვერა ქობალია პარლამენტში რომელიღაც კომიტეტის, თუ კომისიის სხდომაზე გამოჩნდა და, როგორც დევნილთა უფლებების დამცველი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ისე გაიცნეს დეპუტატებმა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ უცნობ ქალბატონს, სადღაც თვენახევარში, ეკონომიკის მინისტრობაზე ექნებოდა პრეტენზია და თანაც, როგორც ამბობენ, დევნილების მინისტრობას დაიწუნებდა. მაშინ ერთმა ჟურნალისტმა კი იკითხა, ეს ვიღააო, მაგრამ ნათქვამია – როცა ვარსკვლავი ინთებიან, ე.ი. ეს ვიღაცას სჭირდება.
ვარსკვლავი ვერა აკიაფდა. თანაც, მისი დამსახურება ყოფილა, ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში სიტყვა ოკუპაცია რომ იხმარა. “დანარჩენმა დევნილმა პურისმცხობელებმა რა დააშავეს?” – ამ ლოგიკურ კითხვას დეპუტატი ცაგარეიშვილი სვამს.
არაფერი დაუშავებიათ, ისინი ძველებურად აცხობენ პურს კანადაშიც, აშშ-შიც, რუსეთშიც და საქართველოშიც. გუშინ პარლამენტში ხუმრობდნენ, ვერა ქობალიაზე კარგად ვერავინ გამოაცხობდა, რადგან ახალ მინისტრს გვარიც უწყობს ხელს, ქობალი მეგრულად პურს ნიშნავსო.
ხუმრობა იქით იყოს და ერთი კარგი საქმე მაინც გაკეთდა, გილაურის მთავრობაში მარტო ერთი ქალბატონი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იყო და ახლა უკვე ორია. ეს კი, ლიბერალი დასავლეთისთვის იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მთლად არადემოკრატიული არ არის და გენდერულ თანასწორობას “იცავს”.
გია ცაგარეიშვილი: “ქობალია სააკაშვილმა იპოვნა კანადაში თავისი ვიზიტის დროს, რამდენიმე თვის წინ. შემდეგ ეს ქალბატონი რომელიღაც მართულმა ტელევიზიამ შემოგვთავაზა, როგორც ბიზნესვუმენი, რომელმაც გარღვევა მოახდინა ერთ-ერთი ბიზნესის მიმართულებით – პურის ცხობასა და ფუნთუშების წარმოებაში.
მე ამ ქალბატონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სააკაშვილს აქვს ხოლმე ასეთი ახირებები – ფავორიტებს გაიჩენს, შემდეგ კი ეს ფავორიტები ისევ იქ ბრუნდებიან, საიდანაც მოვიდნენ საქართველოს მთავრობაში. რამდენიმე თვეში ხდება ხოლმე ეს. მე ქალბატონ ვერა ქობალიას, ხო ასეა მისი სახელი, იმავე გზის გავლას ვუწინასწარმეტყველებ, რა გზაც გაიარეს შარაშიძემ და სხვა ქალბატონებმა სააკაშვილის გარემოცვაში.
სააკაშვილი ფავორიტებს ხელთათმანებივით იცვლის. ძალიან ვნებებსა და განცდებში ნუ გადავარდება ეს ქალბატონი, ნუ ეგონება, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაივლის”.
ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე: “პრეზიდენტს აქვს ხოლმე ამოჩემებები პერსონაზე, მერე ამ პერსონის დაწინაურებაზე ზრუნავს ხოლმე. მინისტრი პოლოლიკაშვილი იქნება, ვერა ქობალია, თუ ვეფხვაძე, მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა პრეზიდენტშია. ინვესტიციის შემოყვანაზე ქობალიათი თუ ზრუნავს, უნდა იცოდეს, რომ ინვესტიცია არასტაბილურ გარემოში არ შემოვა.
თქვენ წარმოიდგინეთ რომელიმე ინვესტორი, რომელიც აქ ფულის ჩადებას მოინდომებს და მოისმენს პრეზიდენტის განცხადებას. ამ ქვეყანას უდგას ყოფნა-არყოფნის პრობლემები. ჩემთვის სრულიად გაუგებარია სპორტის ახალი სამინისტროს შექმნა. სჯობს, გილაურმა შრომისა და ოჯახის სამინისტრო შექმნას, რომელიც დემოგრაფიულ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული.
ამ მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებ, რადგან, როგორც ჩანს, ამ მთავრობას პრიორიტეტები არეული აქვს. გამომდინარე ახალი სამინისტროების შექმნიდან. გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება კი უნდოდათ, მაგრამ ვერ გააუქმეს.
თუ გახსოვთ, მათი საპარლამენტო მდივნის ხუროშვილის განცხადება, რომ ჩვენ ვფიქრობთ, შევადაროთ ჩვენი სტრუქტურული ცვლილებები საერთაშორისო ვალდებულებებსო. აქ იგულისხმებოდა, სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრო. ამიტომ ვერ შეეხნენ, თორემ, იდეაში ამ სამინისტროს დარჩა მხოლოდ მინისტრი და დამლაგებელი, სხვა ყველა დაჭერილი ჰყავთ.
ანუ პოლიციის ჰიმნების წერამ კი არა, საერთაშორისო ვალდებულებებმა უშველა გოგა ხაჩიძეს…
- ხაჩიძეზე პრობლემა არ იყო. დასაჭერი ვინც ჰყავდათ, ყველა დაიჭირეს და მოსალოდნელი იყო, რაღაცას შერწყმოდა ეს სამინისტრო, მაგრამ როგრც ჩანს, საერთაშორისო ვალდებულებები იმდენად მძიმე ჰქონდათ აღებული, რომ ბოლო მომენტში გეგმიდან ამოაგდეს ამ სამინისტროს გაუქმება”.
გიორგი ცაგარეიშვილი: “მე არ მგონია, ეს მეფნთუშე კარგი მინისტრი გამოვიდეს. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, სამინისტროს სათავეში სხვა ყაიდისა და სტილის თანამდებობის პირი უნდა იდგეს. სააკაშვილი მინისტრების ნიჭსა და უნარს არ აქცევს ყურადღებას, არამედ აქ სხვა რაღაცეები ხდება, პირად სიმპათიებზეა ყველაფერი აწყობილი. ეს ძალიან ნეგატიურია”.
ასეა თუ ისე, საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირის ბოლოს დაჩქარებული წესით, ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებს სრული უმრავლესობით, ოღონდ, სავარაუდოდ, ნახევარი ოპოზიციის გამოკლებით.